დღეს, 10 მაისს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროდ დარჩნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქამდე ქირით ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბათუმში ბინის ქირის გაძვირების შემდეგ, მათ გადახდა ვეღარ შეძლეს და ნაქირავები ბინებიდან გამოსახლდნენ.
აქციის მონაწილეები თავშესაფარს ითხოვენ და ამბობენ, რომ ბოლო ორი თვეა წერილობით მიმართავენ აჭარის მთავრობას და ქალაქ ბათუმის მერიას, მაგრამ პასუხს ვერ იღებენ.
ისინი თანახმა არიან შეღავათიანი საცხოვრებლის შეთავაზებაზე, თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, რისთვისაც ეტაპობრივად გადაიხდიან თანხას იმ ოდენობით, რასაც ორი თვის წინ ქირაში იხდიდნენ, უარეს შემთხვევაში კი, ხელისუფლებისგან ითხოვენ დროებით თავშესაფარს ან შეღავათიან ფასად ბინების პოვნას დასაქირავებლად.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ბინის ქირასაც აქამდე სოციალური დახმარებით იხდიდნენ.
ოთხი შვილის მამა, ამირან მიქელაძეც აქციის მონაწილეა. იგი აქამდე 300 ლარს იხდიდა ბინის ქირაში, თუმცა ბინის მეპატრონემ ქირა 500 ლარამდე გაუძვირა.
„გაძვირდა ბინის ქირა და ვერ გადავიხადეთ, ამიტომ დავცალეთ და გამოვედით ქუჩაში. ჩემს დიასახლისს ჯერ არავინ მიუღია, მაგრამ სახლების მეპატრონეები ამბობენ, გაორმაგებულ ფასს იხდიან ბინაში რუსებიო და ხალხს ბინებს აცლევინებენ, ვინც აქამდე ჰყავდათ.
ქუჩაში ვართ დარჩენილები და აჭარის ხელისუფლებას ვთხოვთ მოგვაქციონ ყურადღება, ხალხის დროებითი თავშესაფარი უზრუნველყონ, შეისწავლონ ჩვენი ოჯახების მდგომარეობა დაგვეხმარონ, რაიმე შევისყიდოთ ან სოციალურ სახლებში შეგვასახლონ.
არ გვინდა ჩუქება, გადავიხდით ნელ-ნელა ფულს, როგორც სხვები იხდიან, ან მოგვიძებნონ შეღავათიანი ქირა.
პირველი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ვარ, მეუღლე ავად მყავს, ორი აბიტურიენტი და ორიც მცირეწლოვანი შვილი მყავს. ვმუშაობდი მშენებლობაზე, რომელიც შეჩერდა და დავრჩი უხელფასოდ. 19 ოჯახია ჩემს დღეში – გაძვირებული ქირიდან გამოძევებული, ვინც აქციებზე ჩვენ გვიერთდება და განცხადებების წერისას, ისე კი, ასეთი ხალხის რაოდენობა გაცილებით მეტია,“ – ამბობს ამირან მიქელაძე.
თეონა გვიანიძე მარტოხელა დედაა ხუთი შვილით, მათ შორის, სამი მცირეწლოვანია. თუმცა თეონას მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს, რადგან შვილები მამის გვარზე არიან და ვერც მარტოხელა დედის დახმარებას იღებს.
თეონა გვიყვება, რომ ქირაში 300 ლარს იხდიდა, რამდენიმე დღის წინ კი ბინის მფლობელმა 800 ლარი მოსთხოვა და იძულებული გახდა ახლობელს შეჰფარებოდა შვილებთან ერთად, რამდენიმე დღით. იგი ამბობს, რომ მის ბინაში მეპატრონემ რუსეთის მოქალაქეები შეასახლა.
„არანაირი დრო არ მომცა დიასახლისმა, სხვა ბინა მომეძებნა. ქირას სოციალური დახმარების ფულით ვიხდიდი. სოციალური დახმარება 400 ლარია, ბინის ქირას, 300 ლარს, ამ თანხით ვიხდიდი, მრჩებოდა საარსებოდ 100 ლარი, ეს კომუნალურებსაც არ ჰყოფნიდა და ვალად დამრჩა იმ ბინაში თვეობით გადაუხდელი კომუნალურის ფული.
არავისთან მაქვს მისასვლელი, შეფარება რომ ვთხოვო ჩემს შვილებთან ერთად. რამდენიმე დღით ვთხოვე ერთ ახლობელს მივეღე შვილებით, მაგრამ რამდენიმე დღეში აქედანაც უნდა წავიდეთ,“ – ამბობს აქციის მონაწილე.
პენსიონერმა მაგული ფუტკარაძემაც გვითხრა, რომ უსახლკაროდ დარჩა, რადგან მასაც გაუძვირეს ბინის ქირა და ვეღარ გადაიხადა. მისი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, ბინის ქირას აქამდე ამით იხდიდა. ქირის გაძვირების შემდეგ რამდენიმე დღით შეეკედლა ნათესავს 40 კვადრატულ მეტრ ბინაში.
„ახლა ჭერს, თავშესაფარს, ვითხოვ ხელისუფლებისგან. მყავს 28 წლის ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილი, რომელიც მუდმივად საჭიროებს მეურვეს. მისი მკურნალობა საქართველოში ბევრ თანხათანაა დაკავშირებული და ვერ ვშველი. ნათესავს ვარ შეფარებული მასთან ერთად. რამდენ ხანს დამიტოვებს ეს ადამიანი თავისთან, პატარა ბინაში?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.
მადლენა გოგიტიძეც აქციის მონაწილეა, ახლა ისიც თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ომის ვეტერან მის მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს ომის შემდეგ და შრომისუუნაროა. ვერ მუშაობს ვერც თავად მადლენა, რადგან მცირეწლოვან შვილს მუდმივად დედის მეთვალყურეობა სჭირდება:
„ჩემს შვილს დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რა სჭირს. თამაშისას ითიშება და გონებას კარგავს. რამდენჯერაც მივიყვანე ბაღში, აღმზრდელები მირეკავენ: გაითიშა თქვენი შვილი და წაიყვანეთო. ამიტომ ბაღში ვერ მიმყავს. ვერ ვმკურნალობ, მაქსიმუმი, რაც მისთვის შემიძლია გავაკეთო როგორც დედამ, ისაა, რომ მის გვერდით ვიყო, როცა გაითიშება, რამე რომ არ დაუზიანდეს, ამიტომ ვერ ვმუშაობ. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გავაკეთებდი რამეს.
სხვების მსგავსად მეც სოციალური დახმარების თანხით ვიხდიდი ქირაში 300 ლარს, მაგრამ ასეთი ბინები უკვე 400 და 500 დოლარი გახდა. ახლობლის მარშუტკაში ვათევ ღამეს ქმართან და შვილთან ერთად, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ როდემდე ვიყოთ ასე?“ – ამბობს მადლენა.
„ბათუმელები“ აღნიშნულ თემაზე კომენტარის მიღებას აჭარის მთავრობის პრესსამსახურში შეეცადა. აჭარის მთავრობის პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში