32 წლის უკრაინელი მარკეტოლოგი ირინა დუდკო კიევიდან საქართველოში დასასვენებლად 19 თებერვალს ჩამოვიდა და 26 თებერვალს სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ირინა სამშობლოში ვეღარ ბრუნდება.
„19 თებერვალს ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, ბათუმიდან წავედით სვანეთში სასრიალოდ. 26 თებერვალს უკრაინაში ვაპირებდით გამგზავრებას.
საქართველოსა და უკრაინის დროს შორის ორი საათია სხვაობა. 24 თებერვალს, ღამით, ცუდად მეძინა. მეგობარმა მითხრა – „დაიწყო“. იმ წუთსვე გამოვფხიზლდი და დავიწყე ინფორმაციის ძებნა. პირველ რიგში, დავურეკე მშობლებს ნიკოლაევში. მათ არაფერი იცოდნენ, იქ დილის 5 საათი იყო, ნიკოლაევში იმ დროს სიმშვიდე იყო.
ომი დაიწყო თუ არა უკრაინაში, ბევრი დასავლეთ უკრაინაში გაემგზავრა, ვიღაცები – საზღვარგარეთ, ვიღაცები სარდაფებში იმალებოდნენ…
ყველას იმედი გვქონდა, რომ ეს არ მოხდებოდა. მეც მეგონა, რომ 1 კვირით წავიდოდი დასასვენებლად, ამ დროში პოლიტიკოსები მოილაპარაკებდნენ და საომარი მოქმედებები არ იქნებოდა. ყველას გვეგონა, ეს იქნებოდა ინფორმაციული დაშინება და რამდენიმე ტერაქტი, მაგრამ არ გვეგონა, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა,“ – გვითხრა ირინამ.
მან გვიამბო, რომ ომის პირველ დღეებში სვანეთში დარჩა, მესტიის გესთჰაუსში „როზასთან“, სადაც სთხოვდნენ, კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ ირინამ მეგობრებთან ერთად ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა.
„ქალაქებში უფრო მარტივია, დიასპორაც უფრო დიდია, რაიმე სამსახურის ნახვაც არის შესაძლებელი… ზოგი თბილისში გაემგზავრა. მე და ჩემი მეგობარი ბათუმში ჩამოვედით და აქ ვარ უკვე მეორე კვირაა. მოხალისეები და ნაცნობები დაგვეხმარნენ, ახლა სასტუმროში უფასოდ ვცხოვრობთ. დიდი ალბათობით, კიდევ 1 კვირა ვიცხოვრებ და მერე მოვძებნი რაიმე ბინას, შედარებით იაფს, რადგან არავინ იცის, როდის დასრულდება ომი.
კიევში, კომპანია „პეჟოში“, მარკეტოლოგად ვმუშაობდი. ვფიქრობ, აქაურ ბაზარზე ჩემი კვალიფიკაცია გამომადგება და ვიპოვი სამსახურს.“ – ამბობს ირინა.
ნიკოლაევთან, სადაც ირინას მშობლები ცხოვრობენ, ბრძოლები მიმდინარეობს. ირინა დღეში რამდენჯერმე უკავშირდება მშობლებს.
„უკვე ითხოვენ, რომ აღარ მივწეროთ – ყოველ საათში გვეკითხებიან, როგორ ვართო.
დედაჩემი მეუბნება – „ირა, ყველაფერი კარგად არის, დაძინებას ვაპირებთ, მაგრამ ყველა ნათესავი გვწერს – „როგორ ხართ?“ და ვეღარ ვიძინებთ, ვაიბერზე გაუჩერებლად მოგვდის შეტყობინებები“.
მარიუპოლშიც მსგავსი სიტუაციაა. ჩემი მეგობრის ოჯახი ცხოვრობს იქ – მშობლები და მისი უმცროსი და. თავშესაფარში არიან. მეგობრის დას დიაბეტი აქვს და, გარდა იმისა, რომ გაუგებარ სიტუაციაში არიან, მათ შეიძლება პრეპარატები გაუთავდეთ, ინსულინია აუცილებელი და მწვანე კორიდორს არ აძლევენ,“ – გვიამბობს ირინა.
ირინა ყვება, რომ ომი უკრაინაში ყველა მის ნაცნობს შეეხო და ამ რთულ სიტუაციაში ადამიანებმა ყველა ნაცნობის ძებნა დაიწყეს, რომ გაიგონ მათი მდგომარეობის შესახებ.
„ჩემი მეგობრები ომობენ. ერთი ნიკოლაევშია, ერთი – კიევში.
ყველა კონტაქტი, რომელიც სკოლაში გქონდა, გაცოცხლდა. ახლა ყველა ერთმანეთს წერს და კითხულობს. ყოველი დღე იწყება კითხვებით: „როგორ ხარ? სად ხარ?“ ასე ვცხოვრობთ.
კიევში ჯოჯოხეთია. შემოგარენის დაპყრობას ცდილობენ, ზოგიერთ რაიონში ხალხის გამოყვანის საშუალებას არ აძლევდნენ.
ერთი მეგობარი ირპენში მყავდა. გააღწიეს ქალაქიდან და ახლა გერმანიაში არიან. მათი სახლი ააფეთქეს, სარდაფებში იმალებოდნენ. მეუბნება – გერმანიაში ვარ, სახლში, უსაფრთხოდ, მაგრამ ყურებში ჯერ კიდევ თვითმფრინავების წუილი მესმისო.
ვინც უკრაინაშია, ძალიან ცუდად გრძნობენ თავს და გვთხოვენ, მოვუყვეთ, რა ხდება ბათუმში, რა გვაქვს აქ გემრიელი, როგორი ამინდია… იმიტომ, რომ 2 კვირა ამ სიტუაციაში არიან და აინტერესებთ, როგორია ნორმალური ცხოვრება.
როგორც კი უკრაინაში ჩავალ, პირველ რიგში, მივალ ჩემს სახლთან კიევში, რომ ვნახო, ადგილზეა თუ არა, ხელს დავუქნევ და გავემგზავრები ჩემს მშობლებთან ნიკოლაევში. მეშინია მათ გამო, არსად წასვლა არ უნდათ, არც საზღვარგარეთ, არც დასავლეთ უკრაინაში.“ – ამბობს ირინა.
ირინა ახლა ბათუმიდან ცდილობს დაეხმაროს სამშობლოს. აგროვებს ჰუმანიტარულ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად, დადის ბათუმში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გამართულ აქციებზე:
„ახლა მაქვს ასეთი სინდრომი – მგონია, რომ აქ არაფერს ვაკეთებ და იქ დახმარების გაწევას შევძლებდი, მაგრამ ობიექტურად რომ განვსჯი, ვიცი, რომ იქ დიდად ვერავის დავეხმარებოდი – არც ექიმი ვარ და არც სამხედრო.
აქ ჰუმანიტარული დახმარების შემგროვებელ შტაბს ვეხმარები. ის, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს, წამლებს ანაწილებს, ვისაც არ აქვს – ისინი ყუთებს აწებებენ. ჩვენ, უკრაინელებს, გამოგვიყვეს აფთიაქების სერტიფიკატები და მათი საშუალებით ვყიდულობთ უკრაინაში გასაგზავნ მედიკამენტებს.
დავდივარ მიტინგებზე, უკრაინაში მყოფ ყველა მეგობარს ვეკონტაქტები და ფსიქოლოგიურად ვუდგავარ მხარში. ძალიან მეშინია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ“.
ირინას თქმით, საქართველო უკრაინელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, სადაც ამ სიტუაციაში მოხვედრა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა, რაც ყველაზე მეტად უნდა, ომის დასრულება, სამშობლოში დაბრუნება და მშობლების ნახვაა.