მთავარი,სიახლეები

რა უნდა ქნან მეფუტკრეებმა ფუტკრის გადასარჩენად – სამინისტროს სპეციალისტის რჩევები

19.05.2021 • 2720
რა უნდა ქნან მეფუტკრეებმა ფუტკრის გადასარჩენად – სამინისტროს სპეციალისტის რჩევები

„სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ შემოდგომაზე შესაძლებელია იგივე განმეორდეს, ტკიპამ უკვე კარგად ისწავლა დამალვა, დახურულ უჯრედებშია და უფრო ბარტყებზე პარაზიტობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ვარშანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის განყოფილების უფროსი. მას ვკითხეთ: რა უნდა ქნას მეფუტკრემ, როცა ფუტკარი მასობრივად იღუპება და რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ დროს, როცა მეფუტკრეთა გაერთიანებების თქმით, ფუტკრის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოში დაიღუპა?

კვლევები არ ჩაუტარებიათ, თუმცა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მეფუტკრეები „გაბერილ რიცხვებს“ ასახელებენ და რეალურად დაახლოებით ფუტკრის 30 პროცენტი დაიღუპა. სამინისტროს სპეციალისტი ამბობს, რომ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მიზეზი – რის გამო იხოცებიან ფუტკრები.

„ყველა ასეთ შემთხვევაში მე ვეუბნები მეფუტკრეს, რომ უნდა გავიგოთ, რა მოხდა. თუ ეს ვერ დავადგინეთ, მაშინ ისევ გაწყდება ფუტკარი… მაქსიმუმ ხუთ დღეში უნდა მოგვმართონ, როცა ფუტკარი იღუპება, მერე უკვე მამაზეციერიც ვერ მიხვდება, რა მოხდა იქ,“ – ამბობს ზურაბ ვარშანიძე.

ზურაბ ვარშანიძის დაკვირვებით, შემთხვევების უმრავლესობა ვარვა ტკიპას უკავშირდება, რომელიც ფუტკარს ადრეც აწუხებდა. სპეციალისტის აზრით, ამჯერად, ვარვა გაძლიერდა და მას ცოდნით და გამოცდილებით შეიარაღებული მეფუტკრე ვერ დახვდა. სპეციალისტი გვიხსნის, რა შეიძლება მოხდეს შემოდგომაზე ისევ, თუკი მეფუტკრეები სპეციალისტებს არ მიმართავენ დასახმარებლად.

„საინტერესოა, რომ როცა სკა ნადგურდება, ამ დროს იწყება ქურდობა – ფუტკრის ძლიერი ოჯახი თავს ესხმის დაღუპულს და თაფლს იპარავს, შეახტება იქ და მოჰყვება სკაში, ნაქურდალს მოჰყვება ვარვაც, ყოველ დღეს ახალს მოგიტანს ფუტკარი, ამან გამოიწვია ვარვას ასეთი გამრავლება.

ჩვეულებრივად, ვარვას სჭირდება მასპინძელი, თუ მან ვერ დაიბუდა რომელიმე ფუტკართან, მხოლოდ 5 – 6 დღეს ძლებს მასპინძლის გარეშე, სექტემბერში კი, გამრავლების აქტიური პერიოდი აქვს… თუ ნორმალური პრეპარატებით არ უმკურნალებენ ფუტკარს, შესაძლოა, ისევ შევიდეს აქტიურად ეს ვარვა ტკიპა სკებში. ამ ტკიპამ ერთგვარად სახეცვლილება განიცადა – ის, რაც მასზე მოქმედებდა, ახლა აღარ მოქმედებს. ადრე ორ-სამჯერ წამლობაც მოქმედებდა. ახლა უფრო მეტი სიხშირით არის საჭირო მკურნალობა, თანაც ხარისხიანი მედიკამენტებით,“ – გვიყვება ზურაბ ვარშანიძე.

როგორ მიხვდეს მეფუტკრე, რომ სკას ვარვა ტკიპა შეესია?

„ეს საინტერესო საკითხია,“ – გვიპასუხა ზურაბ ვარშანიძემ. – „თუ სკას ჩახედავთ და თვალით დაინახავთ ტკიპას უჯრედებს შორის, ესე იგი, ძალიან ბევრია. ამიტომაც, არის საკონტროლო წამლობა. შევასხამთ პრეპარატს და დააკვირდები, ნახევარ საათს ჩამოცვივა თუ არა რამე სუფთა ფურცელზე… სხვათა შორის, ამ დაინვაზირებაზეა დამოკიდებული, რამდენჯერ სჭირდება და რით შეწამვლა ფუტკარს“.

ექსტენციის პროგრამის ხელმძღვანელმა თავი შეიკავა კონკრეტული პრეპარატების დასახელებისგან, რაც, სპეციალისტების შეფასებით, კარგად მუშაობს. სამინისტროს წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ არ მალავს იმას, რომ ზოგიერთი პრეპარატი არ ვარგა, ან ტკიპას ანადგურებს, მაგრამ ცუდად აისახება თაფლის ხარისხზე, ხოლო კონკრეტულ მეფუტკრეს ადგილზე ურჩევს, რომელი პრეპარატია კარგი.

„აქ იყიდება ის პრეპარატებიც, რაც აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან აისახება თაფლის ხარისხზე, ასეთია ძირითადად რუსული პრეპარატები… მოგეხსენებათ, გაიგზავნა საქართველოდან კვლევის ნიმუშები ბალტიისპირეთში, ასევე გერმანიაში და არც ისე სახარბიელო შედეგი იყო,“ – ამბობს ზურაბ ვარშანიძე.

რატომ იყიდება ისეთი პრეპარატები, რომელიც უარყოფითად აისახება თაფლის ხარისხზე?

„იყიდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თურქეთშიც… ვერ გეტყვით, რატომ ვერ შემოაქვთ ევროკავშირისგან რეკომენდებული პრეპარატები. ფაქტია, რომ დეფიციტურია,“ – განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ზურაბ ვარშანიძე.

ზურაბ ვარშანიძის თქმით, პრეპარატებს შორის არჩევანი არსებობს, რაც ტკიპასაც ებრძვის და თაფლის ხარისხზე ცუდად არ მოქმედებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი „ბათუმელებში“ რამდენიმე დღის გამოქვეყნებულ მასალასაც ეხმაურება – ქედაში, სოფელ გარეტყეში მცხოვრები მეფუტკრის შესახებ, რომელსაც ასევე დაეღუპა ფუტკარი.

„მე ვიყავი პირადად მისული მაგ მეფუტკრესთან. მახსოვს, კრასნოდარიდან გამოაგზავნიეს პრეპარატი, რომელმაც არ გაამართლა… არის შემთხვევები, როცა ურჩევ კონკრეტულ პრეპარატს და ურჩევნია ისევ ძველი მეთოდი გამოიყენოს. ზოგიერთ ეფექტურ პრეპარატს სპეციალური დანადგარი სჭირდება, მაგალითად, ჭიანჭველმჟავა ეფექტურია, მაგრამ მისი გამოყენება საშიშია, სპეციალური ჯამი სჭირდება და ხელზე არ უნდა მოგხვდეს…

იყო შემთხვევა, როცა თურქეთიდან შემოიტანეს პრეპარატი და ამან კარგად იმუშავა ერთ კაცთან, მის მეზობელთან კი, იგივე პრეპარატმა არ გაამართლა. ჩემი დაკვირვებით, ეს პრეპარატები შესაძლოა მუშაობდეს კარგად, მაგრამ შემდეგ თაფლის ხარისხზე აისახება ცუდად… აჯობებს, თუ დააკვირდება მეფუტკრე, როგორ მუშაობს ესა თუ ის პრეპარატი. თუ ორ-სამჯერ გამოიყენა და კარგი შედეგი მიიღო, ეს უნდა გამოიყენოს,“ – გვითხრა ზურაბ ვარშანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სულ ერთი მეფუტკრე ჰყავს, რომელიც ექსტენციონისტია და ადგილზე გასვლით შეუძლია მეფუტკრისთვის რჩევის მიცემა.

„მეც ვეტერინარი ვარ, მაგრამ, ბავშვობიდან მეფუტკრე ვარ, 100 პროცენტით გადარჩა ჩემთან ფუტკარი, ისე ვუწამლე… მეც შემიძლია ადგილზე გასვლა და გავდივარ. ახლა რეგიონში 1000-მდე მეფუტკრეა, ყველასთან მისვლა რთულია, მაგრამ ვინც გვიკავშირდება, მივდივართ. საერთოდ, ვისაც ცოტა რაოდენობით ჰყავს ფუტკარი – 10 – 20 ოჯახი, უფრო იმას ეღუპება ფუტკარი, სუსტ მეფუტკრეს ეღუპება ფუტკარი. ჩვენც ძირითადად მსხვილი მეფუტკრეები გვიკავშირდებიან და მათ შედარებით კარგი მდგომარეობა აქვთ,“ – გვითხრა ზურაბ ვარშანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: