ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ტყეში სკის განთავსება ეღირება არა 10, არამედ 1 ლარი – ხარვეზი მთავრობის დადგენილებაში 

19.05.2022 • 3846
ტყეში სკის განთავსება ეღირება არა 10, არამედ 1 ლარი – ხარვეზი მთავრობის დადგენილებაში 

18 მაისს „ბათუმელებმა“ მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განმარტება გააკეთა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზია და 10 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 1 ლარი:

„საქართველოს მთავრობის N221 დადგენილების „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკის განთავსების ფასი 1 ლარის ნაცვლად მითითებული იყო 10 ლარი, რაც ტექნიკური ხარვეზია.“

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება 17 მაისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში, სააგენტომ განმარტება კი 18 მაისს გააკეთა.

საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მთავრობის დადგენილებაში ეს „ტექნიკური ხარვეზი“ ამ დრომდე გასწორებული არ არის და საფასურად კვლავ 10 ლარია მითითებული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 19 მაისს, უთხრეს, რომ „ამ ტექნიკური ხარვეზის ჩასწორებას სამი დღე მაინც დასჭირდება“.

ამონარიდები მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილებიდან

„საქართველოს მთავრობის N221 დადგენილებაში „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და სიმბოლურ ფასად – 1 ლარად [1 სკა წლის განმავლობაში] მოხდება.

აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანია დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს, ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.

გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის [წარმოშობის] მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე – ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა.

ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა, რაც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად განისაზღვრა“, – განაცხადა 18 მაისს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.

საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით:

  • „ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე;
  • სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის სათიბად, საძოვრად ან ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად გამოყენებას.
  • ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა შესაძლებელია როგორც ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარულ ტერიტორიაზე, ისე ამ სახეობებით დაუფარავ ტერიტორიაზე.
  • სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
  • სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობა ხორციელდება ისეთი ფორმითა და მეთოდით, რომლებიც არ აზიანებს მერქნიან მცენარეებს  და არ იწვევს ეროზიულ პროცესებს.
  • სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: