მთავარი,სიახლეები

„რუსკი კარაბლ“ – ფრაზის ავტორი: რუსებს რომ სცოდნოდათ ეს მე ვთქვი, სახლში ვერ დავბრუნდებოდი

03.05.2022 • 41667
„რუსკი კარაბლ“ – ფრაზის ავტორი: რუსებს რომ სცოდნოდათ ეს მე ვთქვი, სახლში ვერ დავბრუნდებოდი

რუსებმა, რომლებმაც რომან გრიბოვი და მისი თანამებრძოლები დაატყვევეს, არ იცოდნენ, რომ რომანი იყო ფრაზის ავტორი – „რუსკი კარაბლ, იდი…!“.

ამის შესახებ ფრაზის ავტორმა, რომან გრიბოვმა, უკრაინულ გამოცემა lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინელი მესაზღვრე დაჯილდოებულია მედლით – „ჩერკასისადმი გაწეული სამსახურისთვის“.

„ეს ვინ თქვა, მათ არ იცოდნენ. ეს კარგი იყო, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სახლში ვერ დავბრუნდებოდი“, – განაცხადა საზღვაო ქვეითმა.

მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოხდა 24 თებერვალს კუნძულ ზმეინზე და ასევე ტყვეობაში ყოფნის შესახებ.

„ჩვენ იქ ბევრნი ვიყავით (კუნძულზე – ​​რედ). დეტალურად ვერ გეტყვით, ზუსტად როდის ითქვა ეს ფრაზა, როგორ მოხდა. პანიკური მოძრაობა იყო, ამიტომ რა მომენტში მოხდა ეს, არც კი შემიძლია ვთქვა. მოვიდა საზღვაო დესანტი, ჩართო თავისი ცნობილი ჩანაწერი, რომ ჩვენ უნდა დავნებებოდით, თუ არადა, დაგვბომბავდნენ. და ბრძანების შესაბამისად ჩვენ დავნებდით“, – თქვა რომან გრიბოვმა.

საზღვაო ქვეითის თქმით, ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს „ძაღლებზე უარესად“ ექცეოდნენ.

„გვეცვა зэк-ს [1920-1950 წლებში საბჭოთა ბანაკებში ტყვეების სამოსი] ფორმა, ზემოქმედებდნენ მორალურად. ყველას ერთნაირად გვექცეოდნენ, მათთვის სულ ერთი იყო, ვინ იდგა მათ წინაშე – სამხედრო, ქალი, მღვდელი… ჩვენ არ ვიცოდით, რა მდგომარეობა იყო უკრაინაში. რუსები გვეუბნებოდნენ, რომ კიევი და სხვა ქალაქები უკვე დაიპყრეს, რომ აზრი არ ჰქონდა დაბრუნებას და თუ მაინც დავბრუნდებოდით, ძალიან ცუდად მიგვიღებენ“, – აღნიშნა გრიბოვმა.

ქვეითის თქმით, ოკუპანტები უკრაინელებს არ ეუბნებოდნენ, რომ ისინი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. „ამბობდნენ, რომ ეხმარებიან მოძმე ხალხს „ნაციონალისტური“ დაჯგუფებებისგან ქვეყნის გაწმენდაში – როგორც ამას თავად უწოდებდნენ. „სპეცოპერაცია“, რომელიც საკუთარი თავისთვის მოიგონეს. ჩვენ რასაც ვსაუბრობდით, მათ არც კი ესმოდათ. ისინი ზომბირებულები არიან“, – აღნიშნა გრიბოვმა.

ამბობს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამება ახლობლებზე ფიქრითა და ლოცვით გადაიტანა.

„გონებით მუდმივად მათთან ერთად ვიყავი. თითქოს მათი მესმოდა კიდეც. არ ვმალავ – ყოველდღე ვლოცულობდი. ზოგადად, ყველას მტკიცედ და ღირსეულად ეჭირა თავი. გვეშინოდა, რომ ტყვეობას თავს ვერ დავაღწევდით. ბევრ რამეზე ვფიქრობდით, მაგრამ იმედიც გვქონდა“, – ამბობს საზღვაო ქვეითი.

რომან გრიბოვის თქმით, არავინ ელოდა, რომ შესაძლებელი იყო ტყვეების გაცვლა: „… ვფიქრობდით დახვრეტაზეც… ხელები შეგვიკრეს, კისერზე ჩამოგვაცვეს ყულფები, რის გამოც გზაში ბევრი გაიგუდა. შეგვყარეს მანქანებში როგორც ხორცი, ნივთები ზემოდან დაგვაყარეს. ბოლო ეტაპზე გავიგეთ, რომ ეს იყო გაცვლა“.

___

მთავარი ფოტო: რომან გრიბოვი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: