Batumelebi | აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 25 სექტემბრიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იმუშავებს და კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი იქნება.

საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებით აჭარის ტერიტორიაზე აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, საბაგიროთი გადაადგილებაც.

„ხულოს მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა. მაგალითად, ვთქვათ, ტვირთი აქვს ადამიანს გადასატანი ან ავადაა“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორმა ემზარ აბულაძემ.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, მათ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევდათ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს.

2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან საბაგირო ამუშავდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც დირექტორი ამბობს, მხოლოდ 4 მგზავრი გადაჰყავდათ.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com