მთავარი,სიახლეები

მარიუპოლში ჩეჩნურ დანაყოფებს კადიროვის ახლო ნათესავი მეთაურობდა – ბრიტანეთის დაზვერვა

18.05.2022 • 2647
მარიუპოლში ჩეჩნურ დანაყოფებს კადიროვის ახლო ნათესავი მეთაურობდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 18 მაისის განახლებაში მარიუპოლის შესახებ ცნობებს აქვეყნებს და ქალაქისთვის ბრძოლებში ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებაზე წერს. დაზვერვის ცნობით, ჩეჩნური დანაყოფების გადაადგილებას მარიუპოლში პირადად აკონტროლებდა რამზან კადიროვი, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი საველე მეთაურის მოვალეობას ასრულებდა.

„უკრაინის წინააღმდეგობის დასაძლევად, რუსეთი ფართოდ იყენებდა დამხმარე ძალებს. მათ შორის ჩეჩნურ დანაყოფებს, რომლებიც სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებოდა და მთლიანად მარიუპოლსა და ლუგანსკზე იყო მიმართული“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ცნობით, ჩეჩნური დანაყოფები შედგება როგორც ცალკეული მოხალისეებისგან, ისე ეროვნული გვარდიის წევრებისგან, რომლებიც, როგორც წესი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვს ძალაუფლების გამყარებაზე ზრუნავენ.

„რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, პირადად აკონტროლებდა ჩეჩნური დანაყოფების მოქმედებას, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი მარიუპოლში, სავარაუდოდ, საველე მეთაურის ფუნქციას ასრულებდა“.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, საომარ მოქმედებებში ასეთი ძალების გამოყენება მიუთითებს რესურსების ნაკლებობაზე. შესაბამისად, სამხედრო სარდლობა ვერ ახერხებს კოორდინირებულ მოქმედებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის რუსეთის სამხედრო ოპერაციებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა მარიუპოლი ალყაში ჯერ კიდევ ათი კვირის წინ მოაქციეს, უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ შეასუსტა რუსეთის შესაძლებლობა, სრული კონტროლი დაემყარებინა ამ მნიშვნელოვან ქალაქზე და რუსეთი მნიშვნელოვან დანაკარგებამდე მიიყვანა“, – აღნიშნავს უწყება.

მარიუპოლი რუსეთის სამხედრო ძალებმა ალყაში ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მოაქციეს და მისი შესასვლელები დაბლოკეს. ერთადერთი ადგილი, რომელიც რუსეთის ჯარმა ვერ აიღო, „აზოვსტალის“ ქარხანა იყო. ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს ამბობდნენ.

არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის ტერიტორიაზე შეფარებული მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მარიუპოლიდან ომის დაწყებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ მოხერხდა.

16 მაისს ცნობილი გახდა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან 250-ზე მეტი ადამიანი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიყვანეს, მათ შორის, 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, „აზოვსტალში“ მყოფმა 250-ზე მეტმა მებრძოლმა იარაღი დაყარა და რუსეთს ტყვედ ჩაბარდა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ 52 დაჭრილ უკრაინელ მებრძოლს, რომლებიც რუსეთმა „აზოვსტალიდან“ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა, გამოჯანმრთელების შემდეგ რუს სამხედროებში გაცვლიან.

მთავარი ფოტო: ადამ დელიმხანოვი და რამზან კადიროვი/twitter

გადაბეჭდვის წესი


ასევე: