მთავარი,სიახლეები

ვიწვევთ პარტნიორებს, საქართველოს, არ დაუშვან რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს – იაპონიის ელჩი

18.05.2022 • 1829
ვიწვევთ პარტნიორებს, საქართველოს, არ დაუშვან რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს – იაპონიის ელჩი

მას შემდეგ, რაც ბათუმელები & ნეტგაზეთი უკრაინული მედიის დასახმარებლად დაწყებულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა, ამ კამპანიისადმი მხარდაჭერა საქართველოს არაერთმა მედიასაშუალებამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ დიპლომატიურმა მისიამ გამოხატა. მათ შორისაა იაპონიის საელჩო საქართველოში, რომელთანაც ბათუმელები & ნეტგაზეთს უკვე აქვს წარმატებული პარტნიორობის გამოცდილება.

იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ, ჩვენთან მოკლე ინტერვიუში მედიისადმი საკუთარი სოლიდარობის გარდა, ისაუბრა იმაზეც, თუ რატომაა იაპონიისთვის მნიშვნელოვანი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე მკაცრი და უკომპრომისო რეაქცია და კიდევ რა ზომებს მიმართავს ქვეყნის მთავრობა უახლოეს თვეებში.

  • ბატონო ელჩო, გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ ჩვენთან შესახვედრად. ვიდრე უკრაინული მედიის მხარდაჭერის საკითხზე გადავალთ, გკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხა თქვენმა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრას. პრემიერმინისტრი კიშიდა იყო ერთერთი პირველი, ვინც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმო და მასსაერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევაუწოდა. გვახსოვს 2014 წელიც ყირიმის ანექსია, როცა იაპონიამ ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რატომაა ეს ომი ასე მნიშვნელოვანი იაპონიისთვის?

მადლობა თქვენ. როგორც თქვით, რუსეთის აგრესია უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს ეწინააღმდეგება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ასევე არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაც – უდანაშაულო სამოქალაქო პირების მკვლელობა სამხედრო დანაშაულია.

როგორც ახსენეთ, პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ მაქსიმალურად მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არა მარტო ევროპული, არამედ აზიური უსაფრთხოების საკითხიცაა.

აქ უნდა გადაგამისამართოთ ჩვენს შეშფოთებაზე აზიაში. მაგალითად, იაპონიის კუნძულები კვლავ უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასევე, გვაშფოთებს ჩვენს ტერიტორიულ წყლებში, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, სტატუს-კვოს ცალმხრივი ცვლილების მცდელობები. მსგავსი პრობლემებია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

სწორედ ამიტომაც გვაშფოთებს ეს მოვლენები. უმნიშვნელოვანესია, რომ წყნარი ოკეანე იყოს თავისუფალი და ღია.

ახლახან იაპონიაში ჩამოსულები იყვნენ ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩვენი შეშფოთება მათაც გავუზიარეთ.

იაპონია და საქართველო ამ ომზე რეაგირებაში ერთიანები არიან. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს რეაგირებას, განსაკუთრებით საერთაშორისო სარბიელზე. ჩვენ ვიყავით თანაინიციატორები გაეროს რეზოლუციების, მათ შორის იმ რეზოლუციის, რომელმაც ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერა. კიდევ ერთი მაგალითია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსადმი მიმართვა [უკრაინაში] საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამოძიების შესახებ.

შესაბამისად, გაერთიანებულნი ვართ საერთო მიზნის, – უკრაინაში მშვიდობის დაუყოვნებლივ აღდგენის, – მიღწევის საქმეში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს მნიშვნელობას, არამხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად.

  • იაპონიის მთავრობამ რუსეთს სანქციები 2014 წელსაც დაუწესა, თუმცა ახლანდელი სანქციები განსხვავებულიაისინი შეეხო პუტინს, ლავროვს და სხვა რუს ჩინოვნიკებს. გაიყინა დაახლოებით 30-მდე რუსული ორგანიზაციისა და ასობით კერძო პირის, მათ შორის სამხედრო პირების აქტივები. რა გავლენას მოახდენს ეს რუსეთზე, არა მარტო მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც?

გადავწყვიტეთ უპრეცედენტოდ მკაცრ ზომებს მივმართოთ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ეს არაერთ სფეროს ეხება, არამარტო ფინანსურს, არამედ ვაჭრობას და სხვებსაც.

გავყინეთ 140 კერძო პირის აქტივები. 70 სამხედრო ორგანიზაციას დავუწესეთ აკრძალვა ექსპორტზე. ეს აკრძალვა ასევე შეეხო რუსეთისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს, მათ შორის განვითარებულ ტექნოლოგიას, როგორიც კვანტური გამოთვლებია.

ვაფართოებთ იმ ბანკების სიასაც, რომელთა აქტივებიც გაიყინება.

ეს ზომებია მიღებული. ამით გვსურს, რუსეთი იზოლაციაში მოვაქციოთ, ომში გამარჯვების საშუალება არ მივცეთ და რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ მშვიდობას.

და, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ პასუხისმგებელი პირები დაუსჯელები არ დარჩნენ.

რაც შეეხება შედეგებს, ვფიქრობ, უკვე ვხედავთ ამ ზომების ძლიერ გავლენას. რუსეთის შესაძლებლობა, განაგრძოს ომი და მიზნებს მიაღწიოს, დიდად დაეცა.

გავლენას ეკონომიკაზე გრძნობენ სხვადასხვა სექტორში – ფინანსურში, სავაჭროში, ენერგეტიკულში, ტექნოლოგიურში და ასე შემდეგ.

ვიტყოდი, რომ ფასი, რომლის გადახდაც რუსეთის ეკონომიკას უწევს, ძალიან მაღალია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ზომების მიღებას მანამ, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ. ჩემი აზრით, ეს ზეწოლა, რაც დრო გადის, უფრო იზრდება.

რა თქმა უნდა, ქვეყნებს აქვთ გარემოებები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ სანქციების დაწესებისას. მაგალითად, იაპონია დამოკიდებულია უცხოურ ენერგორესურსებზე. ჩვენ მიერ მოხმარებული ნედლი ნავთობის 99,7% უცხოეთიდანაა. ამიტომ, მარტივი არაა, მაგრამ რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტის შეჩერება გადავწყვიტეთ მომავალ თვეებში. თანდათანობით ვიმოძრავებთ, მაგრამ იმპორტის სრულ აკრძალვამდე მივალთ.

საქართველოსთან ერთად [უკრაინას] ჰუმანიტარულად ვეხმარებით. ჩვენ მიერ გამოცხადებული დახმარების ოდენობა დაახლოებით 200 მილიონი დოლარია. დახმარების აღმოჩენა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იაპონური არასამთავრობოების მეშვეობით ხდება.

თუმცა, გვაქვს სირთულეები, რომლებიც კონსტიტუციური შეზღუდვებიდან მომდინარეობს. არ შეგვიძლია შეიარაღების ექსპორტი ან ტრანსპორტირება უკრაინისთვის, მაგრამ გადავწყვიტეთ რეგულაციების შეცვლა, რათა შეგვეძლოს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობით დახმარება – ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა.

ვითვალისწინებთ გარემოებებს, მაგრამ ვიღებთ მაქსიმალურ ზომებს.

ვიწვევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს, გვერდზე დაგვიდგნენ, მიიღონ ეს ზომები და არ დაუშვან სანქციებისგან თავის არიდება.

გვსურს, განვაგრძოთ პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, ჩვენი დახმარებით ან ინვესტიციით ენერგეტიკულ სექტორში.

ასევე შევამჩნიეთ, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტიც რუსეთზეა დამოკიდებული. ქართულ მხარეს ბაზრის დივერსიფიცირება აქვს განზრახული. შეგვიძლია, საქართველოს დავეხმაროთ ამ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაშიც, რაც ქვეყანას ახალი ბაზრებზე გასვლის საშუალებას მისცემს.

  • რუსეთის მხრიდან პასუხმაც არ დააყოვნასანქციების დაწესების შემდეგ, მოსკოვმა 63 იაპონელ მოქალაქეს, მათ შორის პრემიერმინისტრს, თავდაცვის მინისტრს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს რუსეთში შესვლა აუკრძალა. როგორია თქვენი რეაქცია ამ ნაბიჯზე?

ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. რუსეთმა დაიწყო ომი და გადავიდა სამხედრო მეთოდებზე. რუსეთმა შექმნა არსებული ვითარება, შესაბამისად პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრება.

ალბათ გაიგებდით, მარტში [რუსეთმა] გამოაცხადა, რომ წყვეტს ორმხრივ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე [იაპონია-რუსეთს შორის], მათ შორის ტერიტორიასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ესეც არსებული ვითარების იაპონიისა და რუსეთის ურთიერთობებზე გადმოტანის მცდელობაა. ეს არსებული ვითარება კი, როგორც აღვნიშნე, რუსეთის შექმნილია.

მარტში პროტესტი გამოვაცხადეთ და რუსეთის ელჩი გამოვიძახეთ. ეს იყო ჩვენი პასუხი.

  • ბათუმელებსადანეტგაზეთსსაქართველოში იაპონიის საელჩოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ახლა თქვენ მხარს უჭერთ კამპანიას უკრაინული მედიის დასახმარებლად, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება და რას ფიქრობთ ომის დროს დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე?

უპირველეს ყოვლისა, მსურს სამძიმარი ვუთხრა იმ ჟურნალისტების ოჯახებს, ვინც ამ სასტიკი და უსამართლო ომის გაშუქებისას დაიღუპა.

ჟურნალისტების მხარდამჭერ კამპანიას და მასში თქვენს მონაწილეობას მივესალმები. ჩვენც, რა თქმა უნდა, დიდად შეშფოთებული ვართ უკრაინაში ჟურნალისტებთან დაკავშირებული სიტუაციით.

როგორც ვთქვი, ზოგი მათგანი მოკლეს უსამართლო ომის გაშუქებისას. ეს ადამიანის უფლებების ტრაგიკული დარღვევაა. წამება, უდანაშაულო ხალხის მკვლელობა… ჟურნალისტები ემსხვერპლნენ ამ დანაშაულების გამოაშკარავების მცდელობას.

ვფიქრობ, ამ ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მათი მხარდაჭერა.

ცოტა ხნის წინ, ვმონაწილეობდით დისკუსიაში უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ. ეს დისკუსია ჟურნალისტებსაც ეხებოდა. ჩვენ გაეროში მიმდინარე განხილვისას მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიონ და ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს.

ეს ჩვენი მთავრობის მცდელობაა, დაეხმაროს მათ, ვინც ომს აშუქებს.

ასევე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას G 7-ის პარტნიორებთან, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ომის შესახებ.

თქვენ იკითხეთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე. როგორც ერთ-ერთი განვითარებული დემოკრატია, იაპონია მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას გლობალურ მასშტაბში.

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ დეზინფორმაციით და კიბერშეტევებით, რომლებითაც ცდილობენ, დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ ან დაასუსტონ ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსია.

საქართველოში, რა თქმა უნდა, შევამჩნიეთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოთქმული ზოგი შეშფოთება მედიის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, ვეხმარებით დამოუკიდებელ მედიას, როგორიც „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებია“.

„ბათუმელებს“ გადავეცით პატარა მოგზაური ბიბლიოთეკა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა მათ წვდომა ჰქონდეთ წიგნებზე. ეს ჩვენი დახმარების პატარა მაგალითია.

ვთანამშრომლობთ საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. მათ შევთავაზეთ სერიალი იაპონურ კულტურაზე. მისი მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ასე საქართველოს საზოგადოებას შეუძლია უკეთ გაეცნოს იაპონიის ტრადიციულ და თანამედროვე კულტურას.

ვიმედოვნებთ, რომ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა საქართველოს დემოკრატია სწორი მიმართულებით განვითარდეს, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებელი მედია და ინსტიტუტები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: