მთავარი,სიახლეები

24 პირი დაგვაკავეს, რეპრესიები მოგვიწყო მთავრობამ აჭარაში, ყველა საქმე კოპირებულია – აბულაძე

17.05.2022 • 1425
24 პირი დაგვაკავეს, რეპრესიები მოგვიწყო მთავრობამ აჭარაში, ყველა საქმე კოპირებულია – აბულაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 მაისის აქციაზე მათი დაკავების საქმეში პოლიციელების სამხრე კამერით გადაღებული, ასევე პოლიციის მანქანებში დაფიქსირებული კადრების სასამართლოსთვის წარდგენას ითხოვენ.

„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ამ მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით ენმ-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ მტკიცებულებების მიჩქმალვას ცდილობენ.

„24 ადამიანი დაგვაკავეს 7 მაისს, ეს იყო პოლიტიკური დევნა, რეპრესიები მოაწყო ხელისუფლებამ აჭარის რეგიონში. რეალურად, საქმეები შეთითხნილია, ზოგან სახელები და გვარებიც კი აქვთ არეული, ყველა საქმე კოპირებული და გაყალბებულია. დაკავების დროს  ძალიან ბევრი დარღვევა გამოვლინდა, ამას ამტკიცებს პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები და ასევე, პოლიციელების მანქანებში გადაღებული კადრები, ამის დადგენა შეიძლება ასევე პოლიციის შენობაში რომ გადაგვიყვანეს, იქ გაკეთებული ჩანაწერებით.

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ ეს მტკიცებულებები წარმოადგინოს პოლიციამ, თუმცა დღემდე ისინი არც საქმეში დევს და მათ არც ჩვენ გვაძლევენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლა ცდილობენ ამ ჩანაწერების განადგურებას, ასევე პოლიციელებზე ახდენენ ზეწოლას, რომ სასამართლოს გაყალბებული ჩვენებები მისცენ.“

ენმ-მ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიციელებს მოუწოდა „არ შეასრულონ უკანონო დავალება.“

ენმ მიმართავს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და საელჩოებს, შეისწავლონ ეს საქმე და მისცენ შესაბამისი შეფასება.

7 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ.

 

„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: