მთავარი,სიახლეები

დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალებენ, გერმანიაში

27.07.2022 • 1457
დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალებენ, გერმანიაში

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მოიწონა გეგმა, რომელიც გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინელი სამხედროების მკურნალობას ითვალისწინებს.

როგორც CNN-წერს, გეგმის მიხედვით, ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ბრძოლებში დაჭრილ ამერიკელ სამხედროებს უწევენ სამედიცინო მომსახურებას, ერთდროულად 18 უკრაინელი ჯარისკაცის მიღება იქნება შესაძლებელი.

ზეპირი თანხმობა უკრაინელი სამხედროების გერმანიაში გადაყვანაზე, ლოიდ ოსტინმა ჯერ კიდევ 26 მაისს განაცხადა, 29 ივნისს კი გაფორმდა შესაბამისი ბრძანება და მემორანდუმი სახელწოდებით – „უკრაინელი სამხედროების მკურნალობის დირექტივები“.

თავდაცვის მდივნის თქმით, მემორანდუმის მიზანია გაამარტივოს ის ბიუროკრატული ბარიერები, რომლებიც ამ პროცესს ანელებს.

CNN-ის ცნობით, ლანდშტულის ჰოსპიტალს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 000 კილომეტრში მდებარეობს, ჯერჯერობით არცერთი უკრაინელი სამხედრო არ მიუღია.

მთავარი ფოტო: ლანდშტულის სამედიცინო ცენტრი/ფოტო: US Army

გადაბეჭდვის წესი


ასევე: