მიხაილო პოდოლიაკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ დათმობებს. თუ აგრესორის პირობებს თანხმდები, ის ეცდება თითის ნაცვლად მთელი ხელი მოგაჭამოსო.
პოდოლიაკის თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ბევრ სხვა პრეტენზიას წამოაყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა „რადიო ნბ“-თან განაცხადა, იუწყება „24-ე კანალი“.
„ნებისმიერი მცირე დათმობა რუსეთს მხოლოდ წაახალისებს სხვა პრეტენზიების წამოყენებაში. თუ თითს დაუთმობთ, შეეცდებიან თქვენი ხელის მოგლეჯას“, – თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.
პოდოლიაკი ასე გამოეხმაურა ევროპაში ბოლო დროს გაჟღერებულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების ნაწილი რუსეთს დაუთმოს. პოდოლიაკის განცხადებით, მისთვის საერთოდ გაუგებარია ომის 83-ე დღეს როგორ გაჩნდა მსგავსი მოსაზრება.
ერთადერთი, რითაც ამის ახსნა შეიძლება – ეს სიჩუმის სურვილია. არიან სახელმწიფოები, რომლებსაც რუსეთთან თანამშრომლობის დაბრუნება და იქ ბიზნესის განახლება სურთ – აცხადებს პოდოლიაკი. „თუმცა, იმისათვის, რომ ომი დასრულდეს, ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი ტერიტორიების დათმობა. ევროპამ ამ ომში სწორედ უკრაინას უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი“.
რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პუტინის ნდობას კარგავენ – ასეთია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება. 19 მაისის განახლებაში, ტვიტერზე, უწყება რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანს ასახელებს.
„გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც ელიტური პირველი გვარდიის სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა, თანამდებობას ჩამოაშორეს იმის გამო, რომ ხარკოვის აღება ვერ შეძლო.
თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმაც, რომელიც შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა, სავარაუდოდ, აპრილში, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ.
სავარაუდოდ, პოსტზე რჩება რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი, თუმცა გაურკვეველია, ინარჩუნებს თუ არა ის პრეზიდენტ პუტინის ნდობას“.
ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ გადაბრალებისა და „განტევების ვაცის“ ძიების პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული რუსეთის სამხედრო და უშიშროების სისტემებში.
უწყება ვარაუდობს, რომ ბევრი ოფიციალური პირი, რომლებიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდნენ, ალბათ, კიდევ უფრო მეტად ეცდება, რუსეთის მარცხზე პირადი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს, ეს მდგომარეობა კი მათ ბრძოლისუნარიანობაზე იმოქმედებს.
„ეს დიდი ალბათობით, მძიმედ დააწვება რუსეთის სარდლობისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს, რადგანაც ოფიცრები უფრო და უფრო ხშირად ცდილობენ საკუთარ ხელმძღვანელობას გადააბარონ გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ პირობებში რუსეთს ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ, 18 მაისის განახლებაში, უწყება მარიუპოლისთვის ბრძოლებში ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობაზე წერდა. დაზვერვის ცნობით, ჩეჩნური დანაყოფების გადაადგილებას მარიუპოლში პირადად აკონტროლებდა რამზან კადიროვი, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი საველე მეთაურის მოვალეობას ასრულებდა.
მთავარი ფოტო: ვალერი გერასიმოვი, ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ.
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 254 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა / APV – 3 063 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 595 ერთეული [+9]
MLRS – 199 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 203 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 167 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 455 ერთეული [+14]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 103 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 157 ერთეული [+20]
სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ანახლებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
172 თვითმფრინავი
125 ვერტმფრენი
942 უპილოტო საფრენი აპარატი
313 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 158 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 562 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 026 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი.
მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მცირდება და ის კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
„ბათუმელებთან“ ინტერვიუში ეკონომისტი საუბრობს, თუ რა გახდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზი.
ბატონო ბესო, თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების 300 პროცენტით გაზრდა?
დიდი ალბათობით, ეს უკავშირდება რუსეთის მოქალაქეების გადმოსვლას საქართველოში, რომელთაც ოჯახის წევრები, ნათესავები ნელ-ნელა ურიცხავენ ფულს რუსეთიდან.
მოგეხსენებათ, რომ რუსეთიდან ერთობლივად დიდ თანხას ვერც გამოიტანდნენ – შეზღუდვაა 10 ათას დოლარზე მეტის გამოტანაზე.
მეორე ფაქტორია ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც აქვთ დანაზოგი რუსეთში და ახლა აგზავნიან ამ თანხას, რადგან აქვთ გათვლა, რომ შესაძლოა, მოუწიოთ საქართველოში ჩამოსვლა და ეს თანხა არ უნდათ, რომ დაკარგონ.
ვფიქრობ, მაისშიც გაიზრდება ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან.
ფულადი გზავნილების ასეთი ზრდა გამოწვეულია იმითაც, რომ რუსები ვეღარ იყენებენ საბანკო გადარიცხვებს, ამ პროცესში ბანკი უფრო ტექნიკურად არის ჩართული და მაღალ საკომისიოს იღებს. ამ სახის გზავნილებზე სანქციები რუსეთისთვის დაწესებული არ არის და ეს ფული იგზავნება ისე, როგორც საფოსტო გზავნილი იგზავნებოდა წინათ.
„გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2022 წლის მარტში ჰქონდა კვლევა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების კუთხით, სადაც ხაზგასმულია დადებით ტენდენციად ის, რომ ფულად გზავნილებში იყო კლება წინა წლებში. ეს შეცვლილი მოცემულობა რამდენად ზრდის რისკებს?
ვფიქრობ, ეს ზრდა უფრო ერთჯერად ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ბუნებრივია, ეს არავინ იცის, მაგრამ ეს გამოსაგზავნი ფულიც ამოიწურება. ეს არალოგიკური ამოვარდნაა, რაც უკავშირდება რუსეთს გამოქცეული ადამიანების საქართველოში შემოსვლას.
ომის დასრულების შემდეგ ფულადი გზავნილების კლება რუსეთიდან ისევ გაგრძელდება.
თქვენი ინფორმაციით, რამდენად იქმნება რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით რუსული ბიზნესი საქართველოში? TI-ის ბოლო კვლევით, 7 ათასზე მეტი რუსული კომპანია მოქმედებს საქართველოში.
უცნობია, რას ხმარდება კონკრეტულად ეს ფული, თუმცა რაც ჩანს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვილი ბიზნესი ნაკლებად იქმნება. უფრო საუბარია იგივე IT სპეციალისტებზე, ათასობით ასეთი რუსი სპეციალისტია საქართველოში შემოსული, ისინი რეგისტრირდებიან, ასევე, ხსნიან საბანკო ანგარიშებს, რომ შეძლონ შეკვეთების მიღება და აქედან მუშაობა.
ფულად გადმორიცხვებს უფრო მოკლევადიანი გათვლა აქვთ: მუდმივად დანაზოგებით ვერ იქნები. თუ რუსეთში წყვეტ რაღაც საქმიანობას და აქ გადმოდიხარ, იმის იმედი გაქვს, რომ რაღაც ახალი საქმიანობა უნდა დაიწყო.
ვფიქრობ, ეს არ ზრდის რისკებს, რადგან ფულადი გადმორიცხვები რუსეთზე დამოკიდებულების კუთხით გვაწუხებს იმ კუთხით, რომ რუსეთმა შესაძლოა აკრძალოს ფულის გადმორიცხვა და ამ დროს საქართველოში ბევრი ოჯახი სწორედ ამ გადმორიცხვას ელის. თუ რუსეთი ისევ რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალავს ახლა ამ გადარიცხვას, ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას არ უქმნის პრობლემას.
ფულადი გადმორიცხვები მხოლოდ აპრილში იყო რუსეთიდან 132 მილიონი და სხვადასხვა ქვეყნიდან – ჯამში 308 მილიონი აშშ დოლარი. უკავშირდება ამას ვალუტის კურსის გამყარება?
რა თქმა უნდა, ამან გაამყარა ვალუტის კურსი, ეს საკმაოდ დიდი თანხაა ჩვენი სავალუტო ბაზრისთვის.
რატომ ვერ აისახა ეს სურსათზე, რომელიც ისევ ძვირდება?
იმიტომ, რომ სურსათის ფასები არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვალუტის კურსზე. როცა საუბრობენ, რომ ინფლაცია მოიკლებს და ფასებიც დაიკლებს, ეს არაა რეალური – გაზრდილი ფასები ვეღარ დაიკლებს, ამას მიზეზები აქვს. მაგალითად, ფასები რომ გაიზარდა, იმავე მაღაზიაში ხელფასიც გაზარდეს და მერე ვეღარ შეამცირებენ. მხოლოდ ვალუტის კურსი გადამწყვეტი ვერ იქნება. იგივე ხორბალზე ჩვენ უფრო და უფრო მეტ დოლარს ვიხდით.
არსებობს გამონაკლისი პროდუქტები, რაც პირდაპირ მიბმულია მსოფლიო ფასთან, მაგალითად, ნავთობის ფასი თუ დაუბრუნდება ომამდელი პერიოდის ფასს, ბენზინი საქართველოშიც ჩამოვა 3 ლარამდე. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია შეჩერდეს და ფასების ზრდა შეწყდეს. ამ პროცესში ვალუტის კურსის სიმყარეს აქვს ფარული ეფექტი. ჩვენ არ ვიცით, რა იქნებოდა, ლარი რომ არ გამყარებულიყო, მაგრამ გვექნებოდა უფრო მაღალი ფასები, ვიდრე ახლა.
აღნიშნეთ, რომ ფულადი გადმორიცხვების ზრდა მოკლევადიანია. მთლიანობაში რამდენად მცირდება რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება?
ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება რუსეთზე ჯამში მაინც შემცირდება, რადგან კრიზისშია რუსეთის ეკონომიკა სანქციების გამო. ჩვენი ვაჭრობაც რუსეთთან მცირდება. მალე ექსპორტის მონაცემებიც გამოქვეყნდება და ნახავთ, ტურიზმი იზრდება მხოლოდ, ისიც რუსეთიდან გამოქცეული ხალხის ეფექტით და ისიც შემცირებულია 2019 წელთან შედარებით, ინვესტიციები განულებულია რუსეთიდან.
ეს ომი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას ამცირებს, რუსეთში თანდათან უფრო და უფრო ცოტა ფული იშოვება. ახლა თუ ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულად არ მოინდომებს და უფრო მეტად არ გავიფუჭებთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, თუ არ გვექნება დიდი ვარდნა, თანდათან შემცირდება რუსეთის წილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.
2015 წელს, როცა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო დაუწესეს სანქციები, ნავთობის ფასი დაეცა და საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა, ექსპორტიც შემცირდა, ტურიზმი დარჩა მხოლოდ იგივე, ჩვენ შემხვედრი პოლიტიკა არ გვაქვს, რომ გადაწყობა გავაკეთოთ.
რუსეთიდან საქართველოში ისევ შემოვლენ სახმელეთო საზღვრიდან. ეს რამდენად გაზრდის რუსების ეკონომიკურ აქტივობას საქართველოში?
ამ შემთხვევაში ჩვენ დავუბრუნდით პანდემიამდელ პერიოდს, როცა შეეძლოთ ავტომანქანით შემოსვლა, თუმცა, როგორც ვიცი, ეს აქამდეც არ იყო ბარიერი, საჭირო იყო ცნობა, რომ ნამდვილად გჭირდებოდა წასვლა საქართველოში და ალბათ 10 დოლარად იღებდნენ კიდეც ამ ცნობას, რომ მიზეზი ჰქონდათ აქ ჩამოსვლის. ფორმალურად რაღაც ცნობის მიღება რუსეთში არ იქნებოდა პრობლემა.
მოლოდინი გაქვთ, რომ შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულება. რამდენად ეტყობა უკვე ჩვენს ბიზნესექტორს, ასევე ხელისუფლებას, რომ ექსპორტისთვის, ან იმპორტისთვის უნდა გადაეწყონ ახალ ბაზრებზე?
მსგავსი არაფერი შეიმჩნევა. ერთადერთი იყო ის, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააჟღერა, რომ ხელს შეუწყობენ ხორბლის მოყვანას საქართველოში, რომ რუსულ ხორბალზე დამოკიდებულება შემცირდეს.
მართალია, საუბარი არ არის 100 პროცენტით ჩანაცვლებაზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია დღეს არსებული 10 -15- პროცენტიანი წარმოების მაჩვენებლის გაზრდა. ღვინოზეც თავად კომპანიები უნდა ხვდებოდნენ, რომ ბაზრები შეცვალონ, თუმცა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება იმდენად დიდია, რომ ძალიან რთულია ბევრისთვის გადასვლა სრულიად ახალ ბაზარზე. ალბათ კომპანიები დაზარალდებიან კიდეც, მაგრამ უკვე ამაზე უნდა იყოს დაწყებული მუშაობა. ალბათ დაწყებულია კიდეც.
დმიტრო კოზაცკი მარიუპოლში 2015 წლიდან მსახურობს. იგი აზოვის პოლკს 2017 წელს შეუერთდა. დმიტრო პირველი მარტიდან მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას იცავს სხვა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად.
10 მაისს დმიტრო კოზაცკიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით – „ჩემი ყველაზე მტკივნეული ფოტორეპორტაჟი აზოვსტალიდან“. ფოტოზე დაჭრილი უკრაინელი სამხედროები არიან ასახულნი. მარიუპოლის მცველების ეს სურათები სწრაფად გავრცელდა მსოფლიო მედიაში.
დმიტროს დედა, ირინა იურჩენკო, მატარებლის გამცილებელია. ყოველ დილით ის შვილს შეტყობინებას უგზავნის, რომ მას ეჭვი არ შეეპაროს – „აზოვსტალში“ არსებულ სიტუაციას თვალს ადევნებენ და განიცდიან.
დმიტროს ყოველთვის პატრიოტული განწყობა ჰქონდა, 2014 წელს მან პოლონეთის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და კიევში, მეიდანზე მიმდინარე მოვლენებში ჩაერთო. მალე იგი ეროვნული გვარდიის რიგებში შევიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი – აზოვის პოლკში.
უკრაინული გამოცემა, hromadske ესაუბრა დმიტროსა და დედამისს.
დმიტრო კოზაცკის მონათხრობი
„გაუძლებს თუ არა ბუნკერი – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა“
მე სამხედრო ვარ და ქალაქის თავდაცვისთვის ვემზადებოდით, მაგრამ არ ველოდი მარიუპოლთან ასეთ ვითარებას. ჩვენ ველოდით, რომ ისინი აღმოსავლეთის მხრიდან, ე.წ. დპრ-დან [თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა] ან ზღვიდან მოვიდოდნენ. არ ვფიქრობდით, რომ ასე დაანგრევდნენ ქალაქს.
მარტიდან „აზოვსტალში“ ვართ და თუ მარიუპოლი 90-95 პროცენტით არის განადგურებული, ქარხანა საძირკვლამდე გაანადგურეს. აქ ისეთი ღრმა ორმოებია ჭურვებისგან, არ არსებობს შანსი, რომ რაღაც შენობა მაინც გადარჩეს.
რუსი სამხედროები ყოველ დღე მუშაობენ გარკვეული ციკლით: ჯერ იწყება საავიაციო დაბომბვა, შემდეგ – გემებიდან, ამის შემდეგ კი ტანკებიდან ისვრიან. ეს გაუთავებელი საშინელებაა. დაბომბვებს შორის შესვენებები მხოლოდ მაშინ იყო, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხდებოდა, საღამოს კი ისევ გრძელდებოდა.
გაუძლებს თუ არა ბუნკერი, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ვყოფილვარ თავშესაფრებში, რომლებიც ავიაბომბმა გახვრიტა. როცა სამოქალაქო პირების ევაკუაციისას, თავიდან ვერ ვახერხებდით გამოყვანას სროლების გამო. გადავწყვიტეთ მათთან დავრჩენილიყავით, ცოტა დაგვეცადა. და სწორედ იქ ჩამოვარდა საჰაერო ჭურვი. მან ნაწილობრივ გაარღვია თავშესაფრის კონსტრუქცია, კიბეები ჩაინგრა, ბომბისგან გაჩენილი ღრმულით გამოვიყვანეთ ხალხი. ვფიქრობ, თავშესაფრები აშენებულია ისე, რომ გაეძლო ერთი დარტყმისთვის, მაგრამ არ იყო გამიზნული მუდმივი დარტყმებისთვის.
დმიტრო კოზაცკი
„უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელი“
დროთა განმავლობაში ეჩვევი ამასაც. თავდაცვა უნდა შევინარჩუნოთ, აქ დაჭრილი მებრძოლები გვყავს, რომლებსაც ვიცავთ. ჩვენ ტყვედ ვერ ჩავბარდებით, ვერ დავტოვებთ მათ, ვინც თავისი მაქსიმალური წვლილი შეიტანა ამ ომში – ზოგიერთმა საკუთარი სიცოცხლის, ზოგიერთმა – ჯანმრთელობის ფასად.
გვყავს თანამებრძოლები, რომლებსაც სათანადო მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ ვერ იღებენ. წამლები დიდი ხანია აღარ გვაქვს.
ერთხელ მივედი იქ, სადაც საველე ჰოსპიტალი გვქონდა და ერთმა მებრძოლმა მითხრა, რომ უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელი მისცეს. იგი ტკივილგამაყუჩებელს ინახავს იმ დროისთვის, როცა მტანჯველი ტკივილი ექნება.
ადამიანები ხანდახან უკეთესი დროისთვის ინახავენ რამე გემრიელს ან ალკოჰოლს, აქ კი იძულებულნი არიან ტკივილგამაყუჩებელი გამოიზოგონ.
„იმედია, სხვა ჯარისკაცებიც გვადევნებენ თვალს“
პირადად მე მოტივაციას და ძალას მაძლევს ფიქრი ყველა ჩვენგანის უკეთეს მომავალზე, გამარჯვებაზე. ასევე, სასიამოვნოა, რომ მარიუპოლისა და აზოვსტალის მცველები იქცნენ სიმტკიცის სიმბოლოდ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სხვა ჯარისკაცებიც გვიყურებენ და ეძლევათ ბრძოლის მოტივაცია.
მგონია, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედროების თავგანწირვაზე საუბარი, არამედ მათ ახლობლებსა და მშობლებზეც. ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობენ მშობლები, როცა 2-3 კვირის განმავლობაში არ შეუძლიათ შვილებთან დაკავშირება. ესეც გამბედაობის მაგალითია.
დედას იშვიათად ვურეკავ, მაგრამ მესიჯებს ყოველდღე ვუგზავნით ერთმანეთს, როცა დაკავშირების საშუალება მაქვს. მას ესმის, რომ მე არ მჭირდება ტელეფონში წუხილი ან ტირილი. დედაჩემი ნამდვილი სამხედროა, ყოველთვის ცდილობს მხარდაჭერას.
დმიტროს დედის, ირინა იურჩენკოს ნაამბობი
„ვფიქრობდით, წავსულიყავით ცოცხალი დერეფნით „აზოვსტალამდე“
მარიუპოლში, ბინის აივნიდან „აზოვსტალი“ და მის თავზე კვამლი ჩანდა. ამიტომაც სულ ვლანძღავდი ქარხანას. ახლა ვლოცულობ ამ ციხესიმაგრეზე, რომელიც ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეს ინახავს.
ყოველ დილას ვწერ შვილს SMS შეტყობინებას და რამდენჯერმე ვშლი. სულ ვცდილობ ზუსტი სიტყვები ვიპოვო, რომ არ დავასევდიანო, ტექსტს ხელახლა ვკითხულობ და მეშინია არ დავწერო ზედმეტი ასოც კი. მინდა იცოდეს, რომ ჩვენ მათზე, ყველა იქ მყოფზე ვღელავთ.
„აზოვსტალი“ ყველაზე ცხელი წერტილია, რადგან იბრძოდე იარაღის, დაცვის, წამლების, საკვების გარეშე და ამავე დროს ანადგურებდე მტერს – ნამდვილი გმირობაა. იქ მყოფი სამხედროების ნათესავებთან ერთად ვფიქრობდით წავსულიყავით ცოცხალი დერეფნით „აზოვსტალამდე“, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ამან შეიძლება სიტუაცია გაამწვავოს, რადგან ცოცხალი დერეფანი შეიძლება გახდეს რუსული აგრესიის ფარი.
ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა ბერკეტი და ძალისხმევა ჩვენი სამხედროების გასაყვანად. ისინი არავის მტრები არ არიან, არც ნაცისტები, უბრალოდ უყვართ უკრაინა. ისინი არიან თავიანთი სახელმწიფოს პატრიოტები და ოჯახების დამცველები. მარიუპოლი აკავებს შეტევას.
დმიტრო დედასთან ერთად
„ყოველი ჩვენგანი თავის ფრონტზეა“
საკმაოდ პატრიოტული ოჯახი ვართ, ამიტომ არ ყოფილა საუბარი, რომ მას მარიუპოლი დაეტოვებინა. თავიდანვე უნდოდა იქ ცხოვრება, არ ნანობდა გადასვლას.
ფართომასშტაბიან შემოჭრამდე ორი დღით ადრე ტელეფონით ვისაუბრეთ, საბუთების შეგროვება და ყველაფრის მომზადება მთხოვა, მაგრამ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.
24 თებერვალს დასვენების დღე მქონდა. მახსოვს დილის 5:45 წუთზე ჩემი შვილის ეს საშინელი ზარი:- „დედა, ახლა ეს ჩემოდანი გჭირდება, პანიკის გარეშე, ჩაალაგე და გააფრთხილე ჩვენები, რომ ჩავიდნენ თავშესაფარში. უკრაინის ყველა ქალაქს ბომბავენ“.
პირველი რამდენიმე წამი ისტერიკაში ვიყავი, მერე კი ძალა მოვიკრიბე და ყველა ჩემს ნაცნობს დავურეკე ტელეფონით.
ქალიშვილი კიევში იყო და მთხოვა, არ გავსულიყავი სამსახურში, მაგრამ დმიტრომ მითხრა, რომ ყველა ჩვენს ფრონტზე ვართ. დიმა – მარიუპოლში, მე უნდა ვიყო აქ და ადამიანებს გამგზავრებაში დავეხმარო.
25 თებერვალს ცვლაში გავედი. პირველი საევაკუაციო მატარებელი გვყავდა კიევიდან უჟგოროდში. რთული იყო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც. ვნახეთ, როგორ გარბიან ადამიანები მატარებლისკენ, როგორ კრავენ კაცები ხელს ბავშვებს და ადიან მატარებელში, როგორ აგდებენ ნივთებს. მე ვაგონ-ლუქსს ვემსახურები, კუპეში ორი ადგილია, მაგრამ მაშინ ჩემს ვაგონში 140 ადამიანი იყო.
მგზავრების უმეტესობა ბოლომდე ჩუმად იყო და როცა უკვე კარპატები [ქედი უკრაინაში] გავიარეთ, ლაპარაკი დაიწყეს, მოდიოდნენ, მეხვეოდნენ, უნდოდათ თავიანთი ამბავი გაეზიარებინათ. ვცდილობდი ყველასთვის მომესმინა, მერე ტუალეტში შევდიოდი და ვტიროდი.
ამ ისტორიებიდან ერთ-ერთმა შემძრა. ერთხელ მატარებელში შშმ კაცი, მისი ცოლი და მათი 19 წლის ქალიშვილი ამოვიდნენ. ჩუმად იყვნენ, ჩემთან მხოლოდ მოხალისე ვიქტორია მოვიდა, რომელმაც ისინი ირპინიდან გაიყვანა. მისი თქმით, ამ ოჯახს ტყეში ელოდნენ.
ოჯახი 5 დღე იჯდა სარდაფში – 15-მეტრიან ოთახში, სადაც 20 ადამიანი იყო. ეს ურჩხულები [რუსი სამხედროები] დადიოდნენ ზევით, გამუდმებით ისროდნენ ავტომატებით იატაკზე და ყვიროდნენ: „აბა, ხახლებო, გვირილაზე ვითამაშოთ?“ – შემდეგ კი სარდაფის ლუქსს მაღლა სწევდნენ და ისროდნენ. სარდაფში ხალხი ყოველ წუთს ემშვიდობებოდა სიცოცხლეს.
როდესაც ოკუპანტები გავიდნენ მოსაწევად ან საჭმელად, ხალხმა გადაწყვიტა სარდაფიდან გაქცევა. გზაში გაიგონეს მათი მიმართულებით სროლის ხმა, მაგრამ მაინც მოახერხეს გამოღწევა.
ეს ოჯახი უჟგოროდამდე დუმდა. შემდეგ კაცი მოვიდა, ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. „რამდენი გვმართებს ბილეთებისთვის?“ – მკითხა.
„თქვენ არ უნდა გადაიხადოთ, ეს სიცოცხლის ბილეთია, მთავარია, რომ გადარჩით. მხოლოდ ერთს გთხოვთ – ილოცეთ ჩემი შვილისთვის და ყველა ჩვენი ჯარისკაცისთვის, ვინც ახლა ფრონტზეა“ – ეს ვუთხარი.
________________________
გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო hromadske-ეს, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს:
დღეს, 18 მაისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან. თურქული მედიის ცნობით, ავარიაში მოჰყვა მიკროავტობუსი ქართული ნომრით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, ავტომანქანა კლდეს დაეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაშავებულებისა და დაღუპულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აჭარის მთავრობაც.
თურქული მედიის ცნობით, ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
შემთხვევის ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა.
54 წლის ასმათ სამნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. იგი 25 წელზე მეტია, რაც მარწყვის ბაღს უვლის.
როგორ გახდა პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერი ქალი გამოცდილი მებაღე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?
ასმათი გვიყვება, რომ 90-იან წლებში, როცა დაქორწინდა, ძალიან ძნელი ცხოვრება დაუდგა მას და მის ოჯახს. გამუდმებით ფიქრობდა, რის გაკეთება შეეძლო საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად.
„ძალიან მიყვარდა მარწყვი. სულ პატარა მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კვადრატზე მქონდა მარწყვის ნარგავი. უცებ გამიჩნდა იდეა, მარწყვის ნარგავი გამეფართოებინა და შემოსავლის წყაროდ მექცია“, – ამბობს ასმათი.
ასმათის თქმით, მარწყვის ნაკვეთს ნელ-ნელა აფართოებდა. საწყის ეტაპზე მხოლოდ 4-5 კვადრატამდე გაზარდა. შემდეგ 100 კვადრატ ფართობზე მოაშენა მარწყვი და დღეს უკვე დაახლოებით 500 კვადრატ მიწაზე გაშენებულ მარწყვს უვლის.
ასმათ სამნიძეასმათ სამნიძის მარწყვის ბაღი
ასმათის თქმით, მარწყვის ბაღის გაფართოების მოტივაციას ისიც აძლევდა, რომ ქედაში მცხოვრები ოჯახის ძირითად შემოსავლის წყარო მარწყვის რეალიზება იყო და დღემდე ასეა. ამასთან, როგორც ის ამბობს, ქედაში სხვა ხილი ნაკლებმოსავლიანია მარწყვთან შედარებით.
„კლიმატი შეიცვალა. ზამთარი და შემდეგ ზაფხული დგება, გაზაფხული ამოვარდა თითქოს. ამიტომ ხეხილი აღარ მოდის იმდენი, რომ ბაზარში წაიღო ადამიანმა“, – გვითხრა ასმათმა.
იგი გვიხსნის, რომ მარწყვის მოვლა ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა. სწორედ ამ მიზეზით ბევრი ოჯახი ქედაში, რომლებსაც ასევე ჰქონდათ მარწყვის ბაღი, ამ საქმეს თავი დაანება.
„ჩემ შემთხვევაში შრომის და მარწყვის სიყვარულია, რის გამოც დღემდე ვუვლი მარწყვის ბაღს.
ბევრჯერ მიფიქრია მეც ამ საქმისთვის თავის დანებება. აღარ მინდა, მომწყინდა-მეთქი, ვიტყვი, მაგრამ იმდენად შემიყვარდა მარწყვის მოვლის პროცესი, რომ ვეღარ ვშორდები. დაღლილობა გადამივლის თუ არა, მაშინვე მარწყვის ბაღში ვბრუნდები“, – გვიყვება ასმათი.
როცა მარწყვის ბაღის მოშენება გადაწყვიტა, მცირე თეორიული ცოდნა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მნიშვნელოვანი მარწყვის და მისი სწორი მოვლის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ბაღში მუშაობა პრაქტიკულად დაიწყო:
„პირველ წელიწადს თუ რაღაცას მთლად სწორად არ ვაკეთებდი, შემდეგი წლისთვის უკვე ვიცოდი, რისი გაკეთება სჯობდა და როგორ. სულ გავიძახოდი – ვაი, ასე უკეთესი ყოფილა. ასე მოვედი აქამდე“.
გასულ წელს ასმათ სამნიძემ თავისი მარწყვის ბაღიდან ჯამში 900 კილოგრამამდე მარწყვის მოსავალი მიიღო.
ასმათი გვიყვება, რომ ყველაზე რთული მარწყვის მოვლაში გაზაფხულზე ნაკვეთის თოხნა და ზედმეტი ღეროებისგან გაწმენდაა. ის გვიხსნის, რომ მარწყვი ერთხელ ითოხნება, მაგრამ ხშირად სჭირდება გაწმენდა სარეველა ბალახისგან.
ასმათი სოფლის საბავშვო ბაღშიც მუშაობს.
„მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებისთანავე მარწყვის ბაღში მივდივარ. არის შემთხვევები, როცა არ არის საქმე, გასუფთავებულია ნარგავი და ასე შემდეგ, მაგრამ უცილებლად უნდა დავათვალიერო, მარწყვის ყველა ძირთან მივიდე, ვნახო. რაღაც ფორმით დავამყარო მათთან ურთიერთობა. დაღლილობა მეხსნება, როცა ჩემს ნაშრომს, მოცინარე მარწყვის ნერგებს ვუყურებ“, – ამბობს ასმათი.
ასმათ სამნიძემ გასულ წელს 300 კვადრატ ფართობზე სარწყავი სისტემა მოაწყო და პოლიეთილენის პარკის საფარს შორის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის წერტილებში დარგო მარწყვი. ის წელს ამ ნაკვეთზე დიდ მოსავალს არ ელის, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ნარგავი აუცილებლად გაამართლებს და სამომავლოდ აპირებს, რომ მარწყვი ამ სისტემით 1000 კვადრატულ მეტრზე გააშენოს. მან მარწყვის ახალ ნაკვეთზე სარწყავი სისტემა თავისი ხარჯით გააკეთა.
ასმათი გვიყვება, რომ მარწყვის დარგვის ამ მეთოდს ინტერნეტით მიაგნო, სადაც ხშირად ეძებს ინფორმაციას მარწყვის მოვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
ასმათ სამნიძის მარწყვის ბაღი
„მარწყვი ბალახისგან თითქმის ყოველდღე უნდა გაწმინდო, რაც ძალიან დამღლელია. პოლიეთილენის პარკის გამოყენებით რომ დავრგე მარწყვი, ბალახი არ ამოვიდა. წვეთოვანი სარწყავი სისტემაც გვიმარტივებს საქმეს.
ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ირწყვება მარწყვი. თუ ზემოდან დაასხამ წყალს, შესაძლოა ნაყოფი გაშავდეს“, – გვითხრა ასმათმა.
გვიყვება, რომ ძალიან უნდოდა ჰქონოდა მარწყვის სათბურიც, მაგრამ ამ სურვილზე ხელი აიღო. მისი შეფასებით, ქედის დიდთოვლიანი ზამთარი სათბურს აუცილებლად გააფუჭებდა.
ასმათი იხსენებს, რომ გასულ წელს, როცა მარწყვი უკვე გაღვიძებული იყო და ყვავილიც გახარებული ჰქონდა, სოფელში გათოვდა – „ვჩიოდი, ვაიმე, მოსავალი აღარ გვექნება – მეთქი, მაგრამ მარწყვმა იმ თოვლს გაუძლო“.
ასმათი აღნიშნავს, რომ წელს დიდთოვლიან ზამთარს მარწყვის ნარგავებისთვის ზიანი არ მიუყენებია, მაგრამ გახანგრძლივებული ცივი ამინდის გამო პირველი მოსავალი ერთი თვით გვიან მოვიდა:
„ამ დრომდე მარწყვის ნაყოფი დამწიფებას რამდენჯერმე ასწრებდა. წელს ჯერ არ აგვიღია მოსავალი და არ გაგვიტანია ბაზარში. მარწყვის პირველ მოსავალს რამდენიმე დღეში ავიღებთ“.
ასმათ სამნიძის მარწყვის ბაღი
ასმათი მარწყვს ბათუმის ბაზარში აბარებს. მისი თქმით, მარწყვის ფასი დამოკიდებულია ნაყოფის ხარისხსა და ბაზრის მდგომარეობაზე. „ძირითადად, 1 კილოგრამი მარწყვი 5 – 5.50 ლარი ღირს“ – ამბობს ის.
ასმათ სამნიძე იხსენებს, რომ როცა მარწყვის ბაღის მოშენება გადაწყვიტა, მისი მთავარი მხარდამჭერი მეუღლე იყო, რომელიც ყველაფერში ეხმარებოდა. დღეს უკვე ქალი მარწყვის ბაღს სტუდენტ შვილთან ერთად უვლის, რომელიც თავისუფალ დროს ეხმარება, ხოლო როცა მარწყვი მწიფდება და მოსაკრეფია, მეზობლები ეხმარებიან, რადგან მხოლოდ ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ მწიფე მარწყვის დროულად დაკრეფას.
ასმათის თქმით, მარწყვი ზაფხულში ყოველ სამ დღეში ერთხელ იკრიფება.
ასმათ სამნიძემ ჩვენთან საუბრისას ბევრჯერ აღნიშნა, რომ მარწყვი განსაკუთრებით უყვარს და ყოველ წელს ამზადებს მარწყვისგან ჯემებს, მურაბებსა და კომპოტებს. ამბობს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მისთვის სასიამოვნო პროცესია.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის სამეთვალყურეო სისტემის განახლების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.
„აშშ-ის ეს პირდაპირი დახმარება ასევე მოიცავდა სენსორულ აღჭურვილობასა და საკონტროლო სისტემას, რომელიც ბათუმში, ფოთსა და სუფსაში განთავსდა.
აღნიშნული პროექტი მხოლოდ ნაწილია ჩვენი მიმდინარე ძალისხმევის, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს, რათა მათ დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული წყლები,“ – წერს საელჩო
საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალები თავდაცვის სფეროში გააგრძელებს განახლების პროექტს, რათა დაეხმაროს საქართველოს საზღვაო სამართალდაცვის, სამძებრო-სამაშველო, პორტის უსაფრთხოებისა და საზღვაო თავდაცვის საკითხებში.
რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა, აღიარა, რომ მან სუმის ოლქში უიარაღო მოქალაქე დახვრიტა.
სასამართლო სხდომის დეტალებს „უნიანი“ ავრცელებს. მას შემდეგ, რაც პროკურორმა მოკლე საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, შიშიმარინმა დაადასტურა, რომ ის დანაშაულს სრულად აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა ამ საქმეზე ჩვენებაც მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 28 თებერვალს სუმის ოლქში, ჩუპახოვკაში, კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა თავში 62 წლის მოქალაქეს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. კაცი ადგილზე დაიღუპა.
შიშიმარინს სასჯელის სახით ემუქრება 10 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე. ის პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლა.
ვადიმ შიშიმარინი ასევე ერთ-ერთი პირველი სამხედროა, რომელმაც აღიარა, რომ სუმის ოლქში მშვიდობიან მოსახლეობას ესროდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 4 მაისს წერდა სააგენტო „უნიანი.“
მისი საქმე სასამართლოს 11 მაისს გადაეცა.
21 წლის ვადიმ შიშიმარინი უკრაინაში 24 თებერვლიდან იმყოფებოდა. როგორც მან უკრაინის უშიშროების სამსახურს უთხრა, ომში იმისთვის წავიდა, რომ „დედამისს მატერიალურად დახმარებოდა“. უკრაინელმა სამხედროებმა ის მაშინ შეიპყრეს, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქს ტოვებდნენ.
მთავარი ფოტო: ვადიმ შიშიმარინი სასამართლო პროცესზე/სააგენტო „უნიანი“
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარე სავარაუდოდ ქიმიური ნარჩენებისგან არის დაბინძურებული. მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქარხანა და მშენებარე ობიექტია.
როგორც მდინარესთან მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, გიორგი სიხარულიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მდინარის ფერისცვლილება მან უკვე მეორედ დააფიქსირა.
„გოგოლის ქუჩიდან ბაქრაძის ქუჩის მონაკვეთამდე შევნიშნე ეს ცვლილება. მდინარე არის მთლიანად ლილისფერი. არა მგონია, რომ მოსახლეობას ჩაესხა რაიმე. ვფიქრობ, სამეწარმეო დაბინძურებაა. აქვე ახლოს ორი ქარხანაა, ფარმაცევტული და ზეთის, შესაძლოა ამ საწარმოებიდან ჩაედინება რაიმე ქიმიური ნარჩენები, არ ვიცი.
დღეს განმეორდა ეს შემთხვევა – წინა დღესაც ზუსტად ასეთი შეფერილობით მოედინობოდა მდინარე და ახლაც იგივე მდგომარეობაა. ვერ გეტყვით, რა არის. გველებიც კი ვერ გაჩერდნენ მდინარეში და ზემოთ ამოვიდნენ. გვწამლავენ“, – ამბობს გიორგი სიხარულიძე.
მოქალაქე ითხოვს, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა აუცილებლად აიღოს სინჯები და დაიწყოს ფაქტზე მოკვლევა.
„ბათუმელები“ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ აქვთ ინფორმაცია მდინარე ბარცხანის სავარაუდო დაბინძურების ფაქტზე. როგორც დეპარტამენტში გვითხრეს, შეტყობინება აქამდე არ ჰქონიათ და მოკვლევას ჩვენი ზარის შემდეგ დაიწყებენ.
საკურორტო სეზონზე კომერციული გამოყენებისთვის ქობულეთის მერია ნაკვეთებს პლაჟზე ერთი წლის ვადით გაასხვისებს. შესაბამისი ელექტრონული აუქციონების გამოსაცხადებლად თანხმობისთვის მერიამ საკრებულოს მიმართა. საკითხს ჯერჯერობით საკრებულოს კომისიებში განიხილავენ, შესაბამისი დასკვნების შემდეგ კი, მას სხდომაზე გაიტანენ დასამტკიცებლად.
გარდა ამისა, ქობულეთის მერიამ საკრებულოს მიმართა, განსაზღვროს ქობულეთის პარკში არსებული ამფითეატრის საიჯარო წესით გასხვისების საფასური.
საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ქობულეთის მერია ფიზიკური პირების მოთხოვნის საფუძველზე საიჯარო წესით გაასხვისებს ფართობებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობებში.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში კი გვითხრეს, რომ დაზუსტებით ჯერ ისევ არ იციან, გაიტანენ ნაკვეთებს პლაჟზე ელექტრონულ აუქციონზე, თუ ისევ იმ მოიჯარეებს გაუგრძელებენ ხელშეკრულებებს, რომელთა ხელშეკრულებებსაც ვადა გაუვიდა.
გასულ წელს ბულვარის ადმინისტრაციამ პანდემიის მიზეზით ახალი აუქციონები არ გამოაცხადა და მოიჯარეებს ხელშეკრულებები ერთი წლის ვადით გაუგრძელა.
პლაჟების, ასევე პლაჟთან არსებული ტერიტორიების ასათვისებლად საკურორტო სეზონზე კონკურენცია თითქმის ყოველთვის მაღალია. ეს ცოტა ხნის წინ ბათუმის ბულვარში ორი შენობისა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთების გასასხვისებლად გამართული ელექტრონული ვაჭრობის დროსაც გამოჩნდა.
ბათუმის ბულვარის გასწვრივ პლაჟის გარკვეული ნაწილი გრძელვადიანი იჯარის წესითაც არის გასხვისებული.
მეფუტკრეები ტყეში სკების განთავსებისთვის სახელმწიფოს ფულს გადაუხდიან. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ მეფუტკრეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„ვიდრე დადგენილებას მიიღებდა, მთავრობას პროექტი, წესით, ჩვენთან უნდა განეხილა. ახლა თქვენგან გავიგე და გამიკვირდა, რომ ასე უცებ მიიღეს… განხილვა არ ყოფილა, თუმცა ჩვენამდე ადრე მოვიდა ინფორმაცია საფასურის დაწესებაზე და მთავრობას წერილობით მივაწოდეთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია – რომ არ ვეთანხმებოდით ასეთ გადაწყვეტილებას“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ავქსენტი პაპავამ, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.
მეფუტკრეებს სეზონურად სხვადასხვა მცენარის [ცაცხვის, წაბლის, აკაციის] ყვავილობის პერიოდში სკები დროებით ხშირად გადააქვთ ტყეში. მთებში გადააქვთ ასევე სკები, როცა მინდვრის თაფლის დამზადება უნდათ.
ავქსენტი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი ვარაუდით საქართველოში 500 ათასამდე სკაა. სახელმწიფოს კი, ფუტკრის ოჯახების რეგისტრაციაც არ დაუსრულებია და ეს პროცესი 2023 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
მისივე თქმით, ბევრს სტაციონარულად აქვს სკები, თუმცა ქვეყნის მეფუტკრეთა სულ ცოტა 40 პროცენტი მომთაბარე მეფუტკრეობას მისდევს, ამიტომ გადასახადის დაწესება, ფაქტობრივად, მათი დაბეგვრა გამოდის.
„ტყეში ერთი სკის განთავსებაზე 10 ლარის დაწესება ბევრია. სხვა ქვეყნებში მეფუტკრეობას ხელს უწყობს სახელმწიფო. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, 10 მანათს თითო ოჯახზე იქეთ უხდიან მეფუტკრეებს. საფასურის დაწესებაზე ჩვენ ადრეც უარი ვუთხარით, არ ვიყავით მომხრე. პირიქით, ფუტკარი ბიომრავალფეროვნებას უწყობს ხელს – დამტვერვას, ნაყოფიერებას და იქეთ უნდა შეუწყოს მეფუტკრეს ხელი სახელმწიფომ“, – ამბობს ავქსენტი პაპავა.
ერთ სკაზე 10 ლარის გადასახადის დაწესება არაადეკვატურად მიაჩნია მანანა ბოლქვაძესაც, აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარეს. გადასახადის დაწესების შესახებ თავადაც „ბათუმელებიდან“ შეიტყო.
„გადასახადი რომ დაწესდა და ამ კულტურას მეფუტკრეები ისწავლიან, გარკვეულწილად კარგია. გადასახადი უნდა გადაიხადოს მეფუტკრემ, მაგრამ დასაწყისისთვის 10 ლარი, არაადეკვატური და მაღალია. ჩვენ მეფუტკრეებს ფიზიკურად და მორალურადაც ასეთი გადასახადის გადახდა ამ ეტაპისთვის არ შეუძლიათ“, – ამბობს მანანა ბოლქვაძე.
მისივე თქმით, მეფუტკრეს, როცა ტყეში გაჰყავს ფუტკარი, ამას დიდი ხარჯი ახლავს: „ზოგადად, სკების ტრანსპორტირება, პრეპარატები, საკვები – ამ ყველაფერში ჩვენს მეფუტკრეებს ისეთი მაღალი ხარჯი აქვთ, რომ არც ერთ მეფუტკრეს არ აქვს არც ერთ ქვეყანაში“.
მანანა ბოლქვაძის ინფორმაციით, აჭარაში მცირე და საშუალო, ჯამში, 990 მეფუტკრეა და 37 ათასამდე სკაა აღრიცხული. მეფუტკრეობა კი, აჭარაში მხოლოდ მეფუტკრეთა 2 პროცენტისთვისაა ძირითადი საქმიანობა, დანარჩენისთვის ეს დამხმარე საქმიანობაა.
„ამიტომ, ძირითად ნაწილს სკები საკუთარ ეზოში აქვს განთავსებული, დანარჩენი კი მომთაბარე მეფუტკრეობას ეწევა. რაც შეეხება ამ მთაბარობას, გადასახადი – 3 ლარი, სრულიად საკმარისი იქნებოდა საწყისი ეტაპისთვის“, – ამბობს მანანა ბოლქვაძე.
მთავრობის ახალ დადგენილებას პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი 16 მაისს მოაწერა და ის ძალაში 17 მაისიდან შევიდა.
ამ დადგენილებით, ცვლილება შევიდა ტყით სარგებლობის წესში და მას ახალი მუხლი – „ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის საფასური“ დაემატა.
ეს საფასური კი, მეფუტკრეებისთვის, 1 სკაზე 10 ლარით განისაზღვრა, წლიურად.
ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის N250 დადგენილებიდან
2022 წლის აპრილის თვეში საქართველოდან 17 ტონა თაფლი გაიტანეს საზღვარგარეთ, აქედან აბსოლუტური უმეტესობა, 14,4 ტონა, საფრანგეთში.
მეფუტკრეები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დააზარალა ფუტკრის დაავადებებმაც. ავქსენტი პაპავას თქმით, ამ დროისთვის მდგომარეობა ამ კუთხით მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, თუმცა „საჭიროა მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი და სწორი მიდგომა ფუტკრის მკურნალობის დროს“.
82-დღიანი მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ, მარიუპოლის დამცველთა ნაწილმა დატოვა „აზოვსტალი“ – ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილ ქალაქში, უკრაინის ერთადერთ ციხესიმაგრედ რჩებოდა. უკრაინის ხელისუფლება „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანას „გადარჩენის ოპერაციას“ უწოდებს, რუსეთის ხელისუფლება კი – „კაპიტულაციას“.
განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ევაკუირებული სამხედროების რაოდენობაზეც. კრემლის უკანასკნელი ცნობებით, 959 მებრძოლი „ჩაბარდა“, მათ შორის, 80 დაჭრილი. უკრაინული მხარის თქმით კი, „აზოვსტალი“ 264-მა სამხედრომ დატოვა.
უკრაინის გენშტაბმა, რომელმაც მარიუპოლის დამცველებს „ჩვენი დროის გმირები“ უწოდა, გადაწყვეტილება ასე ახსნა: უკრაინის გარნიზონმა „სამხედრო მისია შეასრულა“ და ახლა „უკრაინისა და მთელი მსოფლიოს უმთავრესი ამოცანა მათი გადარჩენაა“.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ განზრახული აქვს მარიუპოლის დამცველები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს, თუმცა რუს მაღალჩინოსნებს გაცვლაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ – პირიქით, მათი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ომის დამნაშავეები არიან და მათ ასეც უნდა მოექცნენ.
რა ბედი ელით „ჩვენი დროის გმირებს“ – ოპერაციის დეტალებზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. უპასუხოდ რჩება ბევრი კითხვა, მათ შორის – შეთანხმებულია თუ არა გაცვლის მექანიზმი და ვინ არიან ის რუსი სამხედრო ტყვეები, ვის გაცვლასაც უკრაინა „აზოვსტალის“ მებრძოლებში აპირებს.
რა ვიცით და რა არა „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე – ჩვენ თავი მოვუყარეთ იმ ინფორმაციას, რომელიც 16 მაისის შემდეგ ოფიციალური პირების განცხადებებით თუ უკრაინული და საერთაშორისო მედიის დახმარებით გავრცელდა.
„გადარჩენისოპერაცია“ თუ „კაპიტულაცია“
16 მაისის დილას რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ მებრძოლები „ჩაბარდნენ“ და რომ დაჭრილებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ნოვოაზოვსკის კლინიკაში გადაიყვანდნენ.
იმავე საღამოს უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქარხნიდან 264 ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, 53 დაჭრილი. დაჭრილები თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, დანარჩენი 211 სამხედრო კი – ელენოვკაში.
დენის პროკოპენკომ, პოლკ „აზოვის“ მეთაურმა, ევაკუაციის პირველ დღეს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც უკრაინელებს სთხოვა გაგებით მოკიდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მან ყველას შეახსენა, რომ 82 დღის განმავლობაში სწორედ მარიუპოლის დამცველებმა მისცეს შესაძლებლობა უკრაინის არმიას, მოეხერხებინა ძალების მობილიზება, მეტი იარაღისა დახმარების მიღება და თავდაცვის გაძლიერება.
„როდესაც შენ შეასრულე საბრძოლო ამოცანა და ამავე დროს, შეინარჩუნე პირადი შემადგენლობის მაქსიმალური რაოდენობა, ეს არის ჯარების მართვის უმაღლესი საფეხური. მით უმეტეს, როდესაც შენი გადაწყვეტილება დამტკიცებულია უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ,“ – განაცხადა დენის პროკოპენკომ.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, კირა რუდიკის თქმით, უკრაინამ მიიღო გარანტიები წითელი ჯვრისგან და გაეროსგან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელ სამხედროებს საფრთხე არ დაემუქრებათ.
მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA/ALESSANDRO GUERRA
„ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ევაკუაციაზე დავთანხმდით, რადგან ჯარისკაცები მზად იყვნენ ბოლომდე მდგარიყვნენ“, – უთხრა მან The New York Times-ს.
16 და 17 მაისს „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის ფოტომასალა სხვადასხვა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტოს ფოტოებში ჩანს ავტობუსები, Z წარწერით, რომლებშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან, მათ შორის დაჭრილებიც.
რაელითმარიუპოლისდამცველებს?
დაჭრილებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ევაკუაციის ერთ-ერთი პირობა იყო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დანარჩენი 211 ადამიანი ოკუპირებულ ოლენოვკაში, გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
„ეს არის ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც რუსეთმა შუაგულ ევროპაში, 21-ე საუკუნეში შექმნა“, – დაწერა მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშენკომ, თავის ტელეგრამარხზე. მისი თქმით, ოლენოვკის კოლონიაში რუსეთის ხელისუფლებას ადამიანები საშინელ პირობებში ჰყავს, საკვებს ყოველ დღე არ აძლევენ და სამედიცინო დახმარებაზეც უარს ეუბნებიან, – „იქ სამხედროების ახლობლები, სამართალდამცველი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ის ადამიანები ჰყავთ, ვინც უბრალოდ ეჭვი გამოიწვია“, – აღნიშნა მან.
როგორ აპირებს უკრაინის ხელისუფლება გამოიხსნას და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნოს „აზოვსტალის“ მებრძოლები – გეგმის დეტალები უცნობია. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას განზრახული აქვს, ისინი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.
თუმცა, როგორც BBC აღნიშნავს, გაცვლის მექანიზმი ჯერჯერობით არ არსებობს. უკრაინის ხელისუფლებას სურდა გაცვლის პროცესი მესამე ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის დახმარებით წარმართულიყო, თუმცა რუსეთი ამის წინააღმდეგია.
„უკრაინელი სამხედროების დამსახურებით, დაზვერვის, ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლეს შევინარჩუნებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხლები სჭირდება. ესაა ჩვენი მთავარი პრინციპი და ვფიქრობ, რომ ამას ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი გაიგებს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში 17 მაისის საღამოს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, სამხედროების გადარჩენის სხვა ფორმულა უბრალოდ არ არსებობდა, – „ახლა მიმდინარეობს გადარჩენის ოპერაცია, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ ყველა დეტალს ვერ გავასაჯაროებთ, რადგან ნებისმიერმა ინფორმაციამ შეიძლება ეს პროცესი დააზიანოს.“
„ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთვის ყველა ფრონტზე ისეთივე ერთგულებით, როგორც თქვენ იცავთ სახელმწიფოს“ – ასეთი იყო უკრაინის გენშტაბის მიმართვა მარიუპოლის დამცველებისადმი.
რამდენი სამხედროა დარჩენილი „აზოვსტალში“ – უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი რაოდენობა იცის, თუმცა ამ ინფორმაციას არ აკონკრეტებს.
მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი
როგორც BBC აღნიშნავს, მანამდე ცნობილი იყო, რომ ქარხანაში 600-დან 1000-მდე ადამიანი იმყოფება, უფრო ადრე კი ვრცელდებოდა ცნობები დაახლოებით 2 000 ადამიანზე. ცნობილია ისიც, რომ „წითელი ჯვრისა“ და გაეროს დახმარებით, „აზოვსტალიდან“ 500 მოქალაქის გაყვანა მოხერხდა.
რასამბობსრუსეთი
კრემლის გეგმები უცნობია. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამხედროებს საერთაშორისო კანონების მიხედვით მოექცევიან, თუმცა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, მიიჩნევიან თუ არა აზოვსტალის მებრძოლები სამხედრო ტყვეებად ან სამხედრო დამნაშავეებად.
ვიაჩესლავ ვოლოდინმა, დუმის სპიკერმა, „ნაცისტი დამნაშავეები“ უწოდა „აზოვსტალის“დამცველებს. ის საჯაროდ დაეთანხმა დეპუტატ ანატოლი ვასერმანის ინიციატივას, მიიღონ კანონი, რომელიც მათ გაცვლას აკრძალავს – „ისინი არიან სამხედრო დამნაშავეები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ“.
დუმა ამ კანონპროექტის განხილვას 18 მაისს აპირებს, 26 მაისს კი, რუსეთის უზენაესი სასამართლო გეგმავს განიხილოს მოთხოვნა აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ.
„ეს პოლიტიკური განცხადებები გათვლილია შიდა პროპაგანდაზე და შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკების პროცესიც და თვითონ ოპერაციაც გრძელდება“, – ასე უპასუხა რუსეთის დეპუტატების განცხადებებს უკრაინულ მედიასთან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.
აზოვის პოლკს რუსეთი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იყენებდა თავისი საომარი პროპაგანდის ნაწილად და იმის არგუმენტადაც, რომ ამ ომით მას უკრაინის „დენაციფიკაცია“ სურს.
„აზოვსტალის“ ბლოკადა
რატომ დათანხმდა რუსეთი „აზოვსტალიდან“ მებრძოლების გაყვანას – ამ შეკითხვაზე ექსპერტებს რამდენიმე ვარაუდი აქვთ. აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტის მკვლევრები მიუთითებენ, რომ„რუსეთს სურს, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს მარიუპოლის სრულად დაკავების შესახებ“. ინსტიტუტის კვლევაში გამოთქმულია ვარაუდიც, რომ კრემლი შესაძლოა დღეს დათანხმდა მოლაპარაკებების პირობებს, თუმცა ხვალ უარი თქვას უკრაინელი სამხედროების გაცვლაზე. სწორედ ამის მანიშნებელია რუსეთის დუმის დეპუტატთა განცხადებები.
სამხედრო ექსპერტი სერგეი გრაბსკი „ნოვოე ვრემიასთან“ ამბობს, რომ რუსეთმა დაინახა, თუ რამხელა დანაკარგებად უჯდებოდა „აზოვსტალის“ აღების მცდელობები – „რუსები, სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ უპერსპექტივო იყო შემდგომი თავდასხმები და რესურსის ხარჯვა, ამიტომაც წავიდნენ ამ მოლაპარაკებებზე“.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაიკავეს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს „აზოვსტალის“ აღება. ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ნებდებოდნენ და ბრძოლას განაგრძობდნენ.
მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA/ALESSANDRO GUERRA
აქტიური ბრძოლები „აზოვსტალის“ ასაღებად 18 მარტიდან დაიწყო. რუსეთი გამუდმებით ბომბავდა საბჭოთა დროის უდიდეს მეტალურგიულ კომპლექსს, 11 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას, რომლის მიწისქვეშა გვირაბებიც უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების თავშესაფრად იქცა.
ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის ტერიტორიაზე შეფარებული მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. „აზოვსტალის“ დამცველებიც და მათი ახლობლებიც სამხედროების დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვდნენ.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ევაკუაციის პირველი ეტაპის შემდეგ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ ვინ იცავდა 82 დღის განმავლობაში „აზოვსტალს“.
პოლკი „აზოვი“
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა
საზღვაო ქვეითი ძალების 36-ე ბრიგადა
მესაზღვრეები
პოლიციელები
მოხალისეები
ტერიტორიული თავდაცვის ძალები
„ისინი იცავდნენ პოზიციებს „აზოვსტალში“ და ამით ხელს უშლიდნენ მოწინააღმდეგეს დაეკავებინა ზაპოროჟიე, გასულიყო დონეცკის ადმინისტრაციული საზღვრებიდან. მათმა წინააღმდეგობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის მოგების საშუალება მისცა“, – აღნიშნა გენშტაბმა.
თავად „აზოვსტალის“ დამცველთა ინფორმაციით, მათ, ამ სამი თვის განმავლობაში, გაანადგურეს 6 ათასი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი, 78 ტანკი და 100 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა.
საერთაშორისო მედია წერდა, რომ რუსეთისთვის მარიუპოლი მთავარი საპორტო ქალაქი და სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილია – ამიტომაც იბრძოდა რუსეთი ასე გამეტებით ქალაქის სრულად ასაღებად. გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ის მიხედვით, – „მარიუპოლის დაკავება მოსკოვს საშუალებას მისცემს შექმნას „ხიდი“, რომელიც მის მიერვე დაპყრობილ ყირიმთან დააკავშირებს“.
საერთაშორისო მედია დღეს უკვე „აზოვსტალის“ დამცველთა ბედზე მსჯელობს. ვრცელ სტატიაში, რომელიც მარიუპოლის მებრძოლების ევაკუაციას ეხება, გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს:
„და მაინც, სამხედროების ბედმა შესაძლოა პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას ბატონ ზელენსკის, რომლის პოპულარობაც ამ ომის განმავლობაში, როგორც მის სამშობლოში, ისე საერთაშორისო არენაზე, რადიკალურად გაიზარდა.
ბატონი პუტინიც შესაძლოა უხერხულობის წინაშე აღმოჩნდეს, თუკი ტყვეებს გაათავისუფლებს – თუნდაც გაცვლის მათ – ის ხომ მუდმივად ცდილობდა „აზოველები“ ნაცისტებად გამოეყვანა, მათი რეპატრიაცია კი მის ამ ნარატივს მთლიანად დაანგრევს.
ბევრმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ მარიუპოლის უკანასკნელ დამცველებს, როგორც რუსეთის ტყვეებს, შესაძლოა, მძიმე ბედი ელოდეთ – თუმცა დიდი ალბათობით, ერთადერთი ალტერნატივა მეტალურგიულ ქარხანაში გარდაუვალი სიკვდილი იყო“.
მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA/ALESSANDRO GUERRA
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 298 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ფულადი გზავნილები ჯამში 308.1 მილიონ აშშ დოლარამდე [944.8 მილიონი ლარი] გაიზარდა, რაც 114.1 მილიონი აშშ დოლარით [58 პროცენტი] მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა კი 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი.
ფულად გზავნილებში გადმორიცხვების სიმრავლით მეორე ადგილზეა იტალია – 33.40 მილიონი აშშ დოლარი, მესამე ადგილზეა აშშ – 25.02 მილიონი აშშ დოლარი.
2022 წლის მარტში საქართველოში 193.1 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს. მარტში გადმორიცხვების სიმრავლით პირველ ადგილზე იტალია იყო 36 მილიონი აშშ დოლარით, მეორეზე რუსეთი – 27 მილიონი აშშ დოლარი, მესამე ადგილზე კი, აშშ – 25 მილიონი აშშ დოლარი.
„შუახევიჰესის“ მიერ მიმდინარე წლის აპრილში გამომუშავებული ელექტროენერგია, ესკოს მონაცემების თანახმად, 106 მილიონ 509 ათას კვტ.სთ შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2020 და 2021 წლის ანალოგიური პერიოდის გამომუშავების მაჩვენებელს.
„შუახევისჰესი“ ოპერირების დაწყებიდან მნიშვნელოვნად ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე და ხელს უწყობს შიდა გამომუშავების ზრდას.
187 მგვტ სიმძლავრის „შუახევიჰესმა“ ოპერირება 2020 წლის გაზაფხულზე გაიწყო. ჰესის მშენებლობა განხორციელდა აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. პროექტი განხორციელდა ნორვეგიული და ინდური ინვესტიციით. „შუახევიჰესი“ დღემდე ერთადერთი ენერგოობიექტია, რომელიც სამი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ დაფინანსდა.
17 მაისის მონაცემებით, „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 225 მილიონ 200 ათას კვტ.სთ-ს შეადგენს.
გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბრძანება გამოსცა, რაც საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების კონკრეტულ კატეგორიებს ადგენს. გადაცდომები 16 მაისიდან უნდა შეფასდეს, მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე.
ბრძანების მიხედვით, მსუბუქ გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად კი, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, მათ შორის, მაგალითად, „სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა ან/და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება“, ან „გარეგნულ იერ-სახესა და ჩაცმულობასთან დაკავშირებული სპეციალური წესების არასაპატიო მიზეზით დარღვევა“.
ამავე კატეგორიაშია პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის დასაწყისისა და დასასრულის, ასევე შესვენების დროის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესის დარღვევა ან კიდევ: „ნებისმიერი პირისათვის ისეთი სამართლებრივი კონსულტაციის ან იურიდიული დახმარების გაწევა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და პროკურატურის ინტერესებს“.
ირაკლი შოთაძის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, მძიმე გადაცდომად ჩაითვლება „პროკურატურის თანამშრომლის მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენა. ამ კატეგორიაში დიდი ჩამონათვალია და გვხდება, მაგალითად:
„პროკურატურის თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა, საქმის შედეგზე პირადი ან/და სხვა მოტივით ზეგავლენის მოხდენის მიზნით“.
„პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება“.
„პროკურატურის თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის ან/და პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე“.
„პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის“.
„პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საჯარო სივრცეში კომენტარის გაკეთება, რომელიც ზიანს აყენებს გამოძიების ინტერესებს“.
გენპროკურორის ახალი ბრძანება 16 მაისიდან ამოქმედდა.
იმის გამო, რომ სამხრე კამერის ჩანაწერები მოსამართლესთან პოლიციელებმა ვერ მიიტანეს, სხდომა გადაიდო.
საუბარია 6 მაისს ღამით აქციაზე დაკავებულ 24 ადამიანზე, მათგან სამის – ბაჩი მექვაბიშვილის, ლევან გორგილაძისა და გიგა თედორაძის სასამართლო განხილვა უნდა შემდგარიყო დღეს, 18 მაისს.
იმის მიუხედავად, რომ კარვების დაშლიდან და აქციის მონაწილეების დაკავებიდან 12 დღე გავიდა, შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს უთხრა, რომ ამ დროში 112-დან ჩანაწერი ვერ მიაწოდეს.
„ის ჯერ სერვერზე უნდა აიტვირთოს“, – განმარტა პოლიციელმა.
მოსამართლემ ისე გადადო სხდომა, რომ არ გასჩენია კითხვა: რასთან გვაქვს საქმე, როცა შსს-ს ერთი უწყება – 112, მეორე უწყებას – პოლიციას სასამართლოსთვის გადასაცემ მტკიცებულებას 12 დღეშიც კი ვერ აწვდის.
„მე პირადად დამაკავეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა, მათ არ აქვთ სამხრე კამერები… გვაქვს წარმოდგენილი ვიდეოები, სადაც უწყვეტად ჩანს ჩვენი დაკავება“, – მიმართა მოსამართლეს ბაჩი მექვაბიშვილმა, ის ბათუმის საკრებულოს წევრია.
6 მაისს აქციაზე პოლიციელებმა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საკრებულოს 7 წევრი დააკავეს, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი.
„როდის მოგაწვდიან? ისე არ გამოვიდეს, რომ შემდეგ სხდომაზეც არ გქონდეთ ჩანაწერი…“ – უთხრა პოლიციელებს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
„როგორც მითხრეს, დღეს ან ხვალ უნდა მივიღოთ“, – უპასუხა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღიძემ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 20 მაისს გაიმართება. ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 24 ადამიანს, ვისაც პოლიციამ კარვები დაუშალა, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„ამჟამად მოვლა-შენახვის სამუშაოები სრულდება და გზა განვლად მდგომარეობაშია,“ – მოგვწერეს საქართველოს გზების დეპარტამენტიდან, სადაც დღეს, 18 მაისს, ვიკითხეთ: რატომ არის თვეების განმავლობაში შეჩერებული გზის რეაბილიტაცია ხიჭაურიდან შუახევის ადმინისტრაციულ ცენტრამდე.
აქ სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ახორციელებდა, რომელმაც სატენდერო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ხელახლა ტენდერი გამოაცხადეს.
„13 მაისს გამოცხადდა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 59-68 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.
საავტომობილო გზის მონაკვეთი შუახევში
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის შუახევის მონაკვეთზე, დაახლოებით 9 კილომეტრზე, ასფალტის საფარი არ არსობობს.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უნალექოდ, დღისით კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 18-23 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 და 21 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
დღეს, 18 მაისს, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში ასი უკრაინელი ბავშვი ისწავლის 1-4 კლასების ჩათვლით.
სექტორის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრები, ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი.
უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ. უფრო ადრე უკრაინელი სექტორი თბილისში გაიხსნა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, 8 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასამდე ლტოლვილი ჩამოვიდა, მათ შორის, 4 500 ბავშვია.
უკრაინული სექტორის გახსნას უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულიც ესწრებოდა.
მოგეხსენებათ, ჭკვიანი სახლი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა დეველოპერულ სექტორში, რომელიც მობინადრეებს ერთდროულად სთავაზობს როგორც კომფორტს, ისე უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას.
ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია სმარტერმა ჩაუყარა საფუძველი ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემების დანერგვას. დღეისთვის კი მათი ერთგული პარტნიორების სია მოიცავს თითქმის ყველა წამყვან დეველოპერულ კომპანიას როგორც თბილისში, ისე აჭარის რეგიონში.
ჩვენ გადავწყვიტეთ დარგის ლიდერთან გადაგვემოწმებინა, თუ როგორია ამ მიმართულებით ტენდენცია და კონკრეტულად რომელი დეველოპერული კომპანიები ზრუნავენ განსაკუთრებულად მათ მომავალ მობინადრეებზე კომფორტისა და უსაფრთხოების კუთხით.
გამოკითხვის შედეგად წარმოგიდგენთ ტოპ 10 ინოვაციური პროექტის სიას, რომლებიც სულ მალე შეემატება როგორც დედაქალაქს, ისე აჭარის რეგიონს.
ვილა რეზიდენსი, რომელიც აგრძელებს პრემიუმ უბნის განვითარებას, გამოირჩევა არა მხოლოდ მშენებლობის მაღალი ხარისხით, არამედ ის ასევე ორიენტირებულია ინოვაციური მიმართულებით განვითარებაზეც.
„კრწანისი ვილა რეზიდენსის“ და კომპანია „სმარტერის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ბინები სრულად აღჭურვილია ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემებით.
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება.
კომპანია „სმარტერისა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი ბოტანიკო სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის ისეთი თანამედროვე სისტემებით, როგორიცაა: კარის ჭკვიანი საკეტი, გათბობა-გაგრილების დისტანციური მართა და ა.შ.
სიმეტრია პარკი პრემიუმ კლასის დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ოქროყანაში მდებარეობს. პროექტს გამოარჩევს: ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემები, საუკეთესო ადგილმდებარეობა და რეკრეაცია.
კომპანია „სმარტერისა“ და „სიმეტრია პარკის“ თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის სისტემებით, რაც მობინადრეებისთვის ნიშნავს მეტ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ენერგორესურსების დაზოგვას.
ტერასა იპოდრომი ახალი ენერგოეფექტური კომპლექსია დახვეწილი გეგმარების ბინებით და უახლესი ტექნოლოგიური სისტემებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია თანამედროვე, აქტიური, ცხოვრების სტილთან.
აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეებს აუცილებლად დახვდებათ სმარტერის მიერ მოწყობილი ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს და უფრო კომფორტულს გახდის.
Next Green მოქმედი აპარტოტელია, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურულ ობიექტს და რაც მთავარია, მდებარეობს მახინჯაურის ყველაზე მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
აპარტოტელის ტიპის ობიექტებისთვის ჭკვიანი სახლის სისტემებით გამოწვეული კომფორტი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა დეველოპერებისთვის და მათ სწორედ სმარტერის მომსახურებაზე შეაჩერეს არჩევანი.
ძველი თბილისის შუაგულში, მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ 1,3 ჰა ფართობზეა განთავსებული. იგი ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართობებს და რაც მთავარია, 5100 მ2 საზოგადოებრივ სივრცეს.
მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემებით, რომელიც მობინადრეებს შესთავაზებს თანამედროვე ცხოვრების უმაღლეს სტანდარტს.
WHITE SAILS-ი წარმოადგენს პრემიუმკლასის სასტუმროებისა და აპარტამენტებისგან შემდგარ უნიკალურ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია არა მხოლოდ ბათუმში, არამედ სრულიად აჭარის რეგიონში.
კომპანია „სმარტერმა“ აღნიშნულ მრავალფუნქციურ კომპლექსში 800-ზე მეტი აპარტამენტი აღჭურა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა.
40-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი PANORAMA მდებარეობს ზღვისპირა ზოლში, რომელიც ერთდროულად აერთიანებს: 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, აპარტამენტებს, კომერციულ სივრცეებს, სამორინეს და სხვა გასართობ ობიექტებს.
აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის სისტემებით და მომავალ მობინადრეებს შესთავაზებს როგორც კომფორტის, ისე უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს.
პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Demax Vake, „დემაქს ჯგუფის“ გამორჩეული პროექტია, თავისი ადგილმდებარეობითა და უნიკალური გეგმარებით. კომპლექსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის 22 ნომერში მდებარეობს.
აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა ჭკვიანი სახლის სისტემები. მობინადრეებს შეეძლებათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოახდინონ საკუთარი სახლის მართვა.
პროექტი „ნავი“ პირველი ინოვაციური პროექტია გონიოში, რომელიც სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემებით. პროექტი ასევე გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით, რომელსაც კომპანია „ანაგი“ ასრულებს.
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 300 [გასულ დღე-ღამეში +400] ადამიანი
ტანკი – 1 251 ერთეული [+16]
ჯავშანტექნიკა / APV – 3 043 ერთეული [+34]
საარტილერიო სისტემა – 586 ერთეული [+8]
MLRS – 199 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 91 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 202 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 167 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 441 ერთეული [+5]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 137 ერთეული [+28]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 102 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციაა ანახლებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:
172 თვითმფრინავი
125 ვერტმფრენი
927 უპილოტო საფრენი აპარატი
311 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 139 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
389 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 548 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 997 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 18 მაისის განახლებაში მარიუპოლის შესახებ ცნობებს აქვეყნებს და ქალაქისთვის ბრძოლებში ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებაზე წერს. დაზვერვის ცნობით, ჩეჩნური დანაყოფების გადაადგილებას მარიუპოლში პირადად აკონტროლებდა რამზან კადიროვი, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი საველე მეთაურის მოვალეობას ასრულებდა.
„უკრაინის წინააღმდეგობის დასაძლევად, რუსეთი ფართოდ იყენებდა დამხმარე ძალებს. მათ შორის ჩეჩნურ დანაყოფებს, რომლებიც სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებოდა და მთლიანად მარიუპოლსა და ლუგანსკზე იყო მიმართული“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყების ცნობით, ჩეჩნური დანაყოფები შედგება როგორც ცალკეული მოხალისეებისგან, ისე ეროვნული გვარდიის წევრებისგან, რომლებიც, როგორც წესი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვს ძალაუფლების გამყარებაზე ზრუნავენ.
„რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, პირადად აკონტროლებდა ჩეჩნური დანაყოფების მოქმედებას, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი მარიუპოლში, სავარაუდოდ, საველე მეთაურის ფუნქციას ასრულებდა“.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, საომარ მოქმედებებში ასეთი ძალების გამოყენება მიუთითებს რესურსების ნაკლებობაზე. შესაბამისად, სამხედრო სარდლობა ვერ ახერხებს კოორდინირებულ მოქმედებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის რუსეთის სამხედრო ოპერაციებს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა მარიუპოლი ალყაში ჯერ კიდევ ათი კვირის წინ მოაქციეს, უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ შეასუსტა რუსეთის შესაძლებლობა, სრული კონტროლი დაემყარებინა ამ მნიშვნელოვან ქალაქზე და რუსეთი მნიშვნელოვან დანაკარგებამდე მიიყვანა“, – აღნიშნავს უწყება.
მარიუპოლი რუსეთის სამხედრო ძალებმა ალყაში ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მოაქციეს და მისი შესასვლელები დაბლოკეს. ერთადერთი ადგილი, რომელიც რუსეთის ჯარმა ვერ აიღო, „აზოვსტალის“ ქარხანა იყო. ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს ამბობდნენ.
არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის ტერიტორიაზე შეფარებული მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მარიუპოლიდან ომის დაწყებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ მოხერხდა.
16 მაისს ცნობილი გახდა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან 250-ზე მეტი ადამიანი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიყვანეს, მათ შორის, 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, „აზოვსტალში“ მყოფმა 250-ზე მეტმა მებრძოლმა იარაღი დაყარა და რუსეთს ტყვედ ჩაბარდა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ 52 დაჭრილ უკრაინელ მებრძოლს, რომლებიც რუსეთმა „აზოვსტალიდან“ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა, გამოჯანმრთელების შემდეგ რუს სამხედროებში გაცვლიან.
მთავარი ფოტო: ადამ დელიმხანოვი და რამზან კადიროვი/twitter
მას შემდეგ, რაც „ბათუმელები & ნეტგაზეთი“ უკრაინული მედიის დასახმარებლად დაწყებულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა, ამ კამპანიისადმი მხარდაჭერა საქართველოს არაერთმა მედიასაშუალებამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ დიპლომატიურმა მისიამ გამოხატა. მათ შორისაა იაპონიის საელჩო საქართველოში, რომელთანაც „ბათუმელები & ნეტგაზეთს“ უკვე აქვს წარმატებული პარტნიორობის გამოცდილება.
იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ, ჩვენთან მოკლე ინტერვიუში მედიისადმი საკუთარი სოლიდარობის გარდა, ისაუბრა იმაზეც, თუ რატომაა იაპონიისთვის მნიშვნელოვანი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე მკაცრი და უკომპრომისო რეაქცია და კიდევ რა ზომებს მიმართავს ქვეყნის მთავრობა უახლოეს თვეებში.
მადლობა თქვენ. როგორც თქვით, რუსეთის აგრესია უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს ეწინააღმდეგება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ასევე არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაც – უდანაშაულო სამოქალაქო პირების მკვლელობა სამხედრო დანაშაულია.
როგორც ახსენეთ, პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ მაქსიმალურად მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არა მარტო ევროპული, არამედ აზიური უსაფრთხოების საკითხიცაა.
აქ უნდა გადაგამისამართოთ ჩვენს შეშფოთებაზე აზიაში. მაგალითად, იაპონიის კუნძულები კვლავ უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასევე, გვაშფოთებს ჩვენს ტერიტორიულ წყლებში, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, სტატუს-კვოს ცალმხრივი ცვლილების მცდელობები. მსგავსი პრობლემებია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
სწორედ ამიტომაც გვაშფოთებს ეს მოვლენები. უმნიშვნელოვანესია, რომ წყნარი ოკეანე იყოს თავისუფალი და ღია.
ახლახან იაპონიაში ჩამოსულები იყვნენ ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩვენი შეშფოთება მათაც გავუზიარეთ.
იაპონია და საქართველო ამ ომზე რეაგირებაში ერთიანები არიან. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს რეაგირებას, განსაკუთრებით საერთაშორისო სარბიელზე. ჩვენ ვიყავით თანაინიციატორები გაეროს რეზოლუციების, მათ შორის იმ რეზოლუციის, რომელმაც ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერა. კიდევ ერთი მაგალითია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსადმი მიმართვა [უკრაინაში] საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამოძიების შესახებ.
შესაბამისად, გაერთიანებულნი ვართ საერთო მიზნის, – უკრაინაში მშვიდობის დაუყოვნებლივ აღდგენის, – მიღწევის საქმეში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს მნიშვნელობას, არამხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად.
გადავწყვიტეთ უპრეცედენტოდ მკაცრ ზომებს მივმართოთ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ეს არაერთ სფეროს ეხება, არამარტო ფინანსურს, არამედ ვაჭრობას და სხვებსაც.
გავყინეთ 140 კერძო პირის აქტივები. 70 სამხედრო ორგანიზაციას დავუწესეთ აკრძალვა ექსპორტზე. ეს აკრძალვა ასევე შეეხო რუსეთისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს, მათ შორის განვითარებულ ტექნოლოგიას, როგორიც კვანტური გამოთვლებია.
ვაფართოებთ იმ ბანკების სიასაც, რომელთა აქტივებიც გაიყინება.
ეს ზომებია მიღებული. ამით გვსურს, რუსეთი იზოლაციაში მოვაქციოთ, ომში გამარჯვების საშუალება არ მივცეთ და რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ მშვიდობას.
და, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ პასუხისმგებელი პირები დაუსჯელები არ დარჩნენ.
რაც შეეხება შედეგებს, ვფიქრობ, უკვე ვხედავთ ამ ზომების ძლიერ გავლენას. რუსეთის შესაძლებლობა, განაგრძოს ომი და მიზნებს მიაღწიოს, დიდად დაეცა.
გავლენას ეკონომიკაზე გრძნობენ სხვადასხვა სექტორში – ფინანსურში, სავაჭროში, ენერგეტიკულში, ტექნოლოგიურში და ასე შემდეგ.
ვიტყოდი, რომ ფასი, რომლის გადახდაც რუსეთის ეკონომიკას უწევს, ძალიან მაღალია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ზომების მიღებას მანამ, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ. ჩემი აზრით, ეს ზეწოლა, რაც დრო გადის, უფრო იზრდება.
რა თქმა უნდა, ქვეყნებს აქვთ გარემოებები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ სანქციების დაწესებისას. მაგალითად, იაპონია დამოკიდებულია უცხოურ ენერგორესურსებზე. ჩვენ მიერ მოხმარებული ნედლი ნავთობის 99,7% უცხოეთიდანაა. ამიტომ, მარტივი არაა, მაგრამ რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტის შეჩერება გადავწყვიტეთ მომავალ თვეებში. თანდათანობით ვიმოძრავებთ, მაგრამ იმპორტის სრულ აკრძალვამდე მივალთ.
საქართველოსთან ერთად [უკრაინას] ჰუმანიტარულად ვეხმარებით. ჩვენ მიერ გამოცხადებული დახმარების ოდენობა დაახლოებით 200 მილიონი დოლარია. დახმარების აღმოჩენა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იაპონური არასამთავრობოების მეშვეობით ხდება.
თუმცა, გვაქვს სირთულეები, რომლებიც კონსტიტუციური შეზღუდვებიდან მომდინარეობს. არ შეგვიძლია შეიარაღების ექსპორტი ან ტრანსპორტირება უკრაინისთვის, მაგრამ გადავწყვიტეთ რეგულაციების შეცვლა, რათა შეგვეძლოს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობით დახმარება – ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა.
ვითვალისწინებთ გარემოებებს, მაგრამ ვიღებთ მაქსიმალურ ზომებს.
ვიწვევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს, გვერდზე დაგვიდგნენ, მიიღონ ეს ზომები და არ დაუშვან სანქციებისგან თავის არიდება.
გვსურს, განვაგრძოთ პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, ჩვენი დახმარებით ან ინვესტიციით ენერგეტიკულ სექტორში.
ასევე შევამჩნიეთ, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტიც რუსეთზეა დამოკიდებული. ქართულ მხარეს ბაზრის დივერსიფიცირება აქვს განზრახული. შეგვიძლია, საქართველოს დავეხმაროთ ამ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაშიც, რაც ქვეყანას ახალი ბაზრებზე გასვლის საშუალებას მისცემს.
ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. რუსეთმა დაიწყო ომი და გადავიდა სამხედრო მეთოდებზე. რუსეთმა შექმნა არსებული ვითარება, შესაბამისად პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრება.
ალბათ გაიგებდით, მარტში [რუსეთმა] გამოაცხადა, რომ წყვეტს ორმხრივ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე [იაპონია-რუსეთს შორის], მათ შორის ტერიტორიასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ესეც არსებული ვითარების იაპონიისა და რუსეთის ურთიერთობებზე გადმოტანის მცდელობაა. ეს არსებული ვითარება კი, როგორც აღვნიშნე, რუსეთის შექმნილია.
მარტში პროტესტი გამოვაცხადეთ და რუსეთის ელჩი გამოვიძახეთ. ეს იყო ჩვენი პასუხი.
„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ საქართველოშიიაპონიისსაელჩოსთან ნაყოფიერითანამშრომლობისგამოცდილებააქვს. ახლათქვენმხარსუჭერთკამპანიასუკრაინულიმედიისდასახმარებლად, რომელშიცჩვენცვმონაწილეობთ. რამგანაპირობათქვენიგადაწყვეტილებადარასფიქრობთომისდროსდამოუკიდებელიმედიისმნიშვნელობაზე?
უპირველეს ყოვლისა, მსურს სამძიმარი ვუთხრა იმ ჟურნალისტების ოჯახებს, ვინც ამ სასტიკი და უსამართლო ომის გაშუქებისას დაიღუპა.
ჟურნალისტების მხარდამჭერ კამპანიას და მასში თქვენს მონაწილეობას მივესალმები. ჩვენც, რა თქმა უნდა, დიდად შეშფოთებული ვართ უკრაინაში ჟურნალისტებთან დაკავშირებული სიტუაციით.
როგორც ვთქვი, ზოგი მათგანი მოკლეს უსამართლო ომის გაშუქებისას. ეს ადამიანის უფლებების ტრაგიკული დარღვევაა. წამება, უდანაშაულო ხალხის მკვლელობა… ჟურნალისტები ემსხვერპლნენ ამ დანაშაულების გამოაშკარავების მცდელობას.
ვფიქრობ, ამ ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მათი მხარდაჭერა.
ცოტა ხნის წინ, ვმონაწილეობდით დისკუსიაში უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ. ეს დისკუსია ჟურნალისტებსაც ეხებოდა. ჩვენ გაეროში მიმდინარე განხილვისას მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიონ და ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს.
ეს ჩვენი მთავრობის მცდელობაა, დაეხმაროს მათ, ვინც ომს აშუქებს.
ასევე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას G 7-ის პარტნიორებთან, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ომის შესახებ.
თქვენ იკითხეთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე. როგორც ერთ-ერთი განვითარებული დემოკრატია, იაპონია მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას გლობალურ მასშტაბში.
ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ დეზინფორმაციით და კიბერშეტევებით, რომლებითაც ცდილობენ, დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ ან დაასუსტონ ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსია.
საქართველოში, რა თქმა უნდა, შევამჩნიეთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოთქმული ზოგი შეშფოთება მედიის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, ვეხმარებით დამოუკიდებელ მედიას, როგორიც „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებია“.
„ბათუმელებს“ გადავეცით პატარა მოგზაური ბიბლიოთეკა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა მათ წვდომა ჰქონდეთ წიგნებზე. ეს ჩვენი დახმარების პატარა მაგალითია.
ვთანამშრომლობთ საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. მათ შევთავაზეთ სერიალი იაპონურ კულტურაზე. მისი მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ასე საქართველოს საზოგადოებას შეუძლია უკეთ გაეცნოს იაპონიის ტრადიციულ და თანამედროვე კულტურას.
ვიმედოვნებთ, რომ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა საქართველოს დემოკრატია სწორი მიმართულებით განვითარდეს, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებელი მედია და ინსტიტუტები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ 16 მაისს, 24 საათის განმავლობაში დასავლეთ უკრაინის საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისა და მოლდოვისკენ თითქმის 73 ათასმა ადამიანმა და 18 ათასზე მეტმა ავტომობილმა გადაკვეთა.
მათ შორის 19 ათასმა გადაკვეთა საზღვარი პოლონეთთან, დანარჩენები კი სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში გადავიდნენ.
უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა – მათი ცნობით მხოლოდ ბოლო 24 საათში თითქმის 41 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა უკრაინაში.
სხვადასხვა ქვეყნებიდან რომ ბრუნდებიან კიდეც უკრაინის მოქალაქეები უკრაინაში, ამას გაეროს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, 28 თებერვლიდან 16 მაისის შუალედში უკრაინაში დაბრუნდა 1 820 500 უკრაინელი. თუმცა ორგანიზაცია იქვე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ საზღვრის კვეთის, მოქალაქეთა ქვეყანაში შესვლის მაჩვენებელია და არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ეს მოქალაქეები საბოლოოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში და ისევ არ გადაადგილდებიან:
„უკრაინაში მუდმივად ცვალებადი მდგომარეობაა და საბოლოო ტენდენციებზე საუბარი ნაადრევია, სწორედ ამიტომ ეს რიცხვი არ აკლდება ლტოლვილთა საერთო რაოდენობას მანამ, სანამ მეტი ინფორმაცია არ დაგროვდება საზღვრისპირა გადაადგილებების შესახებ“, – წერია გაეროს განმარტებაში.
გამოცემა BBC გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 13 მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი.
მათ შორის 6 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში.
6, 5 მილიონამდე ადამიანი კი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილდა.
უკრაინელი ლტოლვილები ძირითადად დასავლეთის საზღვარს კვეთენ, თუმცა ძირითადად პოლონეთში გადადიან.
გაეროს ბოლო მონაცემებით უკრაინიდან 6, 2 მილიონი ადამიანი გადავიდა სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ:
პოლონეთში – 3,376,992
რუმინეთში – 919,574
რუსეთში – 850,534
უნგრეთში – 610,076
მოლდოვაში – 464,294
სლოვაკეთში – 424,027
ბელორუსში – 27,308
ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ 16 მაისის მდგომარეობით 345 202 უკრაინელ ლტოლვილს მისცა დაჩქარებული ვიზა.
გერმანიის განცხადებით კი, 14 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში 700 000-ზე მეტი უკრაინელი იყო ჩასული, მათგან 40% ბავშვია.
პუტინი აცხადებს ასევე, რომ რუსული ჯარები მარიუპოლიდან ევაკუაციაში „დაეხმარნენ“ 140 000 მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეს. მისი მტკიცებით რუსეთში წასვლა უკრაინელებისთვის არ დაუძალებიათ.
28 მარტის მონაცემებით, საქართველოში 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იყო შემოსული, რის შემდეგაც ეს რიცხვი სავარაუდოდ გაიზარდა.
მინიმუმ შვიდმა ავტობუსმა, რომლებშიც ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები იმყოფებოდნენ, პრორუსული შეიარაღებული ძალების თანხლებით დატოვეს აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, იუწყება „როიტერსი“. სააგენტომ ეს ინფორმაცია საქართველოს დროით 18:50 საათზე გაავრცელა.
“როიტერსის” ცნობით, არ იყო დაჭრილი ზოგიერთი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ავტობუსით გადაიყვანეს.
დღეს, 17 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვსტალიდან” ამ დროისთვის 264 ადამიანი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაყვანილი და შემდგომში მათი გაცვლა მოხდება.
გენშტაბის ცნობით, 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნით ქარხნის ტერიტორიიდან ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც შემდეგ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე დააბრუნებენ “გაცვლის პროცედურებით”. ოლენივკა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.
ასევე, ამავე ინფორმაციის თანახმად, აზოვსტალიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილიც.
ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის შეჩერებულია. სტამბოლში შეხვედრის შემდეგ პროგრესი მოლაპარაკებების პროცესში არ ყოფილა.
უკრაინული მედიის, 24-ე კანალის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი რთულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.
პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და შეუძლია პოზიციების ჩამოყალიბება მოლაპარაკებებისას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესს არეგულირებს ვოლოდიმირ ზელენსკი და ადეკვატურ შეფასებებზე დაყრდნობით სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რა განიხილება ან რა შეიძლება განიხილებოდეს მოლაპარაკებებისას.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ ესმის, რომ ვითარება უკრაინაში სულაც არ არის ისეთი, როგორც თავიდან კრემლს წარმოედგინა, არ ცვლიან დირექტივებს და აგრძელებენ აქტიურ შანტაჟს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დასძინა, რომ რუსები ცხოვრობენ სამყაროში, სადაც თითქოს „უკრაინაში ნაციზმია“. „თუმცა მთელმა მსოფლიომ უკვე გაიგო, რომ დღეს არსებობს მხოლოდ რუსული ნაციზმი“, – ამბობს პოდოლიაკი.
მისივე განმარტებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია სტამბოლის შეხვედრებისას პროგრესის არარსებობის გამო. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ომი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს.
პოდოლიაკმა 3 მიზეზი დაასახელა, რის გამოც უკრაინამ შეაჩერა მოლაპარაკება რუსეთთან:
„რუსეთს არ სურს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ამ პროცესებში საკუთარი, უკიდურესად უარყოფითი როლის გაცნობიერება.
კრემლს არ ესმის, რომ ომი აღარ მიდის რუსეთის წესების, გრაფიკის გეგმების მიხედვით.
უკრაინის პროფესიონალური წინააღმდეგობა მხოლოდ იზრდება, ამიტომ რუსეთი ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწევს“, – განმარტავს პოდოლიაკი.
რუსეთი, თავის მხრივ, უკრაინას მოლაპარაკებებიდან გასვლაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ამტკიცებს, რომ უკრაინა „ფაქტობრივად გამოვიდა მოლაპარაკებებიდან“.
მის სიტყვებს პროპაგანდისტული მედია RIA Novosti-ც ციტირებს. მინისტრის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ კიევიდან მათ არ მიუღიათ პასუხი „რუსეთის ხელშეკრულების პროექტზე“.
___
რა არის ცნობილი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესახებ
უკრაინა ომის შეჩერებას დიპლომატიური გზით რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცდილობს.
კიევი ბელორუსის საზღვარზე რუსებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს დათანხმდა.
მოგვიანებით, სტამბოლში, თურქეთის შუამავლობით, გაიმართა შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დიმიტრი კულებასა და სერგეი ლავროვს შორის.
მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში კი უკრაინის და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს სტამბოლის აზიურ ნაწილში.
კიევმა მოსკოვს თავისი წინადადებები გააცნო, რომლის მიხედვითაც იგი დათანხმდა მესამე ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კურსის დატოვების სანაცვლოდ.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.
ყირიმთან დაკავშირებით უკრაინამ რუსეთს შესთავაზა გაყინოს ანექსირებული ყირიმის სტატუსი 10-15 წლით და ამ პერიოდში გაიმართოს მოლაპარაკებები.
უკრაინაში ხელშეკრულების დამტკიცებამდე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო. მის ხელმოწერას კი წინ უნდა უძღოდეს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, მაგრამ კრემლმა კიევის წინადადებებს არ უპასუხა.
24-ე კანალი წერს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესი გაართულა კიევის რეგიონში რუსების სისასტიკემ.
ზელენსკი აფრთხილებს კრემლს, რომ უკრაინა დატოვებს მოლაპარაკებებს, თუ რუსეთი ხერსონში ფსევდორეფერენდუმს ჩაატარებს და მარიუპოლში მოსახლეობას გაანადგურებს. გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები რომ განახლდეს, ამისთვის რუსეთმა ჯერ თავისი ჯარები 24 თებერვლის პოზიციებზე უნდა დააბრუნოს.
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთის] რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ახალი ტენდერი გამოაცხადა.
ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
სატენდერო თანხა, ანუ სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, ამჯერად 9 152 784 ლარია.
თუ ამ მაჩვენებელს უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულებას დავუმატებთ და წინა ტენდერის სახელშეკრულებო თანხას გამოვაკლებთ, გამოდის, რომ სამუშაოები მინიმუმ 3 მილიონი ლარით გაძვირდა [თუმცა, საბოლოო ღირებულება ახალი ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვევა].
„ზიმო 7“-თან ხელშეკრულება მერიის სამმართველოს 2021 წლის 26 მარტს ჰქონდა გაფორმებული 8 646 623 ლარზე.
დოკუმენტების მიხედვით, 11 თვის განმავლობაში კომპანიამ მხოლოდ მეოთხედი ანუ 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. მერიის განცხადებით, ეს „სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მიუთითებდა“.
ბათუმში ნავთობის მძაფრი სუნი განსაკუთრებით გუშინ, 16 მაისის, დღის მეორე ნახევარში იგრძნობოდა. მძაფრი სუნი არა მარტო ღია, დახურულ სივრცეებშიც კი შემაწუხებელი იყო.
როგორც ბათუმის პორტში გვეუბნებიან, ნავთობის სუნი პორტში ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვისას უკავშირდება.
„ნავთობტერმინალზე იტვირთება ტანკერი, ნავთობის გადმოტვირთვა მიმდინარეობს და ეს სუნი სულ იყო ბათუმში. იმიტომ, რომ ყაზახურ ტვირთს საერთოდ აქვს დიდი გოგირდიანობა, სპეციფიკური სუნია. ეს არის გოგირდის სუნი“, – გვეუბნებიან პორტში.
პორტში ირწმუნებიან, რომ გოგირდის სუნი ჯანმრთელობისთვის საშიშ კონდიციას არ აღწევს, რადგან „არსებობს სპეციალური დანადგარები, რომელიც ამას წმენდს. სუნი დადგება თუ არა კიდევ ქალაქში ვერ გეტყვით, გააჩნია ქარი საით დაუბერავს“, – განმარტავენ პორტში.
მათი თქმით, გემზე ნავთობპროდუქტების დატვირთვა შესაძლოა ხვალ საღამოს დასრულდეს.
„ბათუმელებმა“ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ჰკითხა, რატომ იფრქვევა ბოლო პერიოდში ბათუმში ნავთობის მძაფრი სუნი ასე ხშირად და ხომ არა უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს ის კონცენტრაცია, რაც ბათუმში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა.
„მიმდინარე წლის 10 მაისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე პრიმა 8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში. ამასთან, აჭარისა და გურიის სამმართველოს ინსპექტორებს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიმართ დაწყებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – მოგვწერეს დღეს, 17 მაისს ზედამხედველობის სამსახურიდან.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო ხვალ, 18 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრებ ზოგიერთ აბონენტს.
ბათუმში დენი გაითიშება 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით შემდეგ ქუჩებზე: შერიფ ხიმშიაშვილის, ზურაბ გორგილაძის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდება ზღვისპირა პარკის ტერიტორიას.
ხელვაჩაურში 10:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მონაცვლეობით გაითიშება შუქი შემდეგ სოფლებში: გვარაში, ქედქედში, განთიადში, კობალეთსა და მიმდენარე სოფლებში, ასევე დაბა მახინჯაურის ნაწილში.
ქობულეთში 11:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში შუქი გაითიშება მონაცვლეობით შემდეგ სოფლებში: ლეღვაში, ჭახათში, ხუცუბანში, ქაქუთსა და მიმდებარე სოფლებში. ქალაქ ქობულეთში დენი გაითიშება დავით აღმაშენებლის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ჩოლოქის დასახლების ნაწილში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 მაისის აქციაზე მათი დაკავების საქმეში პოლიციელების სამხრე კამერით გადაღებული, ასევე პოლიციის მანქანებში დაფიქსირებული კადრების სასამართლოსთვის წარდგენას ითხოვენ.
უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ამ მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით ენმ-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ მტკიცებულებების მიჩქმალვას ცდილობენ.
„24 ადამიანი დაგვაკავეს 7 მაისს, ეს იყო პოლიტიკური დევნა, რეპრესიები მოაწყო ხელისუფლებამ აჭარის რეგიონში. რეალურად, საქმეები შეთითხნილია, ზოგან სახელები და გვარებიც კი აქვთ არეული, ყველა საქმე კოპირებული და გაყალბებულია. დაკავების დროს ძალიან ბევრი დარღვევა გამოვლინდა, ამას ამტკიცებს პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები და ასევე, პოლიციელების მანქანებში გადაღებული კადრები, ამის დადგენა შეიძლება ასევე პოლიციის შენობაში რომ გადაგვიყვანეს, იქ გაკეთებული ჩანაწერებით.
სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ ეს მტკიცებულებები წარმოადგინოს პოლიციამ, თუმცა დღემდე ისინი არც საქმეში დევს და მათ არც ჩვენ გვაძლევენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლა ცდილობენ ამ ჩანაწერების განადგურებას, ასევე პოლიციელებზე ახდენენ ზეწოლას, რომ სასამართლოს გაყალბებული ჩვენებები მისცენ.“
ენმ-მ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიციელებს მოუწოდა „არ შეასრულონ უკანონო დავალება.“
ენმ მიმართავს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და საელჩოებს, შეისწავლონ ეს საქმე და მისცენ შესაბამისი შეფასება.
7 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ.
„რაღაც გამოსავალი ნახონ, ქუჩაში ვართ, შველა გვჭირდება,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც დღეს, 17 მაისს, ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამშენებლო კომპანია „ევროლუქსმა“ ფინანსურად დააზარალა – ფულს წლების განმავლობაში იხდიდნენ, ხოლო ბინა ვერ მიიღეს.
„5 წლის წინ დაიწყო მშენებლობა, კომერციული ფართობი აშენდა და კიდევ ორი სართული, სულ 21 სართული უნდა აშენებულიყო და ბინები უნდა ჩაგვბარებოდა, მაგრამ დაპირება კომპანიამ არ შეასრულა… მესაკუთრე გელა კახიძეა, ოფისი დახურა, მაგრამ თვითონ არ იმალება, რა ვქნა, მე თქვენზე მეტად დავზარალდიო,“ – გვიყვება შერმადინ ჩოხარაძე.
დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტი ბაგრატიონის 113-შია. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ აქ 200-მდე ადამიანს უნდა მიეღო ბინა. დაზარალებულების 80 პროცენტი ემიგრანტია.
„დედაჩემს ხელფასი რომ შეუმცირეს თურქეთში, იტალიაში წავიდა სამუშაოდ, იქიდან აგზავნიდა ამ ფულს, ბინა რომ გვქონოდა… დაიბარონ ის კაცი და რაღაც გამოსავალი ნახონ, სხვა ინვესტორი შეუშვან,“ – ამბობს თეა შველიძე.
„გირაოთი ვარ ბინაში და ვადა მიმთავრდება, სად წავიდე?“ – კითხულობს თინა სამხარაძე. ის თვეში დაახლოებით 400 დოლარს იხდიდა იმისთვის, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ბინა ეყიდა.
„11 ათასი დოლარი მაქვს უკვე გადახდილი… რომ არ აგვეტეხა ხმაური, კიდევ ყიდდნენ ბინებს, ჰაერში ვიხდიდით ფულს და დარჩა ჰაერი,“ – აღნიშნა თინა სამხარაძემ.
სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ჯერ არ მიუმართავთ პროკურატურისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს, ან სასამართლოსთვის, რომ სამოქალაქო წესით იდავონ. დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ეფექტური ახალი ინვესტორის მოძიება იქნება, რაშიც მათ მერიის მხარდაჭერა სჭირდებათ. მოქალაქეებს არ აქვთ კონკრეტული შეთავაზება მერიისთვის: რა ფორმით უნდა ჩაერიოს მერია მსგავსი სახის დავაში.
„მინიმუმ 24 თვეში შესრულდება ეს ვალდებულება, გააჩნია ამინდს, 10 დღეში განახლდება მშენებლობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გელა კახიძემ, კომპანია „ევროლუქსის“ ხელმძღვანელმა. ის ადასტურებს, რასაც მოქალაქეები ჰყვებიან, თუმცა მათ „დაზარალებულად“ არ მიიჩნევს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „ახალი მეწილეები გამოჩნდნენ“, თუმცა არ დაგვიკონკრეტა, ვინ არიან ეს ახალი მეწილეები, რომელთა ჩართულობითაც ამჯერად მოხერხდება დაპირების შესრულება.
„მე მქონდა შიგა პრობლემები, რაც ამოიწურა… ჯერ არ გასულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რადგან სანებართვო ვადა იწურება 2022 წლის 15 აგვისტოს. ამ ვადამდე ვერ მოხერხდება კორპუსის მშენებლობის დასრულება, მაგრამ ვადას მერია გაგვიგრძელებს“, – აღნიშნა გელა კახიძემ.
ბიზნესმენმა ვერ გვითხრა, რატომ არის დარწმუნებული, რომ მერია მშენებლობის ვადას გაუგრძელებს.
რატომ არ მიიჩნევთ ამ ადამიანებს დაზარალებულად, როცა ისინი იხდიდნენ ფულს ბინისთვის და დათქმულ ვადაში ბინა ვერ მიიღეს? – ესეც ვკითხეთ მშენებელს, რომელიც ახლა უკვე ხელშეკრულებების განახლებას და ახალ ვადებს სთავაზობს ადამიანებს, ვისაც ბინა უნდა მიეღო.
„ყველა მათგანი ვერ იხდიდა სრულად ამ თანხას… მათ ინტერესებში შედის ხელშეკრულების განახლება, მე შემიძლია ხელშეკრულება შევწყვიტო, გადახდილი თანხა უკან დავუბრუნო და იგივე ფართი უფრო ძვირად გავყიდო უკვე,“ – გვითხრა გელა კახიძემ. მისივე თქმით, ამ დრომდე ეს შეთავაზება დაზარალებულებთან არ ჰქონია და მას თითოეულს დეტალურად გააცნობს.
ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ გასული წლის დეკემბერშიც წერდა. მაშინ გელა კახიძე ამბობდა, რომ უკრაინელი მეწილის იმედი ჰქონდა. ბათუმის მერიის ცნობით კი, „ევროლუქსმა“ ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2015 წელს მიიღო. 2017 წელს მერიამ კომპანიას ნებართვა 2022 წლამდე გადაუვადა.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისგან შეუსრულებელი დაპირებების გამო ადამიანები საპროტესტო აქციებს მართავენ. წლების განმავლობაში ითხოვენ დახმარებას კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულებიც. ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა თქვეს, რომ ბათუმის მერისგან დაპირებები მიიღეს, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს.
The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა უნიანიც ავრცელებს.
გუტერეში ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა ქვეყნებმა თავიდან აიცილონ სურსათის გლობალური დეფიციტი.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ დიპლომატების თქმით, თურქეთმა გამოთქვა მზადყოფნა შეთანხმებებში მონაწილეობის მისაღებად.
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, გუტერეში რუსეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნებას სთავაზობს.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა გაეროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. გაეროს უშიშროების საბჭო კი ჯერჯერობით ვერ იღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებენ მას.
„ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებული, ზეწოლას განახორციელებენ მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა პროდუქტის მიწოდება მინიმუმ შეზღუდული რაოდენობით დაუშვას გემებით – კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნეიტრალური ან რუსეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის დროშით“, – წერს The Wall Street Journal-ი .
უკრაინის შეფასებით, ქვეყნიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული მოიპარეს ოკუპანტებმა და გაიტანეს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
მანამდე კი უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაშია – რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ სატვირთო გემებზე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აქვს მიყენებული. „ქალი დაახლოებით 32 წლისაა. კლინიკაში ის დღეს დილით შეიყვანეს“.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.