მთავარი,სიახლეები

ქალი ქედიდან, რომელიც 25 წელზე მეტია მარწყვის ბაღს უვლის

18.05.2022 • 5016
ქალი ქედიდან, რომელიც 25 წელზე მეტია მარწყვის ბაღს უვლის

54 წლის ასმათ სამნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. იგი 25 წელზე მეტია, რაც მარწყვის ბაღს უვლის.

როგორ გახდა პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერი ქალი გამოცდილი მებაღე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?

ასმათი გვიყვება, რომ 90-იან წლებში, როცა დაქორწინდა, ძალიან ძნელი ცხოვრება დაუდგა მას და მის ოჯახს. გამუდმებით ფიქრობდა, რის გაკეთება შეეძლო საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად.

„ძალიან მიყვარდა მარწყვი. სულ პატარა მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კვადრატზე მქონდა მარწყვის ნარგავი. უცებ გამიჩნდა იდეა, მარწყვის ნარგავი გამეფართოებინა და შემოსავლის წყაროდ მექცია“, – ამბობს ასმათი.

ასმათის თქმით, მარწყვის ნაკვეთს ნელ-ნელა აფართოებდა. საწყის ეტაპზე მხოლოდ 4-5 კვადრატამდე გაზარდა. შემდეგ 100 კვადრატ ფართობზე მოაშენა მარწყვი და დღეს უკვე დაახლოებით 500 კვადრატ მიწაზე გაშენებულ მარწყვს უვლის.

ასმათ სამნიძე

ასმათ სამნიძის მარწყვის ბაღი

ასმათის თქმით, მარწყვის ბაღის გაფართოების მოტივაციას ისიც აძლევდა, რომ ქედაში მცხოვრები ოჯახის ძირითად შემოსავლის წყარო მარწყვის რეალიზება იყო და დღემდე ასეა. ამასთან, როგორც ის ამბობს, ქედაში სხვა ხილი ნაკლებმოსავლიანია მარწყვთან შედარებით.

„კლიმატი შეიცვალა. ზამთარი და შემდეგ ზაფხული დგება, გაზაფხული ამოვარდა თითქოს. ამიტომ ხეხილი აღარ მოდის იმდენი, რომ ბაზარში წაიღო ადამიანმა“, – გვითხრა ასმათმა.

იგი გვიხსნის, რომ მარწყვის მოვლა ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა. სწორედ ამ მიზეზით ბევრი ოჯახი ქედაში, რომლებსაც ასევე ჰქონდათ მარწყვის ბაღი, ამ საქმეს თავი დაანება.

„ჩემ შემთხვევაში შრომის და მარწყვის სიყვარულია, რის გამოც დღემდე ვუვლი მარწყვის ბაღს.

ბევრჯერ მიფიქრია მეც ამ საქმისთვის თავის დანებება. აღარ მინდა, მომწყინდა-მეთქი, ვიტყვი, მაგრამ იმდენად შემიყვარდა მარწყვის მოვლის პროცესი, რომ ვეღარ ვშორდები. დაღლილობა გადამივლის თუ არა, მაშინვე მარწყვის ბაღში ვბრუნდები“, – გვიყვება ასმათი.

როცა მარწყვის ბაღის მოშენება გადაწყვიტა, მცირე თეორიული ცოდნა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მნიშვნელოვანი მარწყვის და მისი სწორი მოვლის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ბაღში მუშაობა პრაქტიკულად დაიწყო:

„პირველ წელიწადს თუ რაღაცას მთლად სწორად არ ვაკეთებდი, შემდეგი წლისთვის უკვე ვიცოდი, რისი გაკეთება სჯობდა და როგორ. სულ გავიძახოდი – ვაი, ასე უკეთესი ყოფილა. ასე მოვედი აქამდე“.

გასულ წელს ასმათ სამნიძემ თავისი მარწყვის ბაღიდან ჯამში 900 კილოგრამამდე მარწყვის მოსავალი მიიღო.

ასმათი გვიყვება, რომ ყველაზე რთული მარწყვის მოვლაში გაზაფხულზე ნაკვეთის თოხნა და ზედმეტი ღეროებისგან გაწმენდაა. ის გვიხსნის, რომ მარწყვი ერთხელ ითოხნება, მაგრამ ხშირად სჭირდება  გაწმენდა სარეველა ბალახისგან.

ასმათი სოფლის საბავშვო ბაღშიც მუშაობს.

„მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებისთანავე მარწყვის ბაღში მივდივარ. არის შემთხვევები, როცა არ არის საქმე, გასუფთავებულია ნარგავი და ასე შემდეგ, მაგრამ უცილებლად უნდა დავათვალიერო, მარწყვის ყველა ძირთან მივიდე, ვნახო. რაღაც ფორმით დავამყარო მათთან ურთიერთობა. დაღლილობა მეხსნება, როცა ჩემს ნაშრომს, მოცინარე მარწყვის ნერგებს ვუყურებ“, – ამბობს ასმათი.

ასმათ სამნიძემ გასულ წელს 300 კვადრატ ფართობზე სარწყავი სისტემა მოაწყო და პოლიეთილენის პარკის საფარს შორის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის წერტილებში დარგო მარწყვი.  ის წელს ამ ნაკვეთზე დიდ მოსავალს არ ელის, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ნარგავი აუცილებლად გაამართლებს და სამომავლოდ აპირებს, რომ მარწყვი ამ სისტემით 1000 კვადრატულ მეტრზე გააშენოს. მან მარწყვის ახალ ნაკვეთზე სარწყავი სისტემა თავისი ხარჯით გააკეთა.

ასმათი გვიყვება, რომ მარწყვის  დარგვის ამ მეთოდს ინტერნეტით მიაგნო, სადაც ხშირად ეძებს ინფორმაციას მარწყვის მოვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ასმათ სამნიძის მარწყვის ბაღი

„მარწყვი ბალახისგან თითქმის ყოველდღე უნდა გაწმინდო, რაც ძალიან დამღლელია. პოლიეთილენის პარკის გამოყენებით რომ დავრგე მარწყვი, ბალახი არ ამოვიდა. წვეთოვანი სარწყავი სისტემაც გვიმარტივებს საქმეს.

ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ირწყვება მარწყვი. თუ ზემოდან დაასხამ წყალს, შესაძლოა ნაყოფი გაშავდეს“, – გვითხრა ასმათმა.

გვიყვება, რომ ძალიან უნდოდა ჰქონოდა მარწყვის სათბურიც, მაგრამ ამ სურვილზე ხელი აიღო. მისი შეფასებით, ქედის დიდთოვლიანი ზამთარი სათბურს აუცილებლად გააფუჭებდა.

ასმათი იხსენებს, რომ გასულ წელს, როცა მარწყვი უკვე გაღვიძებული იყო და ყვავილიც გახარებული ჰქონდა, სოფელში გათოვდა – „ვჩიოდი, ვაიმე, მოსავალი აღარ გვექნება – მეთქი, მაგრამ მარწყვმა იმ თოვლს გაუძლო“.

ასმათი აღნიშნავს, რომ წელს დიდთოვლიან ზამთარს მარწყვის ნარგავებისთვის ზიანი არ მიუყენებია, მაგრამ გახანგრძლივებული ცივი ამინდის გამო პირველი მოსავალი ერთი თვით გვიან მოვიდა:

„ამ დრომდე მარწყვის ნაყოფი დამწიფებას რამდენჯერმე ასწრებდა. წელს ჯერ არ აგვიღია მოსავალი და არ გაგვიტანია ბაზარში.  მარწყვის პირველ მოსავალს რამდენიმე დღეში ავიღებთ“.

ასმათ სამნიძის მარწყვის ბაღი

ასმათი მარწყვს ბათუმის ბაზარში აბარებს. მისი თქმით, მარწყვის ფასი დამოკიდებულია ნაყოფის ხარისხსა და ბაზრის მდგომარეობაზე. „ძირითადად, 1 კილოგრამი მარწყვი 5 – 5.50 ლარი ღირს“ – ამბობს ის.

ასმათ სამნიძე იხსენებს, რომ როცა მარწყვის ბაღის მოშენება გადაწყვიტა, მისი მთავარი მხარდამჭერი მეუღლე იყო, რომელიც ყველაფერში ეხმარებოდა. დღეს უკვე ქალი მარწყვის ბაღს სტუდენტ შვილთან ერთად უვლის, რომელიც თავისუფალ დროს ეხმარება, ხოლო როცა მარწყვი მწიფდება და მოსაკრეფია, მეზობლები ეხმარებიან, რადგან მხოლოდ ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ მწიფე მარწყვის დროულად დაკრეფას.

ასმათის თქმით, მარწყვი ზაფხულში ყოველ სამ დღეში ერთხელ იკრიფება.

ასმათ სამნიძემ ჩვენთან საუბრისას ბევრჯერ აღნიშნა, რომ მარწყვი განსაკუთრებით უყვარს და ყოველ წელს ამზადებს მარწყვისგან ჯემებს, მურაბებსა და კომპოტებს. ამბობს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მისთვის სასიამოვნო პროცესია.

ასმათ სამნიძის მარწყვის ბაღში დაკრეფილი მარწყვი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: