მთავარი,სიახლეები

შარლ მიშელის ვიზიტის დროს ოდესა დაბომბეს – უკრაინა

09.05.2022
შარლ მიშელის ვიზიტის დროს ოდესა დაბომბეს – უკრაინა

„რუსული რაკეტებით ოდესის დაბომბვა ხდება თითქმის ყოველდღე, ისევე როგორც დღეს – შარლ მიშელის ჩვენთან ვიზიტის დროს,“ – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტის დროს, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც შმიგალი წერს, შარლ მიშელთან ერთად მოინახულა დაბომბვისას განადგურებული სახლი, სადაც სამი თვის გოგონა, დედა და ბებია დაიღუპნენ.

„საშინელი მწუხარება მოხდა ამ და ათასობით სხვა უკრაინულ ოჯახში. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და წარვადგინოთ იგი მართლმსაჯულების წინაშე. ევროკავშირი ჩვენთანაა ამ ბრძოლაში,“ – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

შეხვედრამდე მიშელმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღის აღსანიშნავად ჩავიდა.

„მე მოვედი, რათა აღვნიშნო ევროპის დღე ოდესაში, ქალაქში, სადაც როგორც პუშკინმა თქვა – „შეგიძლია იგრძნო ევროპა“. სადაც დღეს უკრაინელი ხალხი თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან, თავიანთ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან იცავს.

არ ხართ მარტო. ევროკავშირი თქვენთანაა,“ – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

როგორც უკრაინული მედია „ხრომადსკე“ „სამხერთის“ ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით წერს, 9 მაისს, დილით, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ბასტიონის სარაკეტო სისტემიდან ოდესის რეგიონში  ონიქსის ტიპის 4 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

____

მთავარი ფოტო: შარლ მიშელი და დენის შმიგალი ოდესაში; ფოტო დენის შმიგალის ტელგერამ არხიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: