კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?

26.07.2022 • 10655
რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?

ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს.

სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი ფულის კეთებაში ხელი რომ არ შეუშალოს. „შესაძლოა ამან გამოიწვიოს ფინანსური ზარალი“ – წერენ მოსამართლეები განჩინებებში, რომლითაც მომჩივანს სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.

არ ვიცით, ამ ვითარებაში დასჭირდება თუ არა ბათუმს გენგეგმა [განაშენიანების გენერალური გეგმა], როცა მას მოამზადებენ და ბოლოს და ბოლოს დაამტკიცებენ კიდეც – შესაძლოა მის არსებობას აზრი აღარც ჰქონდეს იმის გადასარჩენად, რაც არქიტექტურული თვალსაზრისით ბათუმის მთავარი ღირებულებაა.

საინტერესოა, დოკუმენტს – გენგეგმას, რომელში თითქმის 2 მილიონი ლარი გადაიხადეს, თაროზე ხომ არ შემოდებენ და დაივიწყებენ, ისევე, როგორც ბათუმის დამცავი ზონების დოკუმენტს? 

გაცემული ნებართვების მიხედვით, გეგნგეგმის დამტკიცებამდე ბათუმის კიდევ ბევრი ქუჩა ან კონკრეტული კვარტალი შეიცვლის იერ-სახეს ძეგლის დაცვის ზონაში. მათ შორისაა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, განსაკუთრებით კი მემედ აბაშიძიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთი.

ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში 2-სართულიანი სახლის რეკონსტრუქცია იმგვარად იგეგმება, რომ ამ სახლს 6 სართული უნდა დააშენონ -ასეა მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით.

ბათუმში დამკვიდრებული პრაქტიკით კი, ნებართვის მიღების შემდეგ, მსგავს სახლებს ანგრევენ და ახალს აშენებენ – ბოლოს ასე მოხდა მაგალითად ბარათაშვილის ქუჩაზე, როცა ყოფილი „საოჯახო მედიცინის ცენტრის“ შენობა დაანგრიეს.

ბარათაშვილის #30. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

დოკუმენტების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც, ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე, #14-ში, სავარაუდოდ, ახალი რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ არსებულის დემონტაჟის ხარჯზე.

ამ სახლის გვერდით, #14ა-ში კიდევ ერთი ისტორიული სახლია, რომელსაც თავდაპირველი იერ-სახე აქვს. მის მესაკუთრეებს სახლის შენარჩუნება სურთ, თუმცა მათი საცხოვრებლის გვერდით ახალი 8-სართულიანი სახლის აშენების შემდეგ [დაგეგმილია], ისინი ბევრად განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდებიან: მათი სახლის მეორე მხარეს – #16-ში უკვე აშენდა იგივე მასშტაბის კორპუსი.

ვაჟა-ფშაველას #14ა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა [287.57 კვ.მ.] უკვე შპს „ჯი ემ ბილდ“-ს შეუძენია. კომპანიას მამუკა კუნჭულია და გიორგი ოვჩარენკო ფლობენ.

დაგეგმილი პროექტის მომიჯნავედ, კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან, კიდევ ერთ მრავალბინიან კორპუსს შპს „ინვესტი“ აშენებს, აქაც ისტორიული სახლი დაანგრიეს.

kldiashvilis 11

ბათუმი კლდიაშვილის ქუჩა # 11 – ეს სახლი დაანგრიეს და აქ რვასართულიანი კორპუსი ააშენეს.

მოპირდაპირე მხარეს კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას #13-ში მრავალბინიანი კორპუსს უკვე აშენებენ.

ვაჟა-ფშაველას #13
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: