მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციოს ყოფილ უფროსს 80 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სასამართლო

22.07.2022 • 1931
აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციოს ყოფილ უფროსს 80 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მიიჩნია და საზოგადოებრივი მაუწყებელს კომპენსაცია – 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

შესაბამისად, მხოლოდ განაცდურის სახით, შორენა ღლონტს აჭარის მაუწყებელმა 60 000 ლარი უნდა გადაუხადოს, რადგან გათავისუფლებიდან დღემდე 24 თვეა გასული. თუ კი განაცდურს მაუწყებელი დროულად არ გადაიხდის, თანხა კიდევ უფრო გაიზრდება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამას ემატება 20 000 ლარი, რომლის გადახდაც სასამართლომ კომპენსაციის სახით დააკისრა მაუწყებელს.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც შორენა ღლონტის უფლებებს იცავდა სასამართლოში.

„შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. თუმცა, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი მიზანმიმართულად გახდა დისციპლინური დევნის სუბიექტი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

შორენა ღლონტმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით ორივე შემთხვევაში მიმართა სასამართლოს და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლომ დაახლოებით 2-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ სცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პოზიციების შეჯერების შემდგომ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: