ირანმა რუსეთს საბრძოლო დრონები – „Shahed 129“ მიჰყიდა I მედია

რუსული პროსამთავრობო ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ ირანმა, უკვე მიაწოდა რუსეთს ადგილობრივი წარმოების „Shahed 129“ – საბრძოლო-სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები.

კასპიის ზღვით რუსეთში ტვირთის პირველი პარტიის გაგზავნაზე წერს რუსული მედიაც. სამხედრო ტვირთის მიტანა უკრაინის საზღვრამდე კი ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით იგეგმება.

ინფორმაციას Цензор.НЕТ ადასტურებს.

მედიის ინფორმაციით, ცნობილია, რომ ირანიდან გაგზავნილი სამხედრო ტვირთი ძირითადად შედგება Shahed 129-ისგან, ანუ მძიმე საბრძოლო დრონებისგან. ეს დრონები შექმნილია ისრაელის დრონის – „Hermes 450“ და ამერიკული MQ-1 Predator საფუძველზე.

Shahed 129-ის ფიუზელაჟის [კორპუსი] სიგრძე 8 მეტრია. ფრთების შლა – 16 მეტრი. საბრძოლო ტვირთამწეობა 400 კგ. ფრენის სიჩქარე დაახლოებით – 150 კმ/საათში, 200 კმ რადიუსით. ფრენის დიაპაზონი 1700 კმ-მდე. დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დრონს შეუძლია ჰაერში 24 საათამდე დარჩეს.

ირანული დრონების რეალური საბრძოლო მახასიათებლების შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან აქამდე უპილოტო საფრენი აპარატები სრულმასშტაბიან ომში არ გამოუცდიათ.

ოფიციალურ მოსკოვსა და თეირანს ირანიდან რუსეთში საბრძოლო დროების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. თუმცა აქამდე ირანმა განაცხადა, რომ ის მზად არის „მეგობარ ქვეყანას“ შეიარაღება მიაწოდოს.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ის დღემდე ეფექტურად იყენებს თურქულ უპილოტო საფრენი აპარატებს – „ბაირაქტარებს“, რომლის მახასიათებლებიც ასე გამოიყურება:

TB2-ის 7 600 მეტრის სიმაღლეზე 27 საათი გაჩერება შეუძლია, ფრთების შლა 12 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე – დაახლოებით 220 კილომეტრი საათში. მისი მართვა 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციურად შეიძლება. ის უფრო პატარა და ნელია, ვიდრე NATO-ს სამხედრო დრონები, თუმცა უფრო იაფიც ღირს – 5 მილიონი დოლარი.

ჩვენ ოკუპანტებს [ხერსონში] გასაქცევ გზებს მოვუჭრით ეტაპობრივად – უკრაინელი მებრძოლი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის რეგიონისა და ქალაქ ხერსონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს. ამ მიმართვის თანახმად ამ ტერიტორიებს უკრაინის არმია რუსი ოკუპანტებისგან მალე გაათავისუფლებს.

„მალე, ძალიან მალე“, – აცხადებს მებრძოლი, რომლის ვიდეო მიმართვის ტექსტი ინტერნეტში ვრცელდება.

„ჩვენი ჯარისკაცები თავდაჯერებულად მიიწევენ ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუჭრით ოკუპანტებს გზას თავიანთ [საბრძოლო] მარაგებზე და გაქცევის შესაძლებლობას. ვანადგურებთ მტრის საბრძოლო მასალების საცავებსა და მათ სამეთაურო პუნქტებს. ცეცხლის კონტროლის ქვეშ გვაქვს მოქცეული ყველა სტრატეგიული ადგილი და ხიდი, რომლებსაც ისინი იყენებენ“, – აცხადებს მეომარმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „უკრაინის შეიარაღებულ ძალები განსაკუთრებულ მადლობას უხდის ხერსონის წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის რაშისტების ზურგში, ანადგურებს მათ და არ აძლევს საკუთარი წესრიგის დამყარების საშუალებას“.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონელ კოლაბორანტებს რეპრესიებით ემუქრებიან:

„დაისჯება ყველა კოლაბორანტი. კოლაბორანტებსა და ორკებს ჩვენი ეშინიათ. ისინი თავად გაიქცევიან, როდესაც მათ კიდევ უფრო მივუახლოვდებით“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივლისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „აბსოლუტური სიზუსტით” მიიტანეს იერიში დარიევსკის ხიდზე ხერსონის რაიონში.

მანამდე, 19 ივლისს, უკრაინელი სამხედროები თავს დაესხნენ ოკუპირებულ ხერსონში ანტონოვსკის ხიდს, რომელიც ქალაქს დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის ჯარი ემზადება ან სავარაუდოდ უკვე დაიწყო ხერსონის რეგიონში კონტრშეტევა.

ორგანიზაციის თანახმად, ანალიზი ხერსონის რეგიონში კონტრშეტევის სავარაუდო დაწყებასთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეულწილად არ იყოს ზუსტი, რადგან ღია მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია. ცენტრის ანალიტიკოსების აზრით, კონტრშეტევის მიმდინარეობისა და ტემპის შესახებ ინფორმაცია, რეალურ შედარებით, სავარაუდოდ, იქნება შეზღუდული და დაგვიანებული.

ISW-ის მონაცემებით, ფრონტის ხაზსა და ხერსონს შორის არის სოფლები, ძირითადად კი შედგება პატარა ქალაქებისგან. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ მცხოვრებლებს აწვდიდნენ ცნობებს ჯარის გადაადგილებისა თუ ბრძოლების შესახებ.

___

ქალაქი ხერსონი, რომელსაც უკრაინელებისთვის სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან პირველივე კვირაში დაიპყრო. უკრაინას ეს რეგიონი ანექსირებულ ყირიმთან. რუსეთი ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგადაც დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

___

ნახეთ როგორი ვითარებაა ოკუპირებულ ხერსონში.

გზა აღარც წინაა და არც უკან, არსად წასვლა არ შემიძლია – 4 თვე ოკუპირებულ ხერსონში

რომელი მინისტრი ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს აჭარაში

აჭარაში, მინისტრებს შორის ყველაზე მეტს საწვავს ჯაბა ფუტკარაძე ხარჯავს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ყველაზე ნაკლებს კი, მაია ხაჯიშვილი – აჭარის განათლების მინისტრი. ეს სამინისტროებიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის ანალიზით ჩანს. ჩვენ 2021 წლის, ასევე 2022 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემებს გავეცანით.

მინისტრების ხარჯები საწვავის მიხედვით ასე გამოიყურება: წელს, იანვრიდან ივნისამდე აჭარის ფინანსთა მინისტრმა დახარჯა 1826 ლიტრი საწვავი, ჯანდაცვის მინისტრმა – 1621, სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 1592, განათლების მინისტრმა – 855.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს 2022 წლის ივნისის მდგომარეობით ავტომანქანა „FIAT TIPO“ ემსახურება. თვეში მისი საწვავის ლიმიტია 400 ლიტრი, თუმცა მინისტრს ლიმიტის დარღვევა, როგორც ჩანს, ხშირად უწევს.

2021 წელს ეკონომიკის მინისტრი გადაადგილდებოდა ავტომანქანით „HYUNDAI SONATA“ და 12-დან 4 თვეში გადააჭარბა თავისივე ბრძანებით განსაზღვრულ ლიმიტს – აგვისტოში მინისტრმა გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის – 400 ლიტრის ნაცვლად, დახარჯა 519 ლიტრი. ოქტომბერში – 407 ლიტრი, ნოემბერში – 511, დეკემბერში – 500.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის საწვავის ლიმიტი საკმარისი არ აღმოჩნდა 2022 წელსაც – მარტში მინისტრმა 448 ლიტრი საწვავი დახარჯა, მაისში – 429 ლიტრი.

ჯამში მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2022 წელს მაისის ჩათვლით 1826 ლიტრი საწვავი დახარჯა, 2021 წელს – 4770 ლიტრი.

სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, ამ სამინისტროს ბალანსზე ყველაზე მეტი – 19 მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება. მინისტრის პირველი მოადგილის საწვავის ლიმიტი, ბრძანების მიხედვით, თვეში 250 ლიტრია, გაუგებარია რატომ, თუმცა მოადგილეებიდან ერთ-ერთს 300 ლიტრი აქვს საწვავის ლიმიტი თვეში, მეორეს – 200 ლიტრი. დეპარტამენტების უფროსებისთვის – 150 – 150 ლიტრია გათვალისწინებული.

საწვავის ხარჯვის სიდიდით მეორე ადგილზე აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრი. ნინო ნიჟარაძემ 2022 წელს მაისის ჩათვლით, ჯამში, 1621 ლიტრი საწვავი დახარჯა, 2021 წელს – 4205 ლიტრი.

ზოგ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრმაც გადააჭარბა 400 ლიტრის ლიმიტს, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე ამის გაკეთება ჯაბა ფუტკარაძეს მოუხდა: 2022 წელს თებერვალში  ნინო ნიჟარაძეს 450 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს, 2021 წელს კი ივლისში – 452 ლიტრი, აგვისტოში – 489, დეკემბერში – 443 ლიტრი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი HUNDAI-SONATA-თი გადაადგილდება. სამინისტროს ბალანსზე კი, სულ 6 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსებს ავტომანქანები არ ემსახურებათ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაზა შავაძეს Ford Fanger-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ემსახურება. ამ სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა 2022 წლის თებერვალში 368 ლიტრი საწვავი დახარჯა, მარტში – 341, აპრილში – 383, მაისში კი, ამ მინისტრსაც გადაუჭარბებია ლიმიტისთვის, რადგან 500 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს.

ჯამში, 2022 წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით, ზაზა შავაძეს 1592 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს, 2021 წელს – 2529 ლიტრი. 2021 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს TOYOTA PRADO ემსახურებოდა.

2021 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გადააჭარბა რამდენჯერმე ლიმიტს: თებერვალში [444 ლიტრი], აპრილსა [420 ლიტრი] და მაისში [523 ლიტრი].

სულ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე 13 მსუბუქი ავტომანქანაა რეგისტრირებული.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი კი, ავტომანქანა  HYUNDAI IX 35-ით გადაადგილდება. ამ სამინისტროს ბალანსზე სულ 7 მსუბუქი ავტომანქანაა რეგისტრირებული.

სამინისტროდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, განათლების მინისტრი ყველაზე ნაკლებ საწვავს ხარჯავს: 2022 წლის იანვარში მაია ხაჯიშვილის მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის სულ 190 ლიტრი საწვავი დასჭირდა, თებერვალში – 50, მარტში – 196, აპრილში 167, მაისში – 252.

2022 წელს მაია ხაჯიშვილს ტრანსპორტირებისთვის, ჯამში, იანვრიდან მაისის ჩათვლით სულ 855 ლიტრი საწვავი დახარჯა.

აჭარის განათლების სამინისტროსგან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს, მაია ხაჯიშვილმა ჯამში 1386 ლიტრი საწვავი დახარჯა.

ქობულეთში ბულვარი გააგრძელეს და ხელახლა გახსნეს

დღეს, 24 ივლისს, ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს. ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს 2021 წლის ივლისშიც, თუმცა ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ბულვარი ამჯერად ახალ მიმართულებაზე მოეწყო და ძველი ბულვარი დაახლოებით ერთი კილომეტრით გაგრძელდა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ბულვარი  [მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე] მოეწყო პროგრამის ფარგლებში – „განახლებული რეგიონები“ და ბიუჯეტიდან 8 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, ველო ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები. ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი,“ – აღნიშნულია ქობულეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქობულეთის ახალი ბულვარი, ფოტო ქობულეთის მერიის ფეისბუქგვერდიდან

პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ბათუმში რეაბილიტაციას ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე ხეივანსაც უტარებენ:

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

პუტინმა სამხრეთის მეთაური დვორნიკოვი შეცვალა: ვინ არის სერგეი კუზოვლევი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო სარდლობამ სამხრეთის ოლქის სამხედრო მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი კუზოვლევი დანიშნა. თავის დროზე ის „სახალხო მილიციის“ ხელმძღვანელობდა ეგრეთ წოდებულ „ლნრ“-ში.

შესაბამისად, გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აპრილიდან ხელმძღვანელობდა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი კუზოვლევმა შეცვალა.

სერგეი კუზოვლევი რუსეთის მოქალაქეა. ის 2014 წელს დანიშნეს ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ეგრეთ წოდებულ „სახალხო მილიციის“ უფროსად.

2021 წლის იანვარში პუტინმა მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. ადრე ოკუპანტი მსახურობდა საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე კი მეთაურობდა რუსულ დაჯგუფებას სირიაში.

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი კუზოვლევი 23 ივლისს ჩეჩნეთს ეწვია ბატალიონ „ახმატის“ შესამოწმებლად.

საინტერესოა, რომ გენერალ-პოლკოვნიკის ვიზიტი და კადიროვის ძალების ინსპექტირება მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც კადიროვმა განაცხადა, რომ ამ ბატალიონის გაგზავნას უკრაინაში აპირებენ. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში კადიროვზე ზეწოლა იზრდება.

21 ივლისს, ანტიკადიროვულმა ბატალიონმა „შეიხ მანსურმა“ გამოაცხადა, რომ აპირებს აჯანყებას კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ და იჩქერიის დეოკუპაციას. უკრაინული მედიის ცნობით, სწორედ ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ოკუპანტმა ჩეჩნეთში დატოვოს ახლახან შექმნილი „ახმატის“ ბატალიონები „ადგილობრივი არეულობის“ შემთხვევაში მის მოსაგვარებლად.

ამ ბატალიონს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.

____

ამავე თემაზე:

რატომ ცვლის პუტინი გენერლებს უკრაინის ფრონტზე

მთავარი ფოტო: სერგეი კუზოვლევი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა, დღისით უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი, 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი, 
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი,
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში, მომდევნო ორ დღეს – 26 და 27 ივლისს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

 

მე-15 სკოლის პროექტი იცვლება – ემატება 2 სართული საკლასო ოთახებისთვის

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსი და სპორტდარბაზი უნდა აშენდეს. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტში შედის ცვლილება. ერთსართულიან სპორტდარბაზს, რომელიც ცალკე უნდა აშენებულიყო, დაემატება ორი სართული, სადაც საკლასო ოთახები განთავსდება. პროექტის ცვლილება სპორტდარბაზის ზომებში შემცირებასაც გამოიწვევს.

დოკუმენტების მიხედვით „N15 საჯარო სკოლა მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად, სკოლა მოსწავლეების რაოდენობის ზრდას ვეღარ აკმაყოფილებს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რის გამოც დაიწყო აღნიშნული სკოლის რეკონსტრუქცია, თუმცა ამ ეტაპზე არც ეს არის საკმარისი.

სკოლის მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან არსებული პროექტით სპორტდარბაზის აშენების შემდეგ, მასზე რაიმე სართულების დამატება შეუძლებელია, მაშინ როცა პროექტის კორექტირების შემთხვევაში შესაძლებელია მცირედით შემცირდეს სპორტდარბაზის ზომები და მასზე დაშენდეს კიდევ ორი სართული, სადაც განთავსდება არანაკლებ 12 საკლასო ოთახი, რაც ნიშნავს არანაკლებ დამატებით 600 მოსწავლეს ორ ცვლაში.“

არსებული პროექტის ფარგლებში „სკოლის ძირითად შენობაზე უნდა მიშენდეს ორი კორპუსი, მათგან: პირველი კორპუსი – სამსართულიანია და მასში განთავსდება საკლასო ოთახები და სააქტო დარბაზი. აღნიშნული კორპუსის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა [14 ივლისის მდგომარეობით] დასრულების ეტაპზეა; მეორე კორპუსი კი – ერთსართულიანია და მასში უნდა განთავსდეს სპორტდარბაზი, დამხმარე სათავსებით. აღნიშნული კორპუსის მშენებლობა არ არის დაწყებული.“

აჭარის განათლების სამინისტროს მიერ საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდულია 2019 წელს სს ,,აჭარკაპმშენი’’-სგან, ღირებულებით 25 000 ლარი. ამჯერად პროექტში კორექტირებას იგივე კომპანია 15 ათას ლარად შეიტანს. სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამისი თანხმობა უკვე მიიღო.

მშენებლობას შპს „ალიგატორი 1“ აწარმოებს, რომელთანაც ხელშეკრულება [სამსართულიანი შენობის მიშენებისა და სპორტდარბაზისთვის] 2 784 107 ლარზე არის გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა 2023 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

პროექტის ცვლილებიშ გამო რამდენით გაიზრდება სახელშეკრულებო თანხა და შეიცვლება თუ არა მშენებლობის დასრულების ვადა, ჯერ უცნობია. ეს ახალი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ გამოჩნდება.

აჭარის განათლების სამინისტროს ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის არსებულ შენობაზე მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ტენდერი 2 986 577 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

ბათუმის მე-15 სკოლას ახალ კორპუსს მიაშენებენ – ბიუჯეტიდან 2,9 მილიონია გამოყოფილი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 24 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +280]
  • ტანკი – 1 722 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 3 942 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 869 ერთეული [+5]
  • MLRS – 255 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 221 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 714 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 170 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 823 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 73 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 260 თვითმფრინავი
  • 144 ვერტმფრენი
  • 1 605 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 357 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 763 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 196 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 457 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გუშინ, 23 ივლისს რუსეთმა ოდესას 4 რაკეტა ესროლა, მათ შორის ორი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი ოდესის პორტს მოხვდა

ამავე თემაზე:

ამერიკული სტანდარტით 63 „ჰაიმარსი“ სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა დაიწყოსო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო გამოცდილებაზე დაყრდნობით ითვლის, რა აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას ომის პირობის შესაცვლელად:

„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი“ – ინტერვიუ

 

„მეეჭვება, ნუკრი ქანთარიამ მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი ჩაუშვას“ – ინტერვიუ ბათუმელ მსახიობთან

„მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას,“ – ეს მოლოდინი აქვს მსახიობ ოთარ ქათამაძეს, რომელიც 2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია და ამჯერად მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილი პარლამენტარი იქნება. მსახიობს უმყარდება შეხედულება, რომ „სრულიად კულტურაში მყარდება კონტროლი“.

კონკურსის გარეშე ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნუკრი ქანთარია გუშინ, 22 ივლისს დანიშნეს. ის პროფესიით რეჟისორია, თუმცა უფრო ცნობილია პოლიტიკური აქტივობით – კონკრეტულად კი, მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან მყარი კავშირით და სახელისუფლებო გზავნილების გახმოვანებით. ნუკრი ქანთარია 2012 წლიდან ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ნუკრი ქანთარიამ დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. გუშინ ის თეატრის მსახიობებს შეხვდა – ისინი მანამდე წერილობით ითხოვდნენ წინა სამხატვრო ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის სამხატვრო ხელმძღვანელად დატოვებას.

რატომ დააიგნორეს მსახიობებისა და რეჟისორების მოთხოვნა, რომლებმაც ჩუმად, მაგრამ მაინც თქვეს, რომ პირდაპირ „ოცნებიდან“ დანიშნული რეჟისორი არ სურდათ სამხატვრო ხელმძღვანელად? – „ბათუმელები“ მსახიობ ოთარ ქათამაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ოთარ, მოგვიყევით, რა წერილით მიმართეთ მინისტრს და რას ითხოვდა თეატრალური დასი? 

ჩვენ ვიცოდით, რომ სამხატვრო ხელმძღვანელად რჩებოდა ანდრო ენუქიძე, მაგრამ უცებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიშნავდნენ ნუკრი ქანთარიას. დასის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანდრო ენუქიძის დატოვებას, რადგან რაღაც პროცესები დაწყებულია, გვსურდა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა მისი ხელმძღვანელობით. რამდენიმეს გამოკლებით ყველამ მოაწერა ხელი განცხადებას, რომელიც გავუგზავნეთ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს – მაია ხაჯიშვილს. ეს წერილი დაიწერა ივლისის დასაწყისში, ან უფრო ადრე.

ამ წერილში არ იყო საუბარი ნუკრი ქანთარიას შესახებ, რადგან ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებდა.

იყო მინისტრთან შეხვედრებიც, თუმცა მე ამ შეხვედრებს არ დავსწრებივარ, არ მეცალა. იყო ასევე მოთხოვნაც, რომ შეხვედროდნენ თორნიკე რიჟვაძეს. საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა – დანიშნეს კონკურსის გარეშე ნუკრი ქანთარია.

საინტერესოა ისიც, რომ გუშინ, შეხვედრაზე, როცა მსახიობებს და დასს შეგვახვედრეს ნუკრი ქანთარია, მინისტრმა თქვა, რომ დასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ცხადია, ეს ასე არ ყოფილა.

  • რატომ არ ჩათვალეთ მსახიობებმა საჭიროდ, რომ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა ამ პროცესის შესახებ? 

დასის უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ ჩართეს ამ პროცესში ჟურნალისტები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართეს. გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინათ.

  • გქონდათ მოლოდინი, რომ აჭარის კულტურის მინისტრი იღებს რეალურად ამ ტიპის გადაწყვეტილებებს? 

აზრი ორად გაიყო: ვიღაც თვლიდა, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ხოლო ვიღაცას ჰქონდა და ახლაც აქვს მოლოდინი. მე არ მქონია მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, რადგან ვატყობ, რომ ეს მხოლოდ მაია ხაჯიშვილის გადაწყვეტილება არ არის.

ჩემი პირადი შიში ეფუძნება იმას, რომ ნუკრი ქანთარია ასოცირდება პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“, ის არის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და რაღაცნაირად ვერ წარმოვიდგენ, ვერ ვაკავშირებ მის მოღვაწეობას ჩვენს თეატრში თავისუფალ მუშაობასთან. მე მგონია, რომ ცენზორი გვეყოლება თეატრში.

  • რა გაფიქრებინებთ ამას? 

გუშინდელ შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიამ გვითხრა, რომ არავითარი ცენზურა არ იქნება. მან თქვა, რომ დაიდგმება 4 ახალი სპექტაკლი დიდ სცენაზე და მცირე სცენაზე კიდევ სხვა სპექტაკლები. მისივე თქმით, კონკრეტულ პროგრამაზე ცალ-ცალკე დაგველაპარაკება, თუმცა მე არ ვიცი, მაგალითად, ბოლოს როდის დადგა სპექტაკლი ნუკრი ქანთარიამ. ვიცი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არის პედაგოგი, მისი დადგმული სპექტაკლები კი, მე არ მინახავს.

როგორც ვიცი, მას აქვს სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ეს იყო წინა საუკუნეში. ფართოდ გავაღებთ კარს რეჟისორებისთვის, აქ ჩამოვლენ რეჟისორები და დადგამენ სპექტაკლებსო, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაზე მას ერთმა მსახიობმა უთხრა კიდეც, რომ ის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება და ეს რამდენად შეგვიშლის ხელს, მაგალითად, ვინმეს რომ მოუნდეს „ტარტიუფის“, ან „ყვარყვარე თუთაბერის“ მსგავსი სპექტაკლი დადგას, რაც ხელისუფლების წინააღმდეგობის ხატებად არის ქცეული?

ნუკრი ქანთარიამ გვიპასუხა, რომ ერთია მისი პოლიტიკური ცხოვრება და მეორეა შემოქმედება – ის არავის აუკრძალავს არაფრის დადგმას. ამის დაჯერება რთულია, რადგან დღევანდელ სიტუაციაში არამარტო თეატრებში, სრულიად ხელოვნებაში, კულტურაში რაღაცნაირად მყარდება კონტროლი. „ოცნება“ ცდილობს, ყველგან გაიყვანოს თავისი კადრი და შეიქმნას სისტემა, რომელიც კონტროლდება.

  • წინა სამხატვრო ხელმძღვანელი რა პრობლემას უქმნიდა ხელისუფლებას ამ კონტროლის კუთხით? 

ანდრო ენუქიძე აბსოლუტურად არ უპირისპირდებოდა მათ, ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს ასე.

  • თქვენ მონაწილეობდით თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში, სადაც წინა ხელმძღვანელმა პირდაპირ კონკურსამდე თქვა, ვინც იქნებოდა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. თქვენთვის რა გამოჩნდა ამ კონკურსში მონაწილეობით? 

ვიცოდი, რომ თოჯინების თეატრშიც უკონკურსოდ დანიშნავდნენ ირაკლი კიკვაძეს, მაგრამ რადგან კონკურსი გამოცხადდა, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. დავრწმუნდი, რომ ეს იყო ფორმალური კონკურსი – მეორე ეტაპზე გადავედით მე, გიორგი ჩხაიძე [თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი] და ირაკლი კიკვაძე [ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი]. გასაუბრების შემდეგ ვკითხე კომისიის წევრებს, თუ რომელი კრიტერიუმის მიხედვით გადავიდა მეორე ეტაპზე ირაკლი კიკვაძე? კანონის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს პროფესიით მსახიობი, რეჟისორი, ან მინიმუმ 7 წელი მუშაობდეს თეატრში, უფრო საზოგადო მოღვაწე იყოს, ასე გამოდის. მიპასუხეს, რომ ირაკლი კიკვაძე შეარჩიეს მეორე კრიტერიუმით, ანუ რეჟისორია, მაგრამ ირაკლი კიკვაძე კინორეჟისორია, კანონი კი არის „პროფესიული თეატრების შესახებ“. ეს იგივეა, სტომატოლოგს ჩაატარებინო კუჭის ოპერაცია იმიტომ, რომ ისიც ექიმია.

წარმოიდგინეთ, ამას, ანუ თეატრის ანა-ბანას ვუხსნიდი თეატრმცოდნეებს – გოგი ყაჯრიშვილს და ლაშა ჩხარტიშვილს.

  • ოჯინების თეატრის შემთხვევაშიც არსებობდა კონტროლის ინტერესი? 

მნიშვნელოვანია საერთო სურათი, რომელშიც ვართ: როგორ ათავისუფლებენ მუზეუმების თანამშრომლებს, ირჩევენ თუ ნიშნავენ სამხატვრო ხელმძღვანელებს… პარტიისთვის სასურველი ადამიანებს ნიშნავენ წამყვან თანამდებობებზე. ვერ დავიჯერებ, რომ თეატრებში ესენი შეძლებენ კონტროლს. ვფიქრობ, რომ უმეტესობა მსახიობებისა ვერ შეეგუება მარწუხებს და არ მიიღებენ ამას.

თუმცა ყველას აქვს შეგრძნება, რომ შეფარვით აღარ ხდება არაფერი, გახსნილია უკვე ყველაფერი. ნუკრი ქანთარია ხომ პირდაპირ მხარდამჭერია „ქართული ოცნების“ და ამას არც მალავს? ის პირადად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო ორჯერ, ბოლოს კულტურის სამინისტროში მუშაობდა, მთავრობის წევრია ფაქტობრივად… მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას.

  • გუშინდელი შეხვედრის შემდეგაც მსახიობების უმრავლესობა ისევ დუმილს ირჩევს, რატომ? 

არ ვიცი, მოლოდინი უფრო აქვთ, ვიდრე ის, რომ რაღაც მოქმედებაზე გადავიდეთ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დავაკვირდებით. ბოლომდე ვეცდებით, რომ ხელოვნება იყოს თავისუფალი და არ იყოს ჩარევა. შესაძლოა, ამის გამო გაათავისუფლონ კიდეც ვიღაც თეატრიდან.

____

მთავარი ფოტო: მსახიობი ოთარ ქათამაძე

ბათუმი – თბილისის მატარებლით მგზავრობა გაძვირდა

თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება. 25 ივლისიდან მატარებლით მგზავრობის ღირებულება იქნება: მეორე კლასი – 34 ლარი, პირველი – 74 ლარი, ბიზნესკლასი – 124 ლარი.

ამ დრომდე ბათუმი -თბილისის სამგზავრო მატარებლის მეორე კლასით მგზავბრობა 25 ლარი ღირდა.

„ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად, “ – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ  ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) – 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.

ხვალ ბათუმში იაპონური ჩაის ცერემონიალი და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

ხვალ, 24 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ცნობილი იაპონელი შემსრულებლის, ნაკამურა ტემპეის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაზე, რომელიც იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წელს ეძღვნება, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის.

იაპონური ჩაის ცერემონიალი და იაპონელი პიანისტის კონცერტი,  ბათუმის რიგით მეცხრე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

ღონისძიება ბათუმის ხელოვნების ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.

2,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი დაწვეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს.

„ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

ამჯერად ეს ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს:

  • 2553 აბი “სუბუტექსი”
  • 2627,87 გრ “კოკაინი”
  • 1368 გრამი “ჰეროინი”
  • 94 გრ. “მეტადონი”
  • 53,065 კგ „მარიხუანა“
  • 753 კგ. „კანაფი“
  • “ამფეტამინის” შემცველი 352 აბი
  • 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
  • 1050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები
  • “პრეგაბალინის” შემცველი 1144 კაფსულა

ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად 3 თვის ვადა მიეცემათ – ახალი ცვლილება

ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადსაც განსახლების კომისია დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი სახლის შესარჩევად ვადა – 3 თვე მიეცემა. დღემდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლის შესარჩევად 1 თვის ვადა ეძლეოდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით:

„ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 3 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელი სახლის შერჩევას.“.

ცვლილება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, „[ეკომიგრანტების] განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ მინისტრის ადრინდელ ბრძანებაში, 2022 წლის 22 ივლისიდან შევიდა.

მინისტრის ამავე ბრძანებით, ახალი რედაქციით დამტკიცდა ასევე „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და „ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“.

[toggle title=”განაცხადის ფორმისა და კრიტერიუმების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

[/toggle]

 

სახელმწიფო ეკომიგრანტ ოჯახს, საცხოვრებელი სახლის შესაძენად, მაქსიმუმ 30 ათას ლარს უხდის ბიუჯეტიდან.

ამავე თემაზე:

აჭარაში ეკომიგრანტები 30 000, ხოლო ხანძრით დაზარალებულები 20 000 ლარს მიიღებენ

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240]
  • ტანკი – 1 708 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 929 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 864 ერთეული [+1]
  • MLRS – 253 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 221 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 714 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 820 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 72 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 260 თვითმფრინავი
  • 144 ვერტმფრენი
  • 1 600 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 357 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 146 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 763 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 185 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 453 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინაში ათასობით რუსი ლეიტენანტი და კაპიტანი დაიღუპა – პენტაგონის მაღალჩინოსანი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი“ – ინტერვიუ

რუსეთი შესაძლოა ხერსონში იზოლაციაში აღმოჩნდეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინის ძალები რუსეთის დანაყოფებს უტევდენ. უწყების ცნობით, უკრაინელთა შეტევის შესაჩერებლად, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს საარტილერიო ცეცხლი და დნეპრის შენაკადი, მდინარე ინგულეცი, როგორც ბუნებრივი ბარიერი.

23 ივლისის რელიზში, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბრძოლების პარალელურად, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა გზები, რომლებსაც რუსეთი თავისი ძალებისთვის შეიარაღებისა და სხვა მარაგების მისაწოდებლად იყენებს.

„უკრაინელთა ახალმა დარტყმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ანტონოვსკის ხიდს. რუსეთმა მისი დროებით შეკეთება სცადა. 22 ივლისისთვის, ხიდი დანამდვილებით მოქმედი იყო,“ – წერს დაზვერვა.

უწყების ცნობით, შეუძლებელი აღმოჩნდა უკრაინელი მაღალჩინოსნების ინფორმაციის დადასტურება, თითქოს რუსეთო დნეპრზე პონტონის ხიდის მოწყობას აპირებს.

„რუსეთის არმიისთვის პრიორიტეტულია, შეინარჩუნოს მდინარეებზე გადასვლის შესაძლებლობა, თუმცა დნეპრზე ხიდის აშენების ნებისმიერი მცდელობა სარისკო ოპერაციაა. თუ რუსეთისთვის დნეპრზე გადასვლა შეუძლებელი გახდება და რუსეთის ძალები ოკუპირებულ ხერსონში იზოლაციაში აღმოჩნდებიან, ეს რუსეთისთვის უდიდესი სამხედრო და პოლიტიკური წარუმატებლობა იქნება,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში, დაზვერვა წერდა, რომ შესაბამისი შეიარაღების ნაკლებობის გამო, სამოქალაქო ობიექტების დასაბომბად, რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებს იყენებს.

მთავარი ფოტო: რუსეთის ტანკი დაზიანებულ ანტონოვსკის ხიდზე/ფოტო: The Odessa Journal

ქუთაისის „მართვე“ საქართველოს ჩემპიონი გახდა ქვიშის ფეხბურთში

დღეს, 22 მაისს, ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ქუთაის „მართვესა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის.

ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით – 12:10 – „მართვემ“ გაიმარჯვა.

ფინალური მატჩი ბათუმში დაძაბულად მიმდინარეობდა. რამდენჯერმე ანგარიში გათანაბრდა. ბოლო, გადამწყვეტი გოლების გატანამდე უპირატესობა ხობის „კოლხეთს“ ჰქონდა, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ „მართვემ“ მოიპოვა.

„მართვეს“ გუნდის წევრების თქმით, ისინი თამაშის დროს ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან. გუნდის თქმით, ისინი ყველა გამარჯვებას გარდაცვლილ თანაგუნდელს, ნინი გურგენიძეს უძღვიან. „ერთად გურგესთვის“ – ეს წარწერა გოგოებს მაისურებზეც ჰქონდათ.

„სასწაული ემოციები გვაქვს. ახლა ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიაში წავალთ მომავალ, 2023 წლის სეზონზე.

რაღაც პერიოდი „კოლხეთთან“ ვიგებდით სულ ჩვენ, რაღაც პერიოდი კი ისინი იგებდნენ. ბოლო 3-4 თამაში ზედიზედ გვიგებენ და მგონია, რომ ჩვენი შედეგი არის გარდამტეხი შედეგი, რომ შევძელით და მოვუგეთ მათ. მგონია, რომ მომავალშიც ყველა შეხვედრა ჩვენი მოგებით დასრულდება“, – გვითხრა „მართვეს“ წევრმა, მარიამ შონიამ თამაშის ბოლოს.

მარიამ შონია

„მართვეს“ კიდევ ერთი მოთამაშის, ლანა გორგაძის თქმით, „ხობი“ მათთვის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო და მაქსიმალურად ეცადნენ ტურნირის ღირსეულ მოგებას.

კოლხეთი „ხობის“ კაპიტანმა, ანა წულაიამ შეხვედრის დაწყებამდე გვითხრა, რომ ფინალურ შეხვედრამდე ვარჯიში ქვიშის მოედანზე ვერ მოახერხეს.

ქვიშის ფეხბურთის ფინალური შეხვედრა
ხობის გუნდი “კოლხეთი”.
ქუთაისის გუნდი “მართვე”.
ქვიშის ფეხბურთის ფინალური შეხვედრა.
ქუთაისის “კოლხეთის” მოთამაშე.
“მართვესა” და “კოლხეთის” გულშემატკივრები.

საქართველოს 2022 წლის ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონმა და ვიცეჩემპიონმა გუნდებმა მოიპოვეს უფლება იასპარეზონ 2023 წელს ევროპის ჩემპიონთა თასზე, პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სიმამაცისთვის დააჯილდოვეს აშშ-ში

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ESPY Awards-ის არტურ ეშლის სახელობის სიმამაცის პრემია მიიღო. ESPY ამერიკული პრემიაა მაღალი სპორტული მიწევებისთვის, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა.

დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში, აშშ-ში გაიმართა. კიევში მყოფი კლიჩკოს სახელით, რომელიც ცერემონიას ვერ დაესწრო, ჯილდო ამერიკელმა მსახიობმა დუეინ ჯონსონმა მიიღო.

„უკრაინის დედაქალაქის მერი 2014 წლიდან, ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, დიდი ხანია ვლადიმერ პუტინის ღია კრიტიკოსია.

მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვლის ბოლოს შეიჭრა უკრაინაში, ვიტალი თავის უმცროს ძმასთან ერთად, წინააღმდეგობის ერთ-ერთი სახეა. კლიჩკოებმა იარაღი აიღეს კიევში, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონში.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება”, – თქვა 50 წლის კლიჩკომ, „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის გამბედაობის აღიარება, რომელიც 3-ზე მეტი თვის განმავლობაში გაბედულად ეწინააღმდეგებოდა რუს აგრესორს. ეს არის ჯილდო ყველასთვის, ვინც იცავს უკრაინის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“ – ვკითხულობთ ESPY Awards-ის ვებგვერდზე.

 

„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი“ – ინტერვიუ

ამერიკული სტანდარტით 63 „ჰაიმარსი“ სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა დაიწყოსო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო გამოცდილებაზე დაყრდნობით ითვლის, რა აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას ომის პირობის შესაცვლელად.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვახტანგ კაპანაძე „ჰაიმარსებს“ უთმობს და იმ დღეს იხსენებს, ხიდებსაც რომ დაარტყეს უკრაინელებმა ხერსონში „ჰაიმარსებით“. მართალია, ხიდები არ დანგრეულა, მაგრამ გადამდგარი გენერალ-მაიორი გვიმარტავს, რომ მსგავსი დარტყმების შემდეგ რუსები იმ ხიდზე ვეღარ ჩაივლიან – იციან, რომ რაკეტები კოლონებს გაანადგურებს.

„ამ ეტაპზე ჩანს კიდევ ის, რომ რუსებს აღარ აქვთ აქტიური შეტევის გაგრძელების პოტენციალი, ისინი უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი. უკრაინელებს შეუძლიათ თავდაცვა, მტრის შეჩერება, კონტრდარტყმისთვის კი, უკრაინას სჭირდება შემდეგი გაძლიერება,“ – გვითხრა ვახტანგ  კაპანაძემ.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • განახლებული აღჭურვილობით დავიწყოთ: შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით გადასცემს 4 სარაკეტო საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსს“. ეს რამდენად შეცვლის საომარ ვითარებას იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე მხოლოდ 12 „ჰაიმარსის“ გამოყენებით რუსეთს აღარ ჰქონია ამ ეტაპზე პრაქტიკულად წარმატება. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთიც მიაწვდის უკრაინას აღჭურვილობას.

ფაქტია, რომ უკრაინას სჭირდება უფრო მეტი „ჰაიმარსი“. მარტივად რომ დავითვალოთ: უკრაინას აქვს 7 საარტილერიო-სარაკეტო ბრიგადა. თითოეულ ბრიგადაში არის ზალპური ცეცხლის წარმოების სისტემის ერთი ბატარეა. ამერიკული საარმიო კორპუსის არტილერიის ორგანიზაციის სისტემა რომ ავიღოთ, თითოეულ ბატარეაში არის 3 ოცეული 3 – 3 დანადგარით, ანუ 9 ერთეულია ერთ ბატარეაში. შესაბამისად, ამერიკული სტანდარტით, უკრაინელებს სჭირდებათ 9-ჯერ 7, ანუ 63 „ჰაიმარსი“.

თუ უკრაინელები დააკომპლექტებენ თავიანთ ბატარეებს ძველი, საბჭოთა სტანდარტით, მაშინ საჭიროა 4 – 6 დანადგარი თითო ბატარეაში. ამ გათვლებით, უკრაინელებს დასჭირდებათ 28 – 36 „ჰაიმარსი“.

თუმცა რა აღჭურვილობაც უკვე მიიღო უკრაიანამ, ფაქტია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინელების ძალა, მათ შექმნეს ოპერატიული ჯგუფები,  რომელიც შედგება ორი-ორი გამშვებისგან, მათი დაცვის კომპონენტიდან  და ახორციელებენ ზუსტ დარტყმებს. საბჭოთა სისტემებისგან განსხვავებით, „ჰაიმარსს“ არ სჭირდებ ასაგანგებო დამტენი დანადგარი, ასევე დამატებითი აღჭურვილობა –  გამზადებული პაკეტი მიეწოდება სატვირთო მანქანით, საიდანაც თავისივე ამწეთი გადააქვს, რითაც დროში უგებს რუსულ კონკურენტს, რომლის გამშვებში სპეციალური მანქანით სათითაოდ იდება რეაქტიული ჭურვი. აღარაფერს ვამბობ გაცილებით მეტ სიზუსტეზე.  მთავარია, უკრაიანელებს მიაწოდონ ის რაკეტები, რომელიცი მიფრინავს 300 კილომეტრზე.

იმდენად მტკივნეულ დარტყმებს ახორციელებენ უკრაინელები, რომ რუსებმა სპეცდანიშნულების დანაყოფიც გამოყეს, 200-კაციანი, რომელიც უნდა დაიყოს მცირე ჯგუფებად და ინადირონ „ჰაიმარსებზე“ ერაყში კოალიციის ძალების მსგავსად, როდესაც ბრიტანელი და ამერიკელი სპეცდანიშნულების ოპერატორები ნადირობდნენ სადამის „სკადებ“-ზე. უკრაინელებმა ამასობაში განახორციელეს დარტყმები ხერსონის სამხრეთში მდებარე რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ანტონოვის ხიდებზე, ერთი საავტომობილო ხიდია, მეორე – სარკინიგზო. ხიდის დანგრევა „ჰაიმარსს“ არ შეუძლია, აზიანებს და ამას აქვს შემაკავებელი ფაქტორი: როცა შენ სწვდები ხიდს, ხიდზე უკვე ვეღარ გაატარებ უსაფრთხოდ ლოჯისტიკურ ან მხარდამჭერი ძალების კოლონას.

  • როგორია ამ დანაკარგების გავლენა, რაც უკვე მიადგა რუსეთს? აშშ-ს მონაცემებით, 15 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა, 45 ათასი დაჭრილია. უკრაინელების ვერსიით კი 1704 ტანკი დაუწვეს რუსეთს და ასე შემდეგ.

ეს რეალური ციფრები ნამდვილად და მნიშვნელოვანი დანაკარგია რუსეთისთვის. იგრძნობა, რომ რუსებს მნიშვნელოვნად დააკლდათ საარტილერიო სისტემები, იგივე თვითმავალი საარტილერიო სისტემები, რომლებიც ნაწილობრივ ჩაანაცვლეს ბუქსირებადი საარტილერიო, 152 მილიმეტრიანი „ჰაუბიცებით“, ასევე აქტიურად იყენებენ 122 მილიმეტრიანებს, D-30, D-20-ებსაც უკვე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარტილერიო სისტემებს აქვთ გამოყენების რესურსი, როცა ახდენ 5 – 6 ათას გასროლას, „ჰაუბიცას“ ქვემეხები უნდა გაიყვანო რემონტზე – არ დაგავიწყდეთ, რომ ლულა არ რემონტდება, ის მიდის დნობაში და ახალი ლულაა საჭირო.

  • ეს დანაკარგი არის იმ მასშტაბის, რაც რუსებს უცვლის გეგმას უკრაინაში? 

ეს დანაკარგები არის ძალიან მტკივნეული რუსეთისთვის, რუსეთის შეტევის პოტენციალი ფაქტობრივად იწურება და მეორე: უკრაინელებისთვის დანაკარგის ეს მაჩვენებელი ზრდის კონტრშეტევის შესაძლებლობას. რუსები უკვე რამდენი ხანია გაჩერებული არიან სევერსკის, სოლედარის და ბახმუტის მიმართულებაზე. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი ამბობს, რომ რუსებმა ოპერატიული პაუზა აიღეს, თუმცა ეს არ არის ოპერატიული პაუზა. რუსები ფაქტობრივად განაგრძობენ შეტევას, მაგრამ წინ ვერ მიდიან.

  • უკრაინას ჯერ არ დაუკარგავს დონბასიო, ამბობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად აქვს ამის საშუალება ახლა უკრაინას, რომ დონბასი არ დათმოს?

დონბასი, როგორც ვიცით, არის ლუგანსკი და დონეცკი. ლუგანსკი მთლიანად აღებული აქვთ რუსებს, დონეცკის 40 პროცენტს კი, უკრაინელები აკონტროლებენ. მთავარი ამ ეტაპზე არის სლავიანსკი-კრამატორსკის თავდაცვის კვანძი, თუ ეს ვერ აიღეს, ვერ აიღებენ დონბასს.

  • თქვენ დაკვირვებით, აიღებენ? 

არსებული მოცემულობით არის შანსი, რომ ვერ აიღონ, რადგან რუსები უკვე დიდი ხანია გაჩერებული არიან ზღუდეზე, რომელიც არ იყო მომზადებული დაცვისთვის. ამ მიმართულებით სევერსკია ყველაზე მოწყვლადი – დაბლობია და რეალურად იოლი ასაღებია, მაგრამ იმასაც კი ვერ იღებენ, სოლედარი და ბახმუტი კი, შედარებით ძლიერადაა დაცული.

როგორც იცით, იბომბება სლავიანსკი და კრამატორსკიც, მაგრამ ნახეთ, რა ხდება: სლავიანსკის ჩრდილოეთ მიმართულებაზე რუსებმა რომ მოაწყონ ალყა, მათ სჭირდებათ ხიდები მდინარეების გადასალახად, რაც ისევ რუსების მიერვეა აფეთქებული, რაც აჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთიდან აღარ აპირებენ შესვლას სლავიანსკიში და იგივე მეთოდს გამოიყენებენ, რაც ლისიჩანსკში გააკეთეს, კერძოდ კი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ერთი მიმართულებით სცადონ შემოვლა. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ გზით რუსებს ძალიან დიდი გზის გავლა მოუწევთ ბრძოლა-ბრძოლით.

ამ შემთხვევაში ბახმუტი არის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსებს ამ მიმართულებიდან შეეძლება სამხრეთიდან შეუტიონ კრამატორსკის და სლავიანსკის, შემოუარონ და ალყაში მოაქციონ.

  • შოიგუმ, თქვენი აზრით, რატომ ახსენა „ჩრდილოეთის სარდლობა“?  ეს ფრაზა პირველად ახსენაო, მიუთითებს „ომის კვლევის ინსტიტუტი“.

შოიგუს სამხედრო ცოდნა არ გაიშვას, სამხედრო ბილეთში სპეციალობაში იცით, რა უწერია? – ირმების მომვლელი. დადგება ფანქრით ხელში რუკასთან და რაღაცას ამბობს. დასავლეთის ქვეყნებში და ჩვენთანაც ეს მიდგომაა, რომ თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირია, რომელიც არ ერევა [არ უნდა ჩაერიოს] სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ როცა სამხედრო ფორმას გაცმევენ, გაძლევენ წოდებას და მედლებს გკიდებენ, მინიმუმ სამხედრო განათლება და გამოცდილება უნდა გქონდეს.

არ მესმის, რას შეიძლება აღნიშნავდეს ამ ფრაზის გამოყენება შოიგუს მხრიდან. ზოგიერთ წყაროში ჩრდილოეთ, დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ არმიათა ჯგუფებადაც მოიხსენიებენ  და გაქრა ცენტრალური სამხედრო ოლქის დასახელება. შესაძლოა, მთლიან დაჯგუფებას დაარქვეს ასე. ისეთი „დომხალია“ რუსულ არმიაში, ვერაფერს გაიგებ: გერასიმოვი საერთოდ არ ჩანს, დვორნიკოვი მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს და არც ის აღარ ჩანს. სუროვიკინი საჰაერო ძალების სარდალი იყო, მინისტრის მოადგილე გამოდიოდა სტატუსით და სამხედრო ოლქში სარდლად დანიშნეს, რაც ფაქტიურად დაქვეითება გამოდის…

ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე, ძირითადად დონბასის მიმართულებაზე მუშაობენ და, მაგალითად, ხარკოვის მიმართულებით მხოლოდ ორი დივიზიაა, 144 სატანკო და 80-ე მოტომსროლელთ, ისინი ფაქტობრივად მუშაობენ იმაზე, რომ უკრაინელებმა არ შეუტიონ, თორემ ხარკოვის აღება არ შეუძლიათ. ხერსონის მისადგომებთან თავდაცვითი ზღუდის მოწყობა მიმდინარეობს აქტიურად, იქ ქარხნული წარმოების ბეტონის გრძელვადიანი საცეცხლე წერტილების მოსაწყობი კონსტრუქციები ჩააქვთ, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე კი, უკვე მოწყობილია თავდაცვითი ზღუდეები.

რუსები თან ხვდებიან, რომ დრო მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ – ვიდრე უკრაინა ძლიერდება აღჭურვილობით, რუსები დარბიან ირანში, დრონებს ითხოვენ. ირანი ალბათ მიაწვდის ამ აღჭურვილობას, მაგრამ მისი ხარისხი და რაოდენობა არ იქნება ისეთი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საომარ მოქმედებაში.

  • მასობაში, 500-მდე კონტრაქტორმა სამხედრომ ბურიატიიდან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა და უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? ასევე ირკვევა, რომ ათობით რუსი სამხედრო, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს, ლუგანსკში, სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი. მესანგრეთა ეს ასული აფხაზეთშია ბაზირებული.

ასეთი რამ მეჭვება რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მუდმივად იქმნება 180-ათასიან დაჯგუფებაში: ვიღაც უარს იტყვის ბრძოლაზე, ან დეზერტირი იქნება, ეს არ არის ის კრიტიკული რაოდენობა, რომ აისახოს არსებულ, ოპერატიულ მოცემულობაზე.

ამ ეტაპზე ჩანს ის, რომ რუსებს აღარ აქვთ აქტიური შეტევის გაგრძელების პოტენციალი, ისინი უახლოვდებიან ე.წ. კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი. უკრაინელებს კი, შეუძლიათ თავდაცვა, შეუძლიათ მტრის შეჩერება, კონტრდარტყმისთვის კი, უკრაინას სჭირდება შემდეგი გაძლიერება.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს მიწისზედა სამიზნეების გასანადგურებლად. წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ეს არის რუსეთის სტრატეგია მორალურად „გატეხოს“ მოწინააღმდეგე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გამოსდის. რუსეთს მაინც აქვს ამ შედეგის მოლოდინი?

არ გამოვრიცხავ, რუსეთმა დაბალი ინტენსივობის დაპირისპირების ეტაპზეც გამოიყენოს სარაკეტო შეტევები. არ გამოვრიცხავ იმას, რომ როცა მხარეები გადავლენ პოზიციურ დაპირისპირებაზე და ომი ცხელი ფაზიდან გადავა დაბალი ინტენსივობის დაპირისპირებაზე, ამ ტერორს მოსახლეობაზე რუსები მაინც განაგრძობენ, რადგან რაც უფრო მიაწვება მოსახლეობა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მით უფრო მეტად შეიძლება უკრაინის მთავრობა წავიდეს დათმობაზე. ეს ძალიან სჭირდება უკვე რუსეთს.

  • „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

ეს ის რეგიონებია, რომლებიც დაკავებული აქვთ რუსებს. არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა მოაწერონ ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულება ბელარუსთან და უკრაინიდან მიიერთონ ის ტერიტორია, რაც ახლა ჩამოთვალეთ.

უკრაინას უნდა ჰქონდეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი უპირატესობა აღჭურვილობაში და ეს უნდა იყოს ერთი-სამთან შეფარდებით გარკვეულ ტაქტიკურ მიმართულებებზე. კონკრეტულ ოპერატიულ დონეზე კი, შესაძლოა ეს იყოს ერთი-ერთზე შეფარდება, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის ძალებს უნდა გაუწონასწორდეს. უკრაინის მონაცემებით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში თავმოყრილი აქვთ 3 ათასი ჯავშანტექნიკა და 1500 ტანკი. ეს რაოდენობა მაინც უნდა ჰქონდეს უკრაინას, რომ გადავიდეს სხვა ეტაპზე.

  • ციფრები, რაც თქვენ გვითხარით, რომ 63 ერთეული „ჰაიმარსი“ სჭირდება უკრაინას, ამ ეტაპზე აქვს 12 ერთეული და 4-ს ელოდება, ხომ არ აჩვენებს იმას, რომ  უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას ახლო მომავალში ვერ შეძლებს? 

არსებული მონაცემებით და ამ დროისთვის უკრაინა არ არის მზად ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის. მე არ ვგულისხმობ მცირე მასშტაბის კონტრშეტევებს.

იმედია, უკრაინისთვის შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდება გაგრძელდება და როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია გარდამტეხი მომენტი ამ დაპირისპირებაში. თუ უკრაინა მიიღებს შესაბამის აღჭურვილობას, ჩემი აზრით, წლის ბოლოსთვის მას ექნება გარკვეული წარმატება. თუმცა ეს არ გულისხმობს მთლიანად უკრაინის გათავისუფლებას, არა მგონია, რომ ეს მოხერხდეს გარკვეული პერიოდი. ვფიქრობ, სამხრეთის მიმართულების გათავისუფლება იქნება უკრაინისთვის ძალიან დიდი წარმატება.

სასწავლებლად ამერიკასა და ნორვეგიაში – სოფელ ჩანდურადან დაწყებული რიმას გრძელი გზა

რიმა მარანგოზიანი 1+4 პროგრამით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე.

ახლა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) აგრძელებს სწავლას მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამაზე. 23 წლის რიმა თსუ-ში ქართულენოვან პროგრამაზე სწავლობდა. ქართულად სწავლობს GIPA-შიც. საუბრობს უშეცდომოდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მისთვის მეორე ენაა და სოფელში, სადაც გაიზარდა და  ქართულ ენაზე მოსაუბრე არავინ იყო.

რიმა მარანგოზიანი

რიმა მარანგოზიანი „ბათუმელებთან“ საკუთარ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სომხურენოვანი სოფლების პრობლემებზე საუბრობს, საუბრობს იდეებზე, რაც ამ სოფლებს უკავშირდება.

სწავლის პარალელურად რიმა მუშაობს ჯიპა მედიალაბთან ერთად, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს მულტიმედია ჟურნალისტურ პლატფორმებს და მასალის მომზადების ხერხებს ასწავლიან.

რიმა მარანგოზიანი GIPA მედია ლაბის მონაწილეებთან ერთად

რიმა ამ პროექტის რეგიონული კოორდინატორია ახალქალაქში – ძირითადად თარგმნა და თარჯიმნობა უწევს. მუშაობს ასევე კვლევით ცენტრში PMC და როცა სომხურენოვან ფოკუსჯგუფებთან კვლევები ტარდება და ინტერვიუების მომზადება სჭირდებათ, რიმას უკავშირდებიან.

„ბევრ სხვადასხვა კვლევაში ვარ ჩართული სწავლის პარალელურად. ახლა ერთ პოლონურ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ, რომელიც ატარებს კვლევას ყარაბაღის ომთან დაკავშირებით. აინტერესებთ რა დამოკიდებულება არსებობს ამ ომის მიმართ საქართველოში მცხოვრებ სომხურენოვან მოსახლეობაში, ვაკვირდებით ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ ფეისბუქპოსტებსა და მედიაგაშუქებას“, – ამბობს რიმა.

სკოლის ბოლო კლასში რიმა ფლექსის პროგრამით ამერიკაში სწავლობდა Union Colony Preparatory school-ში. ამერიკაში გამგზავრებამდე ერთი თვით მოლდოვაში გაუშვეს ისევ ფლექსის პროგრამით, რომ ინგლისური ენა უკეთ ესწავლა.

„იმ ბავშვებს, ვინც ენა ძალიან კარგად არ იცოდა, მოლდოვაში უშვებდნენ ერთი თვით  ამერიკაში გამგზავრებამდე. 16 წლის ვიყავი მაშინ და უამრავი სტერეოტიპი მქონდა. ფეისბუქზე მეგობრობა გამომიგზავნა ალბანელმა გოგომ, ვისთან ერთადაც მოლდოვადან ამერიკაში წასვლის შემდეგ უნდა მეცხოვრა 11 თვე კოლორადოს შტატის ქალაქ გრილში. 16 წლის გოგოს ტატუები და წითელი თმა ჰქონდა. შოკი იყო ეს ჩემთვის. ახალქალაქის იქით როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ არ ვიცოდი. ვტიროდი, ვინ არის ეს ბანდიტი, როგორ ვიცხოვრებ „ასეთ“ გოგოსთან ერთად-მეთქი. მეგობრები მამშვიდებდნენ.

მოლდოვადან ამერიკაში რომ ჩავედი, ჩემი შიშები ორ კვირაში გაქრა. მერე მე და ეს გოგო დებივით დავმეგობრდით, ახლაც ვწერთ ერთმანეთს.

რიმა მარანგოზიანი

ერთ კლასში ვსწავლობდით მე და ეს ალბანელი გოგო. ჩამოსვლაც არ მინდოდა ამერიკიდან, ისე მომეწონა იქაურობა. სხვა ადამიანი წავედი და სულ სხვა ჩამოვედი“, – ამბობს რიმა.

რიმა ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დაეხმარა სტერეოტიპების დაძლევაში:

„ამერიკაში, სასწავლო პროცესში არავინ არავის ეხმარება, მაგალითად, საკონტროლო წერისას. ეს გასწავლის, როგორ გაუმკლავდე ყველაფერს მარტო და დამოუკიდებლად. პირველ სემესტრში ვერაფერს ვიგებდი, რას ამბობდნენ ლექტორები და ძალიან რთული იყო.

რომ არ მემოგზაურა და არ მენახა სხვა ქვეყნები, მექნებოდა ცრუ წარმოდგენა, რომ მაგალითად ლურჯთმიანი გოგო – ცუდი გოგოა, ან მწეველი გოგოა ცუდი, ან ის, ვინც შინ გვიან ბრუნდება.

ამერიკამ მასწავლა, რომ სხვისი ცხოვრება სხვისია და მხოლოდ შენი ცხოვრება გეკუთვნის.

ქვეყნებმა მომცა შესაძლებლობა მენახა მრავალფეროვნება ჩემი პატარა სოფლის და ახალქალაქის მიღმა. ვნახე, რომ ათასნაირი, სხვადასხვაგვარი ადამიანი არსებობს“, – ამბობს რიმა მარანგოზიანი.

ქართული ენა რიმამ ძირითადად ადამიანებთან ურთიერთობით ისწავლა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ჩააბარა 1+4 პროგრამაზე. პირველი კურსიდანვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად დაიწყო მუშაობა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს შეეხებოდა.

სოფელი ჩანდურა, საიდანაც რიმაა, ახალქალაქიდან სამი კილომეტრის სავალზეა. სოფელში ქართულად არავინ საუბროს, რიმას ოჯახშიც ქართული მხოლოდ მან და მისმა ძმამ იცოდა, საუბარი ბაბუასაც ესმოდა.

რამდენიმე თვეში რიმა ერასმუსის პროგრამით ნორვეგიაში მიემგზავრება, სადაც გლობალური ჟურნალისტიკის პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას, ამიტომ საქართველოში სტაბილურ სამსახურს ჯერჯერობით არ ეძებს.

ერაზმუსის პროგრამის დასრულების შემდეგ ზუსტი გეგმები არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ დოკუმენტური ფილმების გადაღებითაა დაინტერესებული.

რიმა მარანგოზიანი YMCA “Generation Next” პროგრამის 2021 სტიპენდანტებთან ერთად

„ამ ორგანიზაციის წევრი და სტიპენდიატი ვარ. მინდა ახალგაზრდული ცენტრი გავხსნა ახალქალაქში, რომ ახალგაზრდებს, ბავშვებს შეეძლოთ სხვადასხვა უნარის განვითარება, რისი შესაძლებლობაც მე აქ არ მქონდა. მინდა იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს იმავე სირთულეების გადალახვა არ უწევდეთ, რაც მე გადავლახე“, – ამბობს რიმა.

ნორვეგიის ქალაქ ქრისტიანსენდში რიმა მარანგოზიანი ერასმუსის გრანტით ერთ სემესტრს ისწავლის.

კრემლი დასავლეთის შიშების გამოყენებას ცდილობს – პოდოლიაკი „იარაღის კონტრაბანდაზე“

„შავ ბაზარზე“ პრიმიტივის გავრცელებით, კრემლი ცდილობს, დასავლეთის შიშები გამოიყენოს. თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია: ჩვენი დამცველები მოტივირებული არიან და სწრაფად სწავლობენ; ყოველ ერთეულ შეიარაღებას იმდენი ოქროს ფასი აქვს, რამდენსაც იწონის; უზრუნველყოფილია სრული კონტროლი და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე.“

ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ევროპოლის სპიკერის, იაპ ოპ გენ ოორტის განცხადებას, რომ ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ ინფორმაცია აქვს.

იაპ ოპ გენ ოორტმა 21 ივლისს გერმანულ Der Spiegel-ს უთხრა, რომ დაფიქსირდა შავ ბაზარზე სამხედრო დანიშნულების პროდუქციითა და ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის ფაქტები. ევროკავშირის გამომძიებლებმა „მძიმე შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნებიც“ აღმოაჩინეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა იარაღის გაყიდვაზეა საუბარი.

„არის რისკი, რომ იარაღი ორგანიზებული დამნაშავეების ან ტერორისტების ხელში მოხვდება,“ – აღნიშნა სპიკერმა.

ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი და ევროპოლს მათ ხელთ არსებული ინფორმაციის უკრაინისთვის მიწოდება და მტკიცებულებების წარდგენა სთხოვა.

დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ თემის გამოჩენა დროში ემთხვევა ფრონტზე დასავლური შეიარაღებით გამოწვეულ ცვლილებებს და უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით რუსეთის მასშტაბურ საინფორმაციო პროპაგანდას, რომლის მიზანიც უკრაინისთვის პარტნიორებისგან შეიარაღების მიწოდების შეჩერებაა.

სკოლის დირექტორები შესაძლოა უფრო შეშინდნენ – ყოფილი დირექტორი გოგაშვილის ფაილებზე

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. მიმოზა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, თანამდებობიდან მაინც გაუშვეს. კითხვაზე – „რატომ?“ – მას პასუხი დღემდე არ მიუღია. გოგაშვილის ფაილებში დირექტორების დოსიეების მოხვედრამ კი მას დამატებითი კითხვები გაუჩინა.

როგორია ასწავლო სკოლაში, სადაც სისტემა დირექტორებს აკონტროლებს და როგორ შეიძლება იბრძოლო თავისუფლებისთვის? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო მიმოზა, როცა ბოლოს გესაუბრეთ, გქონდათ უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ 2020 წელს თანამდებობა თქვენი წარმატებების მიუხედავად მაინც დაგატოვებინეს. როცა სუს-ის დოსიეების შესახებ წაიკითხეთ, სადაც ეწერა, თუ ვინ უნდა დაეტოვებინათ სკოლის დირექტორად და ვინ არა, რა განცდა დაგეუფლათ?

დიახ, გუშინ პირველად ვნახე ეს დოკუმენტები. არ მეგონა თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა, მაგრამ აბსოლუტური შოკი მივიღე, დიდხანს ვერ ვაანალიზებდი ამ ყველაფერს. შემდეგ ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა, იმ 112 დირექტორიდან ნეტა მე რომელ კატეგორიაში ვიყავი მეთქი. კომპეტენციას ვერ დამიწუნებდნენ, ანუ სხვა კატეგორიაში ვიქნებოდი, ალბათ.

  • როგორც ფიქრობთ, თქვენ რის გამო შეიძლება ყოფილიყავით სისტემისთვის მიუღებელი?

რა თქმა უნდა, მე ჩემი შეხედულებები მაქვს ზოგადად ქვეყნის პოლიტიკის მიმართ და  პოლიტიკური პარტიების მიმართაც, თუმცა ამ შეხედულებებს თავზე არავის ვახვევ. არ ვიცი, რატომ ვიყავი მიუღებელი, იმდენად აბსურდულად მეჩვენება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით, რომელ კატეგორიაში შეიძლება ვყავდი სუს-სს მოაზრებული.

  • იმ დოკუმენტის მიხედვით, გამოდის რომ სუს-ი წყვეტს ვინ უნდა დაინიშნოს სკოლის დირექტორად და ვინ არა. ვინ მოსწონს პარტიას და ვინ არა. შეიძლება ვენდოთ სკოლას, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიშნავს ხელმძღვანელს?

იცით, მე გამიჩნდა განცდა, რომ როცა ამ დოკუმენტს მოქმედი დირექტორები ნახავენ, კიდევ უფრო მეტად არ შეშინდნენ, კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ არ მოექცნენ. არ მინდა რადიკალური ვიყო, მაგრამ უფრო მეტად მორჩილები არ გახდნენ.

მაგრამ ფაქტია, რომ ეს სისტემა არ ანებებს სკოლას თავს და ყველაფერი აქეთ უნდა წავიდეს, რომ სკოლა გათავისუფლდეს ყველანაირი ზეწოლისგან, ძალოვანი სტრუქტურების კონტროლისგან.

მე როცა არ გადამიყვანეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა უმრავლესობა დირექტორებისა დატოვეს თანამდებობაზე, მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა, – „რატომ?“. იგივე კითხვა ჰქონდა 210 მშობელსაც, რომლებიც სამინისტროში გაგზავნილ განცხადებას აწერდნენ ხელს. ითხოვდნენ, „დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი“ და მათ ამ კითხვაზე დღემდე არ მიუღიათ პასუხი.

როცა ამას ხედავს ბავშვი, მოსწავლე, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად აისახება მასზე. ნდობა ეკარგებათ. სად არის მაშინ აქ გამჭვირვალობა და დემოკრატია?!

  • სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ. თუკი რომელიმე უფროსკლასელი წაიკითხავს სუს-ის ფაილებს, ხომ შეიძლება გკითხოთ – თქვენ, მასწავლებლები, გვესაუბრებით უფლებებზე, გვასწავლით, რომ უნდა ვიყოთ მებრძოლები, მამაცები,  როგორ გადავჭრათ პრობლემები, თუმცა, ამ დროს, არაფერს აკეთებთ საკუთარი თავისუფლებისთვის. რას იტყვით ამაზე?

მე მისვამდნენ ჩემი მოსწავლეები კითხვას – „რატომ მიდიხართ?“

მე ვთვლი, რომ არ გავჩუმებულვარ, ხმამაღლა ვთქვი ჩემი სათქმელი და თუ ასე არ მოვიქცეოდი, ვეღარ შევხედავდი ჩემს მოსწავლეებს თვალებში. დუმილი იქნებოდა დანაშაულის ტოლფასი. მაშინ როგორ უნდა ველაპარაკო მათ სწორ ღირებულებებზე, თუკი გავჩუმდები.

მე ჩემი სათქმელი ვთქვი საქართველოს გასაგონად, ჩემი მოსწავლეების გასაგონად, ამიტომ მე მათ სუფთა თვალებით ვუყურებ. რომ გავჩუმებულიყავი, დავდუმებულიყავი, ხმა არ ამომეღო, პროტესტი არ გამომეხატა, მაშინ გასაგებია.

  • 60 ათასი მასწავლებელი ხართ ამ ქვეყანაში, რეალურად, დიდი ძალა გაქვთ ხომ?! როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს მაინც სკოლა სისტემის წინააღმდეგ გაერთიანებას, რატომ არ შეუძლია პარტიულ დავალებებზე თქვას „არა“?

ეს კითხვა მეც ბევრჯერ დამისვამს ჩემი თავისთვის, შიდა საუბრებში ჩემი კოლეგებიც გამოხატავენ ხოლმე თავიანთ აზრს, უკმაყოფილებას, მაგრამ ხმამაღლა მაინც უჭირთ ამაზე საუბარი.

  • რა აშინებთ მასწავლებლებს, უღირთ თავისუფლების დაკარგვა ხელფასის გამო?

მიჭირს ამ საკითხზე საუბარი, რადგან მე პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე ის, თუ როგორი შეიძლება იყოს ღალატი, როგორია იმედგაცრუება, როგორია ცილისწამება, ამიტომ მე ვერავის ვერაფერს მოვთხოვ. ალბათ მაინც უნდა დადგეს დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ პრობლემებზე ღიად საუბარი.

სისტემურად უნდა შეიცვალოს ყველაფერი, ძირეული ცვლილება თუ არ მოხდა და სკოლები არ გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან, თუ არ მიეცათ თავისუფლება სკოლის ხელმძღვანელებს გადაწყვეტილების მიღებისას, ყველაფერი ასე დარჩება.

  • თუ პედაგოგები არ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, სისტემა რატომ გაგათავისუფლებთ?

არ ვიცი, ალბათ არ არიან მზად დღეს მასწავლებლები ამ ბრძოლისთვის.

  • მაშინ როგორ გაზრდიან ისინი თავისუფალ თაობას, რას ეტყვიან ბავშვს – მე მჩაგრავენ, მაგრამ შენ უნდა იბრძოლო თავისუფლებისთვის? ვის მაგალითზე დააჯერებენ ამას?

ეს ძალიან ინდივიდუალურია. მე, პირადად, როგორც ერთი მასწავლებელი, ამას ვცდილობ, ამისთვის ვიბრძვი და იმედი მაქვს, რომ ჩემ წვლილს შევიტან იმაში, რომ მოსწავლეები თავისუფლები გაიზარდონ და არასდროს არავის მორჩილი მონები არ იყვნენ.

ბუნებრივია, როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში ხვდები, ეს უკვე გიზრდის პასუხისმგებლობას, რადგან ამ მასწავლებლებს რაღაცნაირად, იმედის თვალით შეჰყურებს საზოგადოება, მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ძირეული ან რაღაც ტიპის ცვლილებები მაინც შეიტანონ განათლების სისტემაში.

მე ბევრ მასწავლებელს ვიცნობ, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ თავიანთი მოსწავლეებისთვის, თუნდაც სკოლების დეპოლიტიზირებისთვის და ეს მნიშვნელოვანია. მეც მომეცა უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიფიქრო ამ პრობლემებზე, რადგან 2020 წელს, მე პირადად  უდიდესი დარტყმა მივიღე სისტემისგან.

მასწავლებელი მოდელი უნდა იყო ბავშვებისთვის. თუ შენ ვერ აკეთებ, მაშინ როგორ ასწავლი. არ გაქვს უფლება ელაპარაკო დემოკრატიაზე, ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, თუ შენ თვითონ არ შეგიძლია ამ ყველაფრის დაცვა.

  • რას ანიჭებთ ხოლმე სწავლების დროს ყველაზე დიდ მნიშვნელობას?

იცით, დირექტორობა წარმავალია. დღეს ხარ, ხვალ არა. მთავარია დარჩე ადამიანად და აკეთო საქმე, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.

როცა პირველად სოფელ ხიდისთავის სკოლაში მოვედი დირექტორად, საათები არ მქონდა. სულ მაკლდა რაღაც, მქონდა დისკომფორტი, თავიდან ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ბავშვებთან ურთიერთობა და საგაკვეთილო პროცესი მაკლდა.

მასწავლებლისთვის  მთავარია, უყვარდეს ბავშვი. ეს არის ყველაზე მთავარი პირობა, განურჩევლად იმისა, როგორი მოსწავლეა, როგორი აკადემიური მოსწრება აქვს, როგორი სოციალური ფენიდანაა, როგორი ქცევისაა. ყველაზე ცელქია და იკლებს კლასს თუ არა. ბავშვები კატეგორიებად არ უნდა დაყო, მათთან ინდივიდუალურად უნდა გამონახო საერთო ენა.

  • როგორ ახერხებთ ამას? ეს უნარია თუ მოწოდება?

მე სულ მაქვს ეს განცდა, რომ მასწავლებლებად იბადებიან. ალბათ აღზრდასაც აქვს რაღაც გავლენა, რადგან მე, პირადად, უაღრესად თბილ ოჯახში გავიზარდე, ზაფხულობით 12 ბავშვი ისვენებდა ჩვენს სახლში და ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა.

  • თქვენი საგანი ბავშვებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლის. როგორ მუშაობთ ამ საკითხებზე ბავშვებთან?

სულ ვამბობ ხოლმე, რომ მოწამლული ვარ ამ საგნის სწავლებით, იმიტომ, რომ შესაძლებლობა მომცა ბავშვებთან ერთად მეკეთებინა ბევრი საქმე.

პირველ რიგში, მინდა სწორი ღირებულებების მატარებელი თაობა გავზარდო. მინდა ტოლერანტები იყვნენ, შეეძლოთ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა, განსხვავებულის მიმღებლობა ჰქონდეთ, გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა ისწავლონ, ეს ყველაფერი კი ქმნის პირობას, რომ შემდეგ ბავშვებმა ცხოვრებაშიც გამოიყენონ ეს ცოდნა.

ცხოვრება არ არის მარტივი, სირთულეებითაა სავსე, ვეუბნები, რომ ექნებათ წარმატება, წარუმატებლობა, იმედგაცრუებაც და მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები მზად იყვნენ ამისთვის.

  • შეგიძლიათ კონკრეტული ამბები მოგვიყვეთ, თუ რას ნიშნავს ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება?

ჩემი ძლიერი მხარე, ვფიქრობ ფორმალურთან ერთად, არაფორმალური განათლებაა. ამ ეტაპზე 6 კლუბი მაქვს, შევქმენით თეატრალური დასი „ნატვრის ხე“, სადაც ბავშვები სიმულაციებით და თეატრალური მეთოდებით ცდილობენ სამოქალაქო განათლების გაძლიერებას. ამ თემაზე ბერლინშიც ვიყავი, სადაც საოცარი გამოცდილება მივიღე. თავად შევქმენით სიმულაცია, ინსცენირებები, სპექტაკლები, ახლაც გვაქვს ზაფხულის სკოლა და გავდივართ რეპეტიციებს.

ბავშვებმა თვითონ შექმნეს ინსცენირება ნაადრევ ქორწინებაზე და კარგად აჩვენეს, თუ რა პრობლემებს იწვევს ეს, რომ ბავშვები განათლების მიღმა რჩებიან ასეთ დროს, ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ორგანიზმი არ არის მზად შვილოსნობისთვის და ასე შემდეგ. საინტერესოა ისიც, რომ ბავშვებმა ვიდეორგოლიც გადაიღეს ამ თემაზე და სიურპრიზად მაჩვენეს.

სკოლაში შექმნილი გვაქვს ეკო თოჯინების თეატრიც და გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურ წიგნიერებას და გარემოს დაცვას ვასწავლით, ამზადებენ თოჯინებსაც, თავად ქმნიან სცენარებს და თავადვე ასახიერებენ. ამ ცოდნას კი უზიარებენ სხვა ბავშვებს და სტუმრებსაც.

ბავშვთა უფლებების თემაზე პირველი პრემია მივიღეთ, მოვიწვიეთ მშობლებიც და ვაჩვენეთ ჩვენი სპექტაკლები. აი, ამას ჰქვია ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება.

ნარჩენების მართვაზეც მინდა გითხრათ. იცით, რომ სოფელში ვცხოვრობთ და აქ ხშირია შემოდგომაზე ფოთლების დაწვა, რაც ძალიან მავნეა როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ერთხელ მოირბინეს ბავშვებმა და მითხრეს, ერთი კაცი წვავდა ფოთლებს და ავუხსენით, რომ ეს მავნეაო. იმ კაცმა უთხრა – თქვენ ვინ გეკითხებათო. ბავშვებმა კი უთხრეს, რომ ვსწავლობთ და ვიცით, ამიტომ გეუბნებით და სხვათა შორის, ჯარიმაცაა 500 ლარი ფოთლების დაწვაზეო. ასე ცდილობენ ბავშვები მიღებული ცოდნის გამოყენებას და გაზიარებას.

  • ჩვენთან ხშირად გაიგონებთ ხოლმე გამოთქმას – „პოლიტიკაში არ ვერევი“. როგორც ვიცით, სამოქალაქო განათლება მოიცავს ისეთი თემების სწავლებას, როგორიცაა დემოკრატია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მართვა და ასე შემდეგ. როგორ უხსნით ხოლმე იმას, თუ რატომ არის პოლიტიკა ჩვენი ცხოვრების ნაწილი და რატომ უნდა ვიყოთ თანამონაწილე ყველა პროცესის, რაც ჩვენ გვეხება?

რა თქმა უნდა, ისწავლება ეს საკითხები. დემოკრატიული მმართველობა, ერთ-ერთი საკითხია სასწავლო მასალაში. ბავშვებს ვუხსნი, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა და ისინი, ვისაც ხელისუფლებაში ვირჩევთ, ხალხს უნდა ემსახურებოდნენ.

ვასწავლი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემით არ სრულდება და აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მთავრობას იმის ანგარიში, რაც დაგვპირდნენ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლება მათ უნდა ემსახუროს და არა პირიქით და რომ „პოლიტიკაში არ ვერევი“ – ასეთი დამოკიდებულება არასერიოზულია.

ბუნებრივია, მასწავლებელი გაკვეთილზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიას არ უნდა ახვევდეს თავს, რადგან ეს დანაშაულია, მაგრამ ის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეები, აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში – ეს უნდა იცოდნენ ბავშვებმა.

უკრაინაში ათასობით რუსი ლეიტენანტი და კაპიტანი დაიღუპა – პენტაგონის მაღალჩინოსანი

უკრაინაში ყოველდღიურად ასობით რუსი სამხედრო იღუპება, რუსეთის არმიის დანაკარგი უკვე ათასობით ლეიტენანტი და კაპიტანია – წერს სააგენტო Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

5 თვის შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის არმიას ქვეყნის დაახლოებით მეხუთედი აქვს ოკუპირებული და დონბასის სრულად დაპყრობას ცდილობს.

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ოთხშაბათს განცხადება, რომ ვაშინგტონის გათვლებით, უკრაინაში დაახლოებით 15 000 სამხედრო დაიღუპა და 45 000 დაიჭრა.

მაღალჩინოსანი, რომელიც სააგენტო Reuters-ისთვის ინფორმაციის მიწოდებას კონფიდენციალურობის პირობით დათანხმდა, ამბობს, რომ ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, რუსეთმა უკრაინაში ბევრი პოლკოვნიკი და გენერალიც დაკარგა.

რუსეთი უკრაინასთან ომში დანაკარგებს სახელმწიფო საიდუმლოებად აცხადებს. ოფიციალური ინფორმაცია, დაღუპული, დაჭრილი თუ დაკარგული სამხედროებისა და განადგურებული ტექნიკის შესახებ, რუსეთის თავდაცვას 25 მარტის შემდეგ არ გამოუქვეყნებია. 25 მარტს, უწყება აცხადებდა, რომ ომში 1 351 სამხედრო დაიღუპა.

რუსეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს უკრაინის გენშტაბი. ბოლო ცნობებით, რუსეთის დანაკარგი 39 000 სამხედროა.

ინფორმაციას, რამდენი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა რუსეთთან ომში, არც უკრაინის ხელისუფლება აქვეყნებს. ოფიციალურმა კიევმა რამდენჯერმე მხოლოდ დღეში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა საშუალო რაოდენობა გაამხილა.

ივნისში, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დონბასის ბრძოლებში, დღეში დაახლოებით 100 უკრაინელი სამხედრო კვდება, 500-მდე კი იჭრება.

„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს

მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკმაყოფილა ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობის შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერებაზე. მიზეზი – ასეთ შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა ფინანსური ზარალი მიადგესო.

როგორც ჩანს, მოსამართლისთვის მსხვილბიუჯეტიანი კომპანიის შესაძლო ფინანსური ზიანი გაცილებით პრობლემურია, ვიდრე იმის გამორკვევა, რამდენად კანონიერია 216 ოჯახისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუარესება – ეს ტენდენცია ბოლო დროს დამკვიდრდა ქართულ სასამართლო სისტემაში.

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში „ორბი ჯგუფს“ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ნებართვა უკვე გაუახლა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია აქ მშენებლობას ამ ეტაპზე კანონიერად აგრძელებს. რა ბედი ელის იმ სართულებს, რომლებიც უკანონოდ, პროექტის დარღვევით ააშენეს? – მიმდებარედ არსებულ კორპუსებში მცხოვრებთა პროტესტის მიზეზი სწორედ შენობის სიმაღლის გაზრდაა, ეს სართულები პირდაპირ მათი ბინების ფანჯრებთან ამოვიდა და ათეულობით მოქალაქის საცხოვრებელი გარემო დრამატულად შეცვალა.

ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან

„…ბათუმის მერია თავიდან ბოლომდე მორგებულია „ორბის“ ინტერესებს, არაფერი საერთო მის გადაწყვეტილებებს საჯარო ინტერესის გათვალისწინებასთან არ აქვს. ერთადერთი, რაც აღელვებს არის ის, რომ „ორბმა“ რაც შეიძლება მაღალი კორპუსები ააშენოს“, – აცხადებს იურისტი მირზა მამულაძე. ის „ორბის“ მშენებარე სასტუმრო კომპლექსის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დამცველი და თავადაც დაინტერესებული პირია. ამ მშენებლობით მისი საცხოვრებელი გარემოც იცვლება უარესობისკენ.

„ზარალი არ გაიზრდება, თუ ამ პერიოდში უფრო მეტ უკანონო სართულს ააშენებს?“ – სვამს კითხვას იურისტი მირზა მამულაძე. მისი მოსაზრებით, ეს გარემოება წინასწარვე მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლე სარჩელის დაკმაყოფილებას არ აპირებს:

„აქედან გამომდინარე მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სასამართლოები ემსახურებიან მსხვილი ფინანსური კორპორაციების ინტერესებს. განჩინება თავიდან ბოლომდე „ორბის“ ინტერესებზეა მორგებული. მათთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ადამიანების კონსტიტუციური უფლებები. ვგულისხმობ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას. შესაძლოა ამის მიზეზი კორუფციაც იყოს. ფაქტი ისაა, რომ მის სამსახურშია.“

ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მშენებლობის დაწყებისას საინფორმაციო ბანერზე გამოქვეყნებული რენდერის პარამეტრებით მშენებლობას მოსახლეობა არ ეწინააღმდეგებოდა: „არ ამოდიოდა კედლები ჩვენს ფანჯრებთან და არ იკეტებოდა გასასვლელებიო“. თუმცა წლების შემდეგ გაიგეს, რომ მოტყუვდნენ – ჩანაფიქრი თავიდანვე სხვა იყო, მათ კორპუსთან გამოქვეყნებული შენობის ვიზუალი არ შეესაბამებოდა რეალურ პროექტს. „ორბის“ მოქმედების მასშტაბი კი პროექტის პარამეტრებს მოგვიანებით გასცდა.

გარდა იმისა, რომ კომპანიამ მშენებლობა ვადაგასული ნებართვით, ანუ უკანონოდ გააგრძელა, დაარღვია იმ ნებართვის პირობებიც, რაზეც 2014 წელს მოუწერეს ხელი. დარღვევაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოსახლეობის გამოსვლების შემდეგ მოახდინა რეაგირება.

ამ ყველაფრის გამო კომპანია მერიასთან პრობლემები არ შეჰქმნია, მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, „ორბს“ რეკორდულ დროში, მიმართვიდან ხუთ დღეში ვადაგასული ნებართვის ვადა გაუგრძელა. მსგავსი ნებართვებისთვის კომპანიებს რამდენიმე თვის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის 23 ივნისს კომპანიის დირექტორმა მერს 2014 წელს გაცემული ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მამართა. 28 ივნისს კი არჩილ ჩიქოვანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

მირზა მამულაძე ამბობს, რომ მცხოვრებლებმა ის პროექტი გამოითხოვეს, რომლის მიხედვითაც აშენებს კომპანია. მერიამ კი მათ მხოლოდ ლიფტის პროექტი მიაწოდა: „ჩვენ ვითხოვდით 2014 წელს დამტკიცებულ პროექტს, პროექტი მხოლოდ მას შემდეგ მოგვცეს, როცა მერმა გამოსცა ბრძანება ვადის გაგრძელებაზე.“

მოსახლეობამ გამოთხოვილი დოკუმენტების მიღების შემდეგ გაიგო, რომ 2014 წელს პროექტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის პარამეტრები გაიზარდა. კომპანიას ეს ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზე არ გამოუქვეყნებია და არც რენდერი შეუცვლია:

„ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული მონაცემებით, ფოტოები, რენდერები, საინფორმაციო დაფა და არქიტექტურული პროექტი მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ეს ერთგვარი შეთანხმება იყო იქ მაცხოვრებელი ადამიანების წინააღმდეგ, სათანადო ინფორმირებულობა არ უზრუნველყეს, რომ ამას პროტესტი არ გამოეწვიაო“, – აცხადებს მირზა მამულაძე.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პარალელურად, აქ მცხოვრებლებმა მიმართეს მერიას კორპუსის მდგრადობის შესწავლის თხოვნით, რადგან „ორბის“ მშენებლობის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ბინაში კედლები გაიბზარა. „ესეც კი არ გაითვალისწინა მოსამართლე კობა გოცირიძემ, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე მაინც გაეჩერებინა მშენებლობა“.

კომანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობა 2011 წელს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად მიმდინარეობდა და მხოლოდ ვადის გაგრძელება მოითხოვეს. მისივე განმარტებით,  კომპანიას სანებართვო პირობები არ დაურღვევია.

„რაც შეეხება ფრთებს. რასაც თქვენ სართულებს ეძაძით, ერთი სართულია, ის რვა მეტრია და ნებართვის მიხედვით 15 მეტრის აშენების უფლება მაქვს. მე კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება ნაბერთვის განახლებას დიდხანს გვქონდა მოლაპარაკებები მერიასთან და პირიქით პრეტენზია მაქვს რომ დამიგვიანეს და დიდხანს გამაჩერეს, მარტივად არ მიგვიღია“


ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან

 

რატომ სწავლობენ საქართველოში შემოსული რუსები ქართულს – ინტერვიუ პედაგოგთან

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანია ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საზღვარი რუსეთის მრავალმა ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა. მარტო ივნისის თვეში საქართველოში რუსეთიდან 90 239-ი ადამიანი შემოვიდა. ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველაზე ხშირად სწორედ რუსულ ენაზე საუბარს გაიგონებთ. ბათუმში უცხოელი მოქალაქეებისთვის ენის შემსწავლელი ცენტრებიც გახსნეს. ერთ-ერთი ასეთი ცენტრია „ბილიკი“, სადაც ასზე მეტი სლავური წარმოშობის ადამიანი ქართულ ენას ეუფლება. „ბათუმელები“ ამ ცენტრის ერთ-ერთ მასწავლებელს, მაია კეპაშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, ქართული ენის შესწავლის რამდენი მსურველი ჰყავს თქვენს ცენტრს და ვინ არიან ეს ადამიანები. რას ამბობენ, რისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში, რა მიზნები აქვთ?

მე ერთი წელია, რაც ამ ცენტრში ვასწავლი ქართულ ენას უცხოელებს. პანდემიის დროს ონლაინაც ვმუშაობდი. ძირითადად, რა თქმა უნდა, სლავური წარმოშობის, რუსულენოვანი მოსწავლეები მყავს, არიან როგორც რუსები, ასევე ბელარუსები და უკრაინელებიც.

  • რამდენი მოსწავლე გყავთ?

ჩვენ გვაქვს ჯგუფური სწავლება და ინდივიდუალურიც. ჯგუფში 10-მდე მოსწავლეა. მე სამი ჯგუფი მყავს, ანუ სადღაც 30 მოსწავლე. დაახლოებით ამდენივე მოსწავლე მყავს ონლაინაც. დაახლოებით იგივე რაოდენობის მოსწავლეები ჰყავთ სხვა მასწავლებლებსაც.

  • წარსულ პრაქტიკას თუ გადავხედავთ, რუსები თითქმის არასდროს სწავლობდნენ ქართულს, მაშინაც კი, როცა ამ ქვეყანაში იბადებოდნენ და ცხოვრობდნენ. როგორ ფიქრობთ, ახალ რა შეიცვალა, რატომ ეუფლებიან ქართულს?

ზოგი პირდაპირ ამბობს, რომ „დიდი ხნით ვართ აქ“, მაგრამ არ აკონკრეტებენ რამდენი ხნით. მყავს ერთი მოსწავლე, რომელიც ამბობს, რომ ხუთი წლით დარჩება, ამიტომ უნდა ვიცოდე წერა-კითხვა და საუბარიო.

არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ კი, აქ უნდა დავფუძნდეთ, აქ უნდა ვიცხოვროთ და აპირებენ საქართველოში დარჩენას, რომ მოსწონთ აქ, უყვართ ეს ქვეყანა და ასე შემდეგ.

  • ეს ადამიანები რუსეთის მოქალაქეები არიან?

რუსებიც არიან მათ შორის და ბელარუსებიც. მყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებამდეც აქ იყვნენ და ამბობდნენ, რომ აქ აპირებდნენ ცხოვრებას. პანდემიის დროს ჩამოვიდნენ და დარჩნენ.

ისეთი მოსწავლეც მყავს, ვინც ამბობს, რომ იმოგზაურა და შემდეგ მიიღო აქ დარჩენის გადაწყვეტილება.

  • რა პროფესიის ადამიანები არიან. მაგალითად რუსები?

მაგალითად ჩემი მოსწავლეებიდან 5 – პროგრამისტია. მეუბნებიან, რომ ბინები შეიძინეს და აქ უნდათ დაფუძნება.

  • ომის დასრულებას ელოდებიან, თუ ამის მიუხედავად აპირებენ დარჩენას?

გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ომამდე ჩამოვიდა, რომ მანამდეც აფასებდა რუსეთში არსებულ მდგომარეობას და რეალურად ფიქრობდნენ სხვა ქვეყანაში გადასვლაზე და ეძებდა ხელსაყრელ პირობებს.

ომის შემდეგ ვინც ჩამოვიდა, ისინი ნახევრად ქართული წარმოშობის ადამიანები არიან. უმეტესობას ქართული გვარი აქვს, მაგრამ დედა ჰყავთ რუსი. დაახლოებით 5 მოსწავლე მყავს ასეთი.

ჩემი აზრით, ვინც რუსეთიდან საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად, უფრო მაღალი ცნობიერების ხალხია, სხვა შეგნების და მენტალობის და როგორც ამბობენ, უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან.

  • თუმცა არა საკუთარ ქვეყანაში…

კი, ბატონო, რა თქმა უნდა, თავიანთ ქვეყანაში რომ ვერ ახერხებენ, სხვაგან ცდილობენ. თუმცა, ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, იქაური ენა უნდა იცოდნენ. ძალიან უჭირთ ქართულის სწავლა, ისე უჭირთ, რომ ცრემლებს ღვრიან, მაგრამ მაინც ყველა ცდილობს.

  • ახალგაზრდები არიან?

კი, 45-50 წლამდე ძირითადად, მაგრამ მყავს რამდენიმე 65 წელს ზემოთაც.

ყველა ჩემს მოსწავლეს თავისი ინდივიდუალური ისტორია აქვს. ზოგს ქართველი ქმარი ჰყავს, ზოგს მეგობარი, ერთობლიობაში ვერ მოიაზრებ ამ ადამიანებს.

  • რადგან უკრაინაში ომია, რუსეთი კი მუდმივად საუბრობს საბჭოთა გავლენების აღდგენაზე, ბუნებრივია არსებობს შიშები, რომ სისტემამ ეს ადამიანები შესაძლოა გამოიყენოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ?

რაც რუსული ჩექმა გაჩნდა, მას შემდეგ სულ ასეთია მათი პოლიტიკა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, ყველა მეთოდით იბრძვის, რომ ომში ყველაფერი გამართლებულია.

აქ მცხოვრები რუსების ქცევის პროგნოზირებაც რთული იქნება. ბუნებრივია, არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები და დარწმუნებული ვარ შეისწავლიან, დააკვირდებიან ყველაფერს. თუმცა მგონია, რომ საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთისგან საფრთხის ქვეშ.

როცა ომი დაიწყო ჩვენთან, მაშინ შესაძლოა არ ხდებოდა ვთქვათ პარტიზანების ჩამოსახლება, მაგრამ მაინც დაიწყო. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც რაღაცას დაელოდება ომის დასაწყებად, ნებისმიერ დროს შეუძლია აგრესია.

  • როგორ ფიქრობთ, შეიძლება იმ ხალხში, ვინც საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, იყვნენ დივერსანტები?

ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე შემიმჩნევია. ყველა ის ადამიანი, ვისთანაც შეხება მაქვს, კონტაქტური, უშუალო და უბრალო ადამიანები არიან, თუმცა ზოგადად, ყველაფერი შესაძლებელია.

საბჭოთა გამოცდილებას თუ გადავხედავთ, თუ როგორ ჰყავდათ გამოზრდილები და როგორ იყვნენ ადამიანები სისტემაზე გადაფსკვნილები, ყველაფერი შეიძლება. თუმცა მე არ მაქვს უფლება, რომელიმეში ეჭვი შევიტანო. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია.

მე ვისთანაც შეხება მაქვს, თითქმის ყველა ოჯახთან, ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. ასე ოჯახით დაფუძნებული ხალხი უფრო სანდო მგონია.

  • სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ, მაგალითად, ივნისში რუსეთის 90 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ეს რამეს გეუბნებათ?

მე სოციოლოგი ვარ პროფესიით, თუმცა მხოლოდ ჩვენი ცენტრის მონაცემები რეპრეზენტატულობას ვერ მოგვცემს.

არ ვიცით, ეს ადამიანები ყველა დარჩება აქ თუ არა. ერთ-ერთი პროგრამისტი მეუღლესთან ერთად სწავლობდა ქართულს, ამბობდა, რომ საქართველოში ცხოვრებას დიდი ხნით აპირებდა, თუმცა ორი თვის შემდეგ მითხრა, რომ გეგმები შეეცალა. არ ვიცი, სად გადავიდნენ, მაგრამ მითხრეს, რომ უნდა გადასულიყვნენ.

მე ადრე ქართულ-ამერიკულ სკოლაშიც ვმუშაობდი, სადაც ბევრ უცხოელი მოსწავლე სწავლობს და მათ მშობლებთანაც მქონდა შეხება. იყვნენ არაბები, ირანელები, რომლებმაც აქ ქონება იყიდეს, რამდენიმე ბინა აქვთ, მაგრამ აქირავებენ.

მყავს ფრანგი, ინგლისელი მოსწავლეებიც, რომლებიც ქართულს სწავლობენ. ფრანგი ერთი წელია, რაც აქ ცხოვრობს.

კი, რუსებიც ყიდულობენ ქონებას, რუსები უფრო თავისთვის ყიდულობენ, საცხოვრებლად.

ვინც მეუბნებოდა, რომ აქ გადაწყვიტა ცხოვრება, ყველამ შეიძინა ბინა. თუმცა ბინების შეძენის ტენდენციაა სხვა ეროვნების ადამიანების მხრიდანაც და ეს ნაწილი ძალიან მრავალფეროვანია.

უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სურსათის ექსპორტის შეთანხმებას – გუტიერეში

გაეროს ეგიდით უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტის შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში Twitter-ზე ავრცელებს.

გუტიერეშის თქმით, სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან არიდებაში დაეხმარება.

„გაეროს ეგიდით უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტისთვის.

ეს დაეხმარება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფა თავიდან აიცილოს.

ეს არის იმედის, შესაძლებლობისა და შვების შუქურა“, – წერს გაეროს გენერალური მდივანი.

შეთანხმება გაეროსა და თურქეთის ორთვიანი მცდელობის შედეგია, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული სურსათის კრიზისის დასაძლევად. ამ დრომდე რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით გადის ექსპორტზე. უკრაინა ხორბლის მეხუთე, ხოლო სიმინდის მეოთხე – უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინიდან გადატანილი ხორბალი კი, გლობალური ბაზრის 30%-ს შეადგენდა ომამდე.

როგორც „როიტერსი“ წერს, გუტიერეშმა შეთანხმებასთან დაკავშირებით თქვა რომ ეს არის „პაკეტი“ რომელიც აღადგენს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტსაც და ამავდროულად გაადვილებს რუსული მარცვლეულისა და სასუქების გადაზიდვას მოსკოვზე დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების მიუხედავად.

გუტიერეშმა განაცხადა, რომ შეთანხმება გახსნის დიდი მოცულობის სურსათის კომერციულ ექსპორტს უკრაინის სამი მნიშვნელოვანი – ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტიდან. მისივე თქმით, გაერო შექმნის საკოორდინაციო ცენტრს შეთანხმების განხორციელების მონიტორინგისთვის.

უკრაინის აღმოსავლეთით კვლავ მიმდინარეობს მძიმე საბრძოლო მოქმედებები. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე ერთ მაგიდასთან დასხდომაზე უარი თქვეს, ხოლო ორი ქვეყნის დროშები ისე იყო განთავსებული, რომ ერთმანეთისგან შორს ყოფილიყო.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და დელეგაციების სხვა წევრები.

22 ივლისი, სტაბული. შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე შავ ზღვაში – უკრაინა-თურქეთი-გაერო-რუსეთი; ფოტოზე: (მარცხ. მჯდომი)  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში; (მარცხ. მდგომი) უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი; (მარჯვ.მჯდომი) უკრაინის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი; (მარჯვ. მდგომი) თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. ფოტო:EPA-EFE/SEDAT SUNA
22 ივლისი, სტაბული. შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე შავ ზღვაში – უკრაინა-თურქეთი-გაერო-რუსეთი; ფოტოზე: (მარცხ. მჯდომი)  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში; (მარცხ. მდგომი) რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ; (მარჯვ.მჯდომი) უკრაინის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი; (მარჯვ. მდგომი) თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. ფოტო: EPA-EFE/SEDAT SUNA

ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინა ხელს არ აწერდა რუსეთთან, არამედ გაეროსა და თურქეთთან. მან ასევე დასძინა, რომ პროვოკაციის შემთხვევაში უკრაინის მხრიდან იქნება სამხედრო პასუხი.

„უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის“  შესახებ სტამბულის შეთახმებასთან დაკავშირებით. მანამდე.

  1. უკრაინა არანაირა დოკუმენტს არ აწერს ხელს რუსეთთან. ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთსა და გაეროსთა და ვიღებთ ვალდებულებებს მათ წინაშე. რუსეთ აწერს სარკისებურ შეთანხმებას თურქეთსა და გაეროსთან.
  2. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი  და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში, დაუყოვნებელი სამხედრო პასუხი.
  3. სატრანსპორტო გემების ყოველგვარი შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდება ერთობლივი ჯგუფის მიერ თურქეთის წყლებში“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი.

აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციოს ყოფილ უფროსს 80 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მიიჩნია და საზოგადოებრივი მაუწყებელს კომპენსაცია – 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

შესაბამისად, მხოლოდ განაცდურის სახით, შორენა ღლონტს აჭარის მაუწყებელმა 60 000 ლარი უნდა გადაუხადოს, რადგან გათავისუფლებიდან დღემდე 24 თვეა გასული. თუ კი განაცდურს მაუწყებელი დროულად არ გადაიხდის, თანხა კიდევ უფრო გაიზრდება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამას ემატება 20 000 ლარი, რომლის გადახდაც სასამართლომ კომპენსაციის სახით დააკისრა მაუწყებელს.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც შორენა ღლონტის უფლებებს იცავდა სასამართლოში.

„შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. თუმცა, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი მიზანმიმართულად გახდა დისციპლინური დევნის სუბიექტი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

შორენა ღლონტმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით ორივე შემთხვევაში მიმართა სასამართლოს და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლომ დაახლოებით 2-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ სცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პოზიციების შეჯერების შემდგომ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ყოფილი პარლამენტარი ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს

პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს.

როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქანთარია ამ თანამდებობაზე აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგება.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი, სამინისტროში გვითხრეს, რომ მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება აქვს.

სამინისტროში ზუსტად ვერც იმ კითხვაზე გვიპასუხეს, იყო თუ არა ეს საკითხი შეთანხმებული დრამატული თეატრის კოლექტივთან.

ნუკრი ქანთარია ორი მოწვევის პარლამენტარი იყო „ქართული ოცნებიდან“. პროფესიით ის დრამის რეჟისორია.

მოქალაქეები ბათუმის მერიას საცხოვრებელ ბინებს სთხოვენ – აქცია

ბათუმის მერიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი უსახლკაროები არიან და მერიისგან საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

587 ხელმომწერი ჰყავს განცხადებას, რომლითაც მოქალაქეებმა ბათუმის მერიას მიმართეს და კომისიის შექმნა მოითხოვეს. მოქალაქეები ითხოვენ, მერიის მიერ შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს უსახლკაროების პრობლემები და ისინი ბინებით დააკმაყოფილონ.

ბათუმის მერიის წინ შეკრებილები ქალაქის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მათ „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უნებართვოდ აშენებული ბინები გადასცეს.

საქმე იმაშია, რომ უკანონოდ აშენებული 9 კორპუსი „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის კერძო საკუთრებაშია განთავსებული, ხოლო კერძო საკუთრების უფლებას საქართველოში კონსტიტუცია იცავს.

„მეტრო ჰოლდინგის“ მფლობელი, მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ თვეში დააკავა.

დღესვე ბათუმის მერიამ მოქალაქეებს წერილობით აცნობა, რომ „მერიის მხრიდან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“.

„თქვენი განცხადების პასუხად, რითაც ითხოვთ ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უნებართვოდ მშენებარე შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასა და შემდგომ უსახლკარო მოქალაქეებისათვის გადაცემის მიზნით კომისიის შექმნას, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ უკანონი მშენებლობასთან დაკავშირებით გატარებულია და კვლავ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე აწერს.

აქციას ორგანიზატორი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ ბლადაძე იყო.

 

 

ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა Stormer-ები, რომლებიც თვითმფრინავებს ანადგურებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას 50 ათას საარტილერიო ჭურვსა და ასობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემას გადასცემს.

სამხედრო დახმარების ჩამონათვალში შედის:

20-ზე მეტი 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა M109; 36 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა L119; 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა; 50 000-ზე მეტი ჭურვი, რომლებსაც უკრაინის საბჭოთა ეპოქის საარტილერიო სისტემები გამოიყენებენ.

დახმარების პაკეტში შევა რადიოლოკაციური სისტემები და დრონები.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა წერს, რომ უკრაინაში უკვე გაგზავნილია 7, 900 ერთეული NLAW, Javelin, Brimstone და სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, 16 00 საარტილერიო ჭურვი და ექვსი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი Stormer-ი, მისთვის საჭირო Starstreak-ის ასობით რაკეტასთან ერთად.

Stormer HVM – ეს არის ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტოსარაკეტო კომპლექსი, რომელსაც რაკეტებისთვის განკუთვნილი 8 კონტეინერი აქვს და რომელსაც ბრიტანეთის არმია 1997 წლიდან იყენებს. 

Stormer- დაბალ სიმაღლეზე მყოფი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გასანადგურებლადაა შექმნილი, მის სახურავზე კი განთავსებულია გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს საჰაერო საფრთხეს, მტრის სამიზნეებსა და პრიორიტეტებს.  

კომპლექსის სიჩქარე საათში 80 კილომეტრია და მას 3 კაციანი ეკიპაჟი სჭირდება.

მთავარი ფოტო: Stormer HVM/ფოტო: უკრაინის თავდაცვა

რუსები ხალხს ხერსონიდან არ უშვებენ, თუმცა „გამოსვლა მაინც შესაძლებელია“ – ვერეშჩუკი

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსები მოსახლეობას ოკუპირებული ხერსონიდან ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ. უკრაინის კონტროლირებად მხარეს მზადაა ავტობუსები ხალხის გამოსაყვანად, თუმცა რუსები მოქალაქეებს არ უშვებენ.

ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ხერსონელები ქალაქიდან და ოლქიდან გამოსვლას კერძო ავტომობილებით მაინც ახერხებენ.

„რომ ვთქვათ, დღეში საშუალოდ რამდენი გამოდის – ასე 1000 ადამიანი. უფრო ნაკლები, ვიდრე მანამდე, თუმცა ეს ადასტურებს, რომ ხერსონიდან გამოსვლა მაინც შესაძლებელია“, – ამბობს ვერეშჩუკი.

მინისტრის ინფორმაციით, ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხები გართულებულია ზაპოროჟიეშიც. არ არის ელექტრონული რიგი, გადამყვანი მძღოლების ნაწილი კი არაკეთილსინდისიერად იქცევა და ევაკუაციაში ძალიან დიდ თანხას, 8 ათას გრივნას ითხოვს.

„ისე გამოდის, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსპორტს, საწვავს, მძღოლებს და ზოგიერთი მძღოლი იქ ლამის კომერციულ ფასად ცდილობს ხალხის გადაყვანას. ეს ასე ვერ იქნება. ამას ღიად ვამბობ. აუცილებლად დავამყარებთ წესრიგს,“ – დასძენს ირინა ვერეშჩუკი.

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ასეთი შემთხვევების შესახებ ან პირადად მას შეატყობინონ ფეისბუქზე, ან ცხელ ხაზზე დარეკონ.

უკრაინული მხარე ხერსონში კონტრშეტევისთვის ემზადება. ექსპერტების თქმით, უკრაინას არ შეუძლია ფართო იერიშის მიტანა ქალაქზე, რომელშიც მოსახლეობა ცხოვრობს. ზოგიერთი ხერსონელი კი შიშობს, რომ ქალაქს ყველა გასასვლელს ოკუპანტების ჯარისკაცები აკონტროლებენ.

მთავარი ფოტო: ირინა ვერეშჩუკი/ფოტო: president.gov.ua

„ფილიპ მორისი“ რუსეთის დატოვებას გეგმავს

სიგარეტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ამერიკული კომპანია „ფილიპ მორისი“ რუსეთის ბაზრის დატოვებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს – წერს „ბიბისი“ კომპანიის დირექტორის, იაცეკ ოლჩაკის განცხადებაზე დაყრდნობით.

კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდია Marlboro. „ფილიპ მორისი“ ასევე აწარმოებს Chesterfield-ს, Parliament-ს, L&M-სა და სხვა ბრენდებს.

„ახლა რუსეთის მცხოვრებლებს „მალბოროს“ გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებათ, რომელიც საბჭოთა პერიოდში უცხოური სიგარეტის სიმბოლო იყო“ – წერს „ბიბისის“ რუსული რედაქცია ტელეგრამზე.

გამოცემის ცნობით, „ფილიპ მორისისთვის“ რუსეთი მეშვიდე დიდი ბაზარია, სადაც მისი პროდუქცია სიგარეტის 27%-ს შეადგენს.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ბაზარი სრულად დატოვა ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა: „მაკდონალდსი“, „გუგლი“, „იკეა“, „ნაიკი“ და ა.შ., ხოლო ასობით უცხოურმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.

______________

ფოტო: EPA-EFE/LAURENT GILLIERON

სასაზღვრო ზონაში საშვის გარეშე ყოფნისა თუ საქმიანობისთვის დაგაჯარიმებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ნიშნები სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5 კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება.

სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას – აცხადებს შსს.

„ბათუმელებს“ სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, რომ გადაადგილების ნებართვა საჭირო არ არის იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოქცეულია სასაზღვრო ზონაში, თუმცა არის დასახლებული პუნქტი; ნებართვა არ არის საჭირო არც ასეთ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; ასევე ნებართვას არ საჭიროებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე მისვლაც ნებისმიერი პირისთვის.

„ნებართვა საჭიროა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ არსებულ სასაზღვრო ზონაში ყოფნისა, თუ იქ გარკვეული საქმიანობისთვის“, – გვითხრეს სასაზღვრო პოლიციაში.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილებისთვის შესაბამისი ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე და თან უნდა დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საშვის მიღება შესაძლებელია, როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე, სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე.

2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისთვის დადგენილია შესაბამისი ჯარიმები, კერძოდ:

  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით;
  • ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 300 ლარის ოდენობით;
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით;
  • ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება, სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება ან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება/განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან:

  • სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით დადგენილი წესით გაცემული საშვის არქონის ან მის ადგილზე გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში პირი ვალდებულია შეწყვიტოს სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელება და დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო ზოლის ან/და სასაზღვრო ზონის ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღების შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღების დროს გადაღებული მასალა დაუყოვნებლივ წაშალოს, გადაღების შედეგად მიღებული მატერიალური ფოტომასალა გაანადგუროს ან აღნიშნული მასალა/მატერიალური ფოტომასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს გადასცეს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოიყენოს ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები.
  • სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვა) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით, თუ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა 150 ლარს არ აღემატება.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონით:

სასაზღვრო ზონა არის – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით;

სასაზღვრო ზოლი კი – არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს.

გამაფრთხილებელი ნიშანი / ფოტო: სასაზღვრო პოლიცია
მთავარი ფოტო: სოფელი სარფი / თურქეთ-საქართველოს საზღვარი

წყალი შეწყდა ბარცხანაში, მახინჯაურში, ბენზეში, განთიადში, წინსვლასა და ჩაისუბანში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს, წყალმომარაგება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება ამ დასახლებებში დღეს, საღამოს 18 საათზე განახლდება.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ესტონეთში პატიმრობა მიუსაჯეს 3 კაცს, რომლებმაც რუსეთის ჯარისთვის დრონები იყიდეს

ესტონეთის სასამართლომ 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 43 წლის ვლადიმერ შილოვს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფსკოველ მძღოლს, რომელიც ხშირად მუშაობს როგორც გადამზიდავი-მძღოლი. მან რუსული არმიისთვის შემოწირულებებით დრონები იყიდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Delfi იტყობინება.

სასამართლომ შილოვს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 4 თვეს ციხეში გაატარებს, დარჩენილი რვა თვეს კი მოიხდის პირობით და ოთხწლიანი გამოსასწორებელი ვადით.

შილოვთან ერთად დააპატიმრეს ორ კაცი, რომლებიც მას ეხმარებოდნენ: თანხა დრონის შესაძენად შესწირეს ილია და რუსლან გოლემბოვსკებმა. ორივე მათგანს ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 18 თვე კი განესაზღვრათ, როგორც გამოსაცდელი ვადა.

ვლადიმერ შილოვი 28 მაისს საზღვარზე დააკავეს, როდესაც მას სამი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთში გადაჰქონდა, საიდანაც დრონების გაგზავნას გეგმავდა უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიისთვის. მან დრონებისთვის ფული შეაგროვა სოციალურ ქსელ VKontakte-ში, სადაც მას 3300 გამომწერი ჰყავს. ახლა ამ ქსელში მისთვის ადვოკატის ფულს აგროვებენ.

„მეგობრებო, გზაში ვარ! წარმატება მისურვეთ“, – დაწერა შილოვმა 28 მაისს VKontakte-ში და გამოაქვეყნა სამი დრონის ფოტო.

შილოვს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ესტონეთის პროკურატურა მის ქმედებას აკვალიფიცირებდა, როგორც „უცხო სახელმწიფოს მიერ აგრესიის აქტში მონაწილეობას ან მხარდაჭერას“.

ესტონეთის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა.

ახალი შეთავაზებები სილქფესტისგან

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 22 ივლისს სილქფესტის ახალი შეთავაზებებით ისარგებლებენ და 30 დღით ჩაირთავენ:

  • 400 სასაუბრო წუთს – 7 ლარად 
  • 5 000 მბ ინტერნეტს – 7 ლარად  
  • კომბინაციას: 250 წუთი და 8 000 მბ – 14 ლარად

სასურველი პირობის გააქტიურება შესაძლებელია: კოდით *202#,  აპლიკაციით My Silknet ან სილქნეტის ვებგვერდიდან

მომხმარებელს   (ფიზიკური/იურიდიული) შეეძლება ერთი ან რამდენიმე პაკეტით ერთდროულად ისარგებლოს. ასევე  სილქფესტის შეთავაზებები სხვასაც გაუაქტიუროს. 

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი, 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი, 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი,
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 24 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა; მომდევნო ორ დღეს – 25 და 26 ივლისს კი, უმეტესად
უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
Exit mobile version