მთავარი,სიახლეები

რუსეთი შესაძლოა ხერსონში იზოლაციაში აღმოჩნდეს – ბრიტანეთის დაზვერვა

23.07.2022
რუსეთი შესაძლოა ხერსონში იზოლაციაში აღმოჩნდეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინის ძალები რუსეთის დანაყოფებს უტევდენ. უწყების ცნობით, უკრაინელთა შეტევის შესაჩერებლად, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს საარტილერიო ცეცხლი და დნეპრის შენაკადი, მდინარე ინგულეცი, როგორც ბუნებრივი ბარიერი.

23 ივლისის რელიზში, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბრძოლების პარალელურად, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა გზები, რომლებსაც რუსეთი თავისი ძალებისთვის შეიარაღებისა და სხვა მარაგების მისაწოდებლად იყენებს.

„უკრაინელთა ახალმა დარტყმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ანტონოვსკის ხიდს. რუსეთმა მისი დროებით შეკეთება სცადა. 22 ივლისისთვის, ხიდი დანამდვილებით მოქმედი იყო,“ – წერს დაზვერვა.

უწყების ცნობით, შეუძლებელი აღმოჩნდა უკრაინელი მაღალჩინოსნების ინფორმაციის დადასტურება, თითქოს რუსეთო დნეპრზე პონტონის ხიდის მოწყობას აპირებს.

„რუსეთის არმიისთვის პრიორიტეტულია, შეინარჩუნოს მდინარეებზე გადასვლის შესაძლებლობა, თუმცა დნეპრზე ხიდის აშენების ნებისმიერი მცდელობა სარისკო ოპერაციაა. თუ რუსეთისთვის დნეპრზე გადასვლა შეუძლებელი გახდება და რუსეთის ძალები ოკუპირებულ ხერსონში იზოლაციაში აღმოჩნდებიან, ეს რუსეთისთვის უდიდესი სამხედრო და პოლიტიკური წარუმატებლობა იქნება,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში, დაზვერვა წერდა, რომ შესაბამისი შეიარაღების ნაკლებობის გამო, სამოქალაქო ობიექტების დასაბომბად, რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებს იყენებს.

მთავარი ფოტო: რუსეთის ტანკი დაზიანებულ ანტონოვსკის ხიდზე/ფოტო: The Odessa Journal

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: