უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა „საქართველოს ფოსტით“ ისევ ფასიანი გახდა. 1 კილოგრამი ტვირთის ღირებულება 115 ლარია. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს „საქართველოს ფოსტაში“.
ოპერატორის თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ, აქციის ფარგლებში იგზავნებოდა, ახლა კი აქცია დასრულდა.
„ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნა – ეს აქცია აღარ არის, დასრულდა. მხოლოდ აქციის ფარგლებში იგზავნებოდა უფასოდ, ახლა ჩვეულებრივად შეგიძლიათ გააგზავნოთ ტვირთი ტარიფით. 1 კილოგრამი ტვირთის გაგზავნა 115 ლარია“, – გვითხრა ოპერატორმა.
ოპერატორს ვკითხეთ, მაშინ, როცა ევროპის მიმართულებით 1კილოგრამი ტვირთის გაგზავნა დაახლოებით 5 ევრო ღირს, რატომ ღირს უკრაინაში გაგზავნა 115 ლარი? ოპერატორის თქმით, „ეს სახმელეთო ტარიფია. უკრაინასთან კი სახმელეთო გზავნილები არ არის. ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც სახმელეთო გზავნილები ხორციელდება.
სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, გერმანიაში ტვირთის გაგზავნა 5 კილოგრამამდე სახმელეთო გზავნილი ღირს 100 ლარი და 1 კილოგრამის ღირებულება 115 ლარია საჰაერო“, – გვითხრა ოპერატორმა.
რადგან „საქართველოს ფოსტამ“ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და უფასოდ აგზავნიდა ჰუმანიტარულ ტვირთს, რატომ არ გაგრძელდა ეს აქცია თუნდაც მაისის ბოლომდე, როცა უკრაინაში ისევ აქტიურია ომი? – ოპერატორმა გვითხრა, რომ იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა აქცია, ინფორმაციას არ ფლობს.
საქართველოდან ძალიან ბევრი ტვირთი იგზავნება, როგორც სამედიცინო დახმარება, ასევე სურსათი ომში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. როგორც „საქართველოს ფოსტაში“ გვეუბნებიან, უკრაინაში ტვირთი საკმაოდ დაგვიანებით, 14-20 დღეში ჩადის.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 მაისის განახლება უკრაინაში, კუნძულ ზმეინზე, მიმდინარე ბრძოლებს მიმოიხილავს.
დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კვლავ და კვლავ ცდილობს იქ მყოფი თავისი გარნიზონის გაძლიერებას. განახლებულ მონაცემებში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ უკრაინამ ბაირახტარების გამოყენებით წარმატებით დაარტყა რუსულ საჰაერო თავდაცვასა და მარაგების გემებს.
როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის მარაგების გემები მინიმალური დაცვის ამარა დარჩნენ შავი ზღვის დასავლეთში, მას შემდეგ, რაც კრეისერ „მასკვას“ დაღუპვის შემდეგ რუსი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ყირიმში დაბრუნდა.
„თუ კი რუსეთი კუნძულ ზმეინზე თავისი პოზიციების კონსოლიდერებას მოახდენს, სტრატეგიული საჰაერო თავდაცვითა და სანაპირო დაცვის საფრენი რაკეტებით, შესაძლოა მოახერხოს ჩრდილო-დასავლეთ შავ ზღვაზე დომინირება,“ – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ბოლოს გამოქვეყნებულ მონაცემებში.
___
რუსეთის სამხედრო ხომალდი კუნძულ ზმეინს 24 თებერვალს, ანუ ომის დაწყების დღესვე მიადგა და იქ მყოფ მესაზღვრეებს მოუწოდა, დანებებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბომბავდნენ.
კრეისერი „მასკვა“, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო და რომელმაც უკრაინელებს დანებება მოსთხოვა ზმეინზე, 13 აპრილს უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს.
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 350 ადამიანი
ტანკი – 1 187 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 856 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 528 ერთეული
MLRS – 185 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული
თვითმფრინავი – 199 ერთეული
ვერტმფრენი – 160 ერთეული
გემი/ნავი – 12 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 390
მანქანები და საწვავის ავზები – 1 997
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94
სპეცტექნიკა – 41
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
164 თვითმფრინავი
125 ვერტმფრენი
807 უპილოტო საფრენი აპარატი
302 საზენიტო სარაკეტო სისტემა
2 998 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
360 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 455 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 808 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
6 მაისის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში 202 ლტოლვილი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ უთხრა.
მისივე თქმით, თუ მოთხოვნა გაიზრდება და გამოჩნდებიან სხვა უკრაინელი ბავშვებიც, ვისაც სკოლაში სწავლის გაგრძელება სურთ, მათ ამის შესაძლებლობას რესურსცენტრი მისცემს.
„ვცდილობთ, უკრაინელი ბავშვები სკოლის მიღმა არ დარჩნენ. არ გვქონია შემთხვევა ვინმე სკოლის გარეთ დაგვეტოვებინა. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ახლა ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია.
თუ საჭიროება გაჩნდება, კიდევ მივიღებთ ბავშვებს უკრაინიდან ბათუმის სკოლებში. ახლა ერთმა კერძო სკოლამ – „21-ე საუკუნემ“ ადგილების დასამატებლად ავტორიზაცია გაიარა და მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან, რომ 150 ადგილი კიდევ დაემატოთ. ეს სკოლაც მიიღებს ბავშვების გარკვეულ რაოდენობას, თუ საჭიროება მოითხოვს“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
გოჩა დავითაძის თქმით, მესამე და მეშვიდე საჯარო სკოლებში დაამატეს ადგილები და ასე შეძლეს ბავშვების მიღება, კერძოდ – გაზარდეს კლასებში ბავშვების რაოდენობა. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინელი ბავშვების ნაწილი გადანაწილდა პირველ და 26-ე საჯარო სკოლაშიც.
4 უკრაინელი ბავშვი მიიღეს ბათუმის საჯარო ბაღებში. ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვნალი, დათო დიასამიძე განმარტავს, რომ ოთხივე მათგანის თითო მშობელი ბათუმშია რეგისტრირებული და საქართველოს მოქალაქეა – უკრაინის ომიდან ჩამოსული.
„ველოდებით საკრებულოს დასკვნას, მოგეხსენებათ ფინანსურ რესურსს მუნიციპალიტეტი განკარგავს – საკრებულოს დასტური გვინდა, რომ კიდევ მივიღოთ ბავშვები უკრაინიდან. მიღებული 4 ბავშვის მშობელი, თითო მაინც ბათუმშია ჩაწერილი და არ შეგვეძლო არ მიგვეღო“, – ამბობს დათო დიასამიძე.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მის ინსტანციას ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, უკრაინიდან ლტოლვილი რამდენი ბავშვი მიიღეს ბათუმის კერძო ბაღებში, თუმცა, მისივე თქმით, ბავშვები გადანაწილდნენ კერძო ბაღებშიც:
„ვიცი ზუსტად, რომ კერძო ბაღებმა პირადი ინიციატივით მიიღეს უკრაინელი ბავშვები, თუმცა ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით.
მუნიციპალიტეტის პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ბავშვებს უკრაინიდან. რესურსი მცირეა, მაგრამ ის უნდა გამოიძებნოს შეძლებისდაგვარად.
როცა ომიდან ჩამოსულ ბავშვებზეა საუბარი, რესურსის სიმცირის ხსენება უხერხულია“, – აცხადებს დავით დიასამიძე.
___
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის 10 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაიღუპა 226 და დაიჭრა 416 ბავშვი.
პროკურატურის მონაცემებით, ყოველდღიური დაბომბვებითა და საარტილერიო თავდასხმებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 1657 სასწავლო დაწესებულებაზე, მათგან 132 სრულიად განადგურებულია.
უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლის ცოლის, იულია ფედოსიუკის ნაამბობს. იულიას ქმარი ფეხშია დაჭრილი.
_____________________________
„29 წლის ვარ. ომამდე რადას დეპუტატის თანაშემწედ ვმუშაობდი. ჩემი ქმარი, არსენ ფედოსიუკი, მარიუპოლის მცველი პოლკის მებრძოლია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2014 წლიდან იბრძვის.
ომში ის კიევ-მოგილიანსკის აკადემიის დასრულებისთანავე წავიდა. პროფესიით ისტორიკოსია, აქტიურად მონაწილეობდა მაიდანის აქციებში. მაიდანის შემდეგ წავიდა ომში.
„აზოვსტალშია“ უკვე ორი კვირა. აქამდე მებრძოლების ორი ჯგუფი იყო, ერთი – „აზოვსტალში“, მეორეს კი მარჯვენა სანაპირო ეჭირა. ჩემი ქმარი, არსენი, მარჯვენა სანაპიროს ჯგუფში იყო. მერე რუსებმა იმატეს, იმატა მათმა ტექნიკამაც და ორმაგ ალყაში მოექცნენ. ანუ მარიუპოლის ირგვლივ ალყის გარდა ალყაში იყო ჩემი ქმრის ჯგუფიც ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე.
არსენი. ფოტო: 24tv.ua
იყო მომენტი, როცა რუსები უკვე ძალიან ახლოს მივიდნენ მათთან. ანუ უკვე შეეძლოთ ჩვენი ჯარისკაცების „გაწმენდა“. დავემშვიდობეთ, რადგან სიტუაცია მაქსიმალურად დრამატული იყო.
რაღაც სასწაულით მოახერხეს ალყის გარღვევა, რომ „აზოვსტალის“ პოლკის ძირითად ნაწილს შეერთებოდნენ.
მათ ალყა არტილერიისა და ტანკების ცეცხლის ქვეშ გაარღვიეს, გადაცურეს მდინარე და მიაღწიეს აზოვსტალამდე. ვფიქრობ, ეს ამ ომის ყველაზე ფანტასტიკური ოპერაციაა. ეს უმაღლესი ხარისხის გამბედაობაა, ჩემი აზრით.
იმ დროიდან ჩემი ქმარი უკვე „აზოვსტალშია“. მიამბობს, რომ მათ განუწყვეტლივ ბომბავენ. ბევრი დაჭრილია, კვდებიან სეფსისით, განგრენით. უთავდებათ სასმელი წყალი. ჩემმა ქმარმა შეტყობინება გამომიგზავნა, რომ ვიპოვო ინფორმაცია, როგორ შეიძლება იცოცხლო წყლის გარეშე. ამ მესიჯითაც გასაგებია, იქ რა ხდება.
არსენის მესიჯი ცოლს: „დაგუგლე, რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლო წყლის გარეშე. დააკოპირე რამე გამოსადეგი სტატია ამ თემაზე და ჩამომიგდე. მხოლოდ ტექსტი და არა, სქრინი. ფოტოები არ იტვირთება“.
ისინი იმიტომ არ ჩაბარდებიან ტყვედ, რომ რუსები პოლკის მეომრებს ტყვეობაში კლავენ. ერთი თვის წინ მათ მარიუპოლში ერთი მებრძოლი აიყვანეს ტყვედ, აწამეს, ვიდეო გადაიღეს, შემდეგ მოკლეს და დედამისს ფოტო გაუგზავნეს, რომელზეც ის მოკლული იყო.
ამიტომაც ტყვედ ჩაბარება მარიუპოლის დამცველი პოლკის მეომრებისთვის შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეიძლება, ეს ჰუმანიტარული კორიდორია და ექსტრაქცია მესამე ქვეყანაში, სადაც ისინი შეძლებენ ამ ომის დასრულებამდე დარჩენას.
ამას ვცდილობთ, ვთხოვთ დეპუტატებს, პოლიტიკოსებს ყველა ქვეყნიდან, ზეწოლა მოახდინონ პუტინზე, რომ ისინი გამოუშვას“.
რა ხდება მარიუპოლში
უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსული საოკუპაციო ძალების ალყაში აღმოჩნდა. რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და ექნება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა.
მარიუპოლი ამჟამად ფაქტობრივად განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.
ქალაქში ოკუპანტებმა დაბომბეს თეატრის შენობა, რომელსაც მოქალაქეები აფარებდნენ თავს და სამშობიარო სახლი.
მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.
რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.
ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.
ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ გაყვანას, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.
ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის რეაბილიტაცია და გენერატორის შესყიდვა აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება.
ხულოს მუნიციპალიტეტმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სატენდერო ღირებულება 115 ათას 888 ლარია.
საბაგირო გზის ვაგონი ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას. ის იმდენადაა დაზიანებული, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია, როგორც ვიზუალური – ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური მდგომარეობით არ არის მიზანშეწონილი, რადგან არ არის უზრუნველყოფილი მგზავრთა უსაფრთხოება – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები:
„ვაგონის დემონტაჟი და რეაბილიტაციის შემდგომი მონტაჟი.
ვაგონის მზიდი კონსტრუქციის შემოწმება კოროზიაზე და დაზიანებული ელემენტების შეცვლა.
ვაგონის კარების და საკეტების აღდგენა-შეცვლა.
დაზიანებული სარკმლების აღდგენა-შეცვლა.
კორპუსის გარე და შიდა დაზიანებების აღმოფხვრა.
ვაგონის იატაკის შეცვლა.
ვაგონის შიდა კედლების თანამედროვე მასალით მოპირკეთება.
ვაგონის შიდა და გარე განათების, გაყვანილობის შეცვლა.
დასამონტაჟებელია 120 ვტ სიმძლავრის აკუმულატორი.
ვაგონის საკიდს და ურიკას ჩაუტარდეს რევიზია, გასუფთავდეს კოროზირებული უბნები.
ჩატარდეს გარე და შიდა სამღებრო სამუშაოები.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 31 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 დღეში უნდა დასრულდეს.
„70 დღე არის გაწერილი, მაგრამ ამ დროში გამარჯვებულმა უნდა შეიძინოს გენერატორი და ეს დრო ასევე გამოიყენოს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ამ პერიოდში საბაგირო ჩვეულებრივად იმუშავებს. რაც შეეხება უშუალოდ კაბინის ჩამოხსნას და რემონტს, ამას ალბათ 10 დღე დასჭირდება. ამ პერიოდში, ბუნებრივია, არ იმუშავებს საბაგირო, თუმცა ეს პერიოდიც დაზუსტდება.
ამ ტენდერით შევიძენთ ისეთ გენერატორს, რომელიც მოგვცემს საშუალებას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში უზრუნველვყოთ მგზავრების გადაყვანა. კაბინაში კი, ისეთი მინა დამონტაჟდება, რომ მაგალითად, ტურისტები ისე შეძლებენ კაბინიდან ფოტოების გადაღებას, რომ ხარისხზე უარყოფითად არ აისახება“, – გვითხრეს ხულოს მერიაში.
სარეაბილიტაციო პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ბაგირგზა ექსპლუატაციაში შევიდა 1985 წელს. იგი წარმოადგენს ქანქარისებრი ტიპის ერთხაზიან, ორბაგირიან, უსაყრდენო გზას მზიდი ბაგირის ყრუდ ჩამაგრებით.“
გასულ წელს ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველ სადგურს [დაბა ხულოში] ჩაუტარეს რეაბილიტაცია.
ხულო-თაგოს საბაგიროს სადგური და ბაქანი დღეს / ხულო / 10.05.2022
მთავარი ფოტო: ხულო-თაგოს საბაგირო / თამარ ნერგაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
განათლების სამინისტრომ სკოლებს ახალი რეგულაციები დაუწესა ექსკურსიებზე. გარდა იმისა, რომ სკოლა ვალდებულია გამართული ტრანსპორტი და კვალიფიციური მძღოლი დაიქირაოს მგზავრობისთვის, შეუზღუდა ექსკურსიის მარშრუტიც. მოსწავლეებს მხოლოდ 150 კმ-ის ფარგლებში შეუძლიათ ექსკურსიაზე წასვლა და არც ღამის თევის უფლება აქვთ. რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე სოფლად მცხოვრები ბავშვები და რა პრობლემებს შეუქმნის მათ ახალი რეგულაციები? ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში და ქედაში მცხოვრებ მოზარდებს ესაუბრა.
როსტომ შამანაძე ხულოში, სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მეოთხე კლასის შემდეგ ექსკურსიაზე არ ყოფილა, ბოლო ორი წელი კი პანდემიის გამო ისედაც შეზღუდული იყო შეკრება და გადაადგილება. ცოტა ხნის წინ, სკოლამ კახეთის მონახულება გადაწყვიტა, თუმცა სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ვერც წელს შეძლებს სოფლიდან გასვლას.
„ჩემი გამოცდილება საკმაოდ მწირია ექსკურსიებში – მე-11 კლასელი ვარ და მეოთხე კლასის შემდეგ არსად ვყოფილვარ ექსკურსიაზე. მეოთხე კლასში რომ ვიყავი, მაშინ ჩამოვედით ბათუმში კლასი.
ახლა ვაპირებდით ტურს კახეთში, შემდეგ თბილისის მონახულებას, მაგრამ რადგან ღამისთევით წასვლა აღარ შეიძლება, გამოდის ვერც კახეთში და თბილისში წავალთ.
რა თქმა უნდა, უსაფრთხოება კარგია, ბავშვების ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოებაა დაცული – ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გუნდში ერთი პირი მაინც უნდა იყოს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ეს კარგია, მაგრამ არის დეტალები, რომელიც ვფიქრობ გადასახედია.
მაგალითად ის, რომ ღამისთევით ვერ წავალთ. მე აჭარის მაღალმთიანეთში ვცხოვრობ, ხულოში და აქედან ისე ვერ დაგეგმავ ექსკურსიას, რომ ღამის თევა არ მოგიწიოს. ეს ალბათ გადასახედია“, – ამბობს როსტომი.
რა აკლდება ბავშვს, როცა ის ვერ ახერხებს შემეცნებით მოგზაურობას სწავლის პერიოდში – ვკითხეთ მას. როსტომი ამბობს, რომ „ბევრი რამ“, რადგან უამრავი ადამიანი ჩამოდის ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად და ჩვენ არ ვართ ნამყოფი მაგალითად ვარძიაში, წინანდალში, სვანეთში. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია.
შენი ქვეყანა თუ არ იცი და შენი ქვეყნის ისტორიით და კულტურით არ დატკბი, სხვისას როგორ დააფასებ? ჩვენი პირადი სიამოვნება და თავგადასავლებიც მოგვაკლდაო“.
როსტომის თქმით, გამოდის, მშობლებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე ბავშვების სამოგზაუროდ წაყვანა, რისი შესაძლებლობაც ოჯახების უმრავლესობას არ აქვს.
„სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ნამდვილად არ აქვთ იმისთვის დრო და ფინანსები, რომ დაგეგმონ ტური და წაიყვანონ ბავშვები. ჩვენს სოფელში ბევრი ოჯახი ცდილობს განვითარებას, საოჯახო ტიპის სასტუმროებს აკეთებენ და ასეთი ოჯახები ალბათ უფრო მოახერხებენ შვილების გაყვანას. ვინც სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, თუნდაც ჩემი ოჯახი, ფაქტობრივად, ვერ დაგეგმავს ექსკურსიას, რადგან ფიზიკურად არ არის ამის შესაძლებლობა.
ფინანსურს რომ თავი დავანებოთ, მაგის დრო არავის აქვს. ერთობლივად, კლასთან ერთად გასვლა ფინანსურად მომგებიანია, რადგან ერთად ქირაობ ტრანსპორტს და მგზავრობაც კარგია თანატოლებთან ერთად. 12 წელი რომ ბავშვებთან ერთად იქნები, ერთი დასამახსოვრებელი დღე ხომ უნდა გქონდეს. ოჯახთან ერთადაც კარგია, მაგრამ სულ სხვა ემოციები იქნება თანაკლასელებთან ერთად“, – ამბობს როსტომი.
ექსკურსიებზე წასვლა „ბოლო ზარის“ ერთ-ერთი კომპონენტია. ახალი რეგულაციები კი, თუ სკოლამ არ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, მეთორმეტეკლასელებსაც შეზღუდავს.
„რა მარშრუტიც ჩაეტევა ამ რეგულაციებში, ალბათ იქ წავა მე-12 კლასი, ან საერთოდ აღარ წავა“, – ამბობს როსტომი.
მისი თქმით, 150 კმ-ის ფარგლებში ხულოში მცხოვრებმა ბავშვმა შესაძლოა მხოლოდ ჯავახეთის ნაწილი მოინახულოს. აღმოსავლეთ საქართველოს კი ამ რეგულაციების პირობებში ვერასდროს ნახავს.
„ხულო-ზარზმის გზაც საკმაოდ გაუმართავია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადაპტირებული ვართ ასეთ გზებზე, მაინც ვფიქრობ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.
ახლა როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს, ზოგიერთ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, ჩამოვიდა საკმაოდ დიდი მიწის მასა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი“, – ამბობს როსტომი.
ლიკა ლამპარაძე ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს. ლიკა მეცხრეკლასშია და ახალი რეგულაციების გამო მის კლასსაც მოუწევს დაგეგმილი ექსკურსიის გაუქმება.
„შარშან ვიყავით ქუთაისში – სათაფლია, პრომეთე ვნახეთ. წელს ვაპირებდით ვარძიაში წასვლას, დაგეგმილი გვქონდა. მიზანი იყო, რომ ორი დღის განმავლობაში მოგვევლო სხვა კულტურული ძეგლებიც და შემეცნებასთან ერთად, კარგი მოგონებებიც დაგვრჩენოდა.
ვარძიაში რომ ჩახვალ, ჯერ იმხელა გზას რომ გაივლი, დაღლილი რას მოინახულებ და შემდეგ ისევ უკან წამოსვლა ძალიან რთული იქნება. ალბათ აღარ წავალთ“, – გვეუბნება ლიკა.
მისი თქმით, არცერთი სასკოლო ექსკურსია არ გამოუტოვებია და ყოველთვის სიხარულით დადიოდა კლასელებთან ერთად.
„ჩემთვის და, ზოგადად, სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის ექსკურსია იყო ძალიან დიდი მოტივაცია. მასწავლებლები გვეუბნებოდნენ – „თუ კარგად არ ისწავლი, არ წაგიყვანთ ექსკურსიაზე“. ჩვენ ვცდილობდით, კარგად გვესწავლა.
მთელი წელი ველოდით ამ დღეს. ქალაქის ბავშვებთან შედარებით არ მიგვიწვდება ხელი ხშირად ვიაროთ მუზეუმებში, ექსკურსიებზე. მთელ კლასს ერთად ძალიან გვიხაროდა, ფოტოებსაც ვიღებდით და განათლებასაც“, – ამბობს ლიკა.
მისი თქმით, მერისიდან პანდემიამდე ხულოში იყვნენ ექსკურსიაზე, შარშან კი ქუთაისში წასვლა და გელათის მონახულება მოახერხეს.
„ლაშქრობებზე თუ წავალ 150 კმ-ის ფარგლებში ეს არის, სხვაგან ვეღარ მოვახერხებთ. ყველაზე მეტად ვარძიის და სვანეთის ნახვა მინდოდა, ახლა გამოდის დამოუკიდებლად მოგვიწევს წასვლა. შეიძლება ისე გავიდეს წლები, რომ ვეღარ გავიდეთ ვერსად, რადგან მშობლებს ყოველთვის არ აქვთ ამის დრო, ფინანსები – მეურნეობა, საქონელი და ყველაფერი ერთად მისახედია.
სოფელში 150 ოჯახი ცხოვრობს, 10-15 თუ ახერხებდა ზოგჯერ ბაკურიანში ან სურამში გასვლას. ყველ ბავშვი ვერა. ამიტომ მშობლები ცდილობდნენ ექსკურსიაზე მაინც გაეშვათ ბავშვები. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა იმასაც ვერ იხდიდნენ ბავშვები და ვერ მოდიოდნენ ექსკურსიაზე. ახლა მშობელმა თავისი ხარჯიც უნდა გაიღოს და შვილისაც, სადმე რომ წაიყვანოს“, – გვიხსნის ლიკა.
ახალგაზრდების თქმით, ახალი რეგულაციების გამო იმედგაცრუება დაეუფლათ, რადგან მათი გეგმები ჩაიშალა.
„მთელი წელი რომ ელოდები და ბოლო წუთს იმედები გიცრუვდება… ამის გამო გვქონდა პროტესტი. სჯობდა სამინისტროს გაეკონტროლებინა რეგულაციების საკითხი, დაეტრენინგებინათ მოსწავლეები და მასწავლებლებიც, როგორ უნდა მოემზადონ და მოიქცნენ ექსკურსიაზე. ჩვენთვის გადაადგილება არ უნდა შეეზღუდათ “, – ამბობს ლიკა.
ხულოში მოსახლეობა ნაგვის ურნების სიმცირეზე საუბრობს. მუნიციპალიტეტში არ არის ნაგვის ურნების საკმარისი რაოდენობა და არსებული ურნების დაცლაც ხშირად დროულად არ ხდება.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ რიყეთიდან, მაია კოჩალიძე ამბობს, რომ რიყეთში დაახლოებით 7-8 ნაგვის ურნაა და ყველა მათგანი სოფლის ცენტრალურ გზაზეა. მისი თქმით, არ ხდება ნაგვის ურნების დროული დაცლა, ამასთან, ნაგვის ურნები არ დგას სოფლის ყველა უბანში, რაც მოსახლეობას აფერხებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოათავსონ ნაგვის ურნებში.
მაია კოჩალიძე
„რამდენიმე დღის წინ ნაგვის ურნები სავსე იყო ნაგვით. ფოტოები გადავიღე და შესაბამის სამსახურებს გავუგზავნე. მითხრეს, რომ მეორე დღესვე დაცლიდნენ ურნებს. 2 დღეში ამოვიდნენ.
ხშირია შემთხვევა, როცა ნაგავი სოფლიდან დროულად არ გააქვთ. ნაგვის ურნის მიმდებარე ტერიტორიები ბინძურდება, იფანტება ნარჩენები. მოსახლეობა სოფლის სხვადასხვა წერტილიდან ამიტომაც აღარ ეზიდება ნარჩენებს ურნებში მოსათავსებლად. საბოლოოდ, ნარჩენები მდინარეებსა და ტყეში იყრება“, – ამბობს მაია.
მაია გვეუბნება, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესად ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი – სოფლებში ნაგვის ურნები და მანქანების დამატებაა საჭირო ნაგვის დროულად გასატანად.
„სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, ისევ გადაივსება ნაგვის ურნები. ისეთივე მდგომარეობა გვექნება, როგორიც ახლა ცენტრალურ გზებზე გვაქვს. ცენტრალური გზებიდანაა ნაგვის გატანა პრობლემა და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება სოფლის შიდა გზებზე.
ყველა უბანში რომ იყოს ნაგვის ურნები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ნამდვილად აქვთ სოფლის მკვიდრების იმის შეგნება, რომ ნაგავი ურნაში მოათავსონ და არა თვითნებურად, ბუნებაში შექმნილ ნაგავსაყრელებზე“, – ამბობს მაია.
სოფელი რიყეთი
მაია გვეუბნება, რომ სოფლებიდან ნაგვის გატანას გზების გაუმართაობაც აფერხებს.
„კურორტ გოდერძისკენ მიმავალ გზაზე მიწა საგრძნობლადაა ეროზირებული. ერთხელ, როცა ნაგვის წასაღებად სოფლის ცენტრში იყო ამოსული მანქანა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ სთხოვა, რომ ნაგვის ურნა მის სახლთანაც გაეცარიელებინათ, მაგრამ, ფაქტობრივად, ვერ შეძლო მანქანამ იქ მისვლა და დარჩა რამდენიმე ნაგვის ურნა სავსე“ – ამბობს მაია.
მაიას სახლიდან ყველაზე ახლოს ნაგვის ურნა ფეხით 20-25 წუთის სავალ გზაზეა.
როგორც ის ამბობს, მის უბანში დაახლოებით 30 კომლი ცხოვრობს, მათგან მუდმივად – 15.
„არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგალითად, დიდ რიყეთში. იქ ცენტრალური გზიდან უფრო შორს ცხოვრობენ ოჯახები, ვიდრე მე. შესაბამისად, ნაგვის ურნებიც ორმაგად მოშორებითაა მათგან“, – ამბობს მაია.
იგი გვიყვება, რომ მაქსიმალურად ცდილობს ნარჩენების დახარისხებას და რისი გადამუშავებაც შესაძლებელია სახლის პირობებში, ამუშავებს.
„ნაგვის დახარისხებამდე რომ მივიდეთ, ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მგონია, რომ ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამისგან, რომ ცალ-ცალკე ურნები განვათავსოთ სოფლებში, მინის, ქაღალდის და ა.შ.“, – ამბობს მაია.
როგორც მაიასგან ვიგებთ, რიყეთში ახლახან შეცვალეს ნაგვის ურნების ნაწილი, რომელთაც მოქნილი თავსახური აქვთ და მოსახლეობას თავსახურის ბოლომდე მოხდის გარეშეც შეუძლია მცირე ნარჩენების მოთავსება ურნებში.
სოფელი რიყეთი. ახალი ნაგვის ურნები.
მაია ამბობს, რომ რიყეთში თვითნებურად მოწყობილი 2-3 ნაგავსაყრელია. ამბობს, რომ ხშირად ასუფთავებს სოფელს ნარჩენებისგან საკუთარი ძალებით და მისი დაუსრულებელი პროტესტი ამ თემაზე ხანდახან მოსახლეობის უკმაყოფილებასაც იწვევს.
მაია ძმასთან ერთად განსაკუთრებით ცდილობს სოფელში ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დაცვას, სადაც ხანდახან ტომრებით ტოვებენ ნაგავს – „თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებს რომ ვუყურებ, ჩემს საცხოვრებელთან ახლოს, მდინარესთან რა მდგომარეობაა, ყოველ ჯერზე სული მეხუთება“.
ნუგზარ გორგილაძე ეკომიგრანტია სოფელ ჭერიდან. ის წინა მოწვევის ხულოს საკრებულოს წევრი იყო, ახლა სხალთის ცენტრში ცხოვრობს და ამბობს, რომ მის სოფელში ნაგვის ერთი-ორი ურნა დგას, თუმცა ნაგვის ურნები არ არის ახლოს უბნებთან, სადაც ოჯახები ცხოვრობენ.
„პირველი პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში ურნებს არ აქვს სახურავი და ჩაყრილი ნაგავი ძაღლებს ამოაქვთ, ნარჩენები გზებზეა მიმოფანტული.
ოჯახები, რომლებთანაც ახლოსაა განთავსებული ნაგვის ურნები, შეწუხებულები არიან, ძალიან სპეციფიკური სუნია მიმდებარე ტერიტორიაზე. მითუმეტეს ახლა, უკვე დათბა და მძაფრი სუნია.
ნაგვის ურნებს არ აცარიელებენ დროულად. საერთოდ არ ითვალისწინებენ, რომ ნაგავი მაშინ უნდა გაიტანონ, როცა ურნები გაივსება.
სოფლებიდან „მარშუტკებით“ სხლათაში ჩამოაქვთ ნარჩენები და ამატებენ ისედაც სავსე ურნებს.
ხშირად ვრეკავთ შესაბამის სამსახურებში, რომ გაიტანონ ნარჩენები. ხანდახან მეორე დღესვე მიაქვთ, არის შემთხვევები, ერთი კვირის შუალედში მოდიან“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.
ნუგზარ გორგილაძე
მისი თქმით, ხულოს სოფლებში თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელების შესახებ ყველამ იცის და ეს საკითხი საზოგადო პრობლემადაა ქცეული ხულოს მოსახლეობისთვის. აღნიშნავს, რომ ასეთი ნაგავსაყრელები იყო სოფელ ჭერშიც, სადაც ცხოვრობდა.
ნუგზარ გორგილაძე სოფელ ყინჩაურის შესახებ გვიამბობს. მისი თქმით, ნაგვის ურნა სოფლის მისასვლელში დგას მხოლოდ და მოსახლეობა იძულებულია ნაგავი ხელით ჩამოიტანოს 1-2 კილომეტრ მანძილზე, რაც ძალიან მოუხერხებელია, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ნარჩენებს სახლებთან ახლოს, მდინარეებში ყრიან.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ნაგვის ურნების მოსახლეობისთვის არახელსაყრელ ტერიტორიებზე განთავსება და მათი ნაკლებობაა.
„ჩვენ არ ვითხოვთ ძვირადღირებულ ნაგვის ურნებს. ჩვენ გვინდა უბრალო ნაგვის ურნა, რომელსაც თავსახური ექნება.
ნაგვის ურნები კვირაში ერთხელ მაინც უნდა გასუფთავდეს, რადგან ძალიან სწრაფად ივსება.
მე ახლა სხალთის ცენტრში ვცხოვრობ და აქ თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები არ არის. ადრე იყო, სანამ ნაგვის ურნებს დადგამდნენ. როცა ურნები დადგეს, მოსახლეობამ თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები დავასუფთავეთ. გამოცდილება გვაქვს, რომ შესაბამისი რესურსის ქონა ხელს უშლის თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყართა რიცხვის ზრდას“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.
მისი თმით, შესაბამის სამსახურებს არ გაუჭირდებათ განსაზღვრონ, სად და რა რაოდენობის ნაგვის ურნის დამატებაა საჭირო ხულოს სოფლებში.
ნაგვის ურნები სხალთაში
„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ზაზა აბულაძეს ესაუბრა ამ თემაზე, თუ რა გეგმა აქვთ მერიაში პრობლემის მოსაგვარებლად.
როგორც ზაზა აბულაძემ გვითხრა, გასულ წელს ნაგვის 200 ურნა შეიძინეს და დაამატეს სოფლებში.
„2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ ნაგავმზიდი ავტომობილიც, რომლის მოწოდების ვადა განსაზღვრულია აგვისტოს ბოლომდე. შესაძლოა იქამდეც მოგვაწოდონ.
ამ წლის დასაწყისში ბიუჯეტში არ გაგვითვალისწინებია ნაგვის ურნების დამატება, თუმცა ეტაპობრივად აუცილებლად დავამატებთ, გვექნება ბიუჯეტში ცვლილება და გავითვალისწინებთ. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ 2023-2028 წლის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმაზე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ნაგვის ურნების დამატება”, – ამბობს ზაზა აბულაძე.
ზაზა აბულაძის თქმით, ხულოში არის ისეთი სოფლებიც, სადაც საერთოდ არ არის ნაგვის ურნები. მაგალითად: მანიაკეთი, დიდი რიყეთი, ნამონასტრევი, გელავრა, პანტნარი და ა.შ. ხულოში 83 სოფლიდან ნაგვის ურნები დაახლოებით 77 სოფელშია განთავსებული.
ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა აქვს, რომელიც მუნიციპალიტეტს ჩეხეთის „კარიტასმა“ გადასცა. ზაზა აბულაძე ამბობს, რომ სოფლებიდან ნარჩენების გამოსატანად 2 დიდ, მაღალი გამავლობის მანქანასაც იყენებენ.
„დასამალი რა არის, გვიჭირს ნარჩენების გამოტანა სოფლებიდან. ერთი მანქანა გვყავს ახლა მხოლოდ. ბათუმიდან ამოდის მანქანები ნაგვის გამოსატანად. ზამთარში გზების პრობლემაა, უჭირს ნაგავმზიდებს სოფლებში მისვლა, ამიტომ ხშირად ვერ გამოგვაქვს სოფლებიდან ნაგავი.
ტენდერით გვაქვს შესყიდული ნარჩენების გატანის მომსახურება და ამას ბათუმის სანდასუფთავება აწარმოებს. ბათუმიდან კვირაში 2-3-ჯერ ამოდის მანქანები. ზაფხულში 4-ჯერაც უწევს. ბეშუმში ადის, იქიდან ჩამოივლის და გზად შემხვედრ სოფლებიდანაც გამოაქვს ნაგავი“, – ამბობს ზაზა აბულაძე.
მისი თქმით, სოფლებიდან ნაგავი ურნების შევსების შესაბამისად გამოაქვთ, ინფორმაციას ნაგვის ურნების შევსებაზე კი მათ მერის წარმომადგენლები და სპეციალისტები აწვდიან. ხშირად თავად სოფლის მოსახლეობაც რეკავს მერიაში ურნების გასუფთავების მოთხოვნით.
ზაზა აბულაძემ გვითხრა, რომ თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები წლების განმავლობაში იყო სოფლებში და ახლაც ვხვდებით. იხსენებს, რომ რამდენიმე არალეგალური ნაგავსაყრელი დახურეს – „კურორტ ბეშუმიდან 150 ტონა ნარჩენი გავიტანეთ არალეგალური ნაგავსაყრელიდან, ასევე ტაბახმელაში, დიდაჭარასა და დიოკნისში.
ძალიან ბევრი ასეთი ნაგავსაყრელია, მაგრამ ვერ ვახერხებთ ყველას გავწვდეთ და მათ დახურვაზე ვიმუშაოთ, რადგან საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
ბოლო პერიოდში იკლო თვითნებურად შექმნილმა ნაგავსაყრელებმა. იქ, სადაც ნაგვის ურნებია, ეს პრობლემა აღარ დგას“, – ამბობს ზაზა აბულაძე.
რაც შეეხება ნარჩენების სეპარირებას, ამასთან დაკავშირებით ზაზა აბულაძემ გვითხრა, რომ ამაზე მაშინ დაიწყებენ მუშაობას, როცა უკვე ნარჩენების 100% შეგროვება და გამოტანა იქნება შესაძლებელი სოფლებიდან. ამ ეტაპზე ხულოში მხოლოდ სამედიცინო ნარჩენები გროვდება ცალკე.
______________
მთავარ ფოტოზე: თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი სოფელ რიყეთში
6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ.
„ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებაში და საბოლოოდ გააფორმოს ავტორიტარიზმი ჩვენს ქვეყანაში,“ – ასე აფასებს GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი მარი კაპანაძე ბოლო დროს ქვეყანაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, დააკავონ საპროტესტო აქციების მონაწილეები, ყველაფრის მიუხედავად.
რას ითხოვდნენ აქციის მონაწილეები 6 მაისს, აჭარაში „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლის თავზე
საპროტესტო აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით იმართებოდა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები, იმავე ადგილას, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 თვის განმავლობაში იყო „თავისუფლების კვარტალი“ მოწყობილი.
რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
რა ხდებოდა 6 მაისის ღამეს აჭარის მთავრობის სახლის წინ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე, გაშლილ კარვებში მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდნენ. დაახლოებით ღამის 12 საათზე აქციის მონაწილეებთან მივიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, მოსთხოვეს კარვების დაშლა და მისი ევროპის მოედანზე გადატანა. აქციის მონაწილეთა კანონიერ კითხვებს, თუ რატომ უნდა დაეშალათ კარვები, საბოლოოდ 24 პირის დაკავება მოჰყვა. მათ შორის დააკავეს აქციის ორგანიზატორები.
მარი კაპანაძე, GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ დაკავების კადრებიდან, რომელიც მრავლად გავრცელდა ინტერნეტში, ჩანს, რომ პოლიცია მიდრეკილია მაქსიმალურად შეზღუდოს ისეთი შეკრებები, სადაც ისმის ხელისუფლებისთვის არასასურველი პოზიციები.
„[პოლიცია] მუდმივად იყენებს გადამეტებულ, არაპროპორციულ ძალას შეკრების მონაწილეების მისამართით. პოლიცია ბოროტად იყენებს იმ კანონმდებლობას, რაც გვაქვს, ვინაიდან ნებისმიერი ქმედება მათთვის შეურაცხყოფა და ხულიგნობაა. მაგალითად, ხულიგნობა და შეურაცხყოფაა, თუკი ადამიანი ხმამაღლა მოითხოვს მათგან განმარტებას, თუ რას აშავებს, ან გადაიღოს კადრები, ან დაელაპარაკოს პოლიციას. ნებისმიერი მოქმედება მათთვის არის საბაბი, დააკავონ ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტიტუციური და ცალსახად არღვევს მონაწილეთა შეკრების თავისუფლებას,“ – ამბობს მარი კაპანაძე.
მარი კაპანაძე, GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი
მისივე თქმით, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებზე ორი ძირითადი ტენდენცია იკვეთება: ერთი, არაპროპორციული ძალის გამოყენება და მეორე, დაკავება იმ დროს, როდესაც ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
„არ არსებობს კონკრეტული კანონიერი მოთხოვნები, რომლის დაუმორჩილებლობასაც შეიძლება შეედავო აქციის მონაწილეებს. ანუ უნდა გქონდეს კანონიერი საფუძველი, რომ დააკავო ადამიანი. როგორც წესი, პირიქით ხდება. ჯერ აკავებენ და მერე იგონებენ საფუძვლებს, რის გამო აკავებენ,“ – ამბობს მარი კაპანაძე.
რა ჩანს ვიდეოკადრებში
„ბათუმელებმა“ შეისწავლა ის ვიდეოკადრები, რომლებიც 6 მაისს დაკავებას ასახავს. ერთ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე დააკავეს კითხვის დასმისთვის. ერთ-ერთი მოქალაქე კი მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ტელეფონით იღებდა პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების დაკავებას. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, რეზო ხარაზი კი ამბობს, რომ ის პუტინის გინებისთვის დააკავეს.
როგორ დააკავეს გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. ის 6 მაისის ღამეს მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს.
6 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც აქციაზე ხალხი შეთხელდა და აქციის მონაწილეებმა კარვებში გადაინაცვლეს, პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოსთხოვა გონივრულ ვადაში გადაეტანათ კარვები ქუჩიდან ევროპის მოედანზე. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს ჰკითხა, რატომ უნდა აეღოთ კარვები. რამდენიმეწუთიანი შელაპარაკება გიორგი კირთაძის დაკავებით დასრულდა. გიორგი კირთაძის დაკავების ამსახველ უწყვეტ ვიდეოში ჩანს, რომ ის სთხოვს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროს დავით მაღრაძეს განუმარტოს, რის საფუძველზე ითხოვს პოლიცია კარვების დაშლას.
საპატრულო პოლიციის უფროსსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:
დავით მაღრაძე: ბატონო გიორგი, განგიმარტეთ ყველაფერი. გონივრული დრო გეძლევათ, რომ მოხდეს ტერიტორიის გათავისუფლება. კიდე გეუბნებით, ათავისუფლებ თუ არა ტერიტორიას?
გიორგი კირთაძე: მართლა არ გრცხვენიათ?
დავით მაღრაძე: ათავისუფლებ თუ არა ტერიტორიას?
გიორგი კირთაძე: მართლა არ გრცხვენიათ?
დავით მაღრაძე: ტერიტორიას ათავისუფლებ თუ არა? გავათავისუფლოთ კარვებისგან, გადავიტანოთ ერას მოედანზე. ათავისუფლებ თუ არა?
გიორგი კირთაძე: რატო ერას მოედანზე, იქნებ …
დავით მაღრაძე: ათავისუფლებ თუ არა?
გიორგი კირთაძე: დამამთავრებინე კაცო, ნუ მიყვირიხარ. შეიძლება საოცრებათა პარკში მინდა გადასვლა და რატომ მიმითითებ ევროპის მოედანზე?
დავით მაღრაძე: ეს ტერიტორია თავისუფლდება ახლა, გადაიტანეთ…
გიორგი კირთაძე: რატომ უნდა გათავისუფლდეს-თქო იმას გეკითხები.
დავით მაღრაძე: წამობრძანდით, არ ემორჩილებით თქვენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. „დავაი“, წამოიყვანეთ
მაღრაძის მითითებით და უშუალო ჩართულობით გიორგი კირთაძე დააკავეს.
დავით მაღრაძე გიორგი კირთაძის დაკავებისას. სქრინი ტელეკომპანია “ფორმულას” კადრიდან
„ბათუმელებს“ ენმ-მ მიაწოდა 24 დაკავებულიდან ერთ-ერთის მიერ გადაღებული კადრები. ეს პირი ენმ-ის წევრი არაა და სანამ სასამართლო განხილვა არ დამთავრდება, გამოცემას სთხოვა, მისი ვინაობა არ გავასაჯაროოთ. მას ჯერ კიდევ აქვს სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი.
პირმა, რომელიც 6 მაისს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, გადაიღო რა ხდებოდა მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე – ვიდეო 3 წუთსა და 26 წამს გრძელდება. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს აქციის მონაწილეთა დაკავება.
მთელი ვიდეოს განმავლობაში აქტივისტს ხმა არ ამოუღია, არ გაუკეთებია რაიმე მოწოდება და არ შეუშლია ხელი პოლიციის მუშაობისთვის. ამის მიუხედავად, ის დააკავეს. 3:24-ე წამზე ტელეფონს ხელი ეფარება და ისმის აქტივისტის ხმა – რა გინდათ? კადრი წყდება.
როგორც მოქალაქე „ბათუმელებს“ მოუყვა, ის აქციაზე შემთხვევით მოხვდა, ნაცნობები აღმოაჩინა, როგორც პოლიციელებში, ისე აქციის მონაწილეებს შორის. მისივე თქმით, როდესაც პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებდა, მან ტელეფონი ამოიღო და ამ პროცესის გადაღება დაიწყო. მოქალაქე „ბათუმელებს“ უყვება, რომ კამერაზე ხელი ააფარა პირმა, რომელსაც პოლიციის ფორმაც კი არ ეცვა. პარალელურად, ის ორმა პოლიციელმა შებოჭა და დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე გამუდმებით ითხოვდა პოლიციელებისგან აეხსნათ, თუ რატომ აკავებდნენ, მისთვის არაფერი განუმარტავთ.
შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით კი, ისევე, როგორც დანარჩენი 23 პირი, ისიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს.
გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში
„173-ე მუხლი ეხება პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დაკავებამდე პოლიციელს ჯერ უნდა ჰქონდეს კანონიერი მოთხოვნა და იმაზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაგაკავოს.
როგორც წესი, ძალიან ხშირად პოლიციელების მოთხოვნები არ არის კანონიერი. ისინი უსაფუძვლოდ იქცევიან, ამ შემთხვევაში არ აქვთ რაიმე საკანონმდებლო საფუძველი და ითხოვენ, რომ აქციის მონაწილე არ იდგეს იქ, სადაც დგას და ამის გამო პირდაპირ აკავებენ.
იმის ნაცვლად, რომ სასამართლომ დაინახოს პოლიციის მხრიდან ეს უსაფუძვლო მიდგომა, ისინი [მოსამართლეები] სამწუხაროდ თვალს ხუჭავენ პოლიციელთა ცრუ ჩვენებაზე და მხოლოდ მათ ცრუ ჩვენების საფუძველზე უფარდებენ სანქციებს აქციის მონაწილეებს,“ – ამბობს მარი კაპანაძე, GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი.
ვინ არის პასუხისმგებელიმშვიდობიანი აქციის მონაწილის დაკავებაზე
„ჩემი დაკვირვებით, ასეთი გადაწყვეტილება, რომელ აქციაზე დაიწყონ მასობრივი დაკავებები და რომელზე – არა, იღებენ უფრო მაღალ დონეზე, პოლიციელები კი ამას ადგილზე ასრულებენ. ეს ბრძანება ცალსახად მოდის ზემოდან. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მე, ყოველ შემთხვევაში.
ეს არის პოლიტიკა, ხელისუფლების მთავარი მესიჯი, რომლის მიდგომაა მაქსიმალურად დააკავონ ადამიანები, მათ შორის, უსაფუძვლოდ. მიზანი არის სწორედ ის, რომ ნაკლებ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს, რაც ქვეყანაში არ მოსწონს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარი კაპანაძემ.
ვინ ხელმძღვანელობდა დაკავებას ბათუმში
6 მაისის ღამეს ბათუმში კარვების დაშლის და ოპოზიციონერების დაკავების ოპერაციაში ათობით პოლიციელი მონაწილეობდა. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციას თვალყურს ადევნებდა და ბრძანებებს გასცემდა აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია. უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მაღრაძე. სწორედ პირადად მან დააკავა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე.
„ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჰკითხა, ვინ იყო 6 მაისის ღამის დაკავების ოპერაციის ხელმძღვანელი და ვინ გასცა კარვების დაშლის ბრძანება. შსს-სგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
იერარქიულად აჭარის პოლიციის უფროსი არის რეგიონში საპოლიციო ძალების მმართველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ცალკეული პოლიციელები გრიგოლ ბესელიას ბრძანებას ასრულებდნენ.
აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია
„მსუსხავი ეფექტი“
მარი კაპანაძე: „სახელმწიფო იმიტომ იყენებს ასეთ რეპრესიულ მიდგომას და მერე სანქციებს ფულადი ჯარიმების სახით, რომ ერთგვარი შიში გააჩინოს საზოგადოებაში. „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს ამას. ადამიანებს აღარ გაუჩნდეთ სურვილი, რომ სამომავლო აქციებში მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად შემცირდეს აი, ეს ტალღა, რომელიც არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით.
დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვნად აზიანებს ასეთი პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან. ძირითადი სიგნალი და მესიჯი რასაც ამჟღავნებს ხელისუფლება არის სწორედ ის, რომ ის არცერთ შემთხვევაში არ არის ორიენტირებული ქვეყანაში არსებობდეს კრიტიკული მოსაზრებები.
ასეთი ტიპის ქმედებები კი მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება მიმართულია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაყალიბოს ავტორიტარული რეჟიმი.
რეიტინგებსაც რომ შევხედოთ, მაგალითად, “ფრიდომ ჰაუსის” რეიტინგი რაც გვაქვს, ერთადერთი რის გამოც ჩვენ ბოლომდე ავტორიტარული რეჟიმის სიაში არ ვართ და ვართ ჯერ კიდევ ჰიბრიდული დემოკრატია, არის ის, რომ ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში.
და ხელისუფლება ებრძვის სწორედ ამ სამოქალაქო საზოგადოებას.
როგორც კი სამოქალაქო საზოგადოებას დაამარცხებს ხელისუფლება, მაშინ, ჩვენი რეიტინგებითაც და რეალურადაც, გადავინაცვლებთ ჩვეულებრივად ავტორიტარული რეჟიმების ქვეყანაში“.
დღეს, 10 მაისს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროდ დარჩნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქამდე ქირით ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბათუმში ბინის ქირის გაძვირების შემდეგ, მათ გადახდა ვეღარ შეძლეს და ნაქირავები ბინებიდან გამოსახლდნენ.
აქციის მონაწილეები თავშესაფარს ითხოვენ და ამბობენ, რომ ბოლო ორი თვეა წერილობით მიმართავენ აჭარის მთავრობას და ქალაქ ბათუმის მერიას, მაგრამ პასუხს ვერ იღებენ.
ისინი თანახმა არიან შეღავათიანი საცხოვრებლის შეთავაზებაზე, თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, რისთვისაც ეტაპობრივად გადაიხდიან თანხას იმ ოდენობით, რასაც ორი თვის წინ ქირაში იხდიდნენ, უარეს შემთხვევაში კი, ხელისუფლებისგან ითხოვენ დროებით თავშესაფარს ან შეღავათიან ფასად ბინების პოვნას დასაქირავებლად.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ბინის ქირასაც აქამდე სოციალური დახმარებით იხდიდნენ.
ოთხი შვილის მამა, ამირან მიქელაძეც აქციის მონაწილეა. იგი აქამდე 300 ლარს იხდიდა ბინის ქირაში, თუმცა ბინის მეპატრონემ ქირა 500 ლარამდე გაუძვირა.
„გაძვირდა ბინის ქირა და ვერ გადავიხადეთ, ამიტომ დავცალეთ და გამოვედით ქუჩაში. ჩემს დიასახლისს ჯერ არავინ მიუღია, მაგრამ სახლების მეპატრონეები ამბობენ, გაორმაგებულ ფასს იხდიან ბინაში რუსებიო და ხალხს ბინებს აცლევინებენ, ვინც აქამდე ჰყავდათ.
ამირან მიქელაძე, აქციის მონაწილე
ქუჩაში ვართ დარჩენილები და აჭარის ხელისუფლებას ვთხოვთ მოგვაქციონ ყურადღება, ხალხის დროებითი თავშესაფარი უზრუნველყონ, შეისწავლონ ჩვენი ოჯახების მდგომარეობა დაგვეხმარონ, რაიმე შევისყიდოთ ან სოციალურ სახლებში შეგვასახლონ.
არ გვინდა ჩუქება, გადავიხდით ნელ-ნელა ფულს, როგორც სხვები იხდიან, ან მოგვიძებნონ შეღავათიანი ქირა.
პირველი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ვარ, მეუღლე ავად მყავს, ორი აბიტურიენტი და ორიც მცირეწლოვანი შვილი მყავს. ვმუშაობდი მშენებლობაზე, რომელიც შეჩერდა და დავრჩი უხელფასოდ. 19 ოჯახია ჩემს დღეში – გაძვირებული ქირიდან გამოძევებული, ვინც აქციებზე ჩვენ გვიერთდება და განცხადებების წერისას, ისე კი, ასეთი ხალხის რაოდენობა გაცილებით მეტია,“ – ამბობს ამირან მიქელაძე.
თეონა გვიანიძე მარტოხელა დედაა ხუთი შვილით, მათ შორის, სამი მცირეწლოვანია. თუმცა თეონას მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს, რადგან შვილები მამის გვარზე არიან და ვერც მარტოხელა დედის დახმარებას იღებს.
თეონა გვიყვება, რომ ქირაში 300 ლარს იხდიდა, რამდენიმე დღის წინ კი ბინის მფლობელმა 800 ლარი მოსთხოვა და იძულებული გახდა ახლობელს შეჰფარებოდა შვილებთან ერთად, რამდენიმე დღით. იგი ამბობს, რომ მის ბინაში მეპატრონემ რუსეთის მოქალაქეები შეასახლა.
„არანაირი დრო არ მომცა დიასახლისმა, სხვა ბინა მომეძებნა. ქირას სოციალური დახმარების ფულით ვიხდიდი. სოციალური დახმარება 400 ლარია, ბინის ქირას, 300 ლარს, ამ თანხით ვიხდიდი, მრჩებოდა საარსებოდ 100 ლარი, ეს კომუნალურებსაც არ ჰყოფნიდა და ვალად დამრჩა იმ ბინაში თვეობით გადაუხდელი კომუნალურის ფული.
თეონა გვიანიძე, აქციის მონაწილე
არავისთან მაქვს მისასვლელი, შეფარება რომ ვთხოვო ჩემს შვილებთან ერთად. რამდენიმე დღით ვთხოვე ერთ ახლობელს მივეღე შვილებით, მაგრამ რამდენიმე დღეში აქედანაც უნდა წავიდეთ,“ – ამბობს აქციის მონაწილე.
პენსიონერმა მაგული ფუტკარაძემაც გვითხრა, რომ უსახლკაროდ დარჩა, რადგან მასაც გაუძვირეს ბინის ქირა და ვეღარ გადაიხადა. მისი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, ბინის ქირას აქამდე ამით იხდიდა. ქირის გაძვირების შემდეგ რამდენიმე დღით შეეკედლა ნათესავს 40 კვადრატულ მეტრ ბინაში.
„ახლა ჭერს, თავშესაფარს, ვითხოვ ხელისუფლებისგან. მყავს 28 წლის ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილი, რომელიც მუდმივად საჭიროებს მეურვეს. მისი მკურნალობა საქართველოში ბევრ თანხათანაა დაკავშირებული და ვერ ვშველი. ნათესავს ვარ შეფარებული მასთან ერთად. რამდენ ხანს დამიტოვებს ეს ადამიანი თავისთან, პატარა ბინაში?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.
მადლენა გოგიტიძეც აქციის მონაწილეა, ახლა ისიც თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ომის ვეტერან მის მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს ომის შემდეგ და შრომისუუნაროა. ვერ მუშაობს ვერც თავად მადლენა, რადგან მცირეწლოვან შვილს მუდმივად დედის მეთვალყურეობა სჭირდება:
„ჩემს შვილს დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რა სჭირს. თამაშისას ითიშება და გონებას კარგავს. რამდენჯერაც მივიყვანე ბაღში, აღმზრდელები მირეკავენ: გაითიშა თქვენი შვილი და წაიყვანეთო. ამიტომ ბაღში ვერ მიმყავს. ვერ ვმკურნალობ, მაქსიმუმი, რაც მისთვის შემიძლია გავაკეთო როგორც დედამ, ისაა, რომ მის გვერდით ვიყო, როცა გაითიშება, რამე რომ არ დაუზიანდეს, ამიტომ ვერ ვმუშაობ. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გავაკეთებდი რამეს.
სხვების მსგავსად მეც სოციალური დახმარების თანხით ვიხდიდი ქირაში 300 ლარს, მაგრამ ასეთი ბინები უკვე 400 და 500 დოლარი გახდა. ახლობლის მარშუტკაში ვათევ ღამეს ქმართან და შვილთან ერთად, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ როდემდე ვიყოთ ასე?“ – ამბობს მადლენა.
„ბათუმელები“ აღნიშნულ თემაზე კომენტარის მიღებას აჭარის მთავრობის პრესსამსახურში შეეცადა. აჭარის მთავრობის პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სხვა სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობას სახის შენარჩუნების მცდელობას ადარებს. მისი თქმით, ევროპული არჩევანისთვის ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა – უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„სახის შენარჩუნების მცდელობა – აი, ასე გამოიყურება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობები. ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით ევროპული არჩევანისთვის გადაიხადა და არა მორიგის სიმბოლური ჟესტებისთვის. უკრაინამ უნდა მიიღოს (ევროკავშირის წევრობის) კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
Keep up appearances in a bad game – this is how the attempts to replace 🇺🇦 membership in 🇪🇺 by symbolic formats look like. Thousands of Ukrainians paid with their lives for the European choice, not for the new series of thimbles. 🇺🇦 must receive the status of a candidate country.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სხვა ფორმატებით ჩანაცვლების შემოთავაზებები, უკრაინისთვის მიუღებლად ასევე გამოაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
„თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ ევროპა ცდილობს გაგვაცუროს, ჩვენ კი არ ვაპირებთ ეს გადავყლაპოთ. ევროპაში უკრაინაა ის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანები კვდებიან იმ ღირებულებებისთვის, რასაც ევროკავშირი ეფუძნება. ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ,“ – თქვა კულებამ ჟურნალ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ერთიანი მიდგომა და სტანდარტი“ – ამ სიტყვებით ცდილობს „ქართული ოცნება“ ახსნას კანონპროექტი, რომელიც კონკრეტულად ბათუმის საკრებულოზეა მორგებული, უფრო ზუსტად კი, ერთ დეპუტატზე – რამაზ ჯინჭარაძეზე.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის და აპირებს, შუალედურ არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება აღარ იყოს საჭირო – „საარჩევნო კოდექსის“ შეცვლის შემთხვევაში, ცესკოს შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან მე-11 დღეს, დეპუტატს, არჩეული მერის მსგავსად, შეუძლია უფლებამოსილებას შეუდგეს.
ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ დათქმას დაუკავშირეს ცვლილება: განმარტავენ, რომ რეალურად „ერთიან სტანდარტზე“ ზრუნავენ, თუმცა არ განმარტავენ, რატომ არ შეეხება იგივე წესი, მაგალითად, საკრებულოს სხვა წევრებს, რომლებიც შუალედურ არჩევნებზე არ აურჩევიათ, ან ახლა რატომ დადგა იმის საჭიროება, რომ შეეცვალათ „საარჩევნო კოდექსი“?
„შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით,“ – წერია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ საიტზე დღეს, 10 მაისს აიტვირთა.
კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის შუალედურ არჩევნებში, 2 აპრილს აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“. მისი უფლებამოსილების ცნობისთვის „ოცნება“ საკრებულოში კვორუმს ვერ აგროვებს. ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. კვორუმისთვის საჭიროა, ოპოზიციიდან მინიმუმ ერთი კაცი დაესწროს საკრებულოს სხდომას. ოპოზიცია [ენმ, ლელო, გახარიას პარტია] 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, ბათუმი ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია და საკრებულოს მანდატების უმრავლესობაც ოპოზიციამ მოიპოვა.
იმისთვის, რომ ამ მოცემულობას აუაროს გვერდი, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გამოსავალი იპოვა – საარჩევნო კოდექსს ცვლის.
კანონპროექტში ხაზგასმულია ისიც, რომ კანონის ამოქმედებისთანავე „დაიწყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ შესაბამისი შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით დასტურდება საკრებულოს ამ წევრის არჩევა“.
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს სხდომის ჩატარება ბოლო 12 აპრილს სცადა, თუმცა კვორუმი ვერ შეიკრიბა. გასული თვეების განმავლობაში კი, ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვდასხდომის გამართვას, თუმცა სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ ცხადდებოდა.
ბათუმში საკრებულო 2021 წლის 2 ოქტომბერს აირჩიეს, პირველი სხდომა 3 დეკემბერს დაიწყო – ჩაიშალა კვორუმის არარსებობის გამო.
ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება და სხდომის გამართვისთვის, ასევე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის, საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 18 ხმა. ოპოზიციას 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება და ვერც რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.
კანონის შეცვლის შემთხვევაში კი, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს აღარ დასჭირდება. შესაბამისად, საკრებულო შეიკრიბება უკვე რამაზ ჯინჭარაძის მონაწილეობით და თავმჯდომარესაც აირჩევს, თუკი ეს ცვლილება კანონში 3 ივნისამდე შევა [3 ივნისის შემდეგ რიგგარეშე არჩევნები ცხადდება] და ასევე: „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძე. ის არჩევნების შემდეგ გახარიას პარტიას გაემიჯნა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თქვა: „ბათუმის საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა“. მაშინ ირაკლი კობახიძე ამბობდა ასევე, რომ ითანამშრომლებდა საკრებულოს ცალკეულ წევრებთან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი, რომელიც 11 მარტის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
ინფორმაცია ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელმა სერგეი ტომილენკომ დაადასტურა.
ჟურნალისტი, დედასთან ერთად, სავარაუდოდ 11-12 მარტს დაიღუპა, როდესაც რუსეთის არტილერიამ სოფელ შევჩენკოვოს გაუხსნა ცეცხლი.
ჟურნალისტთან კავშირი მას შემდეგ გაწყდა, რაც მარტის დასაწყისში, კიევის ოლქის ნაწილი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ოქსანას უკანასკნელი შეტყობინება 11 მარტით თარიღდება, როდესაც მან ტვიტერში კიევის ოლქში არსებულ ვითარებაზე დაწერა და თქვა, რომ ტვიტერზე საკუთარ ანგარიშს აუქმებდა.
„გუშინდელი დღიდან არ გვაქვს ელექტროენერგია, ძლივს მუშაობს ინტერნეტი. რუსები არავის აძლევენ გასვლის საშუალებას – ესვრიან მანქანებს, ველოსიპედებს. ერთადერთი, რაც შესაძლებელია, სახლში ჩუმად ჯდომაა. ჰუმანიტარული კატასტროფა – სულ რაღაც ერთი თვის საკითხია. ტვიტერს ვშლი, იმედი მაქვს, კიდევ შევხდებით. ყველაფერი კარგად იქნება, უკრაინა!“ – წერდა ოქსანა.
როგორც სერგეი ტომილენკო აღნიშნავს, ოქსანა გაიდარი ქმართან და შვილთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, ის სააგენტო „უკრინფორმში“ მუშაობდა.
4 მაისს, იზიუმთან ბრძოლაში დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი, რომელიც ომის დაწყებისთანავე უკრაინის შეიარაღებული ძალებს შეუერთდა. 28 აპრილს კიევზე სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ვერა გირიჩი.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის 7 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
უგზო-უკვლოდ დაკარგულია 15 ჟურნალისტი. უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა რუსეთის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი 243 დანაშაული აღრიცხა.
___
მთავარი ფოტო: ოქსანა გაიდარი, სერგიი ტომილენკოს ფეისბუქგვერდიდან
„60 ადამიანი დამხვდა აქ, რომელიც უკანა კარიდან გაიპარა,“ – ამბობს ჟურნალისტი ელისო კილაძე. მან დღეს, 10 მაისს ბათუმის „ბიზნეს ცენტრის“ მე-3 სართულზე ფეისბუქლაივი ჩართო და თქვა, რომ იქ უკანონო „ქოლცენტრია“ გახსნილი. კადრებში მართლაც არაერთი ადამიანი ჩანს.
ფეისბუქლაივში ჟურნალიტს ოფისში დასაქმებული ადამიანები პასუხობენ, რომ ეს სამშენებლო კომპანიაა, თუმცა ვერ ამბობენ კომპანიის სახელს. „ეს ბათუმის სამშენებლო კომპანიაა“, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც ელისო კილაძის მტკიცებით, „ქოლცენტრის“ თანამშრომელია.
„ქოლცენტრების საქმეზე“ ბოლოს, 18 თებერვალს დააკავეს 5 ადამიანი. გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები, – სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს „ქოლცენტრი“, – თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიისა და სხვა მოქალაქეების კუთვნილ თანხებს და შემდეგ ეს თანხა „გაათეთრეს“.
ელისო კილაძის ინფორმაციით, „ქოლცენტრი“ ბათუმში დავით კეზერაშვილს უკავშირდება.
„….ესენი არიან მარლენ მეტონიძე, კაკი დავითულიანი, ხილიანელი ძმები გელოვანები, ფოჩხუები არიან რეალურად, მაგრამ გვარი აქვთ გადაკეთებული, დიდუბელი ძმები მიქაძეები, ისინი აკონტროლებენ „მორგანის“ დირექტორს ნუგო გადელიანს, „მორგანი“ კი არის კეზერაშვილის კომპანია,“ – გვითხრა ელისო კილაძემ, რომელსაც „ბიზნესცენტრის“ მესამე სართულზე ვესაუბრეთ, სადაც ოფისი უკვე ლენტით ჰქონდათ შემოსაზღვრული, ელისო კილაძე კი, გამოსაკითხად პოლიციაში გადაჰყავდათ.
ელისო კილაძე ასევე ამბობს, რომ „ქოლცენტრს“ ბათუმის ბიზნესცენტრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დავით რიჟვაძე მფარველობს.
„ეს ქოლცენტრი ფუნქციონირებს თორნიკე რიჟვაძის მამასთან შეთანხმებით. ასე რომ, ეს ჰაერიდან არ მოსულა,“ – აღნიშნა ელისო კილაძემ, რომელსაც ასევე ვკითხეთ, როგორ შეიძლება მფარველობდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი დავით კეზერაშვილის ბიზნესს დავით რიჟვაძე?
„ეს არის ჩემი ინფორმაცია… მე არ ვამტკიცებ იმას, რომ ეს „ქოლცენტრი“ ამ წუთას პირდაპირ არის კეზერაშვლის დაქვემდებარებაში. მე გითხარით კავშირების შესახებ. გეტყვით იმას, რომ ეს „ქოლცენტრი“ ბათუმში ფუნქცონირებს თორნიკე რჟვაძის მამასთან შეთანხმებით. „კრიშა“ არის თოირნიკე რიჟვაძე,“ – ამბობს ჟურნალისტი ელისო კილაძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა დავით კეზერაშვილის ადვოკატს. გიორგი გელხაურის თქმით, ამ საკითხზე კეზერაშვილი თავად აპირებს განცხადების გაკეთებას.
„ბათუმელებმა“ სცადა დავით რჟვაძესთან დაკაცშირებაც. მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
„ბიზნესცენტრის“ მე-3 სართული პოლიციელებმა უკვე დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში „ქოლცენტრებზე“ ინფორმაცია ჯერ ვერ მოგვაწოდეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილია ელექტრიკოსი, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ელექტრომოწყობილობის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე მუშაობდა.
უკრაინის პროკურატურის ვერსიით, ეჭვმიტანილმა რუსულ ჯარებს მიაწოდა ინფორმაცია „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბების, საწყობებისა და კომუნიკაციების ადგილმდებარეობის შესახებ.
ამ გვირაბებს რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან იყენებდნენ უკრაინელი ჯარისკაცები.
„ოკუპანტებმა ეჭვმიტანილისგან მიღებული ინფორმაცია ვიდეოზე დააფიქსირეს და გაავრცელეს ინტერნეტში პროპაგანდისტული აქტივობების განსახორციელებლად და მარიუპოლის დამცველების დემოტივაციის მიზნით,“ – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.
უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და ეჭვის შესახებ მას დაუსწრებლად ეცნობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ქონების კონფისკაციით.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 8 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
ბოლო ერთ კვირაში აჭარაში კოვიდის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთ კვირაში საქართველოში ჩატარდა 112 564 ტესტი კორონავირუსზე – 101 045 ანტიგენტესტი, ხოლო 11 519 – პჯრ ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.66 პროცენტი.
ბოლო ერთ კვირაში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი.
ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით პერიოდს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ერთი კვირის მონაცემებს ერთდროულად აქვეყნებს და არა ყოველ დღე.
ოთხი ქართველი მებრძოლი – გიორგი ფარცვანია, ზაზა ბარძიმიშვილი, გიორგი გელაშვილი და კიდევ ერთი მებრძოლი კოპიტნარის აეროპორტში გააჩერეს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მის თანამებრძოლებს პასპორტები ჩამოართვეს და ორი საათის განმავლობაში არც ტერიტორიიდან გაუშვეს. „ბიჭები დაკითხვაზე გადაიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ფარცვანიამ.
მებრძოლის თქმით, აეროპორტიდან მას შემდეგ გამოუშვეს, როცა ადვოკატი და მედია ჩარია. ფარცვანია ირწმუნება, რომ ისინი სუსის გადაცმულმა თანამშრომლებმა შეაჩერეს.
„როცა შემოვედით პასპორტის საკონტროლო ზონაში, უკვე ჰქონდათ სია, წინასწარ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდით. რამდენიმე, ვინც არ იყო დაფიქსირებული, გაატარეს, მაგრამ ოთხი, მათ შორის მეც, გაგვაჩერეს.
გვითხრეს დაგველოდეთო, არც იმას გვეუბნებოდნენ, რატომ წაგვართვეს პასპორტები. გავიდა ორი საათი და შემდეგ სათითაოდ შეგვიყვანეს ბიჭები. მივხვდი, რაც ხდებოდა, დავურეკე ადვოკატს და ჟურნალისტებსაც. მერე ერთმანეთში დაიწყეს საუბარი ამან მგონი ჟურნალისტებს დაურეკა, ახლა რა ვქნათო.
ჩემი ჯერი როცა მოვიდა, დავალაპარაკე ჩემი ადვოკატი. მან უთხრა რა მიზეზით გააჩერეთ და რის საფუძველზე აპირებთ დაკითხვასო. ამის შემდეგ გამომიშვეს,“ – უთხრა გიორგი ფარცვანიამ „ბათუმელებს“.
მისი თქმით, დაახლოებით ათ დღეში ყველა მებრძოლი, ვინც დღეს ჩამოვიდა უკრაინიდან, უკან დაბრუნებას აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, სუსმა ხელი შეუშალოს უკრაინაში მათ დაბრუნებას.
„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ათ დღეში სცადონ რაიმე მიზეზით ჩვენი დაკავება ან პრობლემის შექმნა“, – ვარაუდობს გიორგი ფარცვანია.
უკრაინაში მებრძოლი ქართველები დღეს პოლონეთის რეისით ჩამოფრინდნენ. ქართველი მებრძოლების გაჩერებას კოპიტნარის აეროპორტში მათი თანამებრძოლი ვანო ნადირაძეც გამოეხმაურა უკრაინიდან.
მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში იმავე დანაყოფში არიან, სადაც თვითონ იბრძვის. „ამ ბიჭებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს, ათი დღით ჩამოვიდნენ საქართველოში, შვებულებაში არიან, რადგან დასვენება სჭირდებათ და შემდეგ უკან უნდა დაბრუნდნენ. აეროპორტში დაკითხვა მოუწყეს. დააფიქსირეს, რომ ჩვენ გიყურებთო. ვფიქრობ, ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე, რადგან შესაძლოა სხვა მებრძოლებსაც შეუქმნან პრობლემა“, – ამბობს ვანო ნადირაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უწყებას მებრძოლების განცხადებასთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია. „ჩვენ არავინ დაგვიკავებია. მიმართეთ შსს-ს“, – გვითხრეს სუსში.
შს სამინისტროს განმარტებას მებრძოლის განცხადებაზე, მიღებისთანავე აქვე გამოვაქვეყნებთ.
რუსული ხომალდები ჩინეთის კოსმოსურ სადგურ „ტიანგონში“ ვერ მოხვდებიან. ამის შესახებ სამშაბათს, 10 მაისს, ჩინეთის ტელევიზიის ეთერში ჩინეთის საჰაერო კოსმოსური სამეცნიერო და სამრეწველო კორპორაციის (CASIC) წარმომადგენელმა იანგ იუგუანმა განაცხადა.
„მომავალში შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნების ტერიტორიიდან პილოტირებული და სატვირთო კოსმოსური ხომალდების გაშვება [ტიანგონგში]. მაგრამ რუსეთის შემთხვევაში არის ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია. რუსეთი მდებარეობს ძალიან მაღალ განედზე, ხოლო ჩინურ კოსმოსურ სადგურზე დასამაგრებლად გვაქვს მარტივი მოთხოვნა: გრძედი, რომელზედაც მდებარეობს გამშვები მოედანი, არ უნდა იყოს 42 გრადუსზე მაღალი განედზე, ეს არის რუსეთთან დაკავშირებული სირთულე,“ – ციტირებს რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ იან იუგუანგს.
გასული წლის ივნისში როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა თქვა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსი კოსმონავტების ჩინურ ორბიტალურ სადგურზე გაგზავნის შესახებ.
CASIC-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპული, რომლებსაც აქვთ კოსმოსური პორტი საფრანგეთის გვიანაში, შეძლებენ კოსმოსური ხომალდის გაშვებას სადგურ „ტიანგონში“. იგივე ეხება იაპონიასა და აშშ-ს. მისივე თქმით, ჩინეთი განიხილავს ცხრა წინადადებას ჩვიდმეტი ქვეყნიდან ორბიტალურ სადგურზე ექსპერიმენტებისთვის, ამ ინიციატივებს მხარს უჭერს გაერო,“ – წერს „დოიჩე ველე“.
მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი ფინეთისა და შვედეთის მთავრობების გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ.
ფინური მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო სავარაუდოდ ხუთშაბათს, 12 მაისს განაცხადებს მისი პოზიციის შესახებ, შაბათს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი გააკეთებს განცხადებას ამ თემაზე. თუმცა ამ დროისთვის ფინეთის მთავრობის განცხადებები ცხადად მიანიშნებს, რომ ქვეყანა ნატოში გასაწევრიანებლად განაცხადს შეიტანს.
9 მაისს ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ტუტი ტუპურაინენმა კიდევ ერთხელ განაცხადა CNN-თან, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში დიდი ალბათობით მოსალოდნელია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია მეგობრობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამეზობლო, მაგრამ რუსეთმა დაიწყო ომი ევროპაში, შეიჭრა უკრაინაში. ახლა ადამიანები ახალ რეალობას ხედავენ და მოვიდა დრო, შევიდეთ ნატოში“ – უთხრა ტუპურაინენმა CNN-ს.
სავარაუდოდ კვირას, 15 მაისს, გახდება ცნობილი შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიციაც ნატოში გაწევრიანების შესახებ. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ თავის პოზიციას 15 მაისს დააფიქსირებს. მედიის ცნობით, შვედეთში ნატოში გაწევრიანების საკითხს უფრო სკეპტიკურად უდგებიან, ვიდრე ფინეთში.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ განაცხადეს.
რუსეთი ომის დაწყებამდე დასავლეთს სთხოვდა, რომ ნატო აღარ უნდა გაფართოებულიყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ჟურნალ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საბრძოლო მიზნების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, მანამ პარტნიორი ქვეყნები შეპირებულ მძიმე შეიარაღებას დროულად აწვდიან, უკრაინას შეუძლია რუსული ძალების ქვეყნის ტერიტორიიდან გაძევებაზე კონცენტრირდეს.
როგორც გამოცემა წერს, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში მოსკოვის შეკავების შემდეგ, კიევის თავდაჯერებულობის ზრდის ნიშნად კულებამ აღნიშნა, რომ „გამარჯვების სურათი განვითარებადი კონცეპტია“.
„ომის პირველ თვეს ჩვენთვის გამარჯვება გამოიყურებოდა, როგორც რუსული ძალების 24 თებერვლამდე ოკუპირებულ პოზიციებზე დაბრუნება და გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ახლა, თუ საკმარისად ძლიერები ვიქნებით სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასში, რაც გადამწყვეტი იქნება ომის შემდგომი დინამიკისთვის, რა თქმა უნდა, ამ ომში ჩვენი გამარჯვება დანარჩენი ტერიტორიების გათავისუფლება იქნება“, – აღნიშნა კულებამ ინტერვიუში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის პორტის [სევასტოპოლის] გათავისუფლების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ თუ კიევი „მიიღებს კიდევ უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას, ჩვენ შევძლებთ უკან დავახევინოთ (რუსულ ძალებს) ხერსონის რეგიონიდან (სამხრეთ უკრაინა), დავამარცხოთ შავი ზღვის ფლოტი და გავხსნათ გასასვლელი“.
მან ასევე დასძინა, რომ მასშტაბურმა სისხლისღვრამ და კრიტიკულმა გარემოებამ შესაძლოა ქვეყანა აიძულოს მოლაპარაკების გზით გარკვეულ შეთანხმებაზე წავიდეს, რა შემთხვევაშიც უკრაინას სურს „ყველაზე ძლიერი კარტი ეჭიროს ხელში“.
Financial Times-ის ინფორმაციით, ინტერვიუ მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული აღლუმიდან რამდენიმე საათის შემდეგ შედგა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის მიერ საყოველთაო მობილიზაციის გამოუცხადებლობაზეც გააკეთა კომენტარი.
დმიტრო კულებას თქმით, ის, რომ არ მოხდა მდგომარეობის ვერბალური ესკალაცია, არ ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე, სადაც „ყველაზე უარესი უკვე მოხდა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმისა და უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების დროულად, სტაბილურად მიწოდების აუცილებლობას, როგორც რუსეთის დამარცხების წინაპირობას.
„თუ ბრძოლა დღეს მძვინვარებს, ჰაუბიცები და თვითმფრინავები კი ხვალ ჩამოდიან, ეს ის არაა, როგორც უნდა მუშაობდე,“ – თქვა კულებამ, რომელმაც მანამდე, თანაგუნდელების მსგავსად, არაერთხელ გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები უკრაინისთის მძიმე იარაღის მიწოდების პროცესის გაწელვის გამო. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ ომის პირველ ეტაპზე, როდესაც კიევის დაცვა წარმატებით მოახერხა და იმ ფაქტმა, რომ უკრაინელებმა დასავლური საბრძოლო იარაღის გამოყენების შესაძლებლობებში „სანდოობა“ დაამტკიცეს, გადამწყვეტი როლი ითამაშა პარტნიორების მიდგომების შეცვლაში.
დმიტრო კულებამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინას სურდა მუდმივი „მექანიზმი“ დასავლელ პარტნიორებს შორის იარაღის დაპირებებისა და შესრულების პროცესის კოორდინაციისთვის. ეს იქნებოდა დაშენება „ახალ დინამიკაზე“, რომელიც აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის მიერ გასულ თვეში ნატოს წევრი ქვეყნების იარაღის მარაგების, კალიბრისა და დიაპაზონის გაზრდის მიზნით შეკრებით მიიღწა.
კულებამ თქვა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში მთავარი აქცენტი იყო არტილერიის, მათ შორის, ჰაუბიცების საჭიროება, რომელსაც ქვეყანა იღებდა, განსხვავებით მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა, რომლებიც ასევე საჭირო იყო.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კიევი მაისის ბოლოს მოსალოდნელი 33 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების პაკეტის კონგრესის მიერ დამტკიცებამდეც მიიღებს აშშ-ს წარმოების სისტემებს და არა საბჭოთა ეპოქის დროს დარეზერვებულ „გრადებს“. „დაპირება გაცემულია,“ – თქვა მან.
დმიტრო კულებამ ასევ გამოხატა რწმენა, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას მხარს დაუჭერენ რუსეთის დონბასიდან და ყირიმიდან გაძევებაშიც.
„ისინი უკვე გრძნობენ, რომ ჩვენი გამარჯვება მათი გამარჯვებაც იქნება და ამიტომ მჯერა, რომ გვერდში დაგვიდგებიან“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შეიძლება დასჭირდეს „რამდენიმე წელი, ჭეშმარიტად რამდენიმე წელი“. კულებამ საპასუხოდ თქვა: „სამი თვის წინ ამ ქვეყანას გაწევრიანების პერსპექტივაც კი არ ჰქონდა. ახლა კი განიხილავენ, ამას რამდენი დროს დასჭირდება“.
უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ივნისში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებაა, „შემდეგ კი დავსხდებით თქვენთან ერთად და გადავწყვეტთ ყველა დანარჩენ საკითხს – როგორ, როდის და ა.შ.“
როგორც Financial Times-ი წერს, დმიტრო კულება მაკრონისა და სხვა დასავლელი ლიდერების შეთავაზებებს ასოცირებული წევრობის ფორმებზე კიევისთვის მიუღებლად მიიჩნევს.
„თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ ევროპა ცდილობს გაგვაცუროს, ჩვენ კი არ ვაპირებთ ეს გადავყლაპოთ. ევროპაში უკრაინაა ის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანები კვდებიან იმ ღირებულებებისთვის, რასაც ევროკავშირი ეფუძნება. ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„კრემლი უკრაინელი ერის განადგურებას ცდილობს. ასეთი ქმედებები უნდა შეფასდეს გენოციდად, რუსეთი კი – სახელმწიფოდ, რომელიც არამხოლოდ მხარს უჭერს ტერორიზმს, არამედ თავადაც ახორციელებს მას“, – ასეთია ლიეტუვის სეიმის პოზიცია.
გამოცემა DELFI-ს ინფორმაციით, სეიმმა ერთხმად უყარა კენჭი შესაბამის რეზოლუციას – 128 ხმით. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედროებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, განსაკუთრებით ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და გოსტომელში. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიზანი უკრაინელი ერის, მისი სულის, ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებაა მკვლელობების, გატაცებების, წამების, გაუპატიურებისა და მოკლულთა ცხედრების შეურაცხყოფის გზით.
„ლიეტუვის სეიმი უკრაინელი ერის გენოციდად აფასებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ 24 თებერვალს დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალებიც გაცნობიერებულად და სისტემატურად ბომბავენ სამოქალაქო ობიექტებს, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და თავადაც ახორციელებს ტერორიზმს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, ამისთვის კი საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად და ამ აგრესიის შესაფასებლად. ლიეტუვის სეიმი მიუთითებს, რომ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გასცეს დაკავების საერთაშორისო ორდერები.
ბალტიისპირეთის კიდევ ერთი ქვეყნის, ლატვიის სეიმმა 21 აპრილს დაამტკიცა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ომის დანაშაულის მხარდაჭერისთვის პირს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთმევა.
რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახელება უკრაინის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ მოითხოვეს. 28 აპრილს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანის საკითხს.
აშშ-ს მიერ ქვეყნისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს. იმისთვის, რომ ქვეყანა ამ სიაში მოხვდეს, მისი მთავრობა „განმეორებითად უნდა უწყობდეს ხელს საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს“.
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი აქვს ოთხ ქვეყანას: კუბას, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და სირიას.
_____
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მუდმივად ვრცელდება ცნობები რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების, გაუპატიურებების, გატაცებისა და წამების შესახებ.
მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია კიევში. ვოლოდიმირ პეტროვი/Kyiv Post
გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, გერმანელებმა უკრაინის დასახმარებლად რეკორდული თანხა – 752 მლნ ევრო გაიღეს, რაც უფრო მეტია, ვიდრე გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს გაღებული შეწირულობა.
„შპიგელი“ წერს, რომ ეს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ისტორიაში გერმანელების მიერ გაღებული შეწირულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
752 მლნ ევრო უკრაინის დასახმარებლად შეგროვდა ომის დაწყებიდან აპრილის ბოლომდე, დახმარების შეგროვება კვლავ გრძელდება. შპიგელის ინფორმაციით, ეს მხოლოდ ფულადი შეწირულებაა, მასში არ შედის არც ნატურალური შეწირულება და არც მოხალისეობრივი შრომა.
მონაცემები ეფუძნება გერმანიის სოციალურ საკითხთა ცენტრალური ინსტიტუტის (DZI) გამოკითხვას.
აქამდე გერმანიაში შეწირულობის რეკორდი იყო 670 მილიონი ევრო, რომელიც გერმანელებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცუნამის მსხვერპლთა დასახმარებლად გაიღეს 2004 წელს, მეორე ადგილზე იყო შეწირულობა შარშან, გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად – 631 მილიონი ევრო.
_______________
ფოტოზე: ბერლინი, უკრაინის დროშის ფერებში განათებული ბრანდერბურგის კარიბჭე. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN
„აიღონ მაინც, წვიმას არ აკავებს და ქარს,“ – გვითხრეს ეკომიგრანტების დასახლებაში, სადაც ორი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე მოსაცდელი უკვე 5 თვეა დაზიანებულია.
„დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვიდგეს ეს მოსაცდელი, ძველი გადმოიტანეს ქალაქიდან, მერე დაზიანდა და არავინ გვაქცევს ყურადღებას,“ – აღნიშნეს ეკომიგრანტების დასახლებაში.
მოსაცდელი ეკომიგრანტების საცხოვრებელ კორპუსთან
იქვე ახლოს, დევნილების დასახლების მოპირდაპირე მხარეს, კიდევ ერთი დაზიანებული მოსაცდელი დაგვხვდა.
„სამი წლის წინ გაგვიკეთეს, მალევე, რამდენიმე თვეში დააზიანეს და მას მერე ასეა,“ – გვითხრეს აქ.
მოსაცდელი დევნილების დასახლებასთან
„რამდენიმე დღეში მოწესრიგდება,“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიის მუნიციპალური შპს-ს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრში. აქ განმარტეს, რომ სამუშაოები ვერ შესრულდა, რადგან ტენდერის დასრულებას ელოდნენ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულება „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ კომპანია შპს „ელიფსისთან“ უკვე გაფორმებულია. ამ სამუშაოებისთვის 33 250 ლარი დაიხარჯება.
9 მაისს ნიუ იორკში დაასახელეს პულიცერის პრემიის გამარჯვებულები.
პრემიის კონკურსის ჟიურიმ სპეციალური ჯილდო მიანიჭა უკრაინელ ჟურნალისტებს გამბედაობისა და გამძლეობისთვის მათ სამშობლოში მიმდინარე ომის გაშუქებისას.
„უკრაინელი ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ უკრაინაზე ვლადიმერ პუტინის დაუნდობელი თავდასხმისა და რუსეთში გამოცხადებული პროპაგანდისტული ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის, გამძლეობისა და სამართლიანი გაშუქებისადმი თავდადებისათვის.
მიუხედავად დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციისა და მათ შორის, არაერთი კოლეგის სიკვდილისა, უკრაინელი ჟურნალისტები შეუპოვარ ძალისხმევას სწევენ საშინელი რეალობის ზუსტი სურათის მოსაწოდებლად, რითაც ასახელებენ უკრაინასა და ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში,“ – ვკითხულობთ პულიცერის პრემიის ვებგვერდზე.
პულიცერის პრემია აშშ-ში 1917 წლიდან გაიცემა. ეს ყველაზე პრესტიჟული ამერიკული პრემიაა ჟურნალისტიკაში.
მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. უკრაინელი ჟურნალისტების მხარდასაჭერი კამპანიისმონაწილეა „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“. კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ფოტოზე: Associated Press-ის უკრაინელი ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მიუთითებს კვამლზე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 9 მარტი. AP Photo/Mstyslav Chernov
რუსეთის არმიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყირიმის მიმართულებით 400-500 ათასი ტონა მარცვლეული გაიტანა – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მარცვლეული ორგანიზებულად გააქვთ. ეს უდიდესი ბიზნესია, რომელსაც მაღალი რანგის ხალხი მართავს: აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სამხედროები და სხვადასხვა ტიპის აფერისტები, რომლებისთვისაც ასეთი ბიზნესი ცხოვრების წესია“, – განაცხადა უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა, ნიკოლაი სოლსკიმ.
მინისტრის თქმით, ოკუპირებულ ყირიმში ნამდვილად არის ხორბლის დეფიციტი, თუმცა რუს სამხედროებს მოპარული მარცვლეული იქიდანაც გააქვთ.
„ჩვენი აზრით, მარცვლეულით დატვირთულ ყველა გემს, რომელიც სევასტოპოლიდან გადის, მოპარული ტვირთი გადააქვს. სხვაგვარად, არანაირი ლოგისტიკური ახსნა არ აქვს იმას, რომ რუსეთის კონტინენტური ნაწილიდან გაიტანონ მარცვლეული სევასტოპოლის გავლით, როდესაც ამის გაკეთება უახლოესი რუსული პორტებიდან შეუძლიათ“, – აღნიშნავს სოლსკი.
მინისტრის განცხადებით, პროკურატურა ყველა მსგავს ფაქტს აღრიცხავს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მუშაობს, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორების დახმარებით, მოპარული მარცვლეული დააკავონ და კონფისკაცია მოახდინონ.
სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, რუს სამხედროებს უკრაინიდან არა მხოლოდ ხორბალი და სხვა მარცვლეული, არამედ სოფლის მეურნეობის ტექნიკაც გააქვთ.
უკრაინის პრემიერმა, გუშინ, ევროკომისიის პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველდღიურად 170 მილიონ დოლარს კარგავს საზღვაო პორტების ბლოკირების გამო. მისი თქმით, ამჟამად, უკრაინის საზღვაო პორტებში, რუს სამხედროებს გაჩერებული ჰყავთ დაახლოებით 70 ხომალდი, მათგან 10 – ოდესის პორტში.
„ბლოკირებულია 90 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელსაც უკრაინა აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში გზავნიდა. ნაწილის გატანა მოვახერხეთ ავტოტრანსპორტითა და რკინიგზით, დანარჩენი კი რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
დენის შმიგალის თქმით, პორტების ბლოკირებამ და მარაგების განადგურებამ შესაძლოა მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.
„ტყეში უნდა წახვიდე საგანგებოდ და მოძებნო შემაღლებული ადგილი, შესაძლოა, იარო ბევრი და მაინც ვერ დაიჭირო ან დაიწყო ლაპარაკი და შუა გზაში შეწყდეს, სახლიდან ვერ დარეკავ ვერსად, გამორიცხულია,“ – ამბობს იური თავდგირიძე, რომელიც შუახევში, სოფელ ნაღვარევში ცხოვრობს.
ნაღვარევში გვითხრეს, რომ ტელეფონით დაკავშირება იდეალური არც წინა თვეებში იყო, მაგრამ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ სახლიდან ტელეფონზე დარეკვა შეუძლებელი გახდა. ორი კვირის წინ კი, სოფელში გაიგეს, რომ მეზობელ სოფელ ინწკირვეთში სატელეკომუნიკაციო ანძა დაზიანდა და თითქოს უკვე შეაკეთეს.
„ერთი თვე ტყეშიც არ იჭერდა, ახლა, ბოლო ორი კვირა ტყეში იჭერს და ესაა… ვერავინ გვეუბნება, თუ ანძა აღდგა, პრობლემა რაშია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იური თავდგირიძემ.
„ინტერნეტზე აღარაა ლაპარაკი, არც კი ვოცნებობთ,“ – დასძინა იური თავდგირიძემ.
იმას, რაც ნაღვარევში გვითხრეს, დაადასტურეს შუახევის მერიაშიც. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ანძა დაზიანებულია და მის შეკეთებას უახლოეს დღეებში დაიწყებს კომპანია „ჯეოსელი“.
თუმცა კომპანია „სილქნეტში“, რომელიც „ჯეოსელის“ წილებს ფლობს, ირწმუნებიან, რომ პრობლემა ნაღვარევში უკვე მოგვარებულია.
„შემოწმდა ტექნიკური ანძა, სიგნალი, ხარვეზი არ აქვს, აპრილში რამდენიმე დღე დენი არ მიეწოდებოდა ანძას, აღადგინეს, სამუშაოები აწარმოეს, დაამატეს სიგნალის გასაძლიერებელი ანტენა,“ – მოგვწერეს კომპანია „სილქნეტის“ პრესცენტრიდან.
შუახევის მერიის ინფორმაციით, სოფელ ნაღვარევში ზამთრობით 35 ოჯახი ცხოვრობს, ხოლო ზაფხულობით – 55 ოჯახი.
10 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაიღუპა 226 და დაიჭრა 416 ბავშვი – ინფორმაციას ტელეგრამარხზე უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
გენპროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვები საბოლოო არაა, რადგან სამართალდამცველები ჯერ კიდევ აზუსტებენ მონაცემებს დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებული რეგიონებიდან, ასევე, იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ყველაზე მეტი არასრულწლოვანი დაიღუპა და დაშავდა დონეცკის (139), კიევის (116), ხარკოვის (99), ჩერნიგოვის (68), ხერსონის (46), ნიკოლაევის (44), ლუგანსკის (44), ზაპოროჟიეს (28), სუმის (17), ჟიტომირის (16) ოლქებში და ქალაქ კიევში (16).
„იმ ბავშვების 93%-ს, ვინც დახმარებისთვის ექიმებს მიმართა, ცეცხლსასროლი იარაღით ან ნაღმის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობები აქვთ. 12 ბავშვს დასჭირდა ქვედა ან ზედა კიდურების ამპუტაცია. ომი ყოველდღიურად ასახიჩრებს ჩვენს შვილებს“, – განაცხადა უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენმა, დარია გერასიმჩუკმა, რომელმაც დაჭრილი და დაშავებული ბავშვების მდგომარეობაზე ისაუბრა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყოველდღიური დაბომბვებითა და საარტილერიო თავდასხმებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 1657 სასწავლო დაწესებულებაზე, მათგან 132 სრულიად განადგურებულია.
მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქგვერდიდან
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 8-13 გრადუსი სითბო
უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს თქმით, დღეს ეგრეთ წოდებულ „ნაცრისფერ ზონაში“ დაიღუპა მულტიმილიონერი დავით ჟვანია.
ჟვანია უკრაინის რადას ექსდეპუტატი იყო და რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ „ყოფილი სახალხო დეპუტატი დღეს საარტილერიო სროლის შედეგად დაიღუპა ოკუპანტების საგუშაგოსთან, ზაპოროჟიის რაიონის სოფელ ნოვოპოკროვკასთან“.
დავით ჟვანიას დაღუპვის შესახებ ანტონ გერაშჩენკომ საკუთარი ტელეგრამის არხზე დაწერა.
არც გერაშჩენკოს უთქვამს და არც სხვა წყაროებით არ ვრცელდება ინფორმაცია, რას აკეთებდა ჟვანია „ნაცრისფერ ზონაში“.
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 000 ადამიანი
ტანკი – 1 170 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 808 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 519 ერთეული
MLRS – 185 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული
თვითმფრინავი – 199 ერთეული
ვერტმფრენი – 158 ერთეული
გემი/ნავი – 12 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 380
მანქანები და საწვავის ავზები – 1 980
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94
სპეცტექნიკა – 41
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
163 თვითმფრინავი
124 ვერტმფრენი
793 უპილოტო საფრენი აპარატი
300 საზენიტო სარაკეტო სისტემა
2 979 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
351 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 440 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 789 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
10 მაისის განახლებაში დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს მოკლე ანალიზს, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთის არმიამ უკრაინაში სერიოზულ წარმატებას.
„რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობა, განაგრძობდა თავისი „საუკეთესო სცენარის“ დაგეგმვას, რამაც მას თვალსაჩინო შეცდომები დააშვებინა და არ მისცა პუტინს შესაძლებლობა 9 მაისს, გამარჯვების აღლუმზე, უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების შესახებ გამოეცხადებინა“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე.
უწყების აზრით, უკრაინაში შეჭრის გეგმა, დიდი ალბათობით, ეფუძნებოდა მცდარ ვარაუდს, რომ რუსეთის არმიას სუსტი წინააღმდეგობა დახვდებოდა და სწრაფად შეძლებდა ალყაში მოექცია ან გვერდი აევლო დასახლებული პუნქტებისთვის.
„სწორედ ამ ვარაუდმა განაპირობა ის, რომ რუსეთის ძალებმა შეტევის პირველი ფაზა დაიწყეს შედარებით მსუბუქი, მაგრამ ზუსტი მიდგომით, რომელიც ითვალისწინებდა სწრაფ გამარჯვებას, მინიმალური დანაკარგებით“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს. გუშინდელ, 9 მაისის პოსტში, დაზვერვა წერდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ცხადი გახადა რუსული შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო სტრატეგიის სისუსტეები.
„რუსეთს არ შესწევს ძალა განახორციელოს მსხვილმასშტაბიანი და ზუსტი დარტყმები. ის ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ინტენსიურად და უმისამართოდ, ისე, რომ სრულებით არ აწუხებს სამოქალაქო მსხვერპლი“.
მთავარი ფოტო: უკრაინის საომარი მოქმედებების რუკა 9 მაისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლის მცველები 2 თვეზე მეტია მტრის ალყაში იმყოფებიან, მაინც აგრძელებენ რუსი ოკუპანტების მოგერიებას. ისინი ამას საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებენ.
ამის შესახებ უკრაინულ „24-ე არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა მარიუპოლის მცველმა, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელსაც იცნობენ მეტსახელით – „კალინა“.
„ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები ჩვენს სიცოცხლეზე უპირატესია. რატომღაც ასე მოხდა. დაჭრილების, ჩვენი დაღუპული ძმების სიცოცხლეზე მეტად არ ვაფასებთ საკუთარ სიცოცხლეს. ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა „კალინამ“.
სვიატოსლავ პალამარმა ასევე შეაფასა საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურის, ვლადიმერ ბარანიუკის გადაწყვეტილება, რომელსაც უკრაინაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
საქმე იმაშია, რომ უკრაინელი საზღვაო ძალების 36-ე ბრიგადის მეთაური, ვლადიმირ ბარანიუკი და შტაბის უფროსი, დიმიტრი კორმიანკოვი აპრილის თვეში, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დატოვებისას ტყვედ ჩავარდნენ. წინასწარი მონაცემებით, ბარანიუკმა გადაწყვიტა მიმალულიყო ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან, თან წაიყვანა ჯარისკაცები, ტანკები და საბრძოლო მასალა. სწორედ მაშინ ძალიან ბევრი ან ტყვედ ჩავარდა ან დახოცეს.
„კალინამ“ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ეს საკითხი მაინც ისტორიის შესაფასებელია, თუმცა თავად ბარანიუკს მოღალატედ მიიჩნევს.
„ამაზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო? საკუთარი დაჭრილების, საკუთარი ჯარისკაცების ნაწილის მიტოვება და სადღაც წასვლა – არის ცინიზმის მწვერვალი. არასწორია დაღუპული ძმების ცხედრების მიტოვება. ასევე არასწორია სხვების ბედის ანაბარად მიტოვება. ასე ვიტყოდი: მარიუპოლის დაცვა ბევრად ძლიერი იქნებოდა, ჩვენ ახლა გვექნებოდა სხვა საზღვრები, ზოგიერთებს რომ არ გადაეწყვიტათ ისე მოქცევა, როგორც მოიქცნენ“, – განაცხადა მებრძოლმა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში საზღვაო ქვეითების კიდევ ერთი ჯგუფი სერგეი ვოლინის მეთაურობით, „აზოვსტალის“ მცველებს შეუერთდა.
„რუსული რაკეტებით ოდესის დაბომბვა ხდება თითქმის ყოველდღე, ისევე როგორც დღეს – შარლ მიშელის ჩვენთან ვიზიტის დროს,“ – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტის დროს, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც შმიგალი წერს, შარლ მიშელთან ერთად მოინახულა დაბომბვისას განადგურებული სახლი, სადაც სამი თვის გოგონა, დედა და ბებია დაიღუპნენ.
„საშინელი მწუხარება მოხდა ამ და ათასობით სხვა უკრაინულ ოჯახში. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და წარვადგინოთ იგი მართლმსაჯულების წინაშე. ევროკავშირი ჩვენთანაა ამ ბრძოლაში,“ – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
შეხვედრამდე მიშელმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღის აღსანიშნავად ჩავიდა.
„მე მოვედი, რათა აღვნიშნო ევროპის დღე ოდესაში, ქალაქში, სადაც როგორც პუშკინმა თქვა – „შეგიძლია იგრძნო ევროპა“. სადაც დღეს უკრაინელი ხალხი თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან, თავიანთ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან იცავს.
არ ხართ მარტო. ევროკავშირი თქვენთანაა,“ – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
I came to celebrate #EuropeDay in #Odesa, the city where Pushkin said that “you can feel Europe.”
And where today the Ukrainian people shield their monuments from bullets and rockets and their freedom from Russian aggression.
როგორც უკრაინული მედია „ხრომადსკე“ „სამხერთის“ ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით წერს, 9 მაისს, დილით, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ბასტიონის სარაკეტო სისტემიდან ოდესის რეგიონში ონიქსის ტიპის 4 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
____
მთავარი ფოტო: შარლ მიშელი და დენის შმიგალი ოდესაში; ფოტო დენის შმიგალის ტელგერამ არხიდან
აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, თუმცა ყველაზე ხშირად [95%] ის მოზარდებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული.
აკნე ვლინდება სხვადასხვა სახის გამონაყრის სახით: შავი წერტილები, თეთრი წერტილები, მუწუკები ან ცისტები. დერმატოლოგ მანანა ამაღლობლის განმარტებით, მოზარდობის პერიოდში აკნეს მიზეზი ძირითადად ჰორმონალური ცვლილებებია და როგორც წესი, აკნე თითქმის მთლიანად ქრება მოზარდობის პერიოდის შემდეგ, თუმცა აკნეს მკურნალობა შესაძლებელია.
მუწუკები ჩვეულებრივ ჩნდება სახეზე, კისერზე, ზურგზე, მკერდსა და მხრებზე. აკნე ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მძიმე აკნემ შეიძლება დატოვოს მუდმივი ნაწიბურებიც.
ქალბატონო მანანა, რა არის აკნე?
აკნეს სხვადასხვა ფორმა არსებობს, არსებობს ჩვილ ბავშვთა აკნე, რომელიც თავისით გადადის და აბსოლუტურად ფიზიოლოგიურია, არის მოზრდილთა – პუბერტატული აკნე, რომელიც ძირითადად თავს იჩენს 12-13 წლის ასაკში და შეიძლება გაგრძელდეს 20, ზოგჯერ 24 წლამდე. პუბერტატულ ასაკში აკნეს მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია.
არსებობს გვიანი პერიოდის აკნე, რომელიც 30-35 წლის ასაკში ჩნდება. მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების ანთებაა. ამ დროს ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ცხიმის ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა.
პუბერტატულ ასაკში ჰორმონალური ცვლილებების ფონზე მწვავდება ანუ აქტიურდება ცხიმის სეკრეცია, ამის გამო უფრო ხშირად ვითარდება თმის ფოლიკულების ანთება. ბაქტერიათა თანხვედრის შედეგად ჩნდება პაპულო-პუსტულოზური ელემენტები. შემდეგ, ისეთი მავნე ჩვევების გამო, როგორიცაა ხელით შეხება, მოშორების მცდელობა, ბაქტერიული მიკროფლორაც თან ერთვის პროცესს და უკვე მიდის მეორადი ინფექცია, ჩირქოვანი გამონაყარი და ა.შ.
რამდენად საზიანოა თვითმკურნალობა?
მოზარდები ართულებენ საქმეს იმით, რომ არ იციან სწორად როგორ მოუარონ აკნეს, თუნდაც სახლში, თვითნებურად არასწორად შერჩეული კრემების გამოყენებით – ეს უფრო ახშობს ფორებს, იქ კი, ისედაც ჭარბი სეკრეცია ხდება, ამიტომ არასწორმა კრემმა შეიძლება უფრო „გადაგლისოს“ ფორები, ვეღარ მოხდეს იქ ჟანგბადის ცვლა და შესაბამისად დაგროვდეს მეტი ცხიმი.
შესაძლოა ამას დაერთოს ბაქტერიული მიკროფლორა და წავიდეს ანთებითი პროცესი.
აუცილებელია შეირჩეს საშუალებები აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის ექიმის დანიშნულებით.
რამდენად საზიანო შეიძლება იყოს აკნეს ხელით მოშორება?
ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სწორედ ამ გზით ხდება მიკროფლორის შეტანა კანზე, ეს კი ანთებითი პროცესის დაწყების პირდაპირი წინაპირობაა. ამიტომ არ შეიძლება თვითნებურად, ხელით მოხდეს ანთებითი პაპულების, პუსტულების ან თუნდაც კომედონის ამოღება.
აკნე პუბერტატულ პერიოდში ძალიან ვნებს მოზარდების თვითშეფასებას, ისინი ხშირად ცდილობენ გამონაყრის დაფარვას სხვადასხვა საშუალებით. რამდენად საზიანოა ტონალური კრემის გამოყენება ასეთ დროს?
ტონალურის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ასეთ დროს შესაძლოა ჩაანაცვლონ მსუბუქი ტონალობის შემცველი მზის დამცავი საცხით.
მკურნალობის როგორი პროცედურებ არსებობს შინ და სპეციალისტთან?
პირველ რიგში, ყველაზე სწორი და მართებული არის კლინიკაში დერმატოლოგის კონსულტაცია, რათა სწორად მოხდეს პაციენტის მართვა. უნდა შეფასდეს სწორად, რადგან აკნე არის სხვადასხვა ტიპის – მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის. ყველა პაციენტს სჭირდება მკურნალობის ინდივიდუალური სქემა.
ექიმი აფასებს, როგორი ტიპის აკნე აქვს პაციენტს და ნიშნავს შესაბამის მკურნალობას როგორც აბების სახით, ისე მოვლის გარეგნული საშუალებების შერჩევით (იქნება ეს დასაბანი გელი, ტონერი თუ სხვა, პაციენტის კანის ტიპის მიხედვით შერჩეული საშუალება) და კლინიკაში პროცედურების ჩატარებით.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანთებით ელემენტებზე, აკნეს გამწვავების პერიოდში, თუნდაც ჩირქოვანი გამონაყრისას ჩაიტარონ წმენდა როგორც ხელით – სახლში, ისე – კოსმეტოლოგთან.
ჯერ აუცილებლად ექიმმა უნდა უმკურნალოს ანთებით პროცესს, შემდგომ შესაძლებელია ჩატარდეს წმენდა და დაინიშნოს აკნეს საწინააღმდეგო პროცედურები, იქნება ეს მეზოთერაპია, პლაზმათერაპია, ლაზერული თერაპია, ქიმიური პილინგი თუ სხვა.
რა დრო სჭირდება მკურნალობას?
2-3 თვე სჭირდება ინტენსიურ მკურნალობას, რომ მივიღოთ გამოჯანმრთელების პერიოდი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მოხდება რეციდივი, ანუ გამწვავება/გამეორება. რადგან ჰორმონალური ცვლილებების გარდა ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი აქვს აკნეს, თუნდაც სტრესი.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ვიდეო-კონფერენციისას უთხრა, რომ ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა უკრაინის კონფლიქტი „უმართავ სიტუაციაში“ არ გადაიზარდოს. ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინურ სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა თავიდან იქნას არიდებული უკრაინის კონფლიქტის გამწვავება და გაფართოება, რამაც შესაძლოა უმართავ სიტუაციამდე მიგვიყვანოს,“ – უთხრა სი ძინპინმა შოლცს ვიდეოზარის დროს, 9 მაისს.
ჩინეთის პრეზიდენტმა გერმანია მიიწვია კონფერენციაში – „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ მონაწილეობის მისაღებად. სი ძინპინმა მსგავსი ფორმატის შექმნის ინიციატივით გასულ თვეს გამოვიდა. „გლობალური უსაფროების ინიციატივა“, როგორც „როიტერსი“ წერს, ფართო და ბუნდოვანი ჩარჩოა, რომელიც წინა პლანზე წევს „განუყოფელი უსაფრთხოების“ პრინციპს. ეს სწორედ ის კონცეფციაა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად წამოაყენა.
ჩინური ინგლისურენოვანი გამოცემა, ხაზს უსვამს სი ძინპინის მიმართვას შოლცისადმი, გერმანიამ, როგორც ჩინეთის პარტნიორმა ქვეყანამ, თავისი როლი ითამაშოს ჩინეთ-ევროპის ურთიერთობებში, რომელშიც „მესამე მხარე არ უნდა ჩაერიოს“.
„ჩინეთ-ევროპის ურთიერთობა არ უნდა იყოს მიზანში ამოღებული, არ უნდა ემორჩილებოდეს ან კონტროლდებოდეს რომელიმე მესამე მხარის მიერ“, – თქვა სი ძინპინმა და აღნიშნა, რომ ეს არის სტრატეგიული კონსენსუსი, რომელსაც ორივე მხარემ უნდა დაიცვას გრძელვადიან პერსპექტივაში.
კიდევ ერთი გზავნილი ჩინეთის პრეზიდენტისგან ევროპისადმი იყო, რომ ევროპამ უნდა მოახერხოს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება: „ევროპის უსაფრთხოება თავად ევროპელების ხელში უნდა დარჩეს“, – თქვა მან.
„ტომატი არ გაძვირებულა, მგონი, მარტო და შაქარი გაიაფდა კიდევ 30 თეთრით,“ – პაუზის შემდეგ გვიპასუხა ასმათ შაშიკაძემ დღეს, 9 მაისს, ბათუმის აგრარულ ბაზარში კითხვაზე: რა არ გაძვირდა?
აგრარული ბაზარში ნებისმიერი დახლიდან ჩანს, საკვები პროდუქტების გაძვირების ტენდენცია რომ ისევ გრძელდება.
„ყველაფერი რომ ძვირდება, ჩვენი მოწეული მოსავალი არ უნდა გაძვირდეს? ჩვენ რით ვიყიდოთ გაძვირებული პური და ზეთი?“ – ეს აგრარულ ბაზარში მოხუცმა ქალმა გვითხრა, რომელიც მწვანე ტყემალს ჰყიდდა კილოგრამს 5 ლარად. მისივე თქმით, გასული წლის მაისში იგივე მწვანე ტყემლის ფასი 2 ლარი იყო.
ასმათ შაშიკაძეს კი, ბათუმის აგრარულ ბაზარში მარკეტი აქვს. იგი ამბობს, რომ ყველაზე საგრძნობლად ბოლო ორ თვეში მზესუმზირას ზეთი გაძვირდა.
„5 ლარი რომ ღირდა ლიტრი ზეთი იანვარში, ახლა რვა-ნახევარი ღირს… ხუთლიტრიანების ფასი 50 ლარაზე ავიდა თითქმის, როცა მაქსიმუმ 30 ლარი ღირდა. კარაქის და სპრედის ფასიც 100 პროცენტით გაძვირდა: 7-ლარნახევარი რომ ღირდა კარაქი, ახლა 15 ლარი ღირს… არც მიკვირს, რომ ხალხი უკვე თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად“ , – გვითხრა ასმათ შაშიკაძემ.
„ბათუმელებს“ თურქეთის ქალაქ ჩაილერიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულად მზესუმზირას ზეთის ფასებთან დაკავშირებით. საშუალოდ, თუკი ბათუმში 5 ლიტრი ზეთისთვის 50 ლარი დაგჭირდებათ, თურქეთში 5 ლიტრი ზეთის შეძენა 35 ლარად შეძლებთ.
ასმათ შაშიკაძე
ასმათ შაშიკაძე დახლს უახლოვდება და სათითაოდ გვითვლის რა გაძვირდა და რამდენით.
„შაქარს ახლა 2. 60 ლარად ვყიდი, ბრინჯი 3 ლარია, თუმცა არის ინდური, ხარისხიანი ბრინჯიც. ეტყობა, რესტორნებში ხარისხიანი ბრინჯის მოხმარება გაიზარდა და მაგის ფასი გაორმაგდა – კილოგრამი ადრე 5 ლარი ღირდა, ახლა 10 ლარი ღირს.
მაკარონიც გაძვირდა ბოლო ორ თვეში: ორ-ნახევარში იყიდება ახლა ის მაკარონი, ახალ წლამდე ლარ-ნახევარი რომ ღირდა.
შოკოლადიც ფასებმაც კატასტროფულად მოიმატა. „პეჩენიაც“ კი, 4 ლარი ღირდა და უკვე 8 ლარი ღირს,“ – აღნიშნა ასმათ შაშიკაძემ „ბათუმელებთან“.
რამდენით გაძვირდა პროდუქტები ბათუმის აგრარულ ბაზარში? რა გაძვირდა ყველაზე მეტად? – მოვაჭრეებს და მყიდველებსაც, პირველ რიგში, კომბოსტო ახსენდებათ, რომელიც კიდევ უფრო გაძვირდა და 3.5 ლარიც გახდა. წელს, თებერვლის დასაწყისში „ბათუმელებს“ იგივე აგრარულ ბაზარში უთხრეს, რომ კომბოსტო 2 ლარამდე გაძვირდა.
ბათუმის აგრარული ბაზარი
პომიდვრის ფასი აგრარულ ბაზარში 8 ლარია, კიტრი – 5 ლარი, კომბოსტო კი, უკვე 3.5 ლარი ღირს
გაძვირდა კარტოფილიც – დაახლოებით ლარ-ნახევარი, ორ ლარამდე დაგჭირდა კარგი კარტოფილის შესაძენად. კარტოფილით მოვაჭრეების თქმით, კარტოფილის ფასი ბოლო 2 – 3 თვეში დაახლოებით 20 – 30 თეთრით გაძვირდა.
პომიდორი საშუალოდ 8 ლარი ღირს, კიტრი – 5 ლარი, თუმცა მოვაჭრეები მთხოვენ, არ დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნა, პომიდორი უფრო ძვირი – 10 ლარიც რომ ღირდა და „ორი – სამი დღის წინ გაიაფდა“.
„არ ვიცით, რის გამო, შაბათ-კვირაა, თუ 9 მაისი, მაგრამ პომიდორს 10 ლარში ვყიდდით,“ – გვითხრეს პომიდვრით მოვაჭრეებმა.
„ლობიო მაჭახელა – ნაღდი“, – ასეთი მინიტრაფარეტით იქცევს ყურადღებას მერი დუმბაძე. ის ლობიოთი და ჩურჩხელებით ვაჭრობს. მერი ამბობს, რომ ლობიო ახალი წლის დღეებში გაძვირდა და მერე ფასი აღარ შეცვლილა.
„ნაღდი მაჭახელა 10 ლარი ღირს, დაბალძირა მაჭახელა – 5 ლარი, ქოთნის ლობიოც 10 ლარი ღირს… ჩურჩხელის მაქსიმალური ფასი კი, ორლარ-ნახევარია.
მყიდველი აღარ არის საერთოდ და როგორ გავაძვირო? თორემ არაფერი მრჩება,“ – დასძინა მერი დუმბაძემ.
მერი დუმბაძე
100 პროცენტით გაძვირებულა სუნელები. მაგალითად, ნინო მაკარაძე გვიყვება, რომ ზოგიერთი სუნელზე ფასი 100-ზე მეტი პროცენტითაც კი მოიმატა.
„ეს ხარჩოს სუნელია, კილო 10 ლარი ღირს უკვე, როცა 3 ლარი ღირდა, უცხო სუნელიც 10 ლარია, წიწაკა დაფქული კილოგრამი 15 ლარია, დარიჩინი – 70 ლარი, წითელი ზაფრანიც გაძვირდა და კილოგრამი 70 ლარი ღირს,“ – გვითხრა ნინო მაკარაძემ.
ბათუმის აგრარულ ბაზარში კილო მწვანილის ფასი 6 ლარია.
„ისპანახი და წითელი ფხალი 3 ლარი ღირს, სალათის ფურცლები – 5 ლარი, ბაზარს რას გაიგებს, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ უფრო მატებისკენაა, ცხოვრება გაძვირდა და გართულდა, ფაქტია ხომ?“ – კითხულობს ჯემალ შავაძე.
ჯემალ შავაძეუკრაინის დროშა აგრარულ ბაზარში ჭაჭის სათავსოს თავზე შემოუდგამთ. ჭაჭით მოვაჭრე ამბობს, რომ ფასი არ შეცვლილა და 1 ლიტრი ჭაჭის ფასი ისევ 10 ლარია.
„დაახლოებით 2 ლარით გაძვირდა,“ – გვითხრეს საქონლის ხორცის განყოფილებაში. ე.წ. ფილა ხორცს აქ 20 ლარად ყიდიან, ძვლიანს და ნახევრად ძვლიანს კი, 15 – 18 ლარის ფარგლებში.
„თითო გოჭის ფასი 150 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის,“ – ეს გოჭების სექციაში გვითხრეს.
ქათმით მოვაჭრეების თქმით კი, ქათამი დაახლოებით 50 თეთრით გაიაფდა. კილოგრამი ქათმის ფასი ახლა 8 ლარია, სახლის ქათმის ფასი კი, 22 ლარიდან იწყება.
„ინდაურს საერთოდ აღარ ვიღებთ, ვინმე არ ყიდულობს და აღარ ღირდა,“ – გვითხრა ქათმის ხორცით მოვაჭრე ხიმშიაშვილმა.
„რამე თუ გაიაფდა ბაზარში, ყველი გაიაფდა,“ – გვიყვება ყველით მოვაჭრე, ნათელა ართმელაძე. მისი თქმით, ყველა წინა წლებშიც იაფდებოდა ამ პერიოდში.
„იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ძვირდება, თივა გაძვირდა, ტრანსპორტი გაძვირდა, ჩვენ მაინც ძველ ფასებში ვმუშაობთ… სულგუნს 20 ლარად ვყიდი, შებოლილი სულგუნი – 23 ლარი, იმერული ყველი 13 ლარი ღირს, აჭარულიც მასეა,“ – ამბობს ნათელა ართმელაძე.
ნათელა ართმელაძე
ყველით მოვაჭრეების თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველის ფასი, საშუალოდ, 2 ლარით არის მომატებული.