მთავარი,სიახლეები

ახალი ტენდერი ბაგრატიონის ქუჩის შეკეთებაზე – სამუშაოები 3 მილიონით ძვირდება

17.05.2022 • 1674
ახალი ტენდერი ბაგრატიონის ქუჩის შეკეთებაზე – სამუშაოები 3 მილიონით ძვირდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთის] რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ახალი ტენდერი გამოაცხადა.

ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

სატენდერო თანხა, ანუ სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, ამჯერად 9 152 784 ლარია.

თუ ამ მაჩვენებელს უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულებას დავუმატებთ და წინა ტენდერის სახელშეკრულებო თანხას გამოვაკლებთ, გამოდის, რომ სამუშაოები მინიმუმ 3 მილიონი ლარით გაძვირდა [თუმცა, საბოლოო ღირებულება ახალი ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვევა].

„ზიმო 7“-თან ხელშეკრულება მერიის სამმართველოს 2021 წლის 26 მარტს ჰქონდა გაფორმებული 8 646 623 ლარზე.

დოკუმენტების მიხედვით, 11 თვის განმავლობაში კომპანიამ მხოლოდ მეოთხედი ანუ 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. მერიის განცხადებით, ეს „სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მიუთითებდა“.

ამავე თემაზე ვრცლად:

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია შეჩერდა – იქნება ახალი ტენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: