მთავარი,სიახლეები

პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ დახურვის საფრთხის წინაშეა

27.07.2022 •
პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ დახურვის საფრთხის წინაშეა

პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ „ალტ ინფოს“ დახურვა ემუქრება ფინანსური პრობლემების გამო.

„ალტ-ინფო დახურვის საფრთხის ქვეშაა. ამერიკის ელჩის განცხადებების, ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების გამოგზავნისა და ჩვენს მიერ 2 ივლისს ჩატარებული გრანდიოზული აქციის შემდეგ, უპრეცედენტო შეტევა დაიწყო ჩვენს ფინანსურ რესურსებზე. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. ვაგროვებთ თანხებს ტელევიზიისთვის“, – აცხადებს მახარაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს აქცია, სადაც 51 ჟურნალისტზე იძალადეს. აქციის მიმდინარეობისას სცემეს „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

„ალტ-ინფოსთანაა“ დაკავშირებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნეს. პარტიამ, მისი ლიდერების განცხადებით, საქართველოს 62-ზე მეტ ქალაქში გახსნა ოფისი.

„ალტ ინფოს“ პარტია აცხადებს, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, 2022 წლის 14 მარტს „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.

გასულ წლის ნოემბერში, „სოციალისტური მოძრაობის“ დამფუძნებელი კრების შემდეგ, ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში ისაუბრა რუსული ჯარის საქართველოში დაბრუნებაზე, კონკრეტულად კი, გონიოში.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში „ალტ-ინფოს“ პარტიის მიმართ უკმაყოფილება მეტად ხილული გახდა. მისი ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი ი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში, ბათუმში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისს საღებავი შეასხეს, მარნეულში პარტიის ოფისის ფანჯრები უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მოხატეს და ა.შ.

2022 წლის ივლისში საქართველოს სახალხო დამცველმა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, აღნიშნული პარტია 2021 წლის 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორებმა შექმნეს, რომელთა მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს შეიცავს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

______________

ფოტოზე: ჭიათურაში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისს „პუტინის ოფისი“ დააწერეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: