მთავარი,სიახლეები

უკრაინა ომის შემდეგ 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – გაერო

17.05.2022 • 1084
უკრაინა ომის შემდეგ 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – გაერო

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ 16 მაისს, 24 საათის განმავლობაში დასავლეთ უკრაინის საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისა და მოლდოვისკენ თითქმის 73 ათასმა ადამიანმა და 18 ათასზე მეტმა ავტომობილმა გადაკვეთა.

მათ შორის 19 ათასმა გადაკვეთა საზღვარი პოლონეთთან, დანარჩენები კი სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში გადავიდნენ.

უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა – მათი ცნობით მხოლოდ ბოლო 24 საათში თითქმის 41 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა უკრაინაში.

სხვადასხვა ქვეყნებიდან რომ ბრუნდებიან კიდეც უკრაინის მოქალაქეები უკრაინაში, ამას გაეროს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, 28 თებერვლიდან 16 მაისის შუალედში უკრაინაში დაბრუნდა 1 820 500 უკრაინელი. თუმცა ორგანიზაცია იქვე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ საზღვრის კვეთის, მოქალაქეთა ქვეყანაში შესვლის მაჩვენებელია და არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ეს მოქალაქეები საბოლოოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში და ისევ არ გადაადგილდებიან:

„უკრაინაში მუდმივად ცვალებადი მდგომარეობაა და საბოლოო ტენდენციებზე საუბარი ნაადრევია, სწორედ ამიტომ ეს რიცხვი არ აკლდება ლტოლვილთა საერთო რაოდენობას მანამ, სანამ მეტი ინფორმაცია არ დაგროვდება საზღვრისპირა გადაადგილებების შესახებ“, – წერია გაეროს განმარტებაში.

გამოცემა BBC გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 13 მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი.

მათ შორის 6 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში.

6, 5 მილიონამდე ადამიანი კი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილდა.

უკრაინელი ლტოლვილები ძირითადად დასავლეთის საზღვარს კვეთენ, თუმცა ძირითადად პოლონეთში გადადიან.

გაეროს ბოლო მონაცემებით უკრაინიდან 6, 2 მილიონი ადამიანი გადავიდა სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ:

პოლონეთში – 3,376,992

რუმინეთში – 919,574

რუსეთში – 850,534

უნგრეთში – 610,076

მოლდოვაში – 464,294

სლოვაკეთში – 424,027

ბელორუსში – 27,308

ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ 16 მაისის მდგომარეობით 345 202 უკრაინელ ლტოლვილს მისცა დაჩქარებული ვიზა.

გერმანიის განცხადებით კი, 14 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში 700 000-ზე მეტი უკრაინელი იყო ჩასული, მათგან 40% ბავშვია.

პუტინი აცხადებს ასევე, რომ რუსული ჯარები მარიუპოლიდან ევაკუაციაში „დაეხმარნენ“ 140 000 მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეს. მისი მტკიცებით რუსეთში წასვლა უკრაინელებისთვის არ დაუძალებიათ.

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იყო შემოსული, რის შემდეგაც ეს რიცხვი სავარაუდოდ გაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: