მთავარი,სიახლეები

„თვეში 500 დოლარს ვიხდიდი, მაგრამ არ ააშენეს“ – შეჩერებული მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე

08.12.2021 • 10991
„თვეში 500 დოლარს ვიხდიდი, მაგრამ არ ააშენეს“ – შეჩერებული მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმელი ინგა გორგაძე წელს ახალ ბინაში, მე-20 სართულზე, რემონტის დაწყებას გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა. წლის ბოლოს იმ 21-სართულიანი კორპუსის მხოლოდ 3 სართულია აშენებული, სადაც ინგამ ბინა 2018 წელს შეიძინა.  

ინგა ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 113 ნომერში კორპუსი კომპანია „ევროლუქსს“ 2021 წლის დეკემბრის თვეში უნდა დაესრულებინა და მომხმარებლებს ამ დროისთვის მათ მიერ შესყიდული ფართობი უნდა ჩაჰბარებოდათ.

ბაგრატიონის ქუჩაზე, #113 ნომერში, სადაც „ევროლუქსის“ მშენებლობაა, „ბათუმელებს“ სამსართულიანი მშენებლობა დახვდა. ეზოში, მასალებსა და სამშენებლო ნაგავზე ბალახია ამოსული, აქაურობას არ ეტყობა, რომ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ევროლუქსის“ მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე

როგორც ინგა გორგაძე უყვება „ბათუმელებს“, კომპანია ხელსაყრელი პირობების გამო შეარჩია:

„გადახდის ნორმალური პირობები იყო. თან მოლაპარაკება იყო ასეთი: 2021 წლის დეკემბერში შევიდოდით ისე, რომ რემონტი დაგვეწყო და 2022 წელს უნდა ჩაბარებულიყო ბოლომდე, თუმცა ერთი სართულიც არ დამატებია ამ წლების განმავლობაში“. 

ინგამ შავი კარკასის 116 კვ. კმ ფართობი შეიძინა მე-20 სართულზე. 

„5 წელში უნდა დამეფარა გადასახადი. ყოველ თვე ვიხდიდი 500 დოლარს. ჯერჯერობით გადახდილი მაქვს 6 000. მთელი წელი რომ არ დაიწყო მშენებლობა, გადახდა შევწყვიტე“, – ამბობს ინგა გორგაძე. 

ინგას თქმით, კომპანია ახლა მათ ჰპირდება, რომ 2022 წლამდე მორჩება მშენებლობა. 

„ამ პანდემიისას, ყველაფერი რომ გაჩერებული იყო, მშენებლობები მაინც მიმდინარეობდა. არავის არ შეჰქმნია პრობლემები, მხოლოდ ამათ ჰქონდათ დაუმთავრებელი პრობლემა.

5 კაცი მუშაობს ამხელა კორპუსში. ალბათ, მხოლოდ მორჩენილი საშენი მასალები გააქვთ. გვეუბნებიან, ახალ წლამდე გვეყოლება ეს 5 კაციო. ბანკთან შეთანხმება გვაქვს დადებული და ფული რომ დაირიცხება, მერე ავიყვანთ დამატებით მუშახელს და ავაშენებთ 2022 წლამდეო“ – ამბობს ინგა. 

ინგას თქმით, აღნიშნული მშენებლობის დაახლოებით 80 ადამიანი დაზარალდა.

„გათვალისწინებულ დროში რომ არ შენდებოდა, ხალხი შეშინდა და ფულს აღარ ურიცხავდა კომპანიას. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვრიცხავდით, იმით შენდებოდა. ხალხმა რომ შეწყვიტა გადარიცხვა, შეექმნათ პრობლემები“ – ვარაუდობს ის. 

ინგა ამბობს, რომ ახლა მომავალმა მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს მიემართათ შესაბამისი ორგანოებისთვის:

„მე ადვოკატი ავიყვანე. ხალხს ჰგონია, რომ თუ უჩივლებენ, კომპანია, პირიქით, მათ დააბრალებს იმას, რომ ფულს არ იხდიდნენ, არადა ყველანაირი პირობა თვითონ დაარღვიეს, რა უნდა შემომიტრიალონ?“

„ბათუმელებს“ კომპანიის მუშაობით კიდევ ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

„შიდა ხელშეკრულება გავაფორმე შპს „ევროლუქსთან“ 2018 წელს და მითხრეს, 2021 წლის ბოლოს აშენდებაო, თუმცა რამდენიმე სართულია მხოლოდ აშენებული. 

ახლა გვპირდებიან 2022 წლის ბოლოს აშენდებაო, მაგრამ არ ვიცით, კიდევ როგორ ვენდოთ?“ 

„ბათუმელები“ გაეცნო ხელშეკრულებას, რომელიც ამ მომხმარებელმა „ევროლუქსთან“ გააფორმა. ხელშეკრულებაში, რომელიც 2018 წელსაა გაფორმებული, არ არის მითითებული ვადა, როდის უნდა დასრულდეს მშენებლობა. 

„ბათუმელები“ კომპანია „ევროლუქსის“ ხელმძღვანელს, გელა კახიძეს ესაუბრა. იგი  ამბობს, რომ მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. 

გელა კახიძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულება კომპანიამ 285 პირთან გააფორმა, რომელთაგან, დაახლოებით, 50 პირთან  კონტრაქტი შეჩერდა. 

შპს „ევროლუქსი“ 2011 წელსაა დაფუძნებული. 2021 წლის მონაცემებით, კომპანიის 66.66-პროცენტიანი წილის მფლობელი გელა კახიძეა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა, კომპანიის მეორე მეწილე კი უკრაინის მოქალაქე ვიტალი კრიმსიკია. 

კომპანიის დირექტორი, გელა კახიძე ამბობს, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში 10 300 კვ. მეტრის ფართობი ხელისუფლებამ შეიძინა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

„2020 წლის ბოლომდე თუ არაფერი გვიკეთებია, ისეთი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომ ზღვაში დავიჭირეთ დიდი თევზი.

430 დოლარად შეიძინა სახელმწიფომ ჩვენგან 1 კვ მეტრი ფართობი, ანუ 1380 ლარად.

14 214 000 ლარის შესყიდვაა და ამის ბაზაზე საბანკო სექტორთან გვაქვს გარანტიები შექმნილი. ეს თანხა სჭირდება მშენებლობის დასრულებას“, – ამბობს გელა კახიძე. 

სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში „ევროლუქსმა“ სახელმწიფოსგან ოფციის ხელშეკრულება გააფორმა 14,214,000 ლარზე. „ევროლუქსს“ ოფციის გამოყენების უფლება ექნება მას შემდგომ, რაც კორპუსის მშენებლობას დაასრულებს და საცხოვრებელი ფართობის მინიმუმ 20%-ს გაყიდის. 

აქვს თუ არა კომპანიას ამჟამად იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ მშენებლობა დაასრულოს? გელა კახიძე ამბობს, რომ უკრაინელი მეწილის იმედი აქვს:

„მოვილაპარაკეთ ისე, რომ უკრაინელი პარტნიორის ფინანსები მოხმარდება არმატურას, ახალ წელს აქ იქნება და დაიწყებს თავისი ინვესტიციის გაკეთებას.

ამასთანავე მე შემოვიყვანე მეწილე, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია ბეტონზე თავისი ქარხნით. ესენი ყველანი – მყიდველებიც, მომავალი მყიდველებიც, მეწილეებიც, დავაზღვიე სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით, რომ ჰქონოდათ ნდობა არა მარტო ჩემდამი, არამედ საქმესთან დაკავშირებითაც.

….ფაქტობრივად, ჩვენ ბანკს ხელი არ უნდა მოვკიდოთ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, თუმცაღა, თუ არ წარიმართა, გვექნება ბანკი, რომელსაც გამოვიყენებთ ნებისმიერ მომენტში“.

მყიდველების პრეტენზიას მშენებლობაზე დასაქმებული პირების სიმცირესთან დაკავშირებით, „ევროლუქსის“ მეპატრონე ასე პასუხობს: 

„8 კაცისგან  შემდგარი ბრიგადა მუშაობს, იმიტომ, რომ გაჩერების დროს ზოგიერთმა იპოვა საქმე, რომლებსაც დაასრულებენ მალე და იქნება 15 კაცი.

ძველი პერსონალი და ახალიც დაემატება. ყველას თავისი საშემოდგომო სამუშაო ჰქონდა, მეც ხელი შევუწყვე, რადგან ვადებში არ ვიწვით, 1 წელი ძალიან დიდი დროა“. 

ბათუმის მერიის ცნობით, „ევროლუქსმა“ ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2015 წელს მიიღო. 2017 წელს კი მერიამ კომპანიას ნებართვა 2022 წლამდე გადაუვადა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: