მთავარი,სიახლეები

პოლიციელები მოსამართლეს: 112-მა სამხრე კამერების ჩანაწერები არ მოგვაწოდა

18.05.2022
პოლიციელები მოსამართლეს: 112-მა სამხრე კამერების ჩანაწერები არ მოგვაწოდა

იმის გამო, რომ სამხრე კამერის ჩანაწერები მოსამართლესთან პოლიციელებმა ვერ მიიტანეს, სხდომა გადაიდო.

საუბარია 6 მაისს ღამით აქციაზე დაკავებულ 24 ადამიანზე, მათგან სამის – ბაჩი მექვაბიშვილის, ლევან გორგილაძისა და გიგა თედორაძის სასამართლო განხილვა უნდა შემდგარიყო დღეს, 18 მაისს.

იმის მიუხედავად, რომ კარვების დაშლიდან და აქციის მონაწილეების დაკავებიდან 12 დღე გავიდა, შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს უთხრა, რომ ამ დროში 112-დან ჩანაწერი ვერ მიაწოდეს.

„ის ჯერ სერვერზე უნდა აიტვირთოს“, – განმარტა პოლიციელმა.

მოსამართლემ ისე გადადო სხდომა, რომ არ გასჩენია კითხვა: რასთან გვაქვს საქმე, როცა შსს-ს ერთი უწყება – 112, მეორე უწყებას – პოლიციას სასამართლოსთვის გადასაცემ მტკიცებულებას 12 დღეშიც კი ვერ აწვდის.

„მე პირადად დამაკავეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა, მათ არ აქვთ სამხრე კამერები… გვაქვს წარმოდგენილი ვიდეოები, სადაც უწყვეტად ჩანს ჩვენი დაკავება“, – მიმართა მოსამართლეს ბაჩი მექვაბიშვილმა, ის ბათუმის საკრებულოს წევრია.

6 მაისს აქციაზე პოლიციელებმა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საკრებულოს 7 წევრი დააკავეს, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი.

„როდის მოგაწვდიან? ისე არ გამოვიდეს, რომ შემდეგ სხდომაზეც არ გქონდეთ ჩანაწერი…“ – უთხრა პოლიციელებს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

„როგორც მითხრეს, დღეს ან ხვალ უნდა მივიღოთ“, – უპასუხა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღიძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 20 მაისს გაიმართება. ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 24 ადამიანს, ვისაც პოლიციამ კარვები დაუშალა, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

___

ამავე თემაზე:

„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: