მთავარი,სიახლეები

„ჰაერში ვიხდიდით ფულს და ბინა არ აშენდა“ –  დაზარალებულების აქცია ბათუმის მერიასთან 

17.05.2022 • 6770
„ჰაერში ვიხდიდით ფულს და ბინა არ აშენდა“ –  დაზარალებულების აქცია ბათუმის მერიასთან 

„რაღაც გამოსავალი ნახონ, ქუჩაში ვართ, შველა გვჭირდება,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც დღეს, 17 მაისს, ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამშენებლო კომპანია „ევროლუქსმა“ ფინანსურად დააზარალა – ფულს წლების განმავლობაში იხდიდნენ, ხოლო ბინა ვერ მიიღეს.

„5 წლის წინ დაიწყო მშენებლობა, კომერციული ფართობი აშენდა და კიდევ ორი სართული, სულ 21 სართული უნდა აშენებულიყო და ბინები უნდა ჩაგვბარებოდა, მაგრამ დაპირება კომპანიამ არ შეასრულა… მესაკუთრე გელა კახიძეა, ოფისი დახურა, მაგრამ თვითონ არ იმალება, რა ვქნა, მე თქვენზე მეტად დავზარალდიო,“ – გვიყვება შერმადინ ჩოხარაძე.

დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტი ბაგრატიონის 113-შია. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ აქ 200-მდე ადამიანს უნდა მიეღო ბინა. დაზარალებულების 80 პროცენტი ემიგრანტია.

„დედაჩემს ხელფასი რომ შეუმცირეს თურქეთში, იტალიაში წავიდა სამუშაოდ, იქიდან აგზავნიდა ამ ფულს, ბინა რომ გვქონოდა… დაიბარონ ის კაცი და რაღაც გამოსავალი ნახონ, სხვა ინვესტორი შეუშვან,“ – ამბობს თეა შველიძე.

„გირაოთი ვარ ბინაში და ვადა მიმთავრდება, სად წავიდე?“ – კითხულობს თინა სამხარაძე. ის თვეში დაახლოებით 400 დოლარს იხდიდა იმისთვის, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ბინა ეყიდა.

„11 ათასი დოლარი მაქვს უკვე გადახდილი… რომ არ აგვეტეხა ხმაური, კიდევ ყიდდნენ ბინებს, ჰაერში ვიხდიდით ფულს და დარჩა ჰაერი,“ – აღნიშნა თინა სამხარაძემ.

სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ჯერ არ მიუმართავთ პროკურატურისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს, ან სასამართლოსთვის, რომ სამოქალაქო წესით იდავონ. დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ეფექტური ახალი ინვესტორის მოძიება იქნება, რაშიც მათ მერიის მხარდაჭერა სჭირდებათ. მოქალაქეებს არ აქვთ კონკრეტული შეთავაზება მერიისთვის: რა ფორმით უნდა ჩაერიოს მერია მსგავსი სახის დავაში.

„მინიმუმ 24 თვეში შესრულდება ეს ვალდებულება, გააჩნია ამინდს, 10 დღეში განახლდება მშენებლობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გელა კახიძემ, კომპანია „ევროლუქსის“ ხელმძღვანელმა. ის ადასტურებს, რასაც მოქალაქეები ჰყვებიან, თუმცა მათ „დაზარალებულად“ არ მიიჩნევს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „ახალი მეწილეები გამოჩნდნენ“, თუმცა არ დაგვიკონკრეტა, ვინ არიან ეს ახალი მეწილეები, რომელთა ჩართულობითაც ამჯერად მოხერხდება დაპირების შესრულება.

„მე მქონდა შიგა პრობლემები, რაც ამოიწურა… ჯერ არ გასულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რადგან სანებართვო ვადა იწურება 2022 წლის 15 აგვისტოს. ამ ვადამდე ვერ მოხერხდება კორპუსის მშენებლობის დასრულება, მაგრამ ვადას მერია გაგვიგრძელებს“, – აღნიშნა გელა კახიძემ.

ბიზნესმენმა ვერ გვითხრა, რატომ არის დარწმუნებული, რომ მერია მშენებლობის ვადას გაუგრძელებს.

რატომ არ მიიჩნევთ ამ ადამიანებს დაზარალებულად, როცა ისინი იხდიდნენ ფულს ბინისთვის და დათქმულ ვადაში ბინა ვერ მიიღეს? – ესეც ვკითხეთ მშენებელს, რომელიც ახლა უკვე ხელშეკრულებების განახლებას და ახალ ვადებს სთავაზობს ადამიანებს, ვისაც ბინა უნდა მიეღო.

„ყველა მათგანი ვერ იხდიდა სრულად ამ თანხას… მათ ინტერესებში შედის ხელშეკრულების განახლება, მე შემიძლია ხელშეკრულება შევწყვიტო, გადახდილი თანხა უკან დავუბრუნო და იგივე ფართი უფრო ძვირად გავყიდო უკვე,“ – გვითხრა გელა კახიძემ. მისივე თქმით, ამ დრომდე ეს შეთავაზება დაზარალებულებთან არ ჰქონია და მას თითოეულს დეტალურად გააცნობს.

ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ გასული წლის დეკემბერშიც წერდა. მაშინ გელა კახიძე ამბობდა, რომ უკრაინელი მეწილის იმედი ჰქონდა. ბათუმის მერიის ცნობით კი, „ევროლუქსმა“ ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2015 წელს მიიღო. 2017 წელს  მერიამ კომპანიას ნებართვა 2022 წლამდე გადაუვადა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისგან შეუსრულებელი დაპირებების გამო ადამიანები საპროტესტო აქციებს მართავენ. წლების განმავლობაში ითხოვენ დახმარებას კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულებიც. ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა თქვეს, რომ ბათუმის მერისგან დაპირებები მიიღეს, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.

.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: