მთავარი,სიახლეები

რატომ არის ნავთობის მძაფრი სუნი ბათუმში და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის?

17.05.2022 • 3090
რატომ არის ნავთობის მძაფრი სუნი ბათუმში და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის?

ბათუმში ნავთობის მძაფრი სუნი განსაკუთრებით გუშინ, 16 მაისის, დღის მეორე ნახევარში იგრძნობოდა. მძაფრი სუნი არა მარტო ღია, დახურულ სივრცეებშიც კი შემაწუხებელი იყო.

როგორც ბათუმის პორტში გვეუბნებიან, ნავთობის სუნი პორტში ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვისას უკავშირდება.

„ნავთობტერმინალზე იტვირთება ტანკერი, ნავთობის გადმოტვირთვა მიმდინარეობს და ეს სუნი სულ იყო ბათუმში. იმიტომ, რომ ყაზახურ ტვირთს საერთოდ აქვს დიდი გოგირდიანობა, სპეციფიკური სუნია. ეს არის გოგირდის სუნი“, – გვეუბნებიან პორტში.

პორტში ირწმუნებიან, რომ გოგირდის სუნი ჯანმრთელობისთვის საშიშ კონდიციას არ აღწევს, რადგან „არსებობს სპეციალური დანადგარები, რომელიც ამას წმენდს. სუნი დადგება თუ არა კიდევ ქალაქში ვერ გეტყვით, გააჩნია ქარი საით დაუბერავს“, – განმარტავენ პორტში.

მათი თქმით, გემზე ნავთობპროდუქტების დატვირთვა შესაძლოა ხვალ საღამოს დასრულდეს.

„ბათუმელებმა“ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ჰკითხა, რატომ იფრქვევა ბოლო პერიოდში ბათუმში ნავთობის მძაფრი სუნი ასე ხშირად და ხომ არა უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს ის კონცენტრაცია, რაც ბათუმში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

„მიმდინარე წლის 10 მაისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე პრიმა 8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში. ამასთან, აჭარისა და გურიის სამმართველოს ინსპექტორებს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიმართ დაწყებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – მოგვწერეს დღეს, 17 მაისს ზედამხედველობის სამსახურიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: