მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები ბათუმის მერიას საცხოვრებელ ბინებს სთხოვენ – აქცია

22.07.2022
მოქალაქეები ბათუმის მერიას საცხოვრებელ ბინებს სთხოვენ – აქცია

ბათუმის მერიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი უსახლკაროები არიან და მერიისგან საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

587 ხელმომწერი ჰყავს განცხადებას, რომლითაც მოქალაქეებმა ბათუმის მერიას მიმართეს და კომისიის შექმნა მოითხოვეს. მოქალაქეები ითხოვენ, მერიის მიერ შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს უსახლკაროების პრობლემები და ისინი ბინებით დააკმაყოფილონ.

ბათუმის მერიის წინ შეკრებილები ქალაქის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მათ „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უნებართვოდ აშენებული ბინები გადასცეს.

საქმე იმაშია, რომ უკანონოდ აშენებული 9 კორპუსი „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის კერძო საკუთრებაშია განთავსებული, ხოლო კერძო საკუთრების უფლებას საქართველოში კონსტიტუცია იცავს.

„მეტრო ჰოლდინგის“ მფლობელი, მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ თვეში დააკავა.

დღესვე ბათუმის მერიამ მოქალაქეებს წერილობით აცნობა, რომ „მერიის მხრიდან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“.

„თქვენი განცხადების პასუხად, რითაც ითხოვთ ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უნებართვოდ მშენებარე შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასა და შემდგომ უსახლკარო მოქალაქეებისათვის გადაცემის მიზნით კომისიის შექმნას, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ უკანონი მშენებლობასთან დაკავშირებით გატარებულია და კვლავ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე აწერს.

აქციას ორგანიზატორი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ ბლადაძე იყო.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: