მთავარი,სიახლეები

პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შეჩერდა, რასაც რუსეთის საგარეოც ადასტურებს

17.05.2022 • 3637
პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შეჩერდა, რასაც რუსეთის საგარეოც ადასტურებს

ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის შეჩერებულია. სტამბოლში შეხვედრის შემდეგ პროგრესი მოლაპარაკებების პროცესში არ ყოფილა.

უკრაინული მედიის, 24-ე კანალის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი რთულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და შეუძლია პოზიციების ჩამოყალიბება მოლაპარაკებებისას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესს არეგულირებს ვოლოდიმირ ზელენსკი და ადეკვატურ შეფასებებზე დაყრდნობით სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რა განიხილება ან რა შეიძლება განიხილებოდეს მოლაპარაკებებისას.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ ესმის, რომ ვითარება უკრაინაში სულაც არ არის ისეთი, როგორც თავიდან კრემლს წარმოედგინა, არ ცვლიან დირექტივებს და აგრძელებენ აქტიურ შანტაჟს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დასძინა, რომ რუსები ცხოვრობენ სამყაროში, სადაც თითქოს „უკრაინაში ნაციზმია“. „თუმცა მთელმა მსოფლიომ უკვე გაიგო, რომ დღეს არსებობს მხოლოდ რუსული ნაციზმი“, – ამბობს პოდოლიაკი.

მისივე განმარტებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია სტამბოლის შეხვედრებისას პროგრესის არარსებობის გამო. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ომი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს.

პოდოლიაკმა 3 მიზეზი დაასახელა, რის გამოც უკრაინამ შეაჩერა მოლაპარაკება რუსეთთან:

„რუსეთს არ სურს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ამ პროცესებში საკუთარი, უკიდურესად  უარყოფითი როლის გაცნობიერება.

კრემლს არ ესმის, რომ ომი აღარ მიდის რუსეთის წესების, გრაფიკის გეგმების მიხედვით.

უკრაინის პროფესიონალური წინააღმდეგობა მხოლოდ იზრდება, ამიტომ რუსეთი ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწევს“, – განმარტავს პოდოლიაკი.

რუსეთი, თავის მხრივ, უკრაინას მოლაპარაკებებიდან გასვლაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ამტკიცებს, რომ უკრაინა „ფაქტობრივად გამოვიდა მოლაპარაკებებიდან“.

მის სიტყვებს პროპაგანდისტული მედია RIA Novosti-ც ციტირებს. მინისტრის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ კიევიდან მათ არ მიუღიათ პასუხი „რუსეთის ხელშეკრულების პროექტზე“.

___

  • რა არის ცნობილი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესახებ

უკრაინა ომის შეჩერებას დიპლომატიური გზით რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცდილობს.

კიევი ბელორუსის საზღვარზე რუსებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს დათანხმდა.

მოგვიანებით, სტამბოლში, თურქეთის შუამავლობით, გაიმართა შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დიმიტრი კულებასა და სერგეი ლავროვს შორის.

მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში კი უკრაინის და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს სტამბოლის აზიურ ნაწილში.

კიევმა მოსკოვს თავისი წინადადებები გააცნო, რომლის მიხედვითაც იგი დათანხმდა მესამე ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კურსის დატოვების სანაცვლოდ.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

ყირიმთან დაკავშირებით უკრაინამ რუსეთს შესთავაზა გაყინოს ანექსირებული ყირიმის სტატუსი 10-15 წლით და ამ პერიოდში გაიმართოს მოლაპარაკებები.

უკრაინაში ხელშეკრულების დამტკიცებამდე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო. მის ხელმოწერას კი წინ უნდა უძღოდეს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, მაგრამ კრემლმა კიევის წინადადებებს არ უპასუხა.

24-ე კანალი წერს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესი გაართულა კიევის რეგიონში რუსების სისასტიკემ.

ზელენსკი აფრთხილებს კრემლს, რომ უკრაინა დატოვებს მოლაპარაკებებს, თუ რუსეთი ხერსონში ფსევდორეფერენდუმს ჩაატარებს და მარიუპოლში მოსახლეობას გაანადგურებს. გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები რომ განახლდეს, ამისთვის რუსეთმა ჯერ თავისი ჯარები 24 თებერვლის პოზიციებზე უნდა დააბრუნოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: