დღეს, 24 მაისს, საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მენაშენეებმა გამართეს. ამ წუთებში [13:00] ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე დახურულ კარს მიღმა რამდენიმე მენაშენეს ხვდება.
„შესაძლოა, მშენებლობა იყო უნებართვო, მაგრამ რვა სართული როგორ აშენდა ქალაქის შემოსასვლელში, აქამდე სად იყვნენ? ჩვენ არ დავუშვებთ მშენებლობის დემონტაჟს,“ – ამბობდნენ დღეს მერიის შენობასთან შეკრებილები.
„სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, 2017 წლის ბოლოს კი მშენებლობა შეჩერდა. აქციაზე შეკრებილების თქმით, კომპანიის ორი მესაკუთრე დააკავეს, ხოლო მერიამ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გამოსცა განკარგულება.
„დაზარალდა დაახლოებით 300-ზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა ემიგრანტები არიან, მეც ავსტრიაში ვცხოვრობ,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ქეთევან სირაძემ. მან მერიის წერილობითი პასუხიც გვაჩვენა, რომელიც მენაშენეებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
„სვეტი ჯგუფის“ მიერ უნებართვოდ აშენებული მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ვერ გამოიწვევს ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების კანონიერი უფლებების და ინტერესების პირდაპირი და უშუალო ზიანი მიყენებას…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის პასუხში, სადაც ხაზგასმულია, რომ დემონტაჟი განხორციელდება, რადგან ეს მოქალაქეები მესაკუთრეებად არ მიიჩნევიან და დაზარალებულებად ვერ ჩაითვლებიან.
„მერია ვალდებულია გამოიკვლიოს დეტალები… ფაქტია, რომ ჩვენ გვქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები და ვიხდიდით თანხას. არ შეიძლება ასე მოექცე შენს მოქალაქეებს. თბილისის მერიამ ეს საკითხი შეისწავლა და სხვა სამშენებლო კომპანია შეიყვანა იგივე „სვეტის“ მიტოვებულ მშენებლობაზე… აქ მე ვფიქრობ, რომ „სვეტი“ ჩახსნეს და ვიღაცის ინტერესია, პირდაპირ მოსუფთავებული მიწა ჩაიგდოს ხელში“, – მიიჩნევს ქეთევან სირაძე.
„სვეტი ჯგუფი“ ბათუმში, ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავდა.
ამ თემაზე: