მთავარი,სიახლეები

ისრაელში გამოიგონეს დეპრინტერი, რომლითაც ქაღალდზე მრავალჯერადი ბეჭდვაა შესაძლებელი

27.07.2022 • 982
ისრაელში გამოიგონეს დეპრინტერი, რომლითაც ქაღალდზე მრავალჯერადი ბეჭდვაა შესაძლებელი

ყველას, ვინც ოფისში დოკუმენტებთან მუშაობს, ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ამობეჭდა ხელშეკრულება, ან რაიმე საჭირო ტექსტი და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა შეცდომა. ასეთ დროს ტექსტში შესწორების შეტანა მარტივია, თუმცა მის თავიდან ამობეჭდვას კიდევ უფრო მეტი ფურცელი ხმარდება, რითაც იზრდება ქაღალდის მოხმარება, რაც, გარდა იმისა, რომ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გარემოსთვის საზიანოა.

წარმოიდგინეთ, რომ ეს ასე აღარ იქნება და შეძლებთ ერთი და იგივე ქაღალდი ოფისში ათჯერ გამოიყენოთ. ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი არ გეგონოთ, უკვე არსებობს მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ქაღალდიდან მელანს შეიწოვს და ერთის მხრივ შესაძლებელს ხდის ფურცლის ხელახლა მოხმარებას, ხოლო მეორე მხრივ – აგროვებს მელნის პიგმენტს, რომელიც პრინტერის – საბეჭდი მოწყობილობის მელნის დასამზადებლად გამოიყენება.

ეს მოწყობილობა, ე.წ. „დეპრინტერი“ ისრაელში, კომპანია Reep Technologies-ში გამოიგონეს და მისი შესაძლებლობები BBC-ის გარემოს დაცვის ანალიტიკოსმა როჯერ ჰარაბინმა გამოსცადა.

დეპრინტერის ხრიკის სპეციალურად დამუშავებულ ქაღალდში მდგომარეობს, რომელიც ქაღალდში მელნის შეწოვას აჩერებს, ხოლო ძლიერი ლაზერი აორთქლებს მელანს.

კომპანიის წამყვანი დეველოპერი, ბარაკ იეკუტიელი BBC-ისთან ინტერვიუში ამას ციკლურ ბეჭდვას უწოდებს და ამბობს, რომ კომპანია გეგმავს დეპრინტერი გახადოს ყველა ოფისის ყოველდღიურობის ნაწილი. მისი თქმით, ერთ დღესაც, შეიძლება ისევე იდგეს დეპრინტერი ოფისებში, როგორც დღეს პრინტერები გვხვდება.

„თუ გვადარდებს პლანეტა, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამდენი ხის მოჭრა“, – განაცხადა იეკუტიელიმ.

_________

ფოტოზე: დეპრინტერის მუშაობის პროცესი; კადრი BBC-ის ვიდეოსიუჟეტიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: