მთავარი,სიახლეები

სად გადავყაროთ ნაგავი ხულოში? – „არ ვითხოვთ ძვირადღირებულ ნაგვის ურნებს“

10.05.2022 • 1503
სად გადავყაროთ ნაგავი ხულოში? –  „არ ვითხოვთ ძვირადღირებულ ნაგვის ურნებს“

ხულოში მოსახლეობა ნაგვის ურნების სიმცირეზე საუბრობს. მუნიციპალიტეტში არ არის ნაგვის ურნების საკმარისი რაოდენობა და არსებული ურნების დაცლაც ხშირად დროულად არ ხდება.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ რიყეთიდან, მაია კოჩალიძე ამბობს, რომ რიყეთში დაახლოებით 7-8 ნაგვის ურნაა და ყველა მათგანი სოფლის ცენტრალურ გზაზეა. მისი თქმით, არ ხდება ნაგვის ურნების დროული დაცლა, ამასთან, ნაგვის ურნები არ დგას სოფლის ყველა უბანში, რაც მოსახლეობას აფერხებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოათავსონ ნაგვის ურნებში.

მაია კოჩალიძე

„რამდენიმე დღის წინ ნაგვის ურნები სავსე იყო ნაგვით. ფოტოები გადავიღე და შესაბამის სამსახურებს გავუგზავნე. მითხრეს, რომ მეორე დღესვე დაცლიდნენ ურნებს. 2 დღეში ამოვიდნენ.

ხშირია შემთხვევა, როცა ნაგავი სოფლიდან დროულად არ გააქვთ. ნაგვის ურნის მიმდებარე ტერიტორიები ბინძურდება, იფანტება ნარჩენები. მოსახლეობა სოფლის სხვადასხვა წერტილიდან ამიტომაც აღარ ეზიდება ნარჩენებს ურნებში მოსათავსებლად. საბოლოოდ, ნარჩენები მდინარეებსა და ტყეში იყრება“, – ამბობს მაია.

მაია გვეუბნება, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესად ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი – სოფლებში ნაგვის ურნები და მანქანების დამატებაა საჭირო ნაგვის დროულად გასატანად.

„სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, ისევ გადაივსება ნაგვის ურნები. ისეთივე მდგომარეობა გვექნება, როგორიც ახლა ცენტრალურ გზებზე გვაქვს. ცენტრალური გზებიდანაა ნაგვის გატანა პრობლემა და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება სოფლის შიდა გზებზე.

ყველა უბანში რომ იყოს ნაგვის ურნები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ნამდვილად აქვთ სოფლის მკვიდრების იმის შეგნება, რომ ნაგავი ურნაში მოათავსონ და არა თვითნებურად, ბუნებაში შექმნილ ნაგავსაყრელებზე“, – ამბობს მაია.

სოფელი რიყეთი

მაია გვეუბნება, რომ სოფლებიდან ნაგვის გატანას გზების გაუმართაობაც აფერხებს.

„კურორტ გოდერძისკენ მიმავალ გზაზე მიწა საგრძნობლადაა ეროზირებული. ერთხელ, როცა ნაგვის წასაღებად სოფლის ცენტრში იყო ამოსული მანქანა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ სთხოვა, რომ ნაგვის ურნა მის სახლთანაც გაეცარიელებინათ, მაგრამ, ფაქტობრივად, ვერ შეძლო მანქანამ იქ მისვლა და დარჩა რამდენიმე ნაგვის ურნა სავსე“ – ამბობს მაია.

მაიას სახლიდან ყველაზე ახლოს ნაგვის ურნა ფეხით 20-25 წუთის სავალ გზაზეა.

როგორც ის ამბობს, მის უბანში დაახლოებით 30 კომლი ცხოვრობს, მათგან მუდმივად – 15.

„არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგალითად, დიდ რიყეთში. იქ ცენტრალური გზიდან უფრო შორს ცხოვრობენ ოჯახები, ვიდრე მე. შესაბამისად, ნაგვის ურნებიც ორმაგად მოშორებითაა მათგან“, – ამბობს მაია.

იგი გვიყვება, რომ მაქსიმალურად ცდილობს ნარჩენების დახარისხებას და რისი გადამუშავებაც შესაძლებელია სახლის პირობებში, ამუშავებს.

„ნაგვის დახარისხებამდე რომ მივიდეთ, ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მგონია, რომ ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამისგან, რომ ცალ-ცალკე ურნები განვათავსოთ სოფლებში, მინის, ქაღალდის და ა.შ.“, – ამბობს მაია.

როგორც მაიასგან ვიგებთ, რიყეთში ახლახან შეცვალეს ნაგვის ურნების ნაწილი, რომელთაც მოქნილი თავსახური აქვთ და მოსახლეობას თავსახურის ბოლომდე მოხდის გარეშეც შეუძლია მცირე ნარჩენების მოთავსება ურნებში.

სოფელი რიყეთი. ახალი ნაგვის ურნები.

მაია ამბობს, რომ რიყეთში თვითნებურად მოწყობილი 2-3 ნაგავსაყრელია. ამბობს, რომ ხშირად ასუფთავებს სოფელს ნარჩენებისგან საკუთარი ძალებით და მისი დაუსრულებელი პროტესტი ამ თემაზე ხანდახან მოსახლეობის უკმაყოფილებასაც იწვევს.

მაია ძმასთან ერთად განსაკუთრებით ცდილობს სოფელში ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დაცვას, სადაც ხანდახან ტომრებით ტოვებენ ნაგავს – „თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებს რომ ვუყურებ, ჩემს საცხოვრებელთან ახლოს, მდინარესთან რა მდგომარეობაა, ყოველ ჯერზე სული მეხუთება“.

ნუგზარ გორგილაძე ეკომიგრანტია სოფელ ჭერიდან. ის წინა მოწვევის ხულოს საკრებულოს წევრი იყო, ახლა სხალთის ცენტრში ცხოვრობს და ამბობს, რომ მის სოფელში ნაგვის ერთი-ორი ურნა დგას, თუმცა ნაგვის ურნები არ არის ახლოს უბნებთან, სადაც ოჯახები ცხოვრობენ.

„პირველი პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში ურნებს არ აქვს სახურავი და ჩაყრილი ნაგავი ძაღლებს ამოაქვთ, ნარჩენები გზებზეა მიმოფანტული.

ოჯახები, რომლებთანაც ახლოსაა განთავსებული ნაგვის ურნები, შეწუხებულები არიან, ძალიან სპეციფიკური სუნია მიმდებარე ტერიტორიაზე. მითუმეტეს ახლა, უკვე დათბა და მძაფრი სუნია.

ნაგვის ურნებს არ აცარიელებენ დროულად. საერთოდ არ ითვალისწინებენ, რომ ნაგავი მაშინ უნდა გაიტანონ, როცა ურნები გაივსება.

სოფლებიდან „მარშუტკებით“ სხლათაში ჩამოაქვთ ნარჩენები და ამატებენ ისედაც სავსე ურნებს.

ხშირად ვრეკავთ შესაბამის სამსახურებში, რომ გაიტანონ ნარჩენები. ხანდახან მეორე დღესვე მიაქვთ, არის შემთხვევები, ერთი კვირის შუალედში მოდიან“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.

ნუგზარ გორგილაძე

მისი თქმით, ხულოს სოფლებში თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელების შესახებ ყველამ იცის და ეს საკითხი საზოგადო პრობლემადაა ქცეული ხულოს მოსახლეობისთვის. აღნიშნავს, რომ ასეთი ნაგავსაყრელები იყო სოფელ ჭერშიც, სადაც ცხოვრობდა.

ნუგზარ გორგილაძე სოფელ ყინჩაურის შესახებ გვიამბობს. მისი თქმით, ნაგვის ურნა სოფლის მისასვლელში დგას მხოლოდ და მოსახლეობა იძულებულია ნაგავი ხელით ჩამოიტანოს 1-2 კილომეტრ მანძილზე, რაც ძალიან მოუხერხებელია, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ნარჩენებს სახლებთან ახლოს, მდინარეებში ყრიან.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ნაგვის ურნების მოსახლეობისთვის არახელსაყრელ ტერიტორიებზე განთავსება და მათი ნაკლებობაა.

„ჩვენ არ ვითხოვთ ძვირადღირებულ ნაგვის ურნებს. ჩვენ გვინდა უბრალო ნაგვის ურნა, რომელსაც თავსახური ექნება.

ნაგვის ურნები კვირაში ერთხელ მაინც უნდა გასუფთავდეს, რადგან ძალიან სწრაფად ივსება.

მე ახლა სხალთის ცენტრში ვცხოვრობ და აქ თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები არ არის. ადრე იყო, სანამ ნაგვის ურნებს დადგამდნენ. როცა ურნები დადგეს, მოსახლეობამ თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები დავასუფთავეთ. გამოცდილება გვაქვს, რომ შესაბამისი რესურსის ქონა ხელს უშლის თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყართა რიცხვის ზრდას“, – ამბობს ნუგზარ გორგილაძე.

მისი თმით, შესაბამის სამსახურებს არ გაუჭირდებათ განსაზღვრონ, სად და რა რაოდენობის ნაგვის ურნის დამატებაა საჭირო ხულოს სოფლებში.

ნაგვის ურნები სხალთაში

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ზაზა აბულაძეს ესაუბრა ამ თემაზე, თუ რა გეგმა აქვთ მერიაში პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორც ზაზა აბულაძემ გვითხრა, გასულ წელს ნაგვის 200 ურნა შეიძინეს და დაამატეს სოფლებში.

„2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ ნაგავმზიდი ავტომობილიც, რომლის მოწოდების ვადა განსაზღვრულია აგვისტოს ბოლომდე. შესაძლოა იქამდეც მოგვაწოდონ. 

ამ წლის დასაწყისში ბიუჯეტში არ გაგვითვალისწინებია ნაგვის ურნების დამატება, თუმცა ეტაპობრივად აუცილებლად დავამატებთ, გვექნება ბიუჯეტში ცვლილება და გავითვალისწინებთ. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ 2023-2028 წლის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმაზე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ნაგვის ურნების დამატება”, – ამბობს ზაზა აბულაძე.

ზაზა აბულაძის თქმით, ხულოში არის ისეთი სოფლებიც, სადაც საერთოდ არ არის ნაგვის ურნები. მაგალითად: მანიაკეთი, დიდი რიყეთი, ნამონასტრევი, გელავრა, პანტნარი და ა.შ. ხულოში 83 სოფლიდან ნაგვის ურნები დაახლოებით 77 სოფელშია განთავსებული.

ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა აქვს, რომელიც მუნიციპალიტეტს ჩეხეთის „კარიტასმა“ გადასცა. ზაზა აბულაძე ამბობს, რომ სოფლებიდან ნარჩენების გამოსატანად 2 დიდ, მაღალი გამავლობის მანქანასაც იყენებენ.

„დასამალი რა არის, გვიჭირს ნარჩენების გამოტანა სოფლებიდან. ერთი მანქანა გვყავს ახლა მხოლოდ. ბათუმიდან ამოდის მანქანები ნაგვის გამოსატანად. ზამთარში გზების პრობლემაა, უჭირს ნაგავმზიდებს სოფლებში მისვლა, ამიტომ ხშირად ვერ გამოგვაქვს სოფლებიდან ნაგავი.

ტენდერით გვაქვს შესყიდული ნარჩენების გატანის მომსახურება და ამას ბათუმის სანდასუფთავება აწარმოებს. ბათუმიდან კვირაში 2-3-ჯერ ამოდის მანქანები. ზაფხულში 4-ჯერაც უწევს. ბეშუმში ადის, იქიდან ჩამოივლის და გზად შემხვედრ სოფლებიდანაც გამოაქვს ნაგავი“, – ამბობს ზაზა აბულაძე.

მისი თქმით, სოფლებიდან ნაგავი ურნების შევსების შესაბამისად გამოაქვთ, ინფორმაციას ნაგვის ურნების შევსებაზე კი მათ მერის წარმომადგენლები და სპეციალისტები აწვდიან. ხშირად თავად სოფლის მოსახლეობაც რეკავს მერიაში ურნების გასუფთავების მოთხოვნით.

ზაზა აბულაძემ გვითხრა, რომ თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები წლების განმავლობაში იყო სოფლებში და ახლაც ვხვდებით. იხსენებს, რომ რამდენიმე არალეგალური ნაგავსაყრელი დახურეს – „კურორტ ბეშუმიდან 150 ტონა ნარჩენი გავიტანეთ არალეგალური ნაგავსაყრელიდან, ასევე ტაბახმელაში, დიდაჭარასა და დიოკნისში.

ძალიან ბევრი ასეთი ნაგავსაყრელია, მაგრამ ვერ ვახერხებთ ყველას გავწვდეთ და მათ დახურვაზე ვიმუშაოთ, რადგან საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

ბოლო პერიოდში იკლო თვითნებურად შექმნილმა ნაგავსაყრელებმა. იქ, სადაც ნაგვის ურნებია, ეს პრობლემა აღარ დგას“, – ამბობს ზაზა აბულაძე.

რაც შეეხება ნარჩენების სეპარირებას, ამასთან დაკავშირებით ზაზა აბულაძემ გვითხრა, რომ ამაზე მაშინ დაიწყებენ მუშაობას, როცა უკვე ნარჩენების 100% შეგროვება და გამოტანა იქნება შესაძლებელი სოფლებიდან. ამ ეტაპზე ხულოში მხოლოდ სამედიცინო ნარჩენები გროვდება ცალკე.

______________

მთავარ ფოტოზე: თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი სოფელ რიყეთში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: