მთავარი,სიახლეები

კომბოსტოს 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა 2 ლარი ღირს – პროდუქტის ფასები დღეს

04.02.2022
კომბოსტოს 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა 2 ლარი ღირს – პროდუქტის ფასები დღეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრის თვეში ისევ გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, პური და პურპროდუქტები, ზეთი და ცხიმი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, თევზეული, რძე, ყველი და კვერცხი, ხორცი, ხორცპროდუქტები, ყავა, ჩაი და კაკაო.

დღეს, 4 თებერვალს, ბათუმის ბონის აგრარულ ბაზარში იგივე დაადასტურეს პროდუქტების გამყიდველებმა. მომატებული ფასები სხვადასხვა საკვებპროდუქტზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ასე გამოიყურება:

კარტოფილი – 1.50 ლარი

სტაფილო – 2.50 ლარი

ჭარხალი – 2.50 ლარი

პომიდორი – 4.00 ლარი

კიტრი – 5.00 ლარი

კომბოსტო – 2.50 ლარი

ხახვი – 1.00 ლარი

მწვანილი – 7.00 ლარი

საქონლის ძვლიანი ხორცი – 13.00 ლარი

საქონლის საშუალოდ ძვლიანი ხორცი – 15.00 ლარი

საქონლის უძვლო ხორცი – 18.00 ლარი

ღორის ხორცი – 16.00 ლარი

ქათმის ხორცი (თხილნარის ნედლი ქათამი) 750 ლარი

1 ლიტრი ზეთი – 5.30 ლარი

ნიგოზი – 15 ლარი

ნიგვზის მთელი ლებნები – 30 ლარი

იმერული ყველი – 13.00, 14.00 ლარი

სულგუნი – 19.00, 22.00 ლარი

შებოლილი სულგუნი 20.00, 22.00, 23.00 ლარი

ჩეჩილი ყველი – 14.00 ლარი

ბოსტნეულის გამყიდველები ამბობენ, რომ იანვრის თვეში დაახლოებით 1 ლარითაა მომატებული ბოსტნეულზე ფასები.

რა იწვევს ფასების ზრდას? გამყიდველები ამბობენ, რომ პროდუქტის გადაზიდვები გააძვირა ბენზინის ფასის ზრდამ. შესაბამისად, მომწოდებლებს პროდუქტი ძვირად მოაქვთ. ამას ემატება დახლის გადასახადის თანხა, რასაც გამყიდველები ყოველთვიურად უხდიან ბაზრის ადმინისტრაციას, მათ ამ გადასახადის ფასიც გაეზარდათ. გამყიდველების მოსაზრებით, პროდუქტებზე ფასები ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო გაძვირდა.

ბონის აგრარულ ბაზარში გამყიდველები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ყიდიან ერთ პროდუქტს, მაგრამ თავად უჭირთ სხვა პროდუქტის შეძენა გამომუშავებული თანხით.

ნიგვზის გამყიდველი, გურამ ნაკაიძე ამბობს, რომ მრავალსულიანი ოჯახი ჰყავს და პურის ყიდვას ვერ აუდის, ამიტომ გადაწყვიტა ფქვილი იყიდოს ყოველთვიურად, რაც მისთვის ასევე ძვირია.

„50 %-ით გაუარესდა ჩვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. ოჯახში ათნი ვართ. როგორ შეიძლება ამ პირობებში თავის გატანა არ ვიცი.

კომბოსტოს 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა 2 ლარი ღირს, წარმოგიდგენიათ კომბოსტოს ფასი 2 ლარი? სახლში მყავს დედა, მეუღლე, შვილები, რძლები და შვილიშვილები“, – ამბობს გურამ ნაკაიძე.

გურამ ნაკაიძე, ნიგვზის გამყიდველი ბონის აგრარული ბაზრიდან

ხორცის გამყიდველი შუშანა შარაშიძე კი გვეუბნება, რომ წამლები, რაც მას და მის ოჯახის წევრებს სჭირდებათ ყოველთვიურად 300 ლარამდე ღირს და ყიდვა უჭირს:

„ხორცს ვყიდი, მყიდველი აღარსადაა, სად აქვს ხალხს ხორცის ფული, ხანდახან თუ შემოვა ვინმე. წამლის ფასებს მაინც რომ გააიაფებდნენ დიდი შეღავათი იქნება ჩემთვის, 300 ლარი გვჭირდება ოჯახში წამლებისთვის ყოველთვიურად. ამ წამლების გარეშე ვერ ვარსებობ, სულ რომ უნდა ვსვა ისეთი წამლებია“.

შუშანა შარაშიძე, ხორცის გამყიდველი ბონის აგრარული ბაზრიდან

____________

ამავე თემაზე:

ბოსტნეული, ზეთი და ყველი ისევ გაძვირდა – ინფლაციის მაჩვენებლები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: