მთავარი,სიახლეები

რატომ გაიზარდა რუსეთიდან 300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ

18.05.2022 •
რატომ გაიზარდა რუსეთიდან  300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ

რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი.

მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მცირდება და ის კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში ეკონომისტი საუბრობს, თუ რა გახდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზი.

  • ბატონო ბესო, თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების 300 პროცენტით გაზრდა?  

დიდი ალბათობით, ეს უკავშირდება რუსეთის მოქალაქეების გადმოსვლას საქართველოში, რომელთაც ოჯახის წევრები, ნათესავები ნელ-ნელა ურიცხავენ ფულს რუსეთიდან.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთიდან ერთობლივად დიდ თანხას ვერც გამოიტანდნენ – შეზღუდვაა 10 ათას დოლარზე მეტის გამოტანაზე.

მეორე ფაქტორია ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც აქვთ დანაზოგი რუსეთში და ახლა აგზავნიან ამ თანხას, რადგან აქვთ გათვლა, რომ შესაძლოა, მოუწიოთ საქართველოში ჩამოსვლა და ეს თანხა არ უნდათ, რომ დაკარგონ.

ვფიქრობ, მაისშიც გაიზრდება ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან.

ფულადი გზავნილების ასეთი ზრდა გამოწვეულია იმითაც, რომ რუსები ვეღარ იყენებენ საბანკო გადარიცხვებს, ამ პროცესში ბანკი უფრო ტექნიკურად არის ჩართული და მაღალ საკომისიოს იღებს. ამ სახის გზავნილებზე სანქციები რუსეთისთვის დაწესებული არ არის და ეს ფული იგზავნება ისე, როგორც საფოსტო გზავნილი იგზავნებოდა წინათ.

  • „გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2022 წლის მარტში ჰქონდა კვლევა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების კუთხით, სადაც ხაზგასმულია დადებით ტენდენციად ის, რომ ფულად გზავნილებში იყო კლება წინა წლებში. ეს შეცვლილი მოცემულობა რამდენად ზრდის რისკებს? 

ვფიქრობ, ეს ზრდა უფრო ერთჯერად ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ბუნებრივია, ეს არავინ იცის, მაგრამ ეს გამოსაგზავნი ფულიც ამოიწურება. ეს არალოგიკური ამოვარდნაა, რაც უკავშირდება რუსეთს გამოქცეული ადამიანების საქართველოში შემოსვლას.

ომის დასრულების შემდეგ ფულადი გზავნილების კლება რუსეთიდან ისევ გაგრძელდება.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენად იქმნება რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით რუსული ბიზნესი საქართველოში? TI-ის ბოლო კვლევით, 7 ათასზე მეტი რუსული კომპანია მოქმედებს საქართველოში. 

უცნობია, რას ხმარდება კონკრეტულად ეს ფული, თუმცა რაც ჩანს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვილი ბიზნესი ნაკლებად იქმნება. უფრო საუბარია იგივე IT სპეციალისტებზე, ათასობით ასეთი რუსი სპეციალისტია საქართველოში შემოსული, ისინი რეგისტრირდებიან, ასევე, ხსნიან საბანკო ანგარიშებს, რომ შეძლონ შეკვეთების მიღება და აქედან მუშაობა.

ფულად გადმორიცხვებს უფრო მოკლევადიანი გათვლა აქვთ: მუდმივად დანაზოგებით ვერ იქნები. თუ რუსეთში წყვეტ რაღაც საქმიანობას და აქ გადმოდიხარ, იმის იმედი გაქვს, რომ რაღაც ახალი საქმიანობა უნდა დაიწყო.

ვფიქრობ, ეს არ ზრდის რისკებს, რადგან ფულადი გადმორიცხვები რუსეთზე დამოკიდებულების კუთხით გვაწუხებს იმ კუთხით, რომ რუსეთმა შესაძლოა აკრძალოს ფულის გადმორიცხვა და ამ დროს საქართველოში ბევრი ოჯახი სწორედ ამ გადმორიცხვას ელის. თუ რუსეთი ისევ რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალავს ახლა ამ გადარიცხვას, ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას არ უქმნის პრობლემას.

  • ფულადი გადმორიცხვები მხოლოდ აპრილში იყო რუსეთიდან 132 მილიონი და სხვადასხვა ქვეყნიდან – ჯამში 308 მილიონი აშშ დოლარი. უკავშირდება ამას ვალუტის კურსის გამყარება? 

რა თქმა უნდა, ამან გაამყარა ვალუტის კურსი, ეს საკმაოდ დიდი თანხაა ჩვენი სავალუტო ბაზრისთვის.

  • რატომ ვერ აისახა ეს სურსათზე, რომელიც ისევ ძვირდება? 

იმიტომ, რომ სურსათის ფასები არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვალუტის კურსზე. როცა საუბრობენ, რომ ინფლაცია მოიკლებს და ფასებიც დაიკლებს, ეს არაა რეალური – გაზრდილი ფასები ვეღარ დაიკლებს, ამას მიზეზები აქვს. მაგალითად, ფასები რომ გაიზარდა, იმავე მაღაზიაში ხელფასიც გაზარდეს და მერე ვეღარ შეამცირებენ. მხოლოდ ვალუტის კურსი გადამწყვეტი ვერ იქნება. იგივე ხორბალზე ჩვენ უფრო და უფრო მეტ დოლარს ვიხდით.

არსებობს გამონაკლისი პროდუქტები, რაც პირდაპირ მიბმულია მსოფლიო ფასთან, მაგალითად, ნავთობის ფასი თუ დაუბრუნდება ომამდელი პერიოდის ფასს, ბენზინი საქართველოშიც ჩამოვა 3 ლარამდე. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია შეჩერდეს და ფასების ზრდა შეწყდეს. ამ პროცესში ვალუტის კურსის სიმყარეს აქვს ფარული ეფექტი. ჩვენ არ ვიცით, რა იქნებოდა, ლარი რომ არ გამყარებულიყო, მაგრამ გვექნებოდა უფრო მაღალი ფასები, ვიდრე ახლა.

  • აღნიშნეთ, რომ ფულადი გადმორიცხვების ზრდა მოკლევადიანია. მთლიანობაში რამდენად მცირდება რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება? 

ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება რუსეთზე ჯამში მაინც შემცირდება, რადგან კრიზისშია რუსეთის ეკონომიკა სანქციების გამო. ჩვენი ვაჭრობაც რუსეთთან მცირდება. მალე ექსპორტის მონაცემებიც გამოქვეყნდება და ნახავთ, ტურიზმი იზრდება მხოლოდ, ისიც რუსეთიდან გამოქცეული ხალხის ეფექტით და ისიც შემცირებულია 2019 წელთან შედარებით, ინვესტიციები განულებულია რუსეთიდან.

ეს ომი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას ამცირებს, რუსეთში თანდათან უფრო და უფრო ცოტა ფული იშოვება. ახლა თუ ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულად არ მოინდომებს და უფრო მეტად არ გავიფუჭებთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, თუ არ გვექნება დიდი ვარდნა, თანდათან შემცირდება რუსეთის წილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.

2015 წელს, როცა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო დაუწესეს სანქციები, ნავთობის ფასი დაეცა და საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა, ექსპორტიც შემცირდა, ტურიზმი დარჩა მხოლოდ იგივე, ჩვენ შემხვედრი პოლიტიკა არ გვაქვს, რომ გადაწყობა გავაკეთოთ.

  • რუსეთიდან საქართველოში ისევ შემოვლენ სახმელეთო საზღვრიდან. ეს რამდენად გაზრდის რუსების ეკონომიკურ აქტივობას საქართველოში? 

ამ შემთხვევაში ჩვენ დავუბრუნდით პანდემიამდელ პერიოდს, როცა შეეძლოთ ავტომანქანით შემოსვლა, თუმცა, როგორც ვიცი, ეს აქამდეც არ იყო ბარიერი, საჭირო იყო ცნობა, რომ ნამდვილად გჭირდებოდა წასვლა საქართველოში და ალბათ 10 დოლარად იღებდნენ კიდეც ამ ცნობას, რომ მიზეზი ჰქონდათ აქ ჩამოსვლის. ფორმალურად რაღაც ცნობის მიღება რუსეთში არ იქნებოდა პრობლემა.

  • მოლოდინი გაქვთ, რომ შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულება. რამდენად ეტყობა უკვე ჩვენს ბიზნესექტორს, ასევე ხელისუფლებას, რომ ექსპორტისთვის, ან იმპორტისთვის უნდა გადაეწყონ ახალ ბაზრებზე? 

მსგავსი არაფერი შეიმჩნევა. ერთადერთი იყო ის, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააჟღერა, რომ ხელს შეუწყობენ ხორბლის მოყვანას საქართველოში, რომ რუსულ ხორბალზე დამოკიდებულება შემცირდეს.

მართალია, საუბარი არ არის 100 პროცენტით ჩანაცვლებაზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია დღეს არსებული 10 -15- პროცენტიანი წარმოების მაჩვენებლის გაზრდა. ღვინოზეც თავად კომპანიები უნდა ხვდებოდნენ, რომ ბაზრები შეცვალონ, თუმცა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება იმდენად დიდია, რომ ძალიან რთულია ბევრისთვის გადასვლა სრულიად ახალ ბაზარზე. ალბათ კომპანიები დაზარალდებიან კიდეც, მაგრამ უკვე ამაზე უნდა იყოს დაწყებული მუშაობა. ალბათ დაწყებულია კიდეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: