მთავარი,სიახლეები

ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

10.05.2022 • 1246
ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

„კრემლი უკრაინელი ერის განადგურებას ცდილობს. ასეთი ქმედებები უნდა შეფასდეს გენოციდად, რუსეთი კი – სახელმწიფოდ, რომელიც არამხოლოდ მხარს უჭერს ტერორიზმს, არამედ თავადაც ახორციელებს მას“, –  ასეთია ლიეტუვის სეიმის პოზიცია.

გამოცემა DELFI-ს ინფორმაციით, სეიმმა ერთხმად უყარა კენჭი შესაბამის რეზოლუციას – 128 ხმით. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედროებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, განსაკუთრებით ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და გოსტომელში. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიზანი უკრაინელი ერის, მისი სულის, ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებაა მკვლელობების, გატაცებების, წამების, გაუპატიურებისა და მოკლულთა ცხედრების შეურაცხყოფის გზით.

„ლიეტუვის სეიმი უკრაინელი ერის გენოციდად აფასებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ 24 თებერვალს დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალებიც გაცნობიერებულად და სისტემატურად ბომბავენ სამოქალაქო ობიექტებს, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და თავადაც ახორციელებს ტერორიზმს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, ამისთვის კი საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად და ამ აგრესიის შესაფასებლად. ლიეტუვის სეიმი მიუთითებს, რომ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გასცეს დაკავების საერთაშორისო ორდერები.

ბალტიისპირეთის კიდევ ერთი ქვეყნის, ლატვიის სეიმმა 21 აპრილს დაამტკიცა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ომის დანაშაულის მხარდაჭერისთვის პირს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახელება უკრაინის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ მოითხოვეს. 28 აპრილს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანის საკითხს.

აშშ-ს მიერ ქვეყნისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს. იმისთვის, რომ ქვეყანა ამ სიაში მოხვდეს, მისი მთავრობა „განმეორებითად უნდა უწყობდეს ხელს საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს“.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი აქვს ოთხ ქვეყანას: კუბას, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და სირიას.

_____

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე,  მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მუდმივად ვრცელდება ცნობები რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების, გაუპატიურებების, გატაცებისა და წამების შესახებ.

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია კიევში. ვოლოდიმირ პეტროვი/Kyiv Post

გადაბეჭდვის წესი


ასევე: