მთავარი,სიახლეები

რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებით ბომბავს – ბრიტანეთის დაზვერვა

22.07.2022
რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებით ბომბავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს მიწისზედა სამიზნეების გასანადგურებლად. ამის მიზეზად უწყება, შესაბამისი შეიარაღების ნაკლებობას ასახელებს.

22 ივლისის რელიზში, დაზვერვა ეყრდნობა ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის განცხადებას, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ენერგოობიექტებსა და საწყობებზე თავდასხმისთვის შვიდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა გამოიყენეს.

„თითქმის დანამდვილებით დადასტურებულია, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა გამოიყენა S-300 და S-400 სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც განკუთვნილია თვითმფრინავებისა და შორსმოქმედი რაკეტების გასანადგურებლად“, – წერს უწყება.

დაზვერვა განმარტავს, რომ ამგვარ რაკეტას აქვს შედარებით პატარა ქობინები (საბრძოლო თავი), რომელიც შექმნილის უშუალოდ თვითმფრინავების გასანადგურებლად. ის დიდ საფრთხეს უქმნის ჯარს, ღია და მსუბუქ შენობებს, თუმცა ვერ აღწევს მყარ ნაგებობებში.

„ეს შეიარაღება სრული სიზუსტით ვერ არტყამს განსაზღვრულ სამიზნეს და იწვევს სამოქალაქო მსხვერპლს, რადგან რაკეტები არაა შექმნილი ასეთი ფუნქციით და ეკიპაჟიც ვერც იქნება სათანადოდ მომზადებული ამგვარი მისიისთვის“, – დასძენს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

რაც შეეხება აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დონბასში, უწყების ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობენ რუსების შეტევების მოგერიებას უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე, რუსული არტილერია კი კვლავაც ფოკუსირებულია კრამატორსკისა და სივერსკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ რუსები და სეპარატისტები დონეცკის ფრონტის ხაზზე მცირე მასშტაბის შეტევებს განაგრძობდნენ და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებოდნენ.

მთავარი ფოტო: ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400/ფოტო: Military Watch Magazine

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: