მთავარი,სიახლეები

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია შეჩერდა – იქნება ახალი ტენდერი

24.03.2022 • 2037
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია შეჩერდა – იქნება ახალი ტენდერი

ბათუმის მერიის განცხადებით, შპს „ზიმო 7“-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ბაგრატიონის ქუჩაზე [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ამ ქუჩის გარკვეული ნაწილი ისევ გადაკეტილი იქნება.

ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ „ზიმო 7“-ს 2021 წლის 26 მარტს 8 646 623 ლარზე  გაუფორმა ხელშეკრულება.

ბათუმის მერიამ ინფორმაცია „ზიმო 7“-თან ხელშეკრულების შეწყვეტაზე დღეს, 24 მარტს, გაავრცელა. „ბათუმელების“ მიერ დოკუმენტების გადამოწმებით კი აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ერთი თვით ადრე, 24 თებერვლიდან შეწყდა – მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის 28 თებერვლის ბრძანებით.

დოკუმენტების მიხედვით, 11 თვის განმავლობაში კომპანიამ მხოლოდ მეოთხედი ანუ 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა.  მერიის განცხადებით, ეს „სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მიუთითებდა“.

შესყიდვების პორტალზე არსებული დღევანდელი მონაცემებით კი, კომპანიისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 569 599 ლარია [სახელშეკრულებო თანხის 30%] გადარიცხული. ბოლო გადარიცხვა კი [449 ათას 45 ლარი] 2022 წლის 16 თებერვლით თარიღდება.

„ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ კომპანია როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე წერილობით, თუმცა ვითარება არ შეცვლილა. იმის საფუძველზე, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპი არადამაკმაყოფილებელი იყო, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები შეჩერებული იყო და ირღვეოდა უსაფრთხოების წესები, რაც ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, მივიღეთ გადაწყვეტილება  „ზიმო 7“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე“, – ამბობს ბათუმის მერია.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე ბოლო ერთი თვის პერიოდში ობიექტზე არ იყო განხორციელებული არანაირი ტიპის სამუშაო და „სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო პროექტის დასრულება სახელშეკრულებო ვადებში, რასაც ადასტურებს დაქირავებული საზედამხედველო კომპანია ამხანაგობა „ასკ და უნიპროფჯგუფი“.

ამ ეტაპზე „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით“.

მერიის განცხადებით, ექსპერტიზის საფუძველზე კორექტირდება საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციაში სამუშაოთა მოცულობები და გამოცხადება ახალი ტენდერი.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა „ზიმო 7“-ის წარმომადგენლებს, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

რა ეტაპზეა ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები და დაახლოებით როდის გამოაცხადებენ ტენდერს? – ამ კითხვაზე პასუხად საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ ახალი ტენდერი დაახლოებით 23 დღეში გამოცხადდება.

ბაგრატიონის ქუჩა დღეს. ამ ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო

ბაგრატიონის ქუჩა დღეს. ამ ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო

„ერთი თვე დასჭირდა ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ კი ახალი ტენდერი გამოცხადდება. ჩვენ კომპანიის მიმართ დავალიანება არ გვქონია, თანხებს ვურიცხავდით შესრულებული სამუშაოების მიხედვით.

ამ დროის მანძილზე კომპანია გვეუბნებოდა, რომ შეძლებდნენ ჯგუფების დამატებას და სამუშაოების დროულად დასრულებას, რაც ვერ გააკეთეს. ბოლო პერიოდში კი საერთოდ შეაჩერეს სამუშაოები,“- ამბობს სამმართველოს უფროსი აკაკი ბერიძე.

მისი თქმით, ახალი ტენდერი ზუსტად რა თანხაზე გამოცხადდება, ჯერ დაზუსტებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: