მთავარი,სიახლეები

„სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა“ – კიდევ რისთვის დასჯიან პროკურორებს

18.05.2022
„სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა“ – კიდევ რისთვის დასჯიან პროკურორებს

გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბრძანება გამოსცა, რაც საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების კონკრეტულ კატეგორიებს ადგენს. გადაცდომები 16 მაისიდან უნდა შეფასდეს, მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე.

ბრძანების მიხედვით, მსუბუქ გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად კი, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, მათ შორის, მაგალითად, „სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა ან/და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება“, ან „გარეგნულ იერ-სახესა და ჩაცმულობასთან დაკავშირებული სპეციალური წესების არასაპატიო მიზეზით დარღვევა“.

ამავე კატეგორიაშია პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის დასაწყისისა და დასასრულის, ასევე შესვენების დროის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესის დარღვევა ან კიდევ: „ნებისმიერი პირისათვის ისეთი სამართლებრივი კონსულტაციის ან იურიდიული დახმარების გაწევა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და პროკურატურის ინტერესებს“.

ირაკლი შოთაძის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, მძიმე გადაცდომად ჩაითვლება „პროკურატურის თანამშრომლის მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენა. ამ კატეგორიაში დიდი ჩამონათვალია და გვხდება, მაგალითად:

  • „პროკურატურის თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა, საქმის შედეგზე პირადი ან/და სხვა მოტივით ზეგავლენის მოხდენის მიზნით“.
  • „პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება“.
  • „პროკურატურის თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის ან/და პოლიტიკური შეხედულების  საფუძველზე“.
  • „პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის“.
  • „პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საჯარო სივრცეში კომენტარის გაკეთება, რომელიც ზიანს აყენებს გამოძიების ინტერესებს“.

გენპროკურორის ახალი ბრძანება 16 მაისიდან ამოქმედდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: