სიახლეები

სასწავლებლად ამერიკასა და ნორვეგიაში – სოფელ ჩანდურადან დაწყებული რიმას გრძელი გზა

22.07.2022 • 2183
სასწავლებლად ამერიკასა და ნორვეგიაში – სოფელ ჩანდურადან დაწყებული რიმას გრძელი გზა

რიმა მარანგოზიანი 1+4 პროგრამით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე.

ახლა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) აგრძელებს სწავლას მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამაზე. 23 წლის რიმა თსუ-ში ქართულენოვან პროგრამაზე სწავლობდა. ქართულად სწავლობს GIPA-შიც. საუბრობს უშეცდომოდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მისთვის მეორე ენაა და სოფელში, სადაც გაიზარდა და  ქართულ ენაზე მოსაუბრე არავინ იყო.

რიმა მარანგოზიანი

რიმა მარანგოზიანი „ბათუმელებთან“ საკუთარ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სომხურენოვანი სოფლების პრობლემებზე საუბრობს, საუბრობს იდეებზე, რაც ამ სოფლებს უკავშირდება.

სწავლის პარალელურად რიმა მუშაობს ჯიპა მედიალაბთან ერთად, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს მულტიმედია ჟურნალისტურ პლატფორმებს და მასალის მომზადების ხერხებს ასწავლიან.

რიმა მარანგოზიანი GIPA მედია ლაბის მონაწილეებთან ერთად

რიმა ამ პროექტის რეგიონული კოორდინატორია ახალქალაქში – ძირითადად თარგმნა და თარჯიმნობა უწევს. მუშაობს ასევე კვლევით ცენტრში PMC და როცა სომხურენოვან ფოკუსჯგუფებთან კვლევები ტარდება და ინტერვიუების მომზადება სჭირდებათ, რიმას უკავშირდებიან.

„ბევრ სხვადასხვა კვლევაში ვარ ჩართული სწავლის პარალელურად. ახლა ერთ პოლონურ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ, რომელიც ატარებს კვლევას ყარაბაღის ომთან დაკავშირებით. აინტერესებთ რა დამოკიდებულება არსებობს ამ ომის მიმართ საქართველოში მცხოვრებ სომხურენოვან მოსახლეობაში, ვაკვირდებით ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ ფეისბუქპოსტებსა და მედიაგაშუქებას“, – ამბობს რიმა.

სკოლის ბოლო კლასში რიმა ფლექსის პროგრამით ამერიკაში სწავლობდა Union Colony Preparatory school-ში. ამერიკაში გამგზავრებამდე ერთი თვით მოლდოვაში გაუშვეს ისევ ფლექსის პროგრამით, რომ ინგლისური ენა უკეთ ესწავლა.

„იმ ბავშვებს, ვინც ენა ძალიან კარგად არ იცოდა, მოლდოვაში უშვებდნენ ერთი თვით  ამერიკაში გამგზავრებამდე. 16 წლის ვიყავი მაშინ და უამრავი სტერეოტიპი მქონდა. ფეისბუქზე მეგობრობა გამომიგზავნა ალბანელმა გოგომ, ვისთან ერთადაც მოლდოვადან ამერიკაში წასვლის შემდეგ უნდა მეცხოვრა 11 თვე კოლორადოს შტატის ქალაქ გრილში. 16 წლის გოგოს ტატუები და წითელი თმა ჰქონდა. შოკი იყო ეს ჩემთვის. ახალქალაქის იქით როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ არ ვიცოდი. ვტიროდი, ვინ არის ეს ბანდიტი, როგორ ვიცხოვრებ „ასეთ“ გოგოსთან ერთად-მეთქი. მეგობრები მამშვიდებდნენ.

მოლდოვადან ამერიკაში რომ ჩავედი, ჩემი შიშები ორ კვირაში გაქრა. მერე მე და ეს გოგო დებივით დავმეგობრდით, ახლაც ვწერთ ერთმანეთს.

რიმა მარანგოზიანი

ერთ კლასში ვსწავლობდით მე და ეს ალბანელი გოგო. ჩამოსვლაც არ მინდოდა ამერიკიდან, ისე მომეწონა იქაურობა. სხვა ადამიანი წავედი და სულ სხვა ჩამოვედი“, – ამბობს რიმა.

რიმა ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დაეხმარა სტერეოტიპების დაძლევაში:

„ამერიკაში, სასწავლო პროცესში არავინ არავის ეხმარება, მაგალითად, საკონტროლო წერისას. ეს გასწავლის, როგორ გაუმკლავდე ყველაფერს მარტო და დამოუკიდებლად. პირველ სემესტრში ვერაფერს ვიგებდი, რას ამბობდნენ ლექტორები და ძალიან რთული იყო.

რომ არ მემოგზაურა და არ მენახა სხვა ქვეყნები, მექნებოდა ცრუ წარმოდგენა, რომ მაგალითად ლურჯთმიანი გოგო – ცუდი გოგოა, ან მწეველი გოგოა ცუდი, ან ის, ვინც შინ გვიან ბრუნდება.

ამერიკამ მასწავლა, რომ სხვისი ცხოვრება სხვისია და მხოლოდ შენი ცხოვრება გეკუთვნის.

ქვეყნებმა მომცა შესაძლებლობა მენახა მრავალფეროვნება ჩემი პატარა სოფლის და ახალქალაქის მიღმა. ვნახე, რომ ათასნაირი, სხვადასხვაგვარი ადამიანი არსებობს“, – ამბობს რიმა მარანგოზიანი.

ქართული ენა რიმამ ძირითადად ადამიანებთან ურთიერთობით ისწავლა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ჩააბარა 1+4 პროგრამაზე. პირველი კურსიდანვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად დაიწყო მუშაობა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს შეეხებოდა.

სოფელი ჩანდურა, საიდანაც რიმაა, ახალქალაქიდან სამი კილომეტრის სავალზეა. სოფელში ქართულად არავინ საუბროს, რიმას ოჯახშიც ქართული მხოლოდ მან და მისმა ძმამ იცოდა, საუბარი ბაბუასაც ესმოდა.

რამდენიმე თვეში რიმა ერასმუსის პროგრამით ნორვეგიაში მიემგზავრება, სადაც გლობალური ჟურნალისტიკის პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას, ამიტომ საქართველოში სტაბილურ სამსახურს ჯერჯერობით არ ეძებს.

ერაზმუსის პროგრამის დასრულების შემდეგ ზუსტი გეგმები არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ დოკუმენტური ფილმების გადაღებითაა დაინტერესებული.

რიმა მარანგოზიანი YMCA “Generation Next” პროგრამის 2021 სტიპენდანტებთან ერთად

„ამ ორგანიზაციის წევრი და სტიპენდიატი ვარ. მინდა ახალგაზრდული ცენტრი გავხსნა ახალქალაქში, რომ ახალგაზრდებს, ბავშვებს შეეძლოთ სხვადასხვა უნარის განვითარება, რისი შესაძლებლობაც მე აქ არ მქონდა. მინდა იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს იმავე სირთულეების გადალახვა არ უწევდეთ, რაც მე გადავლახე“, – ამბობს რიმა.

ნორვეგიის ქალაქ ქრისტიანსენდში რიმა მარანგოზიანი ერასმუსის გრანტით ერთ სემესტრს ისწავლის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: