მთავარი,სიახლეები

მებრძოლი „აზოვსტალიდან“, რომლის გადაღებული ფოტოები მსოფლიო მედიაში გავრცელდა

18.05.2022 • 23917
მებრძოლი „აზოვსტალიდან“, რომლის გადაღებული ფოტოები მსოფლიო მედიაში გავრცელდა

წყარო: hromadske.ua

___________________

დმიტრო კოზაცკი მარიუპოლში 2015 წლიდან მსახურობს. იგი აზოვის პოლკს 2017 წელს შეუერთდა. დმიტრო პირველი მარტიდან მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას იცავს სხვა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად.

10 მაისს დმიტრო კოზაცკიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით – „ჩემი ყველაზე მტკივნეული ფოტორეპორტაჟი აზოვსტალიდან“. ფოტოზე დაჭრილი უკრაინელი სამხედროები არიან ასახულნი. მარიუპოლის მცველების ეს სურათები სწრაფად გავრცელდა მსოფლიო მედიაში.

აზოვსტალი. დმიტრო კოზაცკის ფოტო

აზოვსტალი. დმიტრო კოზაცკის ფოტო

დმიტროს დედა, ირინა იურჩენკო, მატარებლის გამცილებელია. ყოველ დილით ის შვილს შეტყობინებას უგზავნის, რომ მას ეჭვი არ შეეპაროს – „აზოვსტალში“ არსებულ სიტუაციას თვალს ადევნებენ და განიცდიან.

დმიტროს ყოველთვის პატრიოტული განწყობა ჰქონდა, 2014 წელს მან პოლონეთის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და კიევში, მეიდანზე მიმდინარე მოვლენებში ჩაერთო. მალე იგი ეროვნული გვარდიის რიგებში შევიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი – აზოვის პოლკში.

უკრაინული გამოცემა, hromadske ესაუბრა დმიტროსა და დედამისს.

დმიტრო კოზაცკის მონათხრობი

  • „გაუძლებს თუ არა ბუნკერი – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა“ 

მე სამხედრო ვარ და ქალაქის თავდაცვისთვის ვემზადებოდით, მაგრამ არ ველოდი მარიუპოლთან ასეთ ვითარებას. ჩვენ ველოდით, რომ ისინი აღმოსავლეთის მხრიდან, ე.წ. დპრ-დან [თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა] ან ზღვიდან მოვიდოდნენ. არ ვფიქრობდით, რომ ასე დაანგრევდნენ ქალაქს.

მარტიდან „აზოვსტალში“ ვართ და თუ მარიუპოლი 90-95 პროცენტით არის განადგურებული, ქარხანა საძირკვლამდე გაანადგურეს. აქ ისეთი ღრმა ორმოებია ჭურვებისგან, არ არსებობს შანსი, რომ რაღაც შენობა მაინც გადარჩეს.

რუსი სამხედროები ყოველ დღე მუშაობენ გარკვეული ციკლით: ჯერ იწყება საავიაციო დაბომბვა, შემდეგ – გემებიდან, ამის შემდეგ კი ტანკებიდან ისვრიან. ეს გაუთავებელი საშინელებაა. დაბომბვებს შორის შესვენებები მხოლოდ მაშინ იყო, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხდებოდა, საღამოს კი ისევ გრძელდებოდა.

გაუძლებს თუ არა ბუნკერი, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ვყოფილვარ თავშესაფრებში, რომლებიც ავიაბომბმა გახვრიტა. როცა სამოქალაქო პირების ევაკუაციისას, თავიდან ვერ ვახერხებდით გამოყვანას სროლების გამო. გადავწყვიტეთ მათთან დავრჩენილიყავით, ცოტა დაგვეცადა. და სწორედ იქ ჩამოვარდა საჰაერო ჭურვი. მან ნაწილობრივ გაარღვია თავშესაფრის კონსტრუქცია, კიბეები ჩაინგრა, ბომბისგან გაჩენილი ღრმულით გამოვიყვანეთ ხალხი. ვფიქრობ, თავშესაფრები აშენებულია ისე, რომ გაეძლო ერთი დარტყმისთვის, მაგრამ არ იყო გამიზნული მუდმივი დარტყმებისთვის.

დმიტრო კოზაცკი

  • „უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელი“

დროთა განმავლობაში ეჩვევი ამასაც. თავდაცვა უნდა შევინარჩუნოთ, აქ დაჭრილი მებრძოლები გვყავს, რომლებსაც ვიცავთ. ჩვენ ტყვედ  ვერ ჩავბარდებით, ვერ დავტოვებთ მათ, ვინც თავისი მაქსიმალური წვლილი შეიტანა ამ ომში – ზოგიერთმა საკუთარი სიცოცხლის, ზოგიერთმა – ჯანმრთელობის ფასად.

გვყავს თანამებრძოლები, რომლებსაც სათანადო მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ ვერ იღებენ. წამლები დიდი ხანია აღარ გვაქვს.

ერთხელ მივედი იქ, სადაც საველე ჰოსპიტალი გვქონდა და ერთმა მებრძოლმა მითხრა, რომ უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელი მისცეს. იგი ტკივილგამაყუჩებელს ინახავს იმ დროისთვის, როცა მტანჯველი ტკივილი ექნება.

ადამიანები ხანდახან უკეთესი დროისთვის ინახავენ რამე გემრიელს ან ალკოჰოლს, აქ კი იძულებულნი არიან ტკივილგამაყუჩებელი გამოიზოგონ.

  • „იმედია, სხვა ჯარისკაცებიც გვადევნებენ თვალს“ 

პირადად მე მოტივაციას და ძალას მაძლევს ფიქრი ყველა ჩვენგანის უკეთეს მომავალზე, გამარჯვებაზე. ასევე, სასიამოვნოა, რომ მარიუპოლისა და აზოვსტალის მცველები იქცნენ სიმტკიცის სიმბოლოდ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სხვა ჯარისკაცებიც გვიყურებენ და ეძლევათ ბრძოლის მოტივაცია.

მგონია, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედროების თავგანწირვაზე საუბარი, არამედ მათ ახლობლებსა და მშობლებზეც. ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობენ მშობლები, როცა 2-3 კვირის განმავლობაში არ შეუძლიათ შვილებთან დაკავშირება. ესეც გამბედაობის მაგალითია.

დედას იშვიათად ვურეკავ, მაგრამ მესიჯებს ყოველდღე ვუგზავნით ერთმანეთს, როცა დაკავშირების საშუალება მაქვს. მას ესმის, რომ მე არ მჭირდება ტელეფონში წუხილი ან ტირილი. დედაჩემი ნამდვილი სამხედროა, ყოველთვის ცდილობს მხარდაჭერას.

დმიტროს დედის, ირინა იურჩენკოს ნაამბობი
  • „ვფიქრობდით, წავსულიყავით ცოცხალი დერეფნით „აზოვსტალამდე“ 

მარიუპოლში, ბინის აივნიდან „აზოვსტალი“ და მის თავზე კვამლი ჩანდა. ამიტომაც სულ ვლანძღავდი ქარხანას. ახლა ვლოცულობ ამ ციხესიმაგრეზე, რომელიც ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეს ინახავს.

ყოველ დილას ვწერ შვილს SMS შეტყობინებას და რამდენჯერმე ვშლი. სულ ვცდილობ ზუსტი სიტყვები ვიპოვო, რომ არ დავასევდიანო, ტექსტს ხელახლა ვკითხულობ და მეშინია არ დავწერო ზედმეტი ასოც კი. მინდა იცოდეს, რომ ჩვენ მათზე, ყველა იქ მყოფზე ვღელავთ.

„აზოვსტალი“ ყველაზე ცხელი წერტილია, რადგან იბრძოდე იარაღის, დაცვის, წამლების, საკვების გარეშე და ამავე დროს ანადგურებდე მტერს – ნამდვილი გმირობაა. იქ მყოფი სამხედროების ნათესავებთან ერთად ვფიქრობდით წავსულიყავით ცოცხალი დერეფნით „აზოვსტალამდე“, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ამან შეიძლება სიტუაცია გაამწვავოს, რადგან ცოცხალი დერეფანი შეიძლება გახდეს რუსული აგრესიის ფარი.

ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა ბერკეტი და ძალისხმევა ჩვენი სამხედროების გასაყვანად. ისინი არავის მტრები არ არიან, არც ნაცისტები, უბრალოდ უყვართ უკრაინა. ისინი არიან თავიანთი სახელმწიფოს პატრიოტები და ოჯახების დამცველები. მარიუპოლი აკავებს შეტევას.

დმიტრო დედასთან ერთად

  • „ყოველი ჩვენგანი თავის ფრონტზეა“ 

საკმაოდ პატრიოტული ოჯახი ვართ, ამიტომ არ ყოფილა საუბარი, რომ მას მარიუპოლი დაეტოვებინა. თავიდანვე უნდოდა იქ ცხოვრება, არ ნანობდა გადასვლას.

ფართომასშტაბიან შემოჭრამდე ორი დღით ადრე ტელეფონით ვისაუბრეთ, საბუთების შეგროვება და ყველაფრის მომზადება მთხოვა, მაგრამ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.

24 თებერვალს დასვენების დღე მქონდა. მახსოვს დილის 5:45 წუთზე ჩემი შვილის ეს საშინელი ზარი:- „დედა, ახლა ეს ჩემოდანი გჭირდება, პანიკის გარეშე, ჩაალაგე და გააფრთხილე ჩვენები, რომ ჩავიდნენ თავშესაფარში. უკრაინის ყველა ქალაქს ბომბავენ“.

პირველი რამდენიმე წამი ისტერიკაში ვიყავი, მერე კი ძალა მოვიკრიბე და ყველა ჩემს ნაცნობს დავურეკე ტელეფონით.

ქალიშვილი კიევში იყო და მთხოვა, არ გავსულიყავი სამსახურში, მაგრამ დმიტრომ მითხრა, რომ ყველა ჩვენს ფრონტზე ვართ. დიმა – მარიუპოლში, მე უნდა ვიყო აქ და ადამიანებს გამგზავრებაში დავეხმარო.

25 თებერვალს ცვლაში გავედი. პირველი საევაკუაციო მატარებელი გვყავდა კიევიდან უჟგოროდში. რთული იყო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც. ვნახეთ, როგორ გარბიან ადამიანები მატარებლისკენ, როგორ კრავენ კაცები ხელს ბავშვებს და ადიან მატარებელში, როგორ აგდებენ ნივთებს. მე ვაგონ-ლუქსს ვემსახურები, კუპეში ორი ადგილია, მაგრამ მაშინ ჩემს ვაგონში 140 ადამიანი იყო.

მგზავრების უმეტესობა ბოლომდე ჩუმად იყო და როცა უკვე კარპატები [ქედი უკრაინაში] გავიარეთ, ლაპარაკი დაიწყეს, მოდიოდნენ, მეხვეოდნენ, უნდოდათ თავიანთი ამბავი გაეზიარებინათ. ვცდილობდი ყველასთვის მომესმინა, მერე ტუალეტში შევდიოდი და ვტიროდი.

ამ ისტორიებიდან ერთ-ერთმა შემძრა. ერთხელ მატარებელში შშმ კაცი, მისი ცოლი და მათი 19 წლის ქალიშვილი ამოვიდნენ. ჩუმად იყვნენ, ჩემთან მხოლოდ მოხალისე ვიქტორია მოვიდა, რომელმაც ისინი ირპინიდან გაიყვანა. მისი თქმით, ამ ოჯახს ტყეში ელოდნენ.

ოჯახი 5 დღე იჯდა სარდაფში – 15-მეტრიან ოთახში, სადაც 20 ადამიანი იყო. ეს ურჩხულები [რუსი სამხედროები] დადიოდნენ ზევით, გამუდმებით ისროდნენ ავტომატებით იატაკზე და ყვიროდნენ: „აბა, ხახლებო, გვირილაზე ვითამაშოთ?“ – შემდეგ კი სარდაფის ლუქსს მაღლა სწევდნენ და ისროდნენ. სარდაფში ხალხი ყოველ წუთს ემშვიდობებოდა სიცოცხლეს.

როდესაც ოკუპანტები გავიდნენ მოსაწევად ან საჭმელად, ხალხმა გადაწყვიტა სარდაფიდან გაქცევა. გზაში გაიგონეს მათი მიმართულებით სროლის ხმა, მაგრამ მაინც მოახერხეს გამოღწევა.

ეს ოჯახი უჟგოროდამდე დუმდა. შემდეგ კაცი მოვიდა, ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. „რამდენი გვმართებს ბილეთებისთვის?“ – მკითხა.

„თქვენ არ უნდა გადაიხადოთ, ეს სიცოცხლის ბილეთია, მთავარია, რომ გადარჩით. მხოლოდ ერთს გთხოვთ – ილოცეთ ჩემი შვილისთვის და ყველა ჩვენი ჯარისკაცისთვის, ვინც ახლა ფრონტზეა“ – ეს ვუთხარი.

________________________

გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო hromadske-ეს, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს: 

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: