მთავარი,სიახლეები

თურქეთში გაიხსნა ცენტრი, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის გატანას გააკონტროლებს

27.07.2022
თურქეთში გაიხსნა ცენტრი, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის გატანას გააკონტროლებს

დღეს, 27 ივნისს, სტამბულში გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გასაკონტროლებლად.

„მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის, რუსეთის, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლებმა.

ცენტრის მეშვეობით იგეგმება შავი ზღვის უკრაინის სამი პორტიდან (ოდესა, ჩორნომორსკი, იუჟნი) მარცვლეულის ექსპორტში ჩართული გემების შემოწმება. ცენტრის მიზანია უზრუნველყოს უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის ტრანსპორტირება და განაწილება. გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას გაუწევს გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები.

საკოორდინაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდა თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მან ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ხაზი გაუსვა უკრაინული მარცვლეულის მიწოდების მნიშვნელობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ეს სჭირდებათ.

მისი თქმით, მარცვლეულის უწყვეტი მიწოდების ორგანიზება მსოფლიოში სურსათზე ფასებს შეამცირებს და სასურსათო კრიზისს აღმოფხვრის.

„მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებით საზღვაო ზონების გასუფთავება არ არის საჭირო. უკრაინის პორტებში მარცვლეულის მიწოდებისთვის მზადება გრძელდება“, – ციტირებს „ანადოლუ“ თავდაცვის მინისტრს.

აკარმა ასევე თქვა, რომ მარცვლეულის დერეფნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 120 დღის ვადით და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: