მთავარი,სიახლეები

„5 რომ ღირდა, გახდა 8.5 ლარი“ – რამდენით გაძვირდა ზეთი და სხვა პროდუქტები ბათუმში I ვიდეო

09.05.2022 • 2453
„5 რომ ღირდა, გახდა 8.5 ლარი“ – რამდენით გაძვირდა ზეთი და სხვა პროდუქტები ბათუმში I ვიდეო

„ტომატი არ გაძვირებულა, მგონი, მარტო და შაქარი გაიაფდა კიდევ 30 თეთრით,“ – პაუზის შემდეგ გვიპასუხა ასმათ შაშიკაძემ დღეს, 9 მაისს, ბათუმის აგრარულ ბაზარში კითხვაზე: რა არ გაძვირდა?

აგრარული ბაზარში ნებისმიერი დახლიდან ჩანს, საკვები პროდუქტების გაძვირების ტენდენცია რომ ისევ გრძელდება.

„ყველაფერი რომ ძვირდება, ჩვენი მოწეული მოსავალი არ უნდა გაძვირდეს? ჩვენ რით ვიყიდოთ გაძვირებული პური და ზეთი?“ – ეს აგრარულ ბაზარში მოხუცმა ქალმა გვითხრა, რომელიც მწვანე ტყემალს ჰყიდდა კილოგრამს 5 ლარად. მისივე თქმით, გასული წლის მაისში იგივე მწვანე ტყემლის ფასი 2 ლარი იყო.

ასმათ შაშიკაძეს კი, ბათუმის აგრარულ ბაზარში მარკეტი აქვს. იგი ამბობს, რომ ყველაზე საგრძნობლად ბოლო ორ თვეში მზესუმზირას ზეთი გაძვირდა.

„5 ლარი რომ ღირდა ლიტრი ზეთი იანვარში, ახლა რვა-ნახევარი ღირს… ხუთლიტრიანების ფასი 50 ლარაზე ავიდა თითქმის, როცა მაქსიმუმ 30 ლარი ღირდა. კარაქის და სპრედის ფასიც 100 პროცენტით გაძვირდა: 7-ლარნახევარი რომ ღირდა კარაქი, ახლა 15 ლარი ღირს… არც მიკვირს, რომ ხალხი უკვე თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად“ , – გვითხრა ასმათ შაშიკაძემ.

„ბათუმელებს“ თურქეთის ქალაქ ჩაილერიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულად მზესუმზირას ზეთის ფასებთან დაკავშირებით. საშუალოდ, თუკი ბათუმში 5 ლიტრი ზეთისთვის 50 ლარი დაგჭირდებათ, თურქეთში 5 ლიტრი ზეთის შეძენა 35 ლარად შეძლებთ.

ასმათ შაშიკაძე

ასმათ შაშიკაძე დახლს უახლოვდება და სათითაოდ გვითვლის რა გაძვირდა და რამდენით.

„შაქარს ახლა 2. 60 ლარად ვყიდი, ბრინჯი 3 ლარია, თუმცა არის ინდური, ხარისხიანი ბრინჯიც. ეტყობა, რესტორნებში ხარისხიანი ბრინჯის მოხმარება გაიზარდა და მაგის ფასი გაორმაგდა – კილოგრამი ადრე 5 ლარი ღირდა, ახლა 10 ლარი ღირს.

მაკარონიც გაძვირდა ბოლო ორ თვეში: ორ-ნახევარში იყიდება ახლა ის მაკარონი, ახალ წლამდე ლარ-ნახევარი რომ ღირდა.

შოკოლადიც ფასებმაც კატასტროფულად მოიმატა. „პეჩენიაც“ კი, 4 ლარი ღირდა და უკვე 8 ლარი ღირს,“ – აღნიშნა ასმათ შაშიკაძემ „ბათუმელებთან“.

რამდენით გაძვირდა პროდუქტები ბათუმის აგრარულ ბაზარში? რა გაძვირდა ყველაზე მეტად? – მოვაჭრეებს და მყიდველებსაც, პირველ რიგში, კომბოსტო ახსენდებათ, რომელიც კიდევ უფრო გაძვირდა და 3.5 ლარიც გახდა. წელს, თებერვლის დასაწყისში „ბათუმელებს“ იგივე აგრარულ ბაზარში უთხრეს, რომ კომბოსტო 2 ლარამდე გაძვირდა.

ბათუმის აგრარული ბაზარი

 

პომიდვრის ფასი აგრარულ ბაზარში 8 ლარია, კიტრი – 5 ლარი, კომბოსტო კი, უკვე 3.5 ლარი ღირს

გაძვირდა კარტოფილიც – დაახლოებით ლარ-ნახევარი, ორ ლარამდე დაგჭირდა კარგი კარტოფილის შესაძენად. კარტოფილით მოვაჭრეების თქმით, კარტოფილის ფასი ბოლო 2 – 3 თვეში დაახლოებით 20 – 30 თეთრით გაძვირდა.

პომიდორი საშუალოდ 8 ლარი ღირს, კიტრი – 5 ლარი, თუმცა მოვაჭრეები მთხოვენ, არ დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნა, პომიდორი უფრო ძვირი – 10 ლარიც რომ ღირდა და „ორი – სამი დღის წინ გაიაფდა“.

„არ ვიცით, რის გამო, შაბათ-კვირაა, თუ 9 მაისი, მაგრამ პომიდორს 10 ლარში ვყიდდით,“ – გვითხრეს პომიდვრით მოვაჭრეებმა.

„ლობიო მაჭახელა – ნაღდი“, – ასეთი მინიტრაფარეტით იქცევს ყურადღებას მერი დუმბაძე. ის ლობიოთი და ჩურჩხელებით ვაჭრობს. მერი ამბობს, რომ ლობიო ახალი წლის დღეებში გაძვირდა და მერე ფასი აღარ შეცვლილა.

„ნაღდი მაჭახელა 10 ლარი ღირს, დაბალძირა მაჭახელა – 5 ლარი, ქოთნის ლობიოც 10 ლარი ღირს…  ჩურჩხელის მაქსიმალური ფასი კი, ორლარ-ნახევარია.

მყიდველი აღარ არის საერთოდ და როგორ გავაძვირო? თორემ არაფერი მრჩება,“ – დასძინა მერი დუმბაძემ.

მერი დუმბაძე

100 პროცენტით გაძვირებულა სუნელები. მაგალითად, ნინო მაკარაძე გვიყვება, რომ ზოგიერთი სუნელზე ფასი 100-ზე მეტი პროცენტითაც კი მოიმატა.

„ეს ხარჩოს სუნელია, კილო 10 ლარი ღირს უკვე, როცა 3 ლარი ღირდა, უცხო სუნელიც 10 ლარია, წიწაკა დაფქული კილოგრამი 15 ლარია, დარიჩინი – 70 ლარი, წითელი ზაფრანიც გაძვირდა და კილოგრამი 70 ლარი ღირს,“ – გვითხრა ნინო მაკარაძემ.

ბათუმის აგრარულ ბაზარში კილო მწვანილის ფასი 6 ლარია.

„ისპანახი და წითელი ფხალი 3 ლარი ღირს, სალათის ფურცლები – 5 ლარი, ბაზარს რას გაიგებს, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ უფრო მატებისკენაა, ცხოვრება გაძვირდა და გართულდა, ფაქტია ხომ?“ – კითხულობს ჯემალ შავაძე.

ჯემალ შავაძე

უკრაინის დროშა აგრარულ ბაზარში ჭაჭის სათავსოს თავზე შემოუდგამთ. ჭაჭით მოვაჭრე ამბობს, რომ ფასი არ შეცვლილა და 1 ლიტრი ჭაჭის ფასი ისევ 10 ლარია.

„დაახლოებით 2 ლარით გაძვირდა,“ – გვითხრეს საქონლის ხორცის განყოფილებაში. ე.წ. ფილა ხორცს აქ 20 ლარად ყიდიან, ძვლიანს და ნახევრად ძვლიანს კი, 15 – 18 ლარის ფარგლებში.

„თითო გოჭის ფასი 150 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის,“ – ეს გოჭების სექციაში გვითხრეს.

ქათმით მოვაჭრეების თქმით კი, ქათამი დაახლოებით 50 თეთრით გაიაფდა. კილოგრამი ქათმის ფასი ახლა 8 ლარია, სახლის ქათმის ფასი კი, 22 ლარიდან იწყება.

„ინდაურს საერთოდ აღარ ვიღებთ, ვინმე არ ყიდულობს და აღარ ღირდა,“ – გვითხრა ქათმის ხორცით მოვაჭრე ხიმშიაშვილმა.

„რამე თუ გაიაფდა ბაზარში, ყველი გაიაფდა,“ – გვიყვება ყველით მოვაჭრე, ნათელა ართმელაძე. მისი თქმით, ყველა  წინა წლებშიც იაფდებოდა ამ პერიოდში.

„იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ძვირდება, თივა გაძვირდა, ტრანსპორტი გაძვირდა, ჩვენ მაინც ძველ ფასებში ვმუშაობთ… სულგუნს 20 ლარად ვყიდი, შებოლილი სულგუნი – 23 ლარი, იმერული ყველი 13 ლარი ღირს, აჭარულიც მასეა,“ – ამბობს ნათელა ართმელაძე.

ნათელა ართმელაძე

ყველით მოვაჭრეების თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველის ფასი, საშუალოდ, 2 ლარით არის მომატებული.

 

ბათუმის აგრარული ბაზარი, 9 მაისი

___

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: