მთავარი,სიახლეები

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

26.07.2022 • 580
„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – ბათუმში ამ სახელწოდების საბავშვო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ილუსტრირებული ვერსიაა.

წიგნის პრეზენტაცია ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, კრის ანდერსონი ესწრებოდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი, რთულ დროს შავი ზღვის რეგიონში. მაგრამ ფესტივალი, მუსიკა და წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დიპლომატიური თანამშრომლობა, მაგრამ ასევე გვაქვს ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კულტურის სფეროში – კულტურა და მუსიკა არის ძალიან კარგი ხიდი ამერიკასა და საქართველოს შორის“, – თქვა აშშ-ის კულტურის ატაშემ კრის ანდერსონმა.

მან აუდიტორიას ქართულ ენაზე მიმართა.

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ”  ინგლისურიდან გვანცა ჯობავამ თარგმნა, ხოლო გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

წიგნი აშშ-ის საელჩოს გრანტების პროგრამის ფარგლებში ითარგმნა. პროგრამის ფარგლებში ითარგმნება გამოჩენილი ამერიკელი მწერლები, სასწავლო სახელმძღვანელოები და თანამედროვე ლიტერატურა.

„2008 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩომ 162 პროექტი დააფინანსა, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ისე საგამომცემლო სახლებისთვის. ამით ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას როგორც საგამომცემლო, ასევე აკადემიური სფეროს მიმართ,“ – თქვა წიგნის პრეზენტაციაზე ანა ხარიბეგაშვილმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გრანტების მენეჯერმა.

გადაბეჭდვის წესი