ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა

05.06.2020 • 2042
როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა

„ადგილი აქვს აქციის  მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლის ფუნქციებში, ზეწოლას თანამშრომლებზე, ზეწოლას მაუწყებელზე, რაც აკრძალულია კანონმდებლობით…“ – განაცხადა დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. მან ტელევიზიის სხვა მენეჯერებთან ერთად პრესკონეფერენცია გამართა და ჟურნალისტების დარწმუნება იმაში სცადა, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-8 დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს,  პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ტელევიზიის სხვა მენეჯერებს არაფერი უთქვამთ, ემზარ პაქსაძემ კი ვერ ახსნა, რატომ ასრულებს ალექსანდრე მილორავა „პოლიტიკურ დაკვეთას“. მოშიმშილეს შიმშილობის მერვე დღეს მენეჯმენტი ასე გამოეხმაურა.

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაშვებას აპროტესტებს, რაზეც საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა. ალექსანდრე მილორავა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს. დღეს საღამოს ამავე მოთხოვნით აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

„…დღეს ეს პირები, რომლებიც წარმოგვიდგნენ, როგორც ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც უყვართ აჭარა, კუთხე, თითქოსდა აინტერესებთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ახორციელებენ პოლიტიკურ შეკვეთებს, ეს პროცესი არის გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის,“ – აღნიშნა ემზარ პაქსაძემ, თუმცა ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, მან ვერ დააკონკრეტა, რატომაა მნიშვნელოვანი ალექსანდრე მილორავას პოლიტიკური წარსული ან პოლიტიკური არჩევანი დღეს, თუკი მისი მოთხოვნები სამართლიანია?

ალექსანდრე მილორავა ტელევიზიისგან ითხოვს არა ეთერს ან კონკრეტული ჟურნალისტური მასალების მომზადებას, არამედ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ჟურნალისტების დევნის გამო, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

„ამ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ… აუდიტის დასკვნასაც გაჩვენებთ“ – აღნიშნა ემზარ პაქსაძემ, როცა მას ჟურნალისტების დევნაზე ვკითხეთ. სასამართლოში უკვე 9 სარჩელია აქვთ შეტანილი კრიტიკულად განწყოფილ ჟურნალისტებს – მათ, ვინც რედაქციას ჩამოაშორეს. ჟურნალისტები ითხოვენ გამოძიების დაწყებასაც, ჟურნალისტების დევნის გამო.

მოშიმშილის წინააღმდეგ მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ემზარ პაქსაძემ დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრე მილორავა 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებში „ევროპული საქართველოდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და ამ პარტიას 1000 ლარი შესწირა. ალექსანდრე მილორავა ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას 2017 წლის ბოლოს გაემიჯნა და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში 2017 წლიდან ჩართული აღარ არის.

„მე დღეს მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტი ვარ… “ – ამბობს ალექსანდრე მილორავა.

ალექსანდრე მილორავა სამი წლის წინ იყო „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში. დღეს კი ტელევიზიის ხუთწევრიან მრჩეველთა საბჭოში მუშაობს „ევროპული საქართველოს“ შერჩეული წევრი თამარ წილოსანი,  რომელიც ამ დრომდე არ უჭერს მხარს  იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, რასაც ალექსანდრე მილორავა ითხოვს.

კონკრეტულად რის საფუძველზე მიიჩნევს აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც მერვე დღეა შიმშილობს, „პოლიტიკურ შეკვეთას“ ასრულებს?

„მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, სიაშია და… მაშინ უნდა თქვას, რომ მე ვარ პოლიტიკური პარტიიდან, ამაზეა საუბარი,“ – უკან არ დაიხია ემზარ პაქსაძემ, რომლის წარმოდგენილ დოკუმენტს ყველა ჟურნალისტი გაეცნო – არავის ახსოვდა, ბათუმის ერთ-ერთ უბანში ალექსანდრე მილორავა მაჟორიტარობის კანდიდატი რომ იყო სამი წლის წინ ერთ-ერთი პარტიიდან.

„აგერ მაქვს მისი სურათიც, ფეიკი კი არ მაქვს გაკეთებული,“ – დასძინა აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ.

ალექსანდრე მილორავას საარჩევნო პოსტერი 2017 წელს. ფოტო აჭარის მაუწყებლის მიერ მოძიებული დოკუმენტებიდან

ემზარ პაქსაძემ კიდევ ერთ საკითხზე ითხოვა ჟურნალისტების ყურადღება: „მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ როცა ჩამოსულებს ეძახდნენ ჩვენს ჩამოსულებს, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისში არის რეგისტრირებული“.

ემზარ პაქსაძემ მიიჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და რომ ეთიკურად გამოეხმაურა საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბაჩუკი ჩხეიძეს, რომელმაც „ჩამოსულებზე“ აქცენტი საინფორმაციო სამსახურის უფროსთან – ვახო ხუზმიაშვილთან საუბრის დროს გააკეთა. ალექსანდრე მილორავას, რომელიც ემზარ პაქსაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციით თბილისშია რეგისტრირებული“, არაფერი უთქვამს „ჩამოსულებზე“.

რა ადასტურებს ზეწოლას და იმას, რომ მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს“? – კითხვების დასმა გიორგი კოხრეიძისთვისაც გვინდოდა, რომელიც ტელევიზიის გასასვლელში შეგვხვდა. მან გვითხრა, რომ კომენტარს არ გააკეთებს.

იმის მიუხედავად, რომ კომენტარზე უარი გვითხრა, მას მაინც ვკითხეთ შერჩევით მიდგომაზე, მაგალითად, როცა ფეისბუქპოსტის გამო ჟურნალისტი და ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი – მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან გაუშვა, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსის და ასევე სხვა ჟურნალისტის შეურაცმხყოფელი ფეისბუქპოსტებზე საქმისწარმოება არც კი დაიწყო.

„…კარგით რა, მასე იმასაც ამბობდნენ აქციის მონაწილეები, ტელევიზიის თანამშრომელი გამოვიდა და ფეხი გვიკრა კარავზეო. ვნახე კადრები და არაფერი მსგავსი არ ყოფილა, მე ყველა ამ ფაქტებს გამოვაქვეყნებ და აუდიტის დასკვნასაც,“ – თქვა გიორგი კოხრეიძემ, თუმცა საუბარში მოულოდნელად დერეფანში გამოჩენილი სოსო სტურუა ჩაგვერთო, მრჩეველთა საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“.

„რეხვიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება შეგიძლიათ ნახოთ“, – გვირჩია მან. ვიდრე მას ავუხსნიდით, რომ გიორგი კოხრეიძესთან გვქონდა კითხვები და არა მასთან, კითხვებისგან დირექტორის  „დაცვა“ ლალი ბერძენიშვილმა სცადა, რომელიც ტელევიზიის განვითარების მენეჯერია. „რატომ სვამთ იმ კითხვებს, რომლებზეც ისედაც გაქვთ პასუხები?“ – იკითხა მან.

ამასობაში, გიორგი კოხრეიძე პასუხების გაცემის გარეშე დაუბრუნდა თავის სამუშაო ოთახს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: