მთავარი,სიახლეები

ესპანელი წყვილი, რომელმაც ბათუმში ცხოვრება გადაწყვიტა: „მგონი, ადრეც აქ ვცხოვრობდით“

04.03.2020 •
ესპანელი წყვილი, რომელმაც ბათუმში ცხოვრება გადაწყვიტა: „მგონი, ადრეც აქ ვცხოვრობდით“

„ძალიან მშვიდია ეს ქალაქი, თუ არ ჩავთვლით ქაოსურ საგზაო მოძრაობას…“ – ასე დაიწყო ესპანელმა წყვილმა იმის ახსნა, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ბათუმზე. მათ აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში შევხვდით. ხუან პონსი და მარგარიტა ნუევო აქამდე ესპანეთში ცხოვრობდნენ, კუნძულ მენორკაზე. წყვილმა ბათუმში ბინა შეიძინა და გასული წლის აპრილიდან აქ დასახლდა საცხოვრებლად.

წყვილმა ემოციურად განაგრძო იმის ჩამოთვლა, თუ რა მოსწონთ და უკვე რა არ მოსწონთ ბათუმში. მარგარიტას ბათუმი უფრო იმიტომ მოსწონს, რომ აქ დიდხანს შეუძლია ფეხით სიარული და არასდროს იღლება. ხუანს აქაური კლიმატი მოსწონს, „არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივაო“, – გვითხრა მან.

ხუანი და მარგარიტა ბათუმის შესახებ ვერაფერს გაიგებდნენ, რომ არა სტამბულში მოგზაურობა – 2015 წელს, როცა ეს წყვილი დაქორწინდა, საქორწინო მოგზაურობაში ბეირუთში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ეს მაშინდელი საომარი დაპირისპირების გამო ვერ შეძლეს. ხუანი და მარგარიტა სტამბულში ჩამოსულან და თვითმფრინავის სარეკლამო ბროშურაში ამოუკითხავთ ინფორმაცია ბათუმზეც.

„ეწერა, რომ ბათუმი ლას-ვეგას და მაიამს ჰგავს თანამედროვე არქიტექტურით. ვთქვით, მოდი, წავიდეთ ბათუმშიც,“ – გვიყვება ხუან პონსი. წყვილს მაშინ ბათუმიც უნახავთ, თბილისი და კახეთიც.

„ძალიან მოგვეწონა აქაურობა. რაღაც ადგილებმა მართლაც გაგვახსენა მაიამი. ყველაზე მეტად მოგვეწონა სიმშვიდე, რომელიც არის ამ ქალაქში და კეთილგანწყობა ერთმანეთისა და ტურისტების მიმართ. გარდა ამისა, უსაფრთხო ქალაქია, დღისით და ღამით ნებისმიერ დროს შეგიძლია ქუჩაში თავისუფლად იარო,“ – ამბობს მარგარიტა და იქვე დასძენს, ამის შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ქალაქი ნახეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქ ცხოვრება გადაწყვიტეს და ეს მისი არჩევანი იყო.

„არა, ეს შემთხვევით მოხდა,“ – იღიმის ხუანი, თუმცა ცოლთან კამათის შემდეგ აღიარებს, რომ უპირატესობას დედაქალაქის სტატუსის გამო თბილისს ანიჭებდა.

„მე კი შევახსენე ამ ქალაქის განლაგება, რელიეფი, კლიმატი, ის, თუ როგორ ატარებენ  ბათუმში დროს მოხუცები, აქ ადამიანები უფრო სხვანაირად, მოშვებული დადიან…“ – გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას მარგარიტა ქალაქზე, რომელზეც ამბობს, რომ „მენტალურად მისი გახდა.“

წყვილს იმის თქმაც ვთხოვეთ, თუ რა არ მოსწონთ ბათუმში. მარგარიტა ორივე ხელს სახეზე იფარებს და ამბობს: „ქუჩაში, ზებრაზე გადასვლა.“

მარგარიტას ქუჩის გადაკვეთა ახლაც აშინებს და ცდილობს, ტურისტს დაემსგავსოს. მისი დაკვირვებით, ქართველი მძღოლები ტურისტებს იოლად უთმობენ გზას.

„მანქანა შეიძლება პირდაპირ დაგეჯახოს,“ – თვალებგაფართოებული იწყებს თხრობას  მარგარიტა. – „სულ მიკვირს, როგორ ვერ ახერხებენ შეჩერებას, განსაკუთრებით, როცა ბავშვები გადადიან, ფეხმძიმე ქალები. დავაკვირდი, რომ როცა შლაპა მახურავს, რუსს მამსგავსებენ და მითმობენ გზას. ამიტომაც, ქუდებით და შლაპებით დავდივარ…“ – იცინის მარგარიტა და მერე იმასაც გვიყვება, როგორ არ მოსწონს, როცა რუსს ამსგავსებენ და ქუჩასა თუ მარკეტში პირდაპირ რუსულად ელაპარაკებიან.

რამდენიმე ქართულ სიტყვასთან ერთად, მარგარიტა ხაზგასმით გვიმარცვლის ფრაზას, რომლის გამეორებაც ქართულად ხშირად უხდება: „მე არ ვარ რუსი“.

მარგარიტა კულინარიის ბლოგერია. ის თავის გვერდზე გვაჩვენებს აჭარულ ხაჭაპურს, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად მოუმზადებია.

„ასევე მიყვარს ხატვა. მუშაობას აღარ ვაპირებ, თუ უნდა, ხუანმა იმუშაოს,“ – იცინის მარგარიტა და ხუანისკენ იხედება.

ხუანი ფინანსისტია. ამბობს, რომ არაა გამორიცხული, მალე ბიზნესში ჩაერთოს. ის აქამდე სამშენებლო ბიზნესში მუშაობდა. გვამშვიდებს, მაღალს არაფერს ავაშენებ, ისედაც ბევრი გაქვთო.

„უნდა იყოს მაღალი შენობებიც, რადგან ეს სჭირდებათ ტურისტებს… ახალი შენობებიც უნდა იყოს და ისტორიული, ძველი სახლებიც. უნდა იყოს დაცული ზონა, რომელსაც ვერავინ შეეხება,“ – გვიყვება ხუანი.

„მთავარია, სივრცე არსებობდეს,“ – დასძინა მარგარიტამ.

წყვილი აპირებს ისწავლოს ქართული, რაც მისცემს საშუალებას, მეტი ქართველი გაიცნოს და, შესაბამისად, ქართული კულტურაც. ხუანი და მარგარიტა არ ეთანხმებიან მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართველები და ესპანელები ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა მარგარეტს ამ კუთხითაც აქვს საკუთარი დაკვირვება:

„აი, როცა ტელეფონზე საუბრობს ქართველი კაცი და ამბობს, მოდი, მოდი, ძალიან ჰგავს ბასკს რაღაც სიუხეშით… ორი ქართველი როცა საუბრობს, ზოგჯერ გეგონება, რომ ჩხუბობს, ყვირიან, სინამდვილეში ასე არაა, გულით კარგები არიან. ჰო, მგონი, ემოციურად ვგავართ ერთმანეთს,“ – ასკვნის მარგარიტა.

ხუანი და მარგარიტა მას შემდეგაც იყვნენ საზღვარგარეთ, როცა ბათუმში ცხოვრება დაიწყეს. მარგარიტას არ აქვს პასუხი, რა მოენატრა ბათუმში. ამბობს, რომ გერმანიაში შვილთან ყოფნის დროს და ესპანეთშიც მუდმივად ახსოვდა საქართველო და საბოლოო შეფასებაც ასეთი აქვს: „არ ვიცი, აქ რაღაც მაგიაა“.

სათქმელი აქვს ხუანსაც: „მე მგონია, რომ ადრეც აქ ვცხოვრობდი, მხოლოდ ეს ერთი წელი არა, უფრო ბევრი წელი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: