მთავარი,სიახლეები

ახალი პარტია, რომელიც გონიოში რუსეთის ჯარის დაბრუნებას აპირებს

23.11.2021 •
ახალი პარტია, რომელიც გონიოში რუსეთის ჯარის დაბრუნებას აპირებს

„რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზა იყოს გონიოსთან,“ – რუსეთის სურვილებთან საკუთარი ნების თანხვედრას არც მალავს რამდენიმე დღის წინ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე. პოლიტიკური გაერთიანება რეესტრში ოფიციალურად ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა ცნობილია, რომ „ალტ-ინფოს“ სახეების და წარმომადგენლების ნაწილი ამჯერად უკვე რუსული ინტერესების დაცვას პოლიტიკური პარტიის სახელითაც ეცდებიან საქართველოში.

20 ნოემბერს, „სოციალისტური მოძრაობის“ დამფუძნებელი კრების შემდეგ, ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში ისაუბრა რუსული ჯარის საქართველოში დაბრუნებაზე, კონკრეტულად კი, გონიოში.

„როცა ვამბობთ, რომ რუსებთან დავლაგდებით, მაგაში იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ რაღაც მაგარ ტექსტს დავწერთ, შევუცურებთ და მოვატყუებთ იქ ვიღაცას. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთთან ისეთ რამეზე დავლაგდებით, რაც იმასაც აწყობს და ჩვენც გვაწყობს. სანამ ორივეს გვაწყობს, მანამდე ეგ იქნება ძალაში და რუსებს რაც აინტერესებთ აქ, ეს არის სამხედრო უსაფრთხოების ზონა,“ – აცხადებს ზურაბ მახარაძე.

„პატრიოტთა ალიანსისგან“ განსხვავებით, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ნეიტრალიტეტზე, ანუ „არც რუსეთი და არც ნატო“ და რაც არსებითად პრორუსულობას ნიშნავს არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, „კონსერვატიული მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, შემოვიდეს რუსეთის ჯარი საქართველოში. „ალტ-ინფოს“ წამყვანი და უკვე პარტიის ლიდერი ახსენებს „სოხუმს“ და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა საქართველოს ამ გზით შეუძლია. ის არ აღნიშნავს იმას, რასაც დანარჩენი მსოფლიო ხედავს – რუსეთი ოკუპანტია.

ზურაბ მახარაძის აზრით, თურქეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება, ამიტომ „რუსებს აქ აინტერესებთ სამხედრო ბაზები, რომ თურქეთთან ანუ ერთ-ერთ მთავარ რეგიონალურ მოთამაშესთან, ჰქონდეს დაფიქსირებული ზღუდე, რომ აქ ექსპანსია არ მოხდეს… აქ რომ თურქული ექსპანსია მოხდეს და ჩრდილო კავკასიამდე მივიდეს თურქული ზონა, ეგ ნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასია ფეთქდება და მერე ვოლგისპირეთამდე იქ ხანძარი უნდა იყოს საერთოდ. ომის ხანძარი იქნება მთელი რუსეთის სამხრეთ მიმართულებაში და მაგის დაზღვევა უნდა რუსეთს რა…

გონიოსთან თუ ვლაგდებით ბაზაზე ხო, სოხუმზეც ვლაგდებით რა. ძაან პრიმიტიულად ვამბობ რა, საქართველო მაგის ფორმატში იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელშიც ეს ტერიტორიები, რასაც ახლა ვერ ვაკონტროლებთ, იქნებიან ფართო ავტონომიის სტატუსით, და საქართველო იქნება უსაფრთხოების კონცეფციის და ეკონომიკური ზონის ნაწილი, აქ იქნება გადაჭრილი ეკონომიკური თემა, უსაფრთხოების თემა და ცოტა ხალხი ამოისუნთქავს რა,“ – განაცხადა ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში.

„ეს არის მოსკოვში დაწერილი სცენარი… დარწმუნებული ვარ, ეს ჯგუფი მალე ისეთივე მარგინალური ჯგუფი გახდება, როგორც მანამდე სხვა ძალები, რომლებიც ასევე რუსეთის ინტერესების გატარებაზე მუშაობდნენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. ის მიიჩნევს, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ უკვე ის შემთხვევაა, რომელიც პრორუსულობას არც მალავს.

ზურაბ ბატიაშვილის დაკვირვებით, რუსეთი ისევ ამუშავებს იდეას, რომ თვითონ კი არა, მეზობელი თურქეთია საფრთხე.

„მხოლოდ სახელები იცვლება. „პატრიოტთა ალიანსის“ საუბრები გვახსოვს იმაზე, რომ აი, ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა და ბათუმს წაიღებს თურქეთი. გავიდა 100 წელი და ბოდიშიც არავის მოუხდია, რომ პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ… ახლა უკვე აღარც მალავენ იმას, რომ ეს რუსეთისგან წამოსული ნარატივია.

არავითარი საფრთხე, რომ თურქეთი შემოესიოს საქართველოს, არ არსებობს და ეს არის მორიგი ზღაპარი რუსეთისგან, რომ ე.წ. ძალა შემოიყვანონ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. თურქეთი რუსეთისგან განსხვავებით ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს… მინიმუმ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომელი ქვეყანაც არის ოკუპანტი და საიდან მოდის სინამდვილეში საფრთხე,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ჯარის საქართველოში შემოყვანა დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმაა და ამ იდეას, ბუნებრივია, მხარდამჭერები საქართველოში არ ეყოლება.

„ასეთი დასაყრდენი რომ ჰქონდეს რუსეთს, დიდი ხნის წინ გადაყლაპავდა საქართველოს. ეს მორიგი, უბადრუკი მცდელობაა,“ – დასძინა ზურაბ ბატიაშვილმა.

„ზღვაში შორს გაცურვის უფლებაც არ გვქონდა. ერთხელ, სამხედროებმა გასაბერი ლეიბიც ჩამოგვართვეს,“ – ბავშვობის წლების გახსენება ვთხოვეთ ასლან ჭანიძეს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს. ის გონიოში იზრდებოდა, იქ, სადაც „რუსის ჯარი იდგა“ და ნებისმიერ გამვლელს სჭირდებოდა საშვი, სტუმრებისთვის კი, წინასწარი სიის შედგენა იყო საჭირო.

„იყო შემთხვევები, როცა არ უშვებდნენ უცხო ადამიანებს, ან გვიკავშირდებოდნენ, რომ აი, ამ კაცს უნდა თქვენთან მოსვლა და თუ არის ეს ნამდვილიო,“ – რუსი სამხედროებისგან კონტროლირებად გონიოს, ასევე ხელვაჩაურის სოფელ მირვეთს იხსენებს ასლან ჭანიძე, სადაც გადაადგილება კი არა, მდინარე ჭოროხში ჩასვლაც კი, უნებართვოდ აკრძალული იყო:

„ჩემი მშობლები მუშაობდნენ გონიოში და მქონდა იმ ზონაში შესვლის უფლება, მოწმობას წელიწადში ერთხელ აახლებდნენ, გონიოს ხიდზე გავლა-გამოვლის დროს მუდმივად ამოწმებდნენ საშვს, იქ შლაგბაუმი ჰქონდათ.

მახსოვს ქორწილები და ქელეხები, როცა სიების მიხედვით გადაადგილდებოდა ხალხი. ყველაზე სევდიანად მაინც ის მახსოვს, გასაბერი ლეიბი რომ ჩამოგვართვეს, მაშინ ასე იოლად კი არ იშოვებოდა… ორი კვირა ვერჩოდით სამხედროებს, ქვებს ვესროდით შორიდან, ფანჯრები ჩავუმტვრიეთ.

რუსის ჯარზე ბავშვებთან არ ლაპარაკობდნენ, რომ ამბავი არ გასულიყო და პრობლემა არ შექმნოდა ვინმეს. მაგალითად, მხოლოდ 90-იან წლებში გავიგე, რომ თურქეთში თურმე ჩემი ნათესავები ცხოვრობენ.

მირვეთის ხიდზეც ორი ჯარისკაცი იდგა მუდმივად. ჭოროხში რომ გვეთევზავა, ბიძაჩემს უნდა დაერეკა სადღაც, რომ ასე და ასე ჩავდივარ სანაპიროზეო… უცხო ვინმე თუ გამოჩნდებოდა სოფელში, ასევე გაფრთხილებული იყო ყველა, რომ უნდა დაერეკათ სასაზღვრო  პოლიციისთვის. მახსოვს, როგორ ივსებოდა ტყე ჯარისკაცებით, როცა ვინმეს ეძებდნენ,“ – გვიყვება ასლან ჭანიძე.

ასლან ჭანიძის დაკვირვებით, ეს იდეა, ანუ რუსული ჯარის შემოყვანა საქართველოში, ვერ იმუშავებს მარტივად, რადგან თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ხოლო ადამიანები იოლად ამჩნევენ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ არჩევანს.

„რომ ვუყურებ ამ ახალგაზრდა კომკავშირლებს, მიკვირს მათი, რადგან დღეს ახალგაზრდებს განვითარების ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა… სამწუხაროდ, რუსეთის იქეთ ვერ იხედებიან და თვლიან, რომ რუსეთი აჭმევს პურს… არ მგონია, ეს იდეა მასობრივად მიიღოს ვინმემ, რადგან ადამიანები ხედავენ ევროპას და მეორე მხრივ, გაჩანაგებული რუსეთის ძალადობრივ რეჟიმს. ეს თემა აღარაა მიმზიდველი,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.

რა ვიცით „ალტ-ინფოს“ შესახებ? 

ამ სათაურით კვლევა მოამზადა ორგანიზაციამ „მედიის უფლებები“, რომლის ხელმძღვანელიც ნათია კაპანაძეა. კვლევაში დეტალურადაა აღწერილი „5 ივლისის საქმეში“ ალტ-ინფოს ლიდერების როლი – ძალადობის ორგანიზების მიუხედავად ამ დრომდე პროკურატურას არავინ დაუსჯია.

მაგალითად, უკვე პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ზურაბ მახარაძის და სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვდა სახალხო დამცველი 6 სექტემბერს. ომბუდსმენი მიიჩნევდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით არსებობდა ბრალის წარდგენის სტანდარტი.

“ძალადობას არათუ ვემიჯნები, ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ, თქვენი შვილების ესეთი მომავლის წინააღმდეგ გავიდეთ და ვიძალადოთ. ვინც ემიჯნება, ის არაადამიანია,“ – თქვა 5 ივლისის აქციამდე ღია ეთერში ზურაბ მახარაძემ. ეს არაა ერთადერთი ციტატა, რის გახსენებაც შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ ზურაბ მახარაძე და ალტ-ინფოს“ გუნდი, რომელიც ახლა უკვე პარტიას ქმნის, 5 ივლისის აქციაზე ძალადობას აორგანიზებდა.

ხელისუფლების მხრიდან „ალტ-ინფოს“ მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას აჩვენებს ისიც, რომ 5 ივლისის შემდეგ „ალტ-ინფომ“, საიდანაც სიძულვილის ტირაჟირება ხდებოდა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება, ეროვნული მაუწყებლის სტატუსი მიიღო.

„2021 წლის 08 იანვრიდან დღემდე კომისიამ სამჯერ ცნო “ალტ-ინფო” სამართალდამრღვევად,“ – აღნიშნულია „მედიის უფლებების“ კვლევაში და ხაზგასმულია ისიც, რომ 5 ივლისის მოვლენების გაშუქების დროს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად ცნო და იმავდროულად სანქციიდან გათავისუფლა. მოდიფიცირების პროცესში კი, კომისიის წევრებს კითხვები არ დაუსვამთ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით პასუხი არ მოსთხოვა „ალტ-ინფოს“ ჯგუფს ძალადობის მოწოდებისკენ, „ალტ-ინფო“ მაუწყებელი გახდა. ახლა ჯერი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებაზეა.

მმართველ პარტიის გავლენიან წევრსა და „ალტ-ინფოს“ ფინანსური კავშირების კუთხითაც არსებობს კითხვები. კვლევაში აქცენტირებულია ე.წ. სუს-ის ჩანაწერები, რომლის ნამდვილობაც ასევე არ გაურკვევია ამ დრომდე სახელმწიფოს.

„2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი, “ალტ – ინფოსთან” დაკავშირებული პირი – კონსტანტინე მორგოშიაც მოხვდა. ჩანაწერების მიხედვით, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კონსტანტინე მორგოშიას სხვადასხვა შეღავათს უწევს, მათ შორის, მისცა უკანონო მშენებლობის ნებართვები, დააფინანსა მისი ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოსთვის“ და ასევე, 2020 საპარლამენტო არჩევნებში მორგოშიას და ვასაძის მხარდაჭერილი კანდიდატები 300 000 ლარით დააფინანსა.

კახა კალაძე მორგოშიასთან ფინანსურ და საქმიან ურთიერთობას უარყოფს. გავრცელებულ მასალებში, რომლის იდენტურობაც ამ დრომდე არ არის დადასტურებული, საუბარია, რომ “კონსტანტინე მორგოშია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „პროექტი“. ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” წამყვანი, ზურაბ მახარაძეც კი არის სუს-ის ნომრიანი აგენტი.”

აღნიშნულის პარალელურად, დადგენილია, რომ თბილისის მერიის დახმარება 2021 წლის 5 ივლისს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანმა“ მიიღო – მერიამ ქაშუეთის ეკლესიის წინ ხმის ტექნიკა დროებით სარგებლობაში გადასცა და ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყო,“ – წერია კვლევაში.

შპს „ალტ-ინფო“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. წესდების თანახმად, ორგანიზაციის მიზანია კონსერვატიული, ეროვნული ღირებულებების დაცვა, პოპულარიზაცია და მათი წარმატებით გადასაწყვეტად ალტერნატიული მედიაპლატფორმის შექმნა-განვითარება. ორგანიზაციის დირექტორია შოთა მარტინენკო, რომელიც კომპანიის 50% წილს ფლობს და ამავე არხის წამყვანიცაა, მეორე 50% წილი კი, ციალა მორგოშიას სახელზეა გაფორმებული, ის 5 ივლისის ძალადობრივი აქციისი ერთ-ერთი მონაწილის, კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა.

„მედიის უფლებების“ კვლევის მიხედვით, ამჟამად ციალა მორგოშიას სახელი 7 კომპანიასთან არის აფილირებული.

ამავდროულად, კონსტანტინე მორგოშია „პატრიოტთა ალიანსის“ შემწირველი იყო და „ქართული მარშის“ წევრი.

კონსტანტინე მორგოშია ზურაბ მახარაძესთან ერთად გამგეობის წევრია ასევე „ალტინფოსთან“ დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ალტერნატივა საქართველოსთვის“.

ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

გასულ წელს „ფეისბუქმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაცია „მედიის უფლებები” შენიშნავს, რომ “ალტ-ინფოს” შინაარსში დარღვევა [ბავშვთა მიმართ ძალადობის დადებით კონტექსტში საუბარი], როგორც გადაცდომა, კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ შეამჩნია.

5 ივლისის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 ივნისს, ზურაბ მახარაძემ, ანუ ახლა უკვე პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ თავმჯდომარემ, ეს ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ძალადობას აპირებს.

„5 ივლისის ის კი არ წყდება, 10 ავადმყოფი ქუჩაში გაივლის თუ არა,  5 ივლისს წყდება, ამ ქვეყანაში ვისი წესები მოქმედებს – მოღალატე პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და, რაც მთავარია, მათი უცხოელი პატრონების, თუ ჩვენი. ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. მე შემიძლია და ვაპირებ, საკუთარი ღირებულებების, მათ შორის, ძალით დაცვას. თუ ჩემი შვილი ამათი შექმნილი ჯოჯოხეთის პირობებში უნდა გაიზარდოს, მე მზადა ვარ, ძალით ვიმოქმედო ამის წინააღმდეგ. 5 ივლისს, დილის ათი საათიდან, მე და ჩემი ძმები გავალთ და დავდგებით 9 აპრილის ბაღში, იქიდან ავიღებთ მთლიანად რუსთაველს და ვაჩვენებთ, ვისი ქვეყანაა საქართველო. ჩემს ფეხებს ჩაატარებენ ეგენი გარყვნილების აღლუმს”, – აცხადებდა ზურა მახარაძე ვიდეომიმართვაში.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა ასევე გააფრთხილეს საკუთარი მომხრეები, რომ თუ “უცბად ვიღაცამ რაღაც ვერ მოითმინოს”, მოძალადეებს არ გაემიჯნონ.

“500-600 კაცი გამოვეყოთ მასას, არ ავირიოთ და დავიძრათ “სირცხვილიას” ოფისისკენ” – კონსტანტინე მორგოშიას ამ მიმართვით დაიწყო უშუალოდ “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის ორგანიზება, სადაც სცემეს “ტვ პირველის” ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. ის ამ ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა მუქარები გააგრძელეს 5-6 ივლისის შემდეგაც: “ორშაბათი და სამშაბათი მოგეჩვენებათ ბავშვის თამაშად”.

„ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის ჩვენი შსს და პროკურატურა. კონსტიტუციის მიხედვით, ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში… ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება,“ – ეს სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის პოზიციაა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ალტ-ინფოს“ ლიდერები უკვე პოლიტიკურ პარტიას აფუძნებდნენ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ რეგისტრაციაში არ უნდა გაატაროს.

ჯერჯერობით დისკუსიის საგანია, უნდა გაატაროს თუ არა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“. მაგალითად, პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი „ლელოდან“ აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, სხვები კი, აპირებენ დაელოდონ მოვლენებს – განაგრძობს თუ არა ისევ ძალადობისკენ მოწოდებას „ალტ-ინფოს“ ლიდერებისგან შექმნილი პოლიტიკური პარტია და ისევ ეცდებიან თუ არა დამოუკიდებლობაზე უარის თქმას, ანუ გონიოში რუსეთის ჯარის დაბრუნებას.

___

მთავარი ფოტო: „მედიის უფლებები“ კვლევის გარეკანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: