მთავარი,სიახლეები

„ზაურ ახვლედიანი დანიშნა მთავრობამ“ – სამინისტროს განმარტება სააგენტოში ცვლილებაზე

30.11.2021 • 2940
„ზაურ ახვლედიანი დანიშნა მთავრობამ“ – სამინისტროს განმარტება სააგენტოში ცვლილებაზე

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი აჭარის მთავრობამ დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მან ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც.

ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

ზაურ ახვლედიანი სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2021 წლის აპრილის ბოლომდე საქმიანობდა. მოგვიანებით ის სამუშაოდ ჯერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, შემდეგ კი განათლების სამინისტროში გადავიდა მოადგილედ, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულება კი ოლეგ ბოლქვაძეს დააკისრეს.

გასულ ხუთშაბათს, 25 ნოემბერს, მოულოდნელად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულება ისევ ყოფილ ხელმძღვანელს, ზაურ ახვლედიანს დააკისრა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროს სააგენტოში უკვე შესული იყო ბულვარში მშენებარე „ამბასადორის“ ცვლილების პროექტი.

პარასკევს, 26 ნოემბერს, მაშინ, როცა საზოგადოების ყურადღება ბათუმის ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესზე იყო მიპყრობილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ „ამბასადორის“ ცვლილების პროექტი განიხილა და დადებითი რეკომენდაცია გასცა.

სააგენტოს ინფორმაციით:

„საბჭოზე განხილულ იქნა მიმდინარე შპს „ამბასადორი ბათუმის’’ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილება და საბჭოს მიერ გაიცა დადებითი რეკომენდაცია. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს შენობის ნიშნულის საბოლოო ზრდას 2 სართულით, ბოლო სართული წარმოადგენს ტექნიკურ სართულს. ასევე გათვალისწინებულია შიდა ფართის გადაგეგმარება. სართულებზე მოეწყობა ექსპლუატირებადი და არაექსპლუატირებადი მწვანე ტერასა, შესაბამისად შეიცვლება შენობის კონტური“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ამბასადორმა“ ეს სამუშაოები [2 სართული] ისედაც შესრულებული აქვს – უკანონოდ. შესაბამისად, უკანონობის დაკანონებას ანუ ცვლილებასაც პოსტფაქტუმ ითხოვს.

თავის დროზე ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობების ნებართვა სწორედ ზაურ ახვლედიანმა გასცა.

ოლეგ ბოლქვაძემ სააგენტო დატოვა, მის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: