მთავარი,სიახლეები

რატომ უნდა გამოვრთოთ რუსული მუსიკა – ინტერვიუ კამპანიის ორგანიზატორთან

01.07.2022 • 1745
რატომ უნდა გამოვრთოთ რუსული მუსიკა – ინტერვიუ კამპანიის ორგანიზატორთან

„გამორთე რუსული მუსიკა!“ – საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსული ესტრადის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია, აუხსნას ადამიანებს, თუ რატომ არ უნდა უსმენდნენ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკას. კონკრეტულად რა აქტივობებს მოიცავს კამპანია და როგორ აპირებენ ორგანიზატორები რუსული მუსიკის გამორთვას, ამ თემაზე „ბათუმელები“ საავტორო უფლებების დაცვის თავმჯდომარეს, გიგა კობალაძეს ესაუბრა.

  • ბატონო გიგა, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსულ მუსიკაზე უარის თქმა? რატომ არის სახიფათო რუსული ესტრადის მოსმენა საქართველოში?

ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ უნდა ვუსმენდეთ რუსულ მუსიკას. დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი არის მტრული სახელმწიფო, რომელიც მუსიკას კი არა, მთლიანად კულტურას იყენებს იმისთვის, რომ გავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

ჩვენთან, სამწუხაროდ, ფართოდ გამოიყენება რუსული მუსიკა სხვადასხვა დაწესებულებაში – რესტორნებში, კაფეებში, ტაქსიში, სამარშრუტო ავტობუსებში და ასე შემდეგ. ეს მუსიკა, ერთი მხრივ, ისმის იმ ინერციით, რომელიც რუსული სივრციდან მოგვყვება და მეორე, რაც კიდევ უფრო ცუდია ჩემი აზრით, როცა რუსულ მუსიკას იყენებენ მარკეტინგის მიზნებით – რუს ტურისტებს რუსულ მუსიკას ახვედრებენ. ეს ერთგვარი მაამებლობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მტერს ჩვენთან ხელგაშლილი ვხვდებით. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენც, მოსახლეობამ, ხალხმა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, დავინახოთ საფრთხე და ამ საფრთხის შემცირებას შევუწყოთ ხელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ და არ გამოვიყენოთ რუსული მუსიკა, განსაკუთრებით საჯარო სივრცეებში და თუ სხვა იყენებს, მას მივუთითოთ ზრდილობის ფარგლებში, რომ გამორთოს რუსული მუსიკა.

  • ბევრ ადამიანს ეს კამპანია გააკვირვებს ალბათ, რადგან ჩვენთან უყვართ გამეორება, რომ „კულტურა და პოლიტიკა“ სხვადასხვა რამეა და ერთად არ უნდა განვიხილოთ. თქვენი აზრით, მუსიკა და პოლიტიკა როგორ უკავშირდება ერთმანეთს?

ერთ-ერთი ყველაზე მცდარი მოსაზრებაა ის, რომ კულტურა და პოლიტიკა ცალ-ცალკე შეიძლება იყოს. ეს არ შეიძლება ასე იყოს, რადგან კულტურა არის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი და ეს მთელ მსოფლიოში ასეა, განსაკუთრებით რუსეთში, რომელიც კულტურას იყენებს იმისთვის, რომ თავისი გავლენის სივრცეები შეინარჩუნოს.

კულტურა არის პოლიტიკის ნაწილი და, შესაბამისად, მუსიკაც არის ის იარაღი, რომლითაც მტერი ცდილობს მასთან ყალბი ერთიანობა გაგრძნობინოს: ამით არ გაწყვიტოს კავშირი და შეინარჩუნოს ის გავლენა, რომელიც, სამწუხაროდ, საუკუნის განმავლობაში ჰქონდა.

ამ კამპანიაში თავად მუსიკის სფეროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ასევენ შემსრულებლებიც, რადგან საზოგადოებამდე მიიტანონ ეს ინფორმაცია და გააგებინონ, თუ რატომ არის რუსული მუსიკის მოსმენა საფრთხის შემცველი.

  • ადამიანი, რომელიც უსმენს მუსიკას, ალბათ გეტყვით, რომ მოსწონს ეს მუსიკა და მისი უფლებაა, რას მოუსმინოს. როგორ აპირებთ მის დარწმუნებას?

ჩვენ არავის ვუკრძალავთ და ვერც ავუკრძალავთ მუსიკის მოსმენას. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, რომ ავუხსნათ და გავაგებინოთ ადამიანებს – შემდეგ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ნებისმიერი შეგნებული ადამიანი, რომელიც რუსეთს აღიქვამს მტრად, რომელიც რუსეთს აღიქვამს სახელმწიფოდ, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას თავს, ბუნებრივია, რუსულ მუსიკას არ გამოიყენებს და საბოლოო ჯამში, რუსული მუსიკის მოსმენა უნდა გახდეს სირცხვილი.

ასე გააკეთა ახლახან უკრაინამ, რომელმაც აკრძალა საერთოდ საჯარო სივრცეებში რუსული მუსიკის შესრულება, საკანონმდებლო დონეზეც კი, ასევე მოლდოვამ. კიდევ უფრო ადრე აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რადგან ეს ქვეყნები ხედავენ საფრთხეს და მათ მოსახლეობის მხარდაჭერაც აქვთ ამაში – იქ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თქვენ  ქუჩაში რუსულ მუსიკას ვერ გაიგონებთ.

თუ მუსიკა არაფერს არ ნიშნავს, მაშინ მაინც და მაინც რუსული მუსიკა რატომ ისმის ჭარბად და არა სხვა ქვეყნების მუსიკა. მაგალითად, ბრაზილიელს რატომ არ ვურთავთ კაფეში ბრაზილიურ მუსიკას, პორტუგალიელს ან იაპონელს, ისინიც ხომ ჩამოდიან საქართველოში, მაგრამ მათ არ ვხვდებით ასე. მხოლოდ და მხოლოდ რუსულ მუსიკაზეა აქცენტი.

  • მართალია, თქვენს კამპანიაში ხაზგასმულია, რომ საუბარია „მდარე ხარისხის“ რუსულ მუსიკაზე, მაგრამ არც ისე იოლი განსასაზღვრია, რა იგულისხმება ამაში. ბევრი გეტყვით, რომ უსმენენ ისეთ რუს მუსიკოსებსა და ჯგუფებს, რომლებიც კარგ მუსიკას ქმნიან და რატომ არის ამ მუსიკის მოსმენა პრობლემა, მათ შორის, თუნდაც რუსული კლასიკური მუსიკის. რას უპასუხებდით მათ?

აქ საუბარია მასობრივ მუსიკაზე, რუსულ ესტრადაზე ძირითადად, რომელიც ფართოდ გამოიყენება. გვინდა იმას მივაღწიოთ, რომ ეს ტენდენცია იმ მხრივ გადავტეხოთ, რომ თვითონ ადამიანებმა თქვან ამაზე უარი.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ზუსტად იმ ფართო სურათიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის უბრალოდ მუსიკა, ეს არის იარაღი მტრის ხელში, რომელიც არ უნდა გამოვაყენებინოთ მას.

აქ არ არის საუბარი ჩაიკოვსკიზე ან რახმანინოვზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი მუსიკა არ გამოიყენება ფართოდ. აქ საუბარია მუსიკაზე, რომელიც არის მასიური გამოყენების და აქედან გამომდინარე აქვს გავლენა, თორემ ჩაიკოვსკი ან რახმანინოვი შეიძლება ძალიან იშვიათად გამოიყენონ. მით უმეტეს, ღირებულებითი თვალსაზრისითაც ძალიან განსხვავდება, ხომ?

  • უშუალოდ კამპანიაზე რომ ვისაუბროთ – რის გაკეთებას აპირებთ კონკრეტულად?

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ჩვენი მოქალაქეებისა და  ბიზნესსექტორისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით სხვადასხვა აქტივობა. ამაში ჩართულნი არიან ჩვენი მუსიკოსები, ტიკტოკერები, ინფლუენსერები. კამპანია საზაფხულო სეზონის პიკზე, აგვისტოში დაიწყება და  გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

რამდენიმე ღონისძიება უკვე დაგეგმილი გვაქვს, მაგალითად, 8-ში თბილისში გვაქვს კონცერტი, შემდეგ, ივლისის ბოლოს ვაპირებთ აჭარაშიც, სადაც იქნება მოწოდებები „გამორთე რუსული მუსიკა!“ თვითონ მუსიკოსები მოუწოდებენ ამისკენ ხალხს, გულშემატკივრებს, რომ შეამცირონ ან საერთოდ უარი თქვან რუსული მუსიკის გამოყენებაზე.

გარდა ამისა, დაგეგმილია მივმართოთ იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ მუსიკას, ეს იქნება კაფე-ბარები, სატრანსპორტო კომპანიები, მაღაზიები. მათაც ავუხსნათ, მოვუწოდოთ და ვთხოვოთ, რომ უარი თქვან ამ მუსიკის გამოყენებაზე. გვინდა, რომ ეს კამპანია არ შევწყვიტოთ, გავაგრძელოთ მანამ, სანამ ტენდენცია არ შეიცვლება და ერთგვარი უხერხულობა და სირცხვილი არ გახდება რუსული მუსიკის გამოყენება.

  • კონკრეტულმა კაფემ ან თუნდაც ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულმა სასეირნო გემის მეპატრონემ შეიძლება თქვას, რომ რუსული მუსიკით მას უნდა მოიზიდოს რუსი ტურისტი, ზოგადად, რუსულენოვანი ტურისტი. იგივე ხდება სამარშრუტო ტაქსებშიც. როგორ აპირებთ მათ დარწმუნებას?

გასაგებია, მაგრამ მათ შეუძლიათ რუს ტურისტს სხვა წესით გააგებინონ, ინგლისურად უთხრან ან სხვა ენაზე. მერწმუნეთ, ნებისმიერ რუსს იმდენი ინგლისური ესმის, რომ გაიგოს, როდის გადის იახტა ან რა ღონისძიება ტარდება ამა თუ იმ რესტორანში ან კაფეში. ასეთი ინგლისური ნებისმიერმა ტურისტმა იცის.

შესაბამისად, ჩვენ ხალხს ავუხსნით ამ ყველაფერს და უარის თქმის შემთხვევაში მათ არაფერი დააკლდებათ, არც მათი ბიზნესი დაზარალდება – პირიქით, მათი მიმზიდველობა გაიზრდება, იმიჯი გაიზრდება და რაც მთავარია, საქმე გაკეთდება. ისინიც საკუთარ წვლილს შეიტანენ იმ საქმეში, რომ მტერთან მაამებლურ პოლიტიკაში არ ვიყოთ და არ შევუქმნათ დამატებითი კომფორტი, რომელიც არ არის საჭირო.

იმ ტაქსის მძღოლმაც, როცა ჩასვამს რუს ტურისტს ავტომანქანაში, არ ჩაურთოს რუსული მუსიკა და ამით არ შეუქმნას დამატებითი კომფორტი, ამაზეა ლაპარაკი. თუ ნებისმიერი ადამიანი გაიაზრებს იმ 200-წლიან ისტორიას, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს, გაიაზრებს იმ უარყოფით შედეგებს, რაც რუსეთმა ჩვენს სახელმწიფოზე და ხალხზე იქონია, გაიაზრებს, თუ მათ გამო რამდენი რამ დავკარგეთ და განვითარებაზე გვათქმევინეს უარი, ძალიან მარტივი გახდება ის, რომ ცნობიერებაც შეეცვალოთ ადამიანებს. ამიტომ ვაპირებთ სწორედ მათ ცნობიერებაზე მოვახდინოთ ზეგავლენა და პოზიტიურად ვიმოქმედოთ. არ შეიძლება მტერთან ისე ვიქცეოდეთ, როგორც მოყვარესთან, ეს მარტივი პრინციპია და ასე მოქმედებს კაცობრიობა დღემდე.

არ შეიძლება მტერს ფიანდაზად ვეგებოდეთ, როცა ის ყოველდღე გვავიწროებს, ჩვენს ტერიტორიებს იპყრობს ყოველდღე და ჩვენს მოქალაქეებს აწამებს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე,  განვითარებაში ხელს რომ გვიშლის.

  • უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ჩვენ ვესაუბრეთ სამომხმარებლო სფეროს წარმომადგენლებს, სადაც ერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ საჭიროა შეთანხმება სექტორებს შორის, რომ არ ელაპარაკონ რუსებს რუსულად. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? მუსიკის საკითხიც ასე უნდა შეთანხმდეს?

ბუნებრივია, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ტურიზმში ჩართულ ბევრ კომპანიასთან. პირველ ეტაპზე  ზუსტად მათთან ვაპირებთ წერილობით კომუნიკაციას – ამ ყველაფრის ახსნას და თხოვნას, რომ შეამცირონ რუსული მუსიკა.

ამ ხალხთან ჩვენ ისედაც გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, რადგან მუსიკას იყენებენ და ლიცენზია აქვთ ჩვენი, შესაბამისად, ამ კომუნიკაციაში შემოგვაქვს დამატებითი კომპონენტი, რომ რუსულ მუსიკაზე თქვან უარი.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს შედეგს გამოიღებს და გამოხმაურებაც, რომელიც ამ კამპანიას აქვს უკვე, არის 15-20%, ვინც ამას ეწინააღმდეგება, თორემ დანარჩენი პროცენტი მზადაა, უარი თქვას რუსულ მუსიკაზე.

ორი კვირაა, რაც ეს კამპანია წამოვიწყეთ და უკვე გვაქვს შემთხვევები, როცა თბილისში ბევრმა კაფემ, რესტორანმა თუ სასტუმრომ უარი თქვა რუსული მუსიკის გამოყენებაზე – აბრებიც კი გამოაკრეს, რომ აქ რუსულ მუსიკას ვერ მოისმენს ტურისტი.

  • 2008 წლის ომის შემდგომ ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, საჯარო სივრცეში არ ყოფილიყო ჩართული რუსული მუსიკა. მაშინ აჭარაში არაოფიციალურად გააფრთხილეს კიდეც კაფე-ბარები და რესტორნები, რომ არ ჩაერთოთ რუსული მუსიკა. გარკვეული ეფექტი ამას ჰქონდა, თუმცა მცირე ხნით და სიტუაცია მალევე შეიცვალა. გჭირდებათ თუ არა ამაში, მაგალითად, სახელმწიფოს მხარდაჭერა?  

მაშინდელი შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა სულ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობაა – უკრაინაში ომი მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამოკვეთილია რუსეთის უარყოფითი როლი მსოფლიოში. მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგია და უფრო ადვილია ეს გაიაზროს თითოეულმა მოქალაქემ. სამოქალაქო აქტივიზმს რაც შეეხება, ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობა მიიღოს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვთქვათ, ტაქსის მძღოლს სთხოვოს, რომ გამორთოს რუსული, ან კაფეში როცა შეხვდება, იქ სთხოვოს, რომ გამორთონ; გადაიღოს პატარა, რამდენიმეწამიანი ვიდეო და ატვირთოს სოციალურ ქსელში, სადაც იტყვის, რომ „გამორთე რუსული“ და ამის მიზეზს დაასახელებს. რამდენიმე ათეული ვიდეო ჩაწერილია უკვე და ორშაბათიდან დავიწყებთ მათ გავრცელებას სოციალურ ქსელში.

ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობა. ეს იმიტომ გამოიღებს შედეგს, რომ ასე იქმნება საზოგადოებრივი აზრი და ასე ვითარდება, ზოგადად, საზოგადოება. ეს მნიშვნელოვანი საქმეა, რომ შევამციროთ მტრის გავლენა ჩვენს ქვეყანაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: