მთავარი,სიახლეები

„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

10.05.2022 • 3841
„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ.

„ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებაში და საბოლოოდ გააფორმოს ავტორიტარიზმი ჩვენს ქვეყანაში,“ – ასე აფასებს  GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი მარი კაპანაძე ბოლო დროს ქვეყანაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, დააკავონ საპროტესტო აქციების მონაწილეები, ყველაფრის მიუხედავად.

  • რას ითხოვდნენ აქციის მონაწილეები 6 მაისს, აჭარაში „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლის თავზე

საპროტესტო აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით იმართებოდა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები, იმავე ადგილას, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 თვის განმავლობაში იყო „თავისუფლების კვარტალი“ მოწყობილი.

  • რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

  • რა ხდებოდა 6 მაისის ღამეს აჭარის მთავრობის სახლის წინ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე, გაშლილ კარვებში მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდნენ. დაახლოებით ღამის 12 საათზე აქციის მონაწილეებთან მივიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, მოსთხოვეს კარვების დაშლა და მისი ევროპის მოედანზე გადატანა. აქციის მონაწილეთა კანონიერ კითხვებს, თუ რატომ უნდა დაეშალათ კარვები, საბოლოოდ 24 პირის დაკავება მოჰყვა. მათ შორის დააკავეს აქციის ორგანიზატორები.

მარი კაპანაძე, GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ დაკავების კადრებიდან, რომელიც მრავლად გავრცელდა ინტერნეტში, ჩანს, რომ პოლიცია მიდრეკილია მაქსიმალურად შეზღუდოს ისეთი შეკრებები, სადაც ისმის ხელისუფლებისთვის არასასურველი პოზიციები.

„[პოლიცია] მუდმივად იყენებს გადამეტებულ, არაპროპორციულ ძალას შეკრების მონაწილეების მისამართით. პოლიცია ბოროტად იყენებს იმ კანონმდებლობას, რაც გვაქვს, ვინაიდან ნებისმიერი ქმედება მათთვის შეურაცხყოფა და ხულიგნობაა. მაგალითად, ხულიგნობა და შეურაცხყოფაა, თუკი ადამიანი ხმამაღლა მოითხოვს მათგან განმარტებას, თუ რას აშავებს, ან გადაიღოს კადრები, ან დაელაპარაკოს პოლიციას. ნებისმიერი მოქმედება მათთვის არის საბაბი, დააკავონ ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტიტუციური და ცალსახად არღვევს მონაწილეთა შეკრების თავისუფლებას,“ – ამბობს მარი კაპანაძე.

მარი კაპანაძე, GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი

მისივე თქმით, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებზე ორი ძირითადი ტენდენცია იკვეთება: ერთი, არაპროპორციული ძალის გამოყენება და მეორე, დაკავება იმ დროს, როდესაც ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

„არ არსებობს კონკრეტული კანონიერი მოთხოვნები, რომლის დაუმორჩილებლობასაც შეიძლება შეედავო აქციის მონაწილეებს. ანუ უნდა გქონდეს კანონიერი საფუძველი, რომ დააკავო ადამიანი. როგორც წესი, პირიქით ხდება. ჯერ აკავებენ და მერე იგონებენ საფუძვლებს, რის გამო აკავებენ,“ – ამბობს მარი კაპანაძე.

რა ჩანს ვიდეოკადრებში

„ბათუმელებმა“ შეისწავლა ის ვიდეოკადრები, რომლებიც 6 მაისს დაკავებას ასახავს. ერთ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე დააკავეს კითხვის დასმისთვის. ერთ-ერთი მოქალაქე კი მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ტელეფონით იღებდა პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების დაკავებას. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, რეზო ხარაზი კი ამბობს, რომ ის პუტინის გინებისთვის დააკავეს.

როგორ დააკავეს გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. ის 6 მაისის ღამეს მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს.

6 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც აქციაზე ხალხი შეთხელდა და აქციის მონაწილეებმა კარვებში გადაინაცვლეს, პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოსთხოვა გონივრულ ვადაში გადაეტანათ კარვები ქუჩიდან ევროპის მოედანზე. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს ჰკითხა, რატომ უნდა აეღოთ კარვები. რამდენიმეწუთიანი შელაპარაკება გიორგი კირთაძის დაკავებით დასრულდა.  გიორგი კირთაძის დაკავების ამსახველ უწყვეტ ვიდეოში ჩანს, რომ ის სთხოვს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროს დავით მაღრაძეს განუმარტოს, რის საფუძველზე ითხოვს პოლიცია კარვების დაშლას.

საპატრულო პოლიციის უფროსსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:

დავით მაღრაძე: ბატონო გიორგი, განგიმარტეთ ყველაფერი. გონივრული დრო გეძლევათ, რომ მოხდეს ტერიტორიის გათავისუფლება. კიდე გეუბნებით, ათავისუფლებ თუ არა ტერიტორიას?

გიორგი კირთაძე: მართლა არ გრცხვენიათ?

დავით მაღრაძე: ათავისუფლებ თუ არა ტერიტორიას?

გიორგი კირთაძე: მართლა არ გრცხვენიათ?

დავით მაღრაძე: ტერიტორიას ათავისუფლებ თუ არა? გავათავისუფლოთ კარვებისგან, გადავიტანოთ ერას მოედანზე. ათავისუფლებ თუ არა?

გიორგი კირთაძე: რატო ერას მოედანზე, იქნებ …

დავით მაღრაძე: ათავისუფლებ თუ არა?

გიორგი კირთაძე: დამამთავრებინე კაცო, ნუ მიყვირიხარ. შეიძლება საოცრებათა პარკში მინდა გადასვლა და რატომ მიმითითებ ევროპის მოედანზე?

დავით მაღრაძე: ეს ტერიტორია თავისუფლდება ახლა, გადაიტანეთ…

გიორგი კირთაძე: რატომ უნდა გათავისუფლდეს-თქო იმას გეკითხები.

დავით მაღრაძე: წამობრძანდით, არ ემორჩილებით თქვენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. „დავაი“, წამოიყვანეთ

მაღრაძის მითითებით და უშუალო ჩართულობით გიორგი კირთაძე დააკავეს.

დავით მაღრაძე გიორგი კირთაძის დაკავებისას. სქრინი ტელეკომპანია “ფორმულას” კადრიდან

„ბათუმელებს“ ენმ-მ მიაწოდა 24 დაკავებულიდან ერთ-ერთის მიერ გადაღებული კადრები. ეს პირი ენმ-ის წევრი არაა და სანამ სასამართლო განხილვა არ დამთავრდება, გამოცემას სთხოვა, მისი ვინაობა არ გავასაჯაროოთ. მას ჯერ კიდევ აქვს სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი.

პირმა, რომელიც 6 მაისს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, გადაიღო რა ხდებოდა მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე – ვიდეო 3 წუთსა და 26 წამს გრძელდება. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს აქციის მონაწილეთა დაკავება.

მთელი ვიდეოს განმავლობაში აქტივისტს ხმა არ ამოუღია, არ გაუკეთებია რაიმე მოწოდება და არ შეუშლია ხელი პოლიციის მუშაობისთვის. ამის მიუხედავად, ის დააკავეს. 3:24-ე წამზე ტელეფონს ხელი ეფარება და ისმის აქტივისტის ხმა – რა გინდათ? კადრი წყდება.

როგორც მოქალაქე „ბათუმელებს“ მოუყვა, ის აქციაზე შემთხვევით მოხვდა, ნაცნობები აღმოაჩინა, როგორც პოლიციელებში, ისე აქციის მონაწილეებს შორის. მისივე თქმით, როდესაც პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებდა, მან ტელეფონი ამოიღო და ამ პროცესის გადაღება დაიწყო. მოქალაქე „ბათუმელებს“ უყვება, რომ კამერაზე ხელი ააფარა პირმა, რომელსაც პოლიციის ფორმაც კი არ ეცვა. პარალელურად, ის ორმა პოლიციელმა შებოჭა და დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე გამუდმებით ითხოვდა პოლიციელებისგან აეხსნათ, თუ რატომ აკავებდნენ, მისთვის არაფერი განუმარტავთ.

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით კი, ისევე, როგორც დანარჩენი 23 პირი, ისიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს.

გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში

„173-ე მუხლი ეხება პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დაკავებამდე პოლიციელს ჯერ უნდა ჰქონდეს კანონიერი მოთხოვნა და იმაზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაგაკავოს.

როგორც წესი, ძალიან ხშირად პოლიციელების მოთხოვნები არ არის კანონიერი. ისინი უსაფუძვლოდ იქცევიან, ამ შემთხვევაში არ აქვთ რაიმე საკანონმდებლო საფუძველი და ითხოვენ, რომ აქციის მონაწილე არ იდგეს იქ, სადაც დგას და ამის გამო პირდაპირ აკავებენ.

იმის ნაცვლად, რომ სასამართლომ დაინახოს პოლიციის მხრიდან ეს უსაფუძვლო მიდგომა, ისინი [მოსამართლეები] სამწუხაროდ თვალს ხუჭავენ პოლიციელთა ცრუ ჩვენებაზე და მხოლოდ მათ ცრუ ჩვენების საფუძველზე უფარდებენ სანქციებს აქციის მონაწილეებს,“ – ამბობს მარი კაპანაძე, GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი.

  • ვინ არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი აქციის მონაწილის დაკავებაზე

„ჩემი დაკვირვებით, ასეთი გადაწყვეტილება, რომელ აქციაზე დაიწყონ მასობრივი დაკავებები და რომელზე – არა, იღებენ უფრო მაღალ დონეზე, პოლიციელები კი ამას ადგილზე ასრულებენ. ეს ბრძანება ცალსახად მოდის ზემოდან. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მე, ყოველ შემთხვევაში.

ეს არის პოლიტიკა, ხელისუფლების მთავარი მესიჯი, რომლის მიდგომაა მაქსიმალურად დააკავონ ადამიანები, მათ შორის, უსაფუძვლოდ. მიზანი არის სწორედ ის, რომ ნაკლებ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს, რაც ქვეყანაში არ მოსწონს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარი კაპანაძემ.

  • ვინ ხელმძღვანელობდა დაკავებას ბათუმში

6 მაისის ღამეს ბათუმში კარვების დაშლის და ოპოზიციონერების დაკავების ოპერაციაში ათობით პოლიციელი მონაწილეობდა. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციას თვალყურს ადევნებდა და ბრძანებებს გასცემდა აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია. უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მაღრაძე. სწორედ პირადად მან დააკავა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე.

„ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჰკითხა, ვინ იყო 6 მაისის ღამის დაკავების ოპერაციის ხელმძღვანელი და ვინ გასცა კარვების დაშლის ბრძანება. შსს-სგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

იერარქიულად აჭარის პოლიციის უფროსი არის რეგიონში საპოლიციო ძალების მმართველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ცალკეული პოლიციელები გრიგოლ ბესელიას ბრძანებას ასრულებდნენ.

აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია

„მსუსხავი ეფექტი“

მარი კაპანაძე: „სახელმწიფო იმიტომ იყენებს ასეთ რეპრესიულ მიდგომას და მერე სანქციებს ფულადი ჯარიმების სახით, რომ ერთგვარი შიში გააჩინოს საზოგადოებაში. „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს ამას. ადამიანებს აღარ გაუჩნდეთ სურვილი, რომ სამომავლო აქციებში მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად შემცირდეს აი, ეს ტალღა, რომელიც არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით.

დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვნად აზიანებს ასეთი პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან. ძირითადი სიგნალი და მესიჯი რასაც ამჟღავნებს ხელისუფლება არის სწორედ ის, რომ ის არცერთ შემთხვევაში არ არის ორიენტირებული ქვეყანაში არსებობდეს კრიტიკული მოსაზრებები.

ასეთი ტიპის ქმედებები კი მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება მიმართულია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაყალიბოს ავტორიტარული რეჟიმი.

რეიტინგებსაც რომ შევხედოთ, მაგალითად, “ფრიდომ ჰაუსის” რეიტინგი რაც გვაქვს, ერთადერთი რის გამოც ჩვენ ბოლომდე ავტორიტარული რეჟიმის სიაში არ ვართ და ვართ ჯერ კიდევ ჰიბრიდული დემოკრატია, არის ის, რომ ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში.

და ხელისუფლება ებრძვის სწორედ ამ სამოქალაქო საზოგადოებას.

როგორც კი სამოქალაქო საზოგადოებას დაამარცხებს ხელისუფლება, მაშინ, ჩვენი რეიტინგებითაც და რეალურადაც, გადავინაცვლებთ ჩვეულებრივად ავტორიტარული რეჟიმების ქვეყანაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: