მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ უვითარდებათ მოზარდებს აკნე და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

09.05.2022 • 5997
რატომ უვითარდებათ მოზარდებს აკნე და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, თუმცა ყველაზე ხშირად [95%] ის მოზარდებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული.

აკნე ვლინდება სხვადასხვა სახის გამონაყრის სახით: შავი წერტილები, თეთრი წერტილები, მუწუკები ან ცისტები. დერმატოლოგ მანანა ამაღლობლის განმარტებით, მოზარდობის პერიოდში აკნეს მიზეზი ძირითადად ჰორმონალური ცვლილებებია და როგორც წესი, აკნე თითქმის მთლიანად ქრება მოზარდობის პერიოდის შემდეგ, თუმცა აკნეს მკურნალობა შესაძლებელია.

მუწუკები ჩვეულებრივ ჩნდება სახეზე, კისერზე, ზურგზე, მკერდსა და მხრებზე. აკნე ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მძიმე აკნემ შეიძლება დატოვოს მუდმივი ნაწიბურებიც. 

  • ქალბატონო მანანა, რა არის აკნე?

აკნეს სხვადასხვა ფორმა არსებობს, არსებობს ჩვილ ბავშვთა აკნე, რომელიც თავისით გადადის და აბსოლუტურად ფიზიოლოგიურია, არის მოზრდილთა – პუბერტატული აკნე, რომელიც ძირითადად თავს იჩენს 12-13 წლის ასაკში და შეიძლება გაგრძელდეს 20, ზოგჯერ 24 წლამდე. პუბერტატულ ასაკში აკნეს მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია.

არსებობს გვიანი პერიოდის აკნე, რომელიც 30-35 წლის ასაკში ჩნდება. მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების ანთებაა. ამ დროს ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ცხიმის ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა.

პუბერტატულ ასაკში ჰორმონალური ცვლილებების ფონზე მწვავდება ანუ აქტიურდება ცხიმის სეკრეცია, ამის გამო უფრო ხშირად ვითარდება თმის ფოლიკულების ანთება. ბაქტერიათა თანხვედრის შედეგად ჩნდება პაპულო-პუსტულოზური ელემენტები. შემდეგ, ისეთი მავნე ჩვევების გამო, როგორიცაა ხელით შეხება, მოშორების მცდელობა, ბაქტერიული მიკროფლორაც თან ერთვის პროცესს და უკვე მიდის მეორადი ინფექცია, ჩირქოვანი გამონაყარი და ა.შ.

  • რამდენად საზიანოა თვითმკურნალობა?

მოზარდები ართულებენ საქმეს იმით, რომ არ იციან სწორად როგორ მოუარონ აკნეს, თუნდაც სახლში, თვითნებურად არასწორად შერჩეული კრემების გამოყენებით – ეს უფრო ახშობს ფორებს, იქ კი, ისედაც ჭარბი სეკრეცია ხდება, ამიტომ არასწორმა კრემმა შეიძლება უფრო „გადაგლისოს“ ფორები, ვეღარ მოხდეს იქ ჟანგბადის ცვლა და შესაბამისად დაგროვდეს მეტი ცხიმი.

შესაძლოა ამას დაერთოს ბაქტერიული მიკროფლორა და წავიდეს ანთებითი პროცესი.

აუცილებელია შეირჩეს საშუალებები აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის ექიმის დანიშნულებით.

  • რამდენად საზიანო შეიძლება იყოს აკნეს ხელით მოშორება?

ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სწორედ ამ გზით ხდება მიკროფლორის შეტანა კანზე, ეს კი ანთებითი პროცესის დაწყების პირდაპირი წინაპირობაა. ამიტომ არ შეიძლება თვითნებურად, ხელით მოხდეს ანთებითი პაპულების, პუსტულების ან თუნდაც კომედონის ამოღება. 

  • აკნე პუბერტატულ პერიოდში ძალიან ვნებს მოზარდების თვითშეფასებას, ისინი ხშირად ცდილობენ გამონაყრის დაფარვას სხვადასხვა საშუალებით. რამდენად საზიანოა ტონალური კრემის გამოყენება ასეთ დროს?

ტონალურის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ასეთ დროს შესაძლოა ჩაანაცვლონ მსუბუქი ტონალობის შემცველი მზის დამცავი საცხით.

  • მკურნალობის  როგორი პროცედურებ არსებობს შინ და სპეციალისტთან?

პირველ რიგში, ყველაზე სწორი და მართებული არის კლინიკაში დერმატოლოგის კონსულტაცია, რათა სწორად მოხდეს პაციენტის მართვა. უნდა შეფასდეს სწორად, რადგან აკნე არის სხვადასხვა ტიპის – მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის. ყველა პაციენტს სჭირდება მკურნალობის ინდივიდუალური სქემა.

ექიმი აფასებს, როგორი ტიპის აკნე აქვს პაციენტს და ნიშნავს შესაბამის მკურნალობას როგორც აბების სახით, ისე მოვლის გარეგნული საშუალებების შერჩევით (იქნება ეს დასაბანი გელი, ტონერი თუ სხვა, პაციენტის კანის ტიპის მიხედვით შერჩეული საშუალება) და კლინიკაში პროცედურების ჩატარებით.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანთებით ელემენტებზე, აკნეს გამწვავების პერიოდში, თუნდაც ჩირქოვანი გამონაყრისას ჩაიტარონ წმენდა როგორც ხელით – სახლში, ისე – კოსმეტოლოგთან. 

ჯერ აუცილებლად ექიმმა უნდა უმკურნალოს ანთებით პროცესს, შემდგომ შესაძლებელია ჩატარდეს წმენდა და დაინიშნოს აკნეს საწინააღმდეგო პროცედურები, იქნება ეს მეზოთერაპია, პლაზმათერაპია, ლაზერული თერაპია, ქიმიური პილინგი თუ სხვა.

  • რა დრო სჭირდება მკურნალობას?

2-3 თვე სჭირდება ინტენსიურ მკურნალობას, რომ მივიღოთ გამოჯანმრთელების პერიოდი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მოხდება რეციდივი, ანუ გამწვავება/გამეორება. რადგან ჰორმონალური ცვლილებების გარდა ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი აქვს აკნეს, თუნდაც სტრესი.

_________________________

რეკომენდაციები MayoClinic-სგან:

  • გამოიყენეთ აკნეს სამკურნალო ხაზის პროდუქტები და დაიბანეთ პრობლემური ადგილები ნაზი გამწმენდით დღეში ორჯერ.
  • მოერიდეთ სახის სკრაბებს და სახის გამწმენდ ნიღბებს. ამან შეიძლება გააღიზიანოს კანი და გააუარესოს აკნე.
  • არ შეეხოთ და არ დაიზიანოთ ხელით პრობლემური ადგილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს აკნე, გამოიწვიოს ინფექციები და ნაწიბურები.
  • ატარეთ სუფთა პირბადე.
  • მიიღეთ შხაპი იმ აქტივობების შემდეგ, რომლებიც იწვევენ ოფლის გამოყოფას და ზეთის გამომუშავებას.
  • უმკურნალეთ აკნეს დროულად. რამდენიმე გამონაყარის მკურნალობა უფრო ადვილია, ვიდრე აკნეს.
  • დაიცავით კანი მზისგან. მზის ზემოქმედებამ შეიძლება გააუარესოს აკნე. ასევე, ზოგიერთი მედიკამენტი კანს მზის სხივების მიმართ მგრძნობიარეს ხდის.
  • მოერიდეთ კოსმეტიკას. კოსმეტიკამ შეიძლება გამოიწვიოს ფორების ჩაკეტვა და აკნეს გაუარესება.
  • საჭიროა სტრესის მართვა და შემცირება. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს აკნეს გამწვავება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: