მთავარი,სიახლეები

როცა გავრილოვის ღამის შემდეგ კობახიძის დაცვა „ოცნებას“ ისევ უწევს – ინტერვიუ მკვლევართან

26.07.2022 • 1601
როცა გავრილოვის ღამის შემდეგ კობახიძის დაცვა „ოცნებას“ ისევ უწევს – ინტერვიუ მკვლევართან

როცა ირაკლი კობახიძეს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ირაკლი კობახიძის მამა კგბ-ს აგენტია, ამის საპასუხოდ კობახიძემ ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. „კობახიძემ სახე დაკარგა“ – ასე შეაფასა საზოგადოების ნაწილმა მისი რეაქცია. დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ასე ასრულებს: „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა“. ეს მაშინ, როცა ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, 12 პუნქტის შესრულებას ითხოვს, აქედან ერთ-ერთი სწორედ დეპოლარიზაციაა და ასევე მედიისთვის პლურალისტური გარემოს შექმნაა.

[პავლიკ მოროზოვი საბჭოთა „გმირი“ ბავშვი იყო, რომელმაც კულაკი მამა დააბეზღა პარტიის სასარგებლოდ, რის გამოც საბჭოთა პროპაგანდამ იგი საკულტო ფიგურად აქცია].

რას ნიშნავს კობახიძის და „ქართული ოცნების“ რეაქციები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა.

  • დავით, როგორც ვიცით, დეპოლარიზაცია ევროკომისიის იმ ვალდებულებების ჩამონათვალშია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოს. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღე ეს გამორიცხა, როცა დაწერა – „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა“. მისთვის ასეთია პოლიტიკური ოპონენტები და კრიტიკულ მედიაც. რაზე მეტყველებს ეს განცხადება?

„ქართულ ოცნებას“ ახალი სტრატეგია აქვს არჩეული და ყველას, ვინც მას არ ეთანხმება, ბოლშევიკებად ნათლავს. თუმცა, ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, მაგალითად, უნგრეთშიც ასე აკეთებს მმართველი პარტია და ამერიკაშიც, ძალიან კონსერვატორ „რესპუბლიკელებს“ თუ რაღაც ლიბერალური იდეა არ მოეწონებათ, ყველაფერს ბოლშევიზმს ეძახიან. ეს იმიტომ, რომ ადამიანს უჩნდება ასოციაცია იმ რაღაც ცუდთან, რასაც წლების წინ დააღწიეს ქვეყნებმა თავი და ამ შიშებზე და პრიმიტიულ იმპულსებზე მუშაობენ.

კობახიძესაც ჰგონია, რომ თუ ვიღაცას ბოლშევიკს დაუძახებს, ამის გამო ხალხი იფიქრებს, რომ მართლა ბოლშევიკია.

დეპოლარიზაციაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ამისკენ. მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? ჟურნალისტის კითხვაზე საშინელი აგრესიას და ლანძღვას. ევროკომისიის მითითებებში, მედია გარემოს გაუმჯობესებაზეც არის საუბარი. ბუნებრივია, ასეთი თავდასხმები ჟურნალისტებზე ამ პუნქტის შესრულებას ხელს არ უწყობს.

ის, რაც გუშინ ვნახეთ, არ განსხვავდება სხვა შემთხვევებისგან, როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არგუმენტები არ აქვთ, ღიზიანდებიან და გადადიან აგრესიაზე.

კობახიძეც გაღიზიანდა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მამამისს კავშირი რუსეთის კგბ-სთან. ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს დასამალი, არ ეშინია საკუთარი წარსულის, არც ასეთი მძაფრი რეაქცია ექნება, ზოგადად. შეიძლება ჩვეულებრივად გასცე კითხვას პასუხი, რომ „სისულელეა“, „მოგონილია“… და არა ემოციურად თავს დაესხას კითხვის ავტორს, რადგან პირადს შეეხო.

როცა კობახიძე არ ცდილობს კითხვას უპასუხოს არგუმენტებით, ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს.

  • ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, „ოცნება“ თავად ცდილობდა რუსული კავშირების თემა წამოეწია, არა?  

ელენე ხოშტარიას როცა ჰკითხეს რუსულ ფულზე, ხომ არ ჩავარდა ისტერიკაში? უბრალოდ, დადო საბუთები და თქვა, საიდან არის ეს ფული რეალურად. ირაკლი კობახიძეს კი არანაირი მცდელობა არ ჰქონია, რომ ფაქტით გაემყარებინა. ჰქონდა მხოლოდ ემოციური ისტერიკა, რაც, ზოგადად, მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანს რაღაც ნამდვილად აქვს დასამალი.

ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს საბჭოთა წარსული, იმ სისტემაში გავლენის და რეპუტაციის მოპოვების ერთადერთი საშუალება იყო საბჭოთა სტრუქტურებში მუშაობა. მაგრამ, როცა ასეთი რეაქცია გაქვს ამ თემაზე, მინიმუმ ეჭვის საფუძველი არსებობს და საზოგადოებაც მიხვდება ალბათ, ვინ შეიძლება იყოს დაკავშირებული რეალურად რუსეთთან და ვინ არა.

კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ რაც მეტად დადგამს შოუს, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანს გააჩენს.

შესაბამისად, დეპოლარიზაციას ეს რიტორიკა არ უწყობს ხელს. აქ ჰგონიათ, რომ ევროკავშირი რაღაცებს ვერ ხედავს და უნდათ ყველაფერი ისე წარმოაჩინონ, რომ „ისინი არიან ნაციონალები“, ეს იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციას უპასუხეს.

რეალურად კი, ეს ასე არ არის. ჩემი აზრით, ახლო მომავალში დადგება მომენტი, როცა ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები აღარ იტყვიან, რომ „ორივე მხარეს მოვუწოდებთ დეპოლარიზაციისკენ“, რადგან კონკრეტულად ხელისუფლება არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას. რაც მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო იოლად დაინახავენ ბრიუსელიდანაც, რომ ამ ყველაფერს ერთი ავტორი ჰყავს და ეს არის ხელისუფლება.

  • კობახიძე ასევე თქვა, რომ დეპოლარიზაცია „დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთო“. ეს არის პირდაპირი განცხადება იმაზე, რომ „ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ ორი წელი ამ რეჟიმში იქნება?

გამოდის, „ოცნებას“ ეს დავალება ასე ესმის, რომ თუ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, თუ არ იქნება კრიტიკულად განწყობილი მედია, თუ არ იქნება ის ხალხი, ვინც მათ არ უჭერს მხარს, მაშინ არ იქნება დეპოლარიზაცია. მათი გაგებით, თუ ყველას ერთი აზრი ექნება ქვეყანაში, პოლარიზაციაც აღარ იქნება.

ევროკავშირის დავალება არ არის, რომ საპირისპირო აზრი გააქრონ, არამედ ის, რომ საქართველო ლიბერალურ დემოკრატიას დაუბრუნდეს და ჩამოსცილდეს ისეთი აზრები, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას დააზარალებს.

„ოცნების“ 12 პუნქტი კი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ყველა, ვინც არ იზიარებს და არ ეთანხმება მათ, გააქრონ პოლიტიკური ველიდან. ასეთ პირობებში გამორიცხულია კანდიდატის სტატუსის მიღება.

  • გამოუვათ ეს?  

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებაც იმპულსურია. 20-24 ივნისის და 3 ივლისის აქციები როცა იყო, საზოგადოება ძალიან გაბრაზდა, ბევრი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ დღეს რა ხდება? ვერც კონკრეტულ გეგმას ვხედავთ, პარალელურად კი „ქართული ოცნება“ ასეთ პროცესებში გვამყოფებს.

დაიდო არჩევნების გაყალბების დოკუმენტები, ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა ჟურნალისტს, აგერ კობახიძემ გამოლანძღა ჟურნალისტი, ანუ ყოველ მეორე დღეს, რაღაც ახალ შოკებს გვთავაზობს „ოცნება“, თუმცა მათი პასუხისმგებლობის საკითხები არ დგას დღის წესრიგში.

ჩემი აზრით, „ოცნების“ სტრატეგიაა, ეს 6 თვე და მეტი ასე გავიდეს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სანახაობა ტელევიზიით, ყოველ მეორე დღეს ხან ერთ ჟურნალისტს დაარტყამენ, ხან მეორეს, ბოლოს იტყვიან, ჩვენ კი ვეცადეთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეგვიშალა ხელიო.

  • „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო სოლიდარობის კამპანია სოციალურ ქსელებში კობახიძის მხარდასაჭერად. ეს მეორე შემთხვევაა, გავრილოვის ღამის შემდეგ, როცა „ოცნებას“ კობახიძის დაცვა უწევს. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება დასრულდეს ეს?

რთული სათქმელია. მაგრამ თუ შევხედავთ იმას, რომ კობახიძის და ღარიბაშვილის პოლიტიკური ფასი მხოლოდ ივანიშვილისადმი ერთგულებაშია, მანამდე დაიცავენ მათ, სანამ ისინი ივანიშვილს სჭირდება.

თუმცა ფაქტია, რომ მათ აქვთ რადიკალიზაციის კურსი არჩეული და ახლა მხოლოდ მათი მსგავსი სახეები სჭირდებათ.

„ოცნება“ რომ რაიმე ცვლილებაზე ფიქრობდეს, შემობრუნდებოდა და იტყოდა, როგორც ადრე, რომ „ვმუშაობთ გამოსწორებაზე“ და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ვხედავთ პირდაპირ ბრალდებებს. აშშ-ის დეპარტამენტიდან როცა მოგმართავენ და ევროკავშირს უწევს განმარტების გაკეთება, რომ ელჩის ასე შეფასება დაუშვებელია, ვფიქრობ ცვლილებებზე საუბარი უკვე გვიანია.

  •  თქვენ ფიქრობთ, რომ „ოცნების“ მთავარი მამოძრავებელი მხოლოდ ივანიშვილის დაცვაა და არა სახელმწიფო ინტერესები? მაშინ რა აზრი აქვს იმის ლოდინს, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდება?

ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის დროის მიცემა არანაირ შედეგს არ მოიტანს. მე, პირადად, გამოსავალს ვხედავ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ საერთაშორისო სანქცირებაში. ახლა მედიის, საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მთელი ყურადღება აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რათა სანქციები 2-3 წლის შემდეგ კი არ დაიწყოს, არამედ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ამ ხალხის ფინანსურ მხარეზე ფოკუსირება.

თუ დასანქცირდება ივანიშვილი, მაშინ ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები და შესაძლებელია კოალიციას ჰქონდეს მოგების შანსი. რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ინტერესი არის ფული, მაშინ უნდა დავაყენოთ ისინი არჩევანის წინაშე: ვფიქრობ, ისინი ფულს აირჩევენ და ქვეყანას ექნება ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა.

დასანქცირება არის გამოსავალი, რადგან თუ არ დასანქცირდა ივანიშვილი და „ოცნება“, მაშინ შეექმნებათ განწყობა, რომ ესე იგი, ევროსტრუქტურებში არც თუ ისე არაკომფორტულად არიან მათ მიმართ და მინიმუმ კიდევ ორი წელი, 2024 წლამდე მოგვიწევს ლოდინი. შესაბამისად, არც ცვლილებები იქნება. ამასობაში კი ძალიან დაგვიანდება ყველაფერი და მაშინ უკვე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა იქნება ის, რომ არაფერი გავაკეთეთ ამ ქვეყნის გადასარჩენად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: