მთავარი,სიახლეები

აეროპორტში ჩვენი დაკითხვაზე გადაყვანა სცადეს – უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი

10.05.2022 • 11450
აეროპორტში ჩვენი დაკითხვაზე გადაყვანა სცადეს – უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი

ოთხი ქართველი მებრძოლი – გიორგი ფარცვანია, ზაზა ბარძიმიშვილი, გიორგი გელაშვილი და კიდევ ერთი მებრძოლი კოპიტნარის აეროპორტში გააჩერეს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მის თანამებრძოლებს  პასპორტები ჩამოართვეს და ორი საათის განმავლობაში არც ტერიტორიიდან გაუშვეს. „ბიჭები დაკითხვაზე გადაიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ფარცვანიამ.

მებრძოლის თქმით, აეროპორტიდან მას შემდეგ გამოუშვეს, როცა ადვოკატი და მედია ჩარია. ფარცვანია ირწმუნება, რომ ისინი სუსის გადაცმულმა თანამშრომლებმა შეაჩერეს.

„როცა შემოვედით პასპორტის საკონტროლო ზონაში, უკვე ჰქონდათ სია, წინასწარ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდით. რამდენიმე, ვინც არ იყო დაფიქსირებული, გაატარეს, მაგრამ ოთხი, მათ შორის მეც, გაგვაჩერეს.

გვითხრეს დაგველოდეთო, არც იმას გვეუბნებოდნენ, რატომ წაგვართვეს პასპორტები. გავიდა ორი საათი და შემდეგ სათითაოდ შეგვიყვანეს ბიჭები. მივხვდი, რაც ხდებოდა, დავურეკე ადვოკატს და ჟურნალისტებსაც. მერე ერთმანეთში დაიწყეს საუბარი ამან მგონი ჟურნალისტებს დაურეკა, ახლა რა ვქნათო.

ჩემი ჯერი როცა მოვიდა, დავალაპარაკე ჩემი ადვოკატი. მან უთხრა რა მიზეზით გააჩერეთ და რის საფუძველზე აპირებთ დაკითხვასო. ამის შემდეგ გამომიშვეს,“ – უთხრა გიორგი ფარცვანიამ „ბათუმელებს“.

მისი თქმით, დაახლოებით ათ დღეში ყველა მებრძოლი, ვინც დღეს ჩამოვიდა უკრაინიდან, უკან დაბრუნებას აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, სუსმა ხელი შეუშალოს უკრაინაში მათ დაბრუნებას.

„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ათ დღეში სცადონ რაიმე მიზეზით ჩვენი დაკავება ან პრობლემის შექმნა“, – ვარაუდობს გიორგი ფარცვანია.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები დღეს პოლონეთის რეისით ჩამოფრინდნენ. ქართველი მებრძოლების გაჩერებას კოპიტნარის აეროპორტში მათი თანამებრძოლი ვანო ნადირაძეც გამოეხმაურა უკრაინიდან.

მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში იმავე დანაყოფში არიან, სადაც თვითონ იბრძვის. „ამ ბიჭებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს, ათი დღით ჩამოვიდნენ საქართველოში, შვებულებაში არიან, რადგან დასვენება სჭირდებათ და შემდეგ უკან უნდა დაბრუნდნენ. აეროპორტში დაკითხვა მოუწყეს. დააფიქსირეს, რომ ჩვენ გიყურებთო. ვფიქრობ, ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე, რადგან შესაძლოა სხვა მებრძოლებსაც შეუქმნან პრობლემა“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უწყებას მებრძოლების განცხადებასთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია. „ჩვენ არავინ დაგვიკავებია. მიმართეთ შსს-ს“, – გვითხრეს სუსში.

შს სამინისტროს განმარტებას მებრძოლის განცხადებაზე, მიღებისთანავე აქვე გამოვაქვეყნებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: